სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ ცენტრის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და ისაუბრა როგორც განხორციელებულ, ასევე მიმდინარე პროექტებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრები. ღონისძიება გახსნა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის ნუგზარ ბერიძის თქმით, ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
„ცენტრის დაარსებიდან დღემდე ხორციელდება როგორც საგანმანათლებლო, ასევე
კვლევით პროექტები, რაც დადებით შედეგს იძლევა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ცნობიერების ამაღლებაში. დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა ის გამოწვევები, რომელთა დაძლევაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები პარტნიორ ორგანიზაციებთან და განხორციელდა ერთობლივი პროექტები. მიმდინარე წლის განმავლობაშიც ვგეგმავთ პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების, პროგრამების განხორციელებას, საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ პირებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, აქტიური საკონსულტაციო საქმიანობის წარმოებას ენერგეტიკულ ობიექტებში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით’, – აღნიშნა ნუგზარ ბერიძემ.
დავით ნარმანიამ დადებითად შეაფასა ცენტრის საქმიანობა, მისი თქმით, ცენტრის
ფარგლებში საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების განხორციელება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის პროცესში.
„სემეკმა ერთი წლის წინ დააფუძნა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი. ჩვენი მიზანი
იყო, რომ კიდევ უფრო აქტიური გამხდარიყო კომისიის მიერ რეგულირებადი სექტორების
შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა. სემეკის თანამშრომლებს,
რომლებიც ცენტრში მიმდინარე სასწავლო კურსების ფარგლებში ატარებენ ტრენინგებს,
აქვთ პროფესიული კომპეტენციები, კვალიფიციური ცოდნა არსებულ საკვანძო საკითხებზე
როგორც ენერგეტიკის, ასევე წყალმომარაგების მიმართულებით. გარდა ამისა, სემეკის
წარმომადგენლები იკავებენ წამყვან პოზიციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში. აქედან
გამომდინარე, საზოგადოებისთვის გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი,
საინტერესოა როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში დასაქმებული
პირებისთვის, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. ცენტრში
დღესაც მიმდინარეობს სასწავლო კურსები და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად
გაფართოვდება ცენტრის საქმიანობა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კომენტარები