შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში კორონავირუსის მკურნალობის აზიურ-ევროპული და ბრიტანეთის მოდელებზე საუბრისას განაცხადა:
მისი თქმით, თავად მკურნალობის აზიურ-ევროპული მოდელის მომხრეა, რომლისგანაც სრულიად განსხვავდება ბრიტანული მოდელი.
ცერცვაძის განმარტებით, აზიურ-ევროპული მოდელი ძირითადად აგებულია ინფექციის შეკავებაზე, რათა ინფექცია არ გავრცელდეს. ბრიტანული მოდელი კი უშვებს იმას, რომ იგი გავრცელდეს მოსახლეობაში, თუმცა უმთავრესი ზრუნვის საგანი ასაკოვანი ადამიანები ხდებიან.
„ისინი საზღვრების ჩაკეტვის ნაცვლად, ცდილობენ ყურადღება გაამახვილონ მხოლოდ მოწყვლად ჯგუფზე: მოხუცებზე, სადაც მეტია ლეტალური გამოსვალი. უზრუნველყონ მათი დაცვა, იზოლიერება და პრევენცია. დანარჩენებმა გადაიტანონ, როგორც ადრე ბავშვს სახადი გადაჰქონდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ბრიტანეთს ამ მხრივ ერთადერთი ქვეყანა, გერმანია ჰგავს, სადაც მერკელმა თქვა, რომ ამის გამო შესაძლოა მოსახლეობის 60-70% კორონავირუსით დაინფიცირდეს.
„ეს სათქმელად კი კარგია, რომ 50 მლნ ადამიანმა კორონავირუსი გადაიტანოს და შემდეგ მათ იმუნიტეტი გამოუმუშავდებათ, მხოლოდ მოხუცები დავიცვათ. მერკელს მთლად ასე არ უთქვამს, მაგრამ ამას ნიშნავდა. ხოლო ევროპა და აზია შეკავების მომხრეა. მე ევროპა-აზიური მოდელის მომხრე ვარ. ბრიტანული მოდელი დამღუპველი იქნება, რადგან ასეთ მკაცრ ხაზს ვერავინ გაატარებს და ასაკოვნებიც დაუცველები დარჩებიან. ახალგაზრდებიც ხომ მივლენ მოხუცებთან 50 მილიონი ინგლისელი რომ ავად გახდება?! ასაკოვნებთან მოსავლელად ვიღაც ხომ უნდა მივიდეს?! ამასთან, არავინ იცის კორონავირუსზე იმუნიტეტი მყარი იქნება, ნახევრად მყარი, თუ საერთოდ არ მოხდება იმუნიტეტის გამომუშავება.
ეს იმ შემთხვევაში გაამართლებდა, თუ ამ 50 მლნ ადამიანს მყარი იმუნიტეტი დარჩება. როგორც წითელა. მაგრამ გრიპი მყარ იმუნიტეტს არ იძლევა, მხოლოდ 60-70%-ის შემთხვევაში გიცავს და არა 100%-ით. კორონავირუსმა შესაძლოა სწორედ ასეთი იმუნიტეტი დაგიტოვოს და არა მყარი. უფრო მეტიც, შესაძლოა სულ არ დატოვოს მყარი იმუნიტეტი და 50 მლნ ადამიანი ტყუილად დაგრჩეს დასნებოვანებული.
კომენტარები