„9 აპრილის გუშინდელ მოვლენებს ვუყურებდი დღის ბოლოს და დავინახე, რომ ამდენი წლის, ამდენი განსაცდელის და ამდენი შეცდომის შემდეგ ისევ იქ ვართ. ისევ იმ მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ. ისევ ვიღაც საკუთარ სურვილებს არგებს ადამიანების ხშირად გულწრფელ, მაგრამ გაუცნობიერებელ ემოციებს“,- ასე ეხმაურება ეკა ბესელია სოციალურ ქსელში გუშინდელ მოვლენებს.
როგორც ეკა ბესელია ამბობს, გუშინ, 9 აპრილს საქართველო ისევ ორად იყო გაყოფილი.
„სევდიანი პოსტი გამომივა ვგრძნობ, მაგრამ ეს ის ემოციაა, რითიც 10 აპრილს შევხვდი. ისევ ორად გაყოფილი საქართველო. სხვადასხვა ლოკაციის ძებნა საკუთარი ძალების დემონსტრირება და რაოდენობრივი უპირატესობით თავმოწონება. სიძულვილის ენა. სამართლიანობის იდეის დაცვა უსამართლობის გამართლებით.
ვუყურებდი ბევრ ჩემთვის ძვირფას ადამიანს, რომელთან ერთად მიბრძოლია წლები, ვმდგარვარ თვეები ქუჩაში, სიცივეში, ტყვიებში, მოქნეული ხელჯოხისა და ქვის ქვეშ, მიბრძოლია მათთვის და ვხედავდი მათი გულწრფელი ემოციის გამოყენებას როგორ ცდილობდა ისევ „ვიღაც“. ეს ხომ უკვე ვნახეთ. ბევრჯერ ვნახეთ როგორ მოგვატყუეს, გვიღალატეს. საკუთარ თავსაც უღალატეს. ნუთუ ვერაფერი ვისწავლეთ ამდენი რამის შემდეგ. ნუთუ…
იმ წარსულთან ბრძოლა არ უნდა გაბრმავებდეს აწმყოში არსებულ უსამართლობას როცა ხედავ. არ არსებობს მეტი და ნაკლები ბოროტება. ან იღებ ან არა.
„ჩემიანისთვის“ დასაშვებია როცა მცდარ ნაბიჯს დგამს და წარსულში არ ეპატიება „ვიღაცას“ – ეს ფსიქოლოგია გაქცევს უსამართლობის მონაწილედ. და უმოქმედობაც – დანაშაულის დროს თანამონაწილედ გხდის და კანონი ასეთებსაც სჯის.
ეს კანონი კი დღეს იგივე ჯალათების ხელშია! აი ამის დანახვა არ გინდათ მათ, ვინც დღეს ამართლებთ არსებულ სისტემას! წარსულსა და აწმყოში წყალგამყოფების ძებნა საკუთარ კომფორტზე არ უნდა გადიოდეს!
გუშინ, დღეს და ხვალ ერთნაირად როდესაც არ მივიღებთ უსამართლო ქცევას – აი მაშინ გავმთლიანდებით იმ ერთ დიდ მიზანში, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილი შექმნა“,- წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.
კომენტარები