ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი.
– წალენჯიხის ერთადერთ ოპოზიციონერ მერს, გია ხარჩილავას მანქანა დაუწვეს და დიდი ალბათობით, პოლიტიკური მოტივით. ახლა რას უნდა ველოდოთ? ოპოზიციის წარმომადგენელთა წინააღმდეგ ტერაქტებსა და მათ სახლებში ხელყუმბარების შეყრას?
– თავისთავად, ძალიან მძიმე ფაქტია. 90-იანი წლების მერე ასეთი შემთხვევები აღარ ხდებოდა. ამ ფაქტის დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ხელისუფლებასთან, მათ ბიზნეს-ინტერესებთან არის დაკავშირებული. გია ხარჩილავას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მებრძოლი და საქმის გამკეთებელი პოლიტიკოსის იმიჯი აქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, წალენჯიხაში ხელისუფლებასთთან შეზრდილ ბიზნეს-ინტერესებს შეეხო, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და მის ქმედებებს ასე უპასუხეს. სამართლიანი გამოძიების არანაირი იმედი არ მაქვს, რადგან სავარუდოდ, ეს ხელისუფლების წარმომადგენლების ან მათთან დაახლოებული პირების გაკეთებულია. ჩვენ საერთოდ ვცხოვრობთ დაუსჯელი დანაშულის ქვეყანაში და ეს გრძელდება მთელი 30 წლის განმავლობაში. არც კონკრეტული ხელისუფლება სჯის თავის წიაღში არსებულ დამნაშვეებს და არც ხელისუფლების შეცვლის მერე ისჯებიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მცირე გამონაკლისის გარდა, რომელიც სალაპარაკოდ არც ღირს. ასეთი ვიგინდარები, რომლებიც კლავენ, აფეთქებენ, არბევენ, როგორც წესი, ყველანი ერთპარტიულ ხელისუფლებებს ემსახურებიან, გადადიან ხელიდან ხელში. ჩვენ ვცხოვრობთ სამწუხარო რეალობაში, სადაც უამრავი ადამიანი ეწირება პარტიულ თავგასულობას და დანაშაულებრივი მმართველობის სტილს. ვიდრე არ გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, სადაც არც ერთ პარტიას და ბლოკს არ ეყოლება უბრალო უმრავლესობაც კი პარლამენტში, სამართლიან გამოძიებასა და სასამართლოზე ლაპარაკიც კი წარმოუდგენელია, ისევე, როგორც დაუსჯელობის სინდრომის დასრულებაზე. 30 წელია ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც მორგებულია ერთი კაცის, ერთი პარტიის ნებაზე და ერთ პარტიას თუ ჰყავს ერთი კაცით მეტი პარლამენტში, უკვე უკონტროლო ძალად იქცევა და ამ ძალას იყენებენ, არა ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ პირადი გამდიდრებისთვის, ოპონენტებთან და კონკურენტებთან ანგარიშწორებისთვის და ხანდახან, სამწუხაროდ, ასეთი და უარესი დანაშულებებისთვის. მადლობა ღმერთს, რომ ამჯერად მსხვერპლი არ იყო. რა იქნება მომავალში, კაცმა არ იცის.
კომენტარები