თეა წულუკიანის მიერ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროების გამო თეა წულუკიანს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, რადგან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, მოკვლევის შემდეგ დაადგინეს, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი საჯარო წყაროებში ისედაც ხელმისაწვდომია.
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროების კანონიერების შეფასების მიზნით, მოიძია სხვადასხვა წყაროების საშუალებით ნ. გვარამიას შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია. დადგინდა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებში.
იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით და მას უფლებამოსილების განხორციელებისას მინიჭებული აქვს გამოხატვის თავისუფლების ფართო ფარგლები, მისი მხრიდან სადეპუტატო საქმიანობის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება ვერ გახდება საპარლამენტო იმუნიტეტის შეზღუდვის საფუძველი.
იმუნიტეტი, პარლამენტარისთვის “გარე პირის” (ხელისუფლების სხვა შტოს) მიერ პასუხისმგებლობის დაკისრებისგან დაცვის გარანტიაა და პარლამენტარს მის მიერ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებების გამო, პოტენციურად გაუთავებელი სამართლებრივი დავებისაგან იცავს. ამგვარ დავებს, შეუძლიათ შეზღუდონ პარლამენტარების მიერ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება იმდენად, რომ ეჭვის ქვეშ დადგეს სადეპუტატო მანდატის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორმა თეა წულუკიანს არ დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა”,- წერია განცხადებაში.
კომენტარები