საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი წარუდგინეს აზერბაიჯანის მოქალაქეს, რომელმაც 2022 წლის ივნისში სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და იარაღი და საბრძოლო მასალა უკანონოდ შემოიტანა, 3 ივლისს კი მარნეულში მოქალაქე მოკლა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 3 ივლისს, ქ. მარნეულში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქემ ფ.დ.-მ წარსულში არსებული შელაპარაკების გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, პისტოლეტიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა დაზარალებულს, რის შემდეგაც საკონტროლო გასროლა განახორციელა. მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის ივნისში უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკანონოდ შემოიტანა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ფ.დ. 5 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით), 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა), 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის, წესის დარღვევით გადმოტანა) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.
კომენტარები