28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით შინაური ცხოველების – ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს.
სააგენტოს ვეტერინარები პატრონიან და მიკედლებულ შინაურ ცხოველებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში ცრიან.
“მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ უკვე ვაქცინირებულია 200 000-ზე მეტი ცოფის ამთვისებელი ცხოველი; წლის ბოლომდე 300 000 მანიპულაციის ჩატარება იგეგმება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ცოფის გამოვლენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. მიმდინარე წელს ცხოველებში ცოფის 22 შემთხვევაა დადასტურებული. 2015 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევები 80%-მდეა შემცირებული”, – ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე, ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2007 წელს დაარსდა. საქართველოში ეს დღე 2013 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია „გადავლახოთ ბარიერები ცოფთან ბრძოლაში!“, რაც დაავადებასთან ბრძოლის პროცესში არსებული წინაღობების გამკლავებასა და ყველა რგოლის ჩართულობითა და კოორდინირებული მუშაობით საერთო მიზნის მიღწევას – 2030 წლისთვის ძაღლებისგან მომდინარე ცოფის ელიმინაციას გულისხმობს.
ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა, დადორბვლა). კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ დაავადება 100%-იანი ლეტალობით სრულდება.
ცოფის პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინაციით. ამიტომ სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცხოველთა მეპატრონეებს, დროულად ჩაუტარონ ვაქცინაცია თავიანთ შინაურ ცხოველებს, რითაც დაიცავენ როგორც მათი ოთხფეხა მეგობრების, ასევე ადამიანების სიცოცხლეს.
კომენტარები