რთულად საპოვნელია ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ შეუწუხებია თავის ტკივილს. შაკიკს ძლიერი, შეტევითი, მოპულსირე ან მფეთქავი თავის ტკივილი ახასიათებს, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე საათი, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი ორი-სამი დღის მანძილზე გრძელდება. ვრცლად შაკიკზე, მის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე „ალიას“ კითხვებს პასუხობს თემურ მარღანია – კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსის ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
– რა არის შაკიკი?
– შაკიკი ერთ-ერთი გავრცელებული ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ძლიერი, მფეთქავი ტკივილი ძირითადად თავის ერთ მხარეს, თუმცა, ტკივილი, შეიძლება, გამოხატული იყოს მეორე მხარესაც.
– რა სიმპტომები აქვს შაკიკის?
– ძირითადი სიმპტომი პულსირებადი თავის ტკივილი. თუმცა არსებობს შაკიკის რამდენიმე ტიპი, რომელთა კლინიკური სიმპტომები განსხვავებულია:
შაკიკი აურის გარეშე – ამ ტიპის შაკიკს ახასიათებს პერიოდულად ზომიერი ან ძლიერი მფეთქავი ტკივილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათი ან დღე. შეტევას, შესაძლოა, თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება, მგრძნობელობა სინათლის, ხმის ან სუნის მიმართ;
შაკიკი აურასთან ერთად – ცნობილი, როგორც კლასიკური შაკიკი, ახასიათებს მხედველობის დაბინდვა, მეტყველების ხანმოკლე შეცვლა ან გაძნელება, მგრძნობელობის ცვლილება;
ქრონიკული შაკიკი – ამ ტიპის შაკიკს ახასიათებს ინტენსიური შაკიკის შეტევები თვეში მინიმუმ 15 დღის განმავლობაში;
მენსტრუალური შაკიკი – ჩნდება მენსტრუაციის დროს და შეიძლება იყოს უფრო რთულად სამართავი, ვიდრე სხვა რომელიმე ტიპის შაკიკი;
ჰემიპლეგიური შაკიკი – იშვიათი ქვეტიპი, რომელსაც შეტევის დროს ან შეტევის შემდეგ ახასიათებს კიდურების დროებითი სისუსტე მარჯვენა ან მარცხენა მხარეს.
ბადურას შაკიკი – ცნობილი, როგორც რეტინული შაკიკი, არის შაკიკის იშვიათი ტიპი, რომელსაც ხშირად თან ახლავს მხედველობის დროებითი დარღვევები ან სიბრმავე ერთ თვალში.
ვესტიბულური შაკიკი – ახასიათებს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა და მგრძნობელობა სინათლის ან ხმის მიმართ.
– რომელია ამათგან ყველაზე რთულად დიაგნოსტირებადი?
– ვესტიბულური შაკიკი, მისი დიაგნოსტირება რთულია, რადგან თან ახლავს სხვა ტიპის ვესტიბულური დარღვევის სიმპტომები.
– ვინ წარმოადგენს რისკ ჯგუფს და რა თანხმლებ დაავადებებს შეიძლება წავაწყდეთ?
– რისკის ჯგუფი ძალიან ხისტი ნათქვამია. უფრო ხშირია ქალებში ვიდრე მამაკაცებში, 25- 40 ასაკი, ოჯახური ისტორია, თანმხლები დაავადებები: შფოთვა, დეპრესიულობა, უძილობა
– რა შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?
– თუ შაკიკი არის გახშირებული, შაკიკური თავის ტკივილი ძლიერი ინტენსივობისაა და ეს ყველაფერი ზღუდავს ყოფით და სოციალურ აქტივობას
– რა არის ბოტულინოთერაპია და რა უპირატესობებით გამოირჩევა?
– ბოტულინოთერაპიის დროს თავის გარკვეულ არეებში გამოიყენება ბოტულოტოქსინის ინექციები. ბოტულოტოქსინი ბლოკავს ე.წ. „ტკივილის ტრანსმიტერების“ გადაცემას ნერვული დაბოლოებებიდან რის შედეგადაც შაკიკის შეტევების სიხშირე და ინტენსივობა კლებულობს ბოტულინოთერაპია უსაფრთხო მეთოდია, პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. ყველაზე ხშირია ზომიერი ტკივილი ან ჩალურჯება ინექციის ადგილას. ძალზე იშვიათად ალერგიული რეაქცია ჭინჭრის ციებ-ცხელების სახით.
– ბოტულინოთერაპიის პროცედურის რა სიხშირით ჩატარებაა საჭირო შაკიკის პრევენციისთვის და რამდენ ხანშია მისი ეფექტი შესამჩნევი?
– ბოტულინოთერაპიის ეფექტი აღწევს მაქსიმუმს 1-2 კვირაში და გრძელდება 3-6 თვემდე. შესაბამისად განმეორებითი კურსი სასურველია ჩატარდეს 3-4 თვეში. კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში რამოდენიმე წელია რაც დაინერგა ეს მეთოდი და გამოიყენება არა მხოლოდ შაკიკზე ასევე, ბლეფაროსპაზმზე, სახის ჰემისპაზმზე, სპასტიურობაზე, ბრუქსიზმზე, ჭარბი ნერწყვდენაზე.
– ყველა პროფესიაზეა გავრცელებული მინიმუმ რამდენიმე მითი მაინც, რომელია ყველაზე გავრცელებული მითი ნევროლოგიაზე?
– ერთ–ერთი გავრცელებული მითია ნევროლოგებზე, რომ ჩვენ ვნიშნავთ წამლებს, რომლებიც „თიშავს“ ან იწვევს „მიჩვევას“ – რაც სრული ტყუილია. სამწუხაროდ, ამ მითის გამო, ხშირად, დაგვიანებით მოგვმართავენ, არადა, დროული დიაგნოსტირება და მკურნალობის დროულად დაწყება, გამოჯანმრთელების მთავარი წინაპირობაა.
(R)
კომენტარები