ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი.
– როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებენ?
– არა მგონია, ევროკავშირმა დაასანქციროს. უარეს შემთხვევაში შესაძლოა, დაუყადაღონ ქონებისა და საბანკო ანგარიშების ნაწილი, მაგრამ მოგვიანებით, სასამართლოს გზით დაიბრუნებს თავის ქონებას. არც იმას გამოვრიცხავ, ევროკავშირის იმ სტრუქტურების მესვეურებთან, ვინც ამ დასასანქცირებელი ხალხის სიას ადგენს, ივანიშვილი კორუფციულ გარიგებაში შევიდეს, ერთი 100 მილიონი გადაიხადოს და საერთოდ დაანებონ თავი. ყველაფერზე წავა, სანქციები რომ აირიდოს თავიდან. ისე, ამ დღეში რომ ვართ, ევროპამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე. შარლ მიშელი რომ არ გამოჩენილიყო ბოლო არჩევნების დროს, ყველაფერი ნორმალურად შეიძლება წასულიყო. შარლ მიშელმა ყველაფერი გააკეთა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო. არადა, რომ არ შესულიყვნენ, დამთავრებული იყო „ქართული ოცნების“ ერთპიროვნული მმართველობა, არჩევნები გაყალბებული იყო და დარჩებოდა „ქართული ოცნება“ მარტო პარლამენტში. სხვა გზა აღარ დარჩებოდა, დანიშნავდა ვადამდელ არჩევნებს და დღეს კოალიციური მთავრობა გვეყოლებოდა. თუმცა, მარტო შარლ მიშელს ვერ დავაბრალებ, მთავარი დამნაშავე მაინც ოპოზიციაა. დედები იგინეს, კაცო, არჩევნები გაყალბდა და ვინც პარლამენტში შევიდეს, იმის ასე და ისეო. უნდოდათ შესვლა პარლამენტში, მაგრამ ვერ შედიოდნენ. მაშველ რგოლად შარლ მიშელი გამოუჩნდათ. იმას ჩაებღაუჭნენ და შალვა ნათელაშვილის გარდა, ყველამ გაცურა- შევიდნენ პარლამენტში. ოპოზიციის მხრიდან ეს იყო ამომრჩევლის ღალატი. ეს რომ არ მომხდარიყო, რაც კოალიციური ხელისუფლებამდე მიგვიყვანდა, ის 12 პუნქტი, რომელიც ევროკომისიამ მოგვთხოვა, უკვე შესრულებული გვექნებოდა და ევროკავშირის სტატუსსაც მივიღებდით. ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციაც დამნაშავეა. აი, ასეთ შავ დღეში ვართ.
კომენტარები