ალერგოლოგი, იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, “რუსთავი2”-თან ამბობს:
„ახლა ქვეყანა ზღვარზეა ჰუმანიტარული კატასტროფის, რომ სახლში დაიღუპონ ადამიანები და სამედიცინო სერვისი ვერ მიიღონ.
თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება, შეიძლება 10 დღე ან 2 კვირა გაუძლოს ქვეყანამ, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებს. გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინაციის პროცესი სრული იმუნიზაციის დასრულებამდე მოითხოვს თვე-ნახევარს, თვეზე მეტ პერიოდს, მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მაინც მოუწევს შეზღუდვების შემოღება. რაციონალური შეზღუდვების შემოღება აუცილებელია, ჩვენ არ ვამბობთ ტოტალური ლოკდაუნის დაწესებას და ყველაფრის დაკეტვას.
ეს ყველაფერი ჩვენ ტურისტულ სეზონს შევწირეთ, თუმცა მსოფლიოს ქვეყნებმა „წითელ ზონაში“ შეგვიყვანეს, ტურისტები აქ მაინც არ ჩამოდიან. სამწუხაროდ, ეს ბალანსი სახელმწიფომ თუ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ იპოვა, რაც ძალიან დასანანია. ერთი მხრივ, ადამიანები იხოცებიან და მეორე მხრივ, ტურისტებიც არ ჩამოდიან ამ ქვეყანაში. რა მივიღეთ პანდემიის ამ მოდელისგან, სხვებმა უნდა განგვიმარტონ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ან გადაწყვეტილების მონაწილე გახდნენ თავისივე თანხმობით.
ვემხრობი პირბადეების ტარების უნივერსალურ გამოყენებას, მხარს ვუჭერ ტესტირების გაფართოებას, ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას, ღამით გადაადგილების შეზღუდვაზე ფიქრის დაწყებას, სარესტორნო სივრცეები მხოლოდ გარე სივრცეში უნდა ოპერირებდნენ და შიგნით მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები უნდა დაუშვან.
2020 წლის ოქტომბერში, როცა ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა, საარჩევნო პროცესი იყო. მაშინ იმას ვამბობდით, რომ პოლიტიკური პროცესის მძევალი გახდა პანდემიის მართვა. სამწუხაროდ, ახლაც ეს ნიშნები არის, რომ პოლიტიკური პროცესის მძევალია, რადგან არჩევნებია კარზე მომდგარი და შეზღუდვების შემოღება შესაძლოა ხალხის უკმაყოფილების მიზეზი იყოს. ეს პანდემია პოლიტიკური პროცესის მძევალი არ უნდა გახდეს. პანდემიას მართავენ ეპიდემიოლოგები და ყველამ დაავადებათა კონტროლის, ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მოუსმინოს“
კომენტარები