22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მიმალვაში მყოფი გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.
შსს ცნობით, დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ დაგეგმეს ნ.კ.-ის მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს.
ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ს მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები ავტომანქანით გ.კ.-სთან ერთად მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა.
კომენტარები