ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რა მოხდება ამის შემდეგ ავღანეთში?
ცხადია, კარგი არაფერი და ვერაფერი, რადგან ქვეყანა ხელში ჩაიგდეს რადიკალებმა ჯიჰადისტებმა, რომლებმაც უკვე გამოაცხადეს, რომ:
– არ იქნება დემოკრატია;
– ქვეყანა იმართება შარიათის კანონებით;
– აიკრძალა მუსიკა;
– აიკრძალა ალკოჰოლი;
– იზღუდება ქალთა უფლებები (მათ შორის, სწავლის და თავისუფალი გადაადგილების უფლება);
– შეჩერდა უცხოური დახმარებები, რომელიც მთელი ეკონომიკის 40%-ს შეადგენდა (აქ ისიც საყურადღებოა, რომ ავღანელი ბავშვების 50% შიმშილობს);
ამასთან, ქვეყანა დატოვა 120 ათასზე მეტმა ყველაზე განათლებულმა ავღანელმა (ჟურნალისტები, ექიმები, არასამთავრობოები, ლექტორები, თარჯიმნები და ა.შ), რომლებიც ქვეყნის გადარჩენის ბოლო იმედს წარმოადგენდნენ.
შედეგად კი იქნება:
– სრული პოლიტიკური და ეკონომიკური სტაგნაცია;
– მუდმივი ომი და არასტაბილურობა ავღანეთში (“თალიბანისა” და “ჩრდილოეთის წინააღმდეგობას”, “თალიბანსა” და ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოს” შორის დაპირისპირებები);
– ნარკოტიკების წარმოების, როგორც მთავარი შემოსავლის წყაროს, ზრდა და გადინება უცხოეთში (მათ შორის, საქართველოს მიმართულებითაც);
– ლტოლვილთა ახალი ნაკადების დაძვრა ძირითადად დასავლეთის (ირანი-თურქეთი-ევროპა) მიმართულებით;
– მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოქმედ რადიკალურ დაჯგუფებებში მოტივაციის გაზრდა “თალიბანის” მიერ მოპოვებული “გამარჯვების” ფონზე.
ჩვენთვის კი ავღანეთი ჭკუის სასწავლი მაგალითი უნდა იყოს: თუ ჩვენ თვითონ არ გავაკეთეთ ჩვენი გასაკეთებელი (თუ არ ავაშენეთ ქმედითუნარიანი სახელმწიფო ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო და ა.შ), სხვებს შეიძლება ერთ დღესაც მობეზრდეთ ჩვენი პრობლემების მოგვარება და ავღანელებივით ერთი-ერთზე დაგვტოვონ ჩვენს “თალიბანთან”.
კომენტარები