საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. კენჭისყრის შედეგების შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში სემეკს დავით ნარმანია უხელმძღვანელებს.
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სემეკის თავმჯდომარე ირჩევა კომისიის წევრების შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით, არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევის რაოდენობა შეზღუდული არ არის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა სემეკის წევრის პოზიციაზე, მეორე ვადით, დავით ნარმანია მიმდინარე წლის დეკემბერში აირჩია.
დავით ნარმანიას პირველი ვადით სემეკის თავმჯდომარეობის პერიოდში სემეკს მიენიჭა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის კუთხით ჩამოყალიბდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, ენერგეტიკული ბაზრების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა რეფორმის განხორციელების ხელშემწყობი 50-ზე მეტი ნორმატიული აქტი, შემუშავდა ნეტო-აღრიცხვის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, დაინერგა დავების განხილვის გამარტივებული პროცედურები, შემუშავდა და განხორციელდა სხვადასხვა პროექტი გამარტივებული კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის, დაინერგა სემეკის თანამშრომელთა შეფასების სისტემა, ხელი შეეწყო საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებას.
დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. იგი არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48 ნაშრომის თანაავტორი, დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ევროსაბჭოს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესში. 2012-2014 წლებში იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციას, 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, 2008-2012 წლებში იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი, 2006-2007 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავჯდომარე, 2004-2005 წლებში იკავებდა „ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას. 2001-2003 წლებში საქმიანობდა საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში.
კომენტარები