საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი სტუდენტები და დასაქმებული ახალგაზრდები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელზეც ხელმოწერები ამ დრომდე გროვდება:
“ჩვენ, საზღვარგარეთ მცხოვრები სტუდენტები და დასაქმებული ახალგაზრდები, ვგმობთ “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ და მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და სხვადასხვა უნივერსიტეტში გაფიცულ სტუდენტებს.
28 ნოემბერს, “ქართულმა ოცნებამ”, საქართველოს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ოფიციალურად მიიღო ქვეყნის ევროპული მომავლის წართმევის გადაწყვეტილება. ამ ისტორიულ შესაძლებლობაზე უარის თქმა ქართველ ხალხს ღირსეული ცხოვრებისა და დემოკრატიული განვითარების შანსს ართმევს. ამავდროულად, დასავლური სამყაროსგან იზოლირება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და ქვეყანას ოკუპანტი რუსეთის პირისპირ მარტო ტოვებს.
ამასთან, ვთანხმდებით, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და შეკრებილი პარლამენტი და მათ მიერ დაკომპლექტებული მთავრობა არალეგიტიმურია.
მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” შეწყვიტოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილეები.” ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები