ნანა სულავა
„ალია“ ესაუბრება ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატს, გამსახურდიას ხელისუფლების დროს მშენებლობის კომისიის თავმჯდომარეს, ანზორ საკანდელიძეს:
– ასეთი მასშტაბის ტრაგედია, რა თქმა უნდა, ძირითადად გამოწვეული იყო ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობით, სოციალური უპასუხისმგებლობითა და კორუფციით, რაც სამი ათეული წელია გაბატონდა ჩვენს ქვეყანაში. შე დალოცვილო, 70 მილიონი გრანტი გამოუყვიათ, ასეთ საშიშ კერებში რომ ყოფილიყო თანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიური საშუალებები, სიგნალიზაცია, რომელიც წინასწარ იძლევა გაფრთხილებას მოსალოდნელ საშიშროებაზე, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი მასშტაბის ტრაგედიები. სად წავიდა, რას მოხმარდა ეს თანხა? შარშან შოვში მთა ჩამოშლილა, ზუსტად ისე, როგორც მდინარე ვერეზე, მაგრამ ყურადღება ხელისუფლებიდან იყო ნული. პარლამენტის, მთავრობის და ადგილობობრივი მმართველი ორგანოების მხრიდან მიჩუმათებული იყო. ახლა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი – ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი – კახა კალაძე თავის მართლების რეჟიმში არიან გადასული. ის კოტეჯები ჩვენი კი არა, 70-იან წლებშია აშენებულიო. იმას არ ამბობენ, რამდენი წელი გაუძლია კოტეჯებს! ქვეყანაში დემოკრატიის ,,აყვავების“ პერიოდში თუ დაზიანდა, შენ რა გააკეთე? იმას არ ამბობენ, რომ არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების სრული უპასუხისმგებლობისა და უნიათობის შედეგია ის, რაც ამ ბოლო დროს ხდება ქვეყააში.
სამწუხაროდ და სუბედუროდ, ვერცერთ მთავრობას შევარდნაძის მმართველობიდან დაწყებული მთელი ათწლეულები ვერ გავაგებინე, რომ ასეთი მთაგორიანი რელიეფი, როგორიც საქართველოშია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღიარებულია, როგორც საშიში ღვარცოფების და წყლის მოვარდნების სამშობლოდ, ასეთ ქვეყანაში განსაკუთრებული გეოლოგიური და მეტეოროლოგიური სპეცსამსახურები რომ უნდა არსებობდეს, რომელიც სისტემატურ ანალიზებსა და პროგნოზებს მოგვცემდა. ესენი კიდევ, უბედეურება რომ მოხდება, მერე იწყებენ ნიანგის ცრემლების ღვრას.
სააკაშვილმა გააუქმა გეოლოგიური სამსახურები და მეტეოსამსახურები, ყველა შესაბამისი კვლევითი სამსახურები. ოცნებავ, შენ რომ მოხვედი, აღადგინე ეს სამსახურები? რატომ ხოცავ ხალხს? ისეთი აპარატურებია გამოგონილი, მაშინვე სიგნალს იძლევა მოსალოდნელ უბედურებაზე. სულ ამაზე ვწერდი და გაფრთხილებდით. მე, ანზორ საკანდელიძე, ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ურთიერთმონაცვლე რეჟიმების მოქმედებებით. 30 წლის განმავლობაში მეცნიერულად დასაბუთებული ნაშრომები მაქვს გამოქვეყნებული ამ თემაზე. ვინ მომისმინა! ახლა სულ ნაცები, ნაცები… კი ბატონო, დანაშაულებრივი რეჟიმი იყო. ამაზე არ გედავები. გედავები იმაზე, რაც მოხვედი, მას შემდეგ არ გააკეთე ის, რაც ქვეყანას გადაარჩენს. რაც ვაშლიჯვარში მოხდა, ეს უბედურება კალაძემ ახლა მიაჩუმათა. აცნობიერებს საზოგადოება, რომ იქ 1 მილიონზე მეტი კუბური მასაა დაგროვილი? იმ ნაპრალში ჩაყარეს ქვიშა და ღორღი და ეს მასა კიდევ უფრო გაზარდეს. თუ წვიმები გაგრძელდა, დიდი საშიშროება გველის. სულ ცაში ვიხედები, როცა წვიმებია. შეიძლება თბილისშიც იგივე განმეორდეს, რაც შოვში მოხდა.
პირდაპირ და ხმამაღლა ვამბობ: ილია წულაიამ, გაანადგურა თბილისი მშენებლობებით. ის კალაძის პირადი მშენებელია. ახლა ხომ ხედავთ, წულაია თბილისის შემდეგ შოვს მიადგა. როგორ შეიძლება მთის მდინარის კალაპოტში მშენებლობების დაწყება, ეს არის დანაშაული. პატარა მთის მდინარეს შეაცვლევინეს კალაპოტი. მთის მდინარისთვის დამახასიათებელია, რომ დაუბრუნდება ის თავის კალაპოტს და თან არავინ იცის, როდის. როცა წვიმები გრძელდება, მთის მდინარე კალაპოტში არ ეტევა, ის იწვევს ღვარცოფებს, აგროვებს ქვიშას და თიხას და გადაიქცევა ,,პულპად“ ანუ მოძრავი წყლის მასად, სადაც ერთმანეთში არეულია ქვიშა, თიხა, ღორღი. თბილისში არის ოცამდე საშიში ლოკაცია, რომელთან მიკარებაც არ შეიძლებოდა, მაგრამ იქ მშენებლობებია გაჩაღებული. რას აკეთებენ, ისიც არ იციან. ეს ,,სიკვდილის ბიზნესია“. მათთვის მთავარია, იშოვონ ბევრი ფული და დააგროვონ კაპიტალი. მდინარეს კი არა, ყველაფერს შეუცვლიან სახეს.
ოცნებავ, რაც შოვში მოხდა, ასეთი მასშტაბი თქვენმა გაუმაძღრობამ გამოიწვია. ვინ მიეკარებოდა ასეთ ადგილს საქართველოში 30 წლის წინ. გულშიც კი ვერავინ გაივლებდა ამას. ხალხმა იცოდა, რომ იქ არავის ჰქონდა მშენებლობის უფლება, რადგან ისიც იცოდა, რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც დაატყდებოდა უბედურება და შთამომავლობა ამოუწყდებოდა.
– ბატონო ანზორ, სპეციალური დანიშნულების ვერტმფრენთან დაკავშირებით რას იტყვით, აღმოჩნდა, რომ კიდევ არ უყიდიათ?
-რა უნდა ვთქვა. ესენი ხომ ასეთი საჭიროებისთვის ფულს არ იმეტებენ. დრონები რომ მაინც გამოეყენებინათ დროულად, ინფორმაციას მაინც გამოიტანდა დროულად და ოპერატიულად მოხდებოდა ხალხის გამოყვანა. სულ თავის მართლების რეჟიმში ყოფნა არ მოგბეზრდათ? გააკეთე ის, რაც საჭიროა და არავინ მოგთხოვს პასუხს.
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს მშენებლობის კომისიის თავმჯდომარე ვიყავი უზენაეს საბჭოში. ყველაფერში ხელს გვიწყობდა. გეოლოგიური პარტიები კი არ გაუუქმებია, მაგრამ ვინ დააცალა. წარმოშობით ქუთაისიდან ვარ. როცა ქუთაისიდან გელათისკენ მიდიოდი, სულ წაბლის ხეები იყო გაშენებული. ახლა სულ გამეჩხერებულია. ხის ჭრა თუ არ შეჩერდა, ღვარცოფები არ შეჩერდება, პირიქით გაიზრდება.
-რიკოთზე რაღას იტყვით, პრაქტიკულად, დადასტურებულია, რომ იქ მოძრაობა საშიშია.
– რიკოთზე როცა გავიარე და დავინახე, რაც იქ ხდება, ყველაფერი სამშენებლო ნორმების გარეშე მიდის და მაშინვე ვთქვი, ყველაფერი ჩამოინგრევა-მეთქი და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. დავუკავშირდი კვლევით ინსტიტუტ ,,გზა მეცნიერები“-ს, დირექტორს თამაზ შილაკაძეს. 90 წლისაა. ის აპროექტებდა ყველა სერიოზულ პროექტს. განვითარებად ქვეყნებშიდაც იყო ჩართული ამ პროცესებში. ვკითხე, თქვენ ხომ არ ჩაგრთეს რიკოთის პროექტში-მეთქი. არაო, მიპასუხა. ახლა ამბობენ, რომ პროექტი, თითქოს, ამერიკამ შეასრულა. ექსპერტიზა ჩაატარა საფრანგეთმა და აშენებენ ჩინელები. ტყუილია, პროექტი არც ამერიკელებს გაუკეთებიათ, არც საფრანგეთს ჩაუტარებია ექსპერტიზა. ამას მე ვამბობ, ანზორ საკანდელიძე, ეს არის აფიორა და პოლიტიკური ავანტიურა, ხდება ფულის გაცოცხლება, ვითომ ამერიკელებმა დაარსეს ფირმა, ეს ყველაფერი არის ბლეფი. სინამდვილეში ყალთაბანდი ქართველებისგან შემდგარი არაპროფესიონალთა ჯგუფია. პროფესიონალები არ გააკარეს. ახლა ახალი საფრთხის მოლოდინში უნდა ვიყოთ. რიკოთზე ზარალი უკვე ძალიან დიდია. ღუპავენ ქვეყანას ეს რეჟიმები.
– ბატონო ანზორ, თქვენნაირ გამოცდილ სპეციალისტს, მეცნიერს, არ გიკავშირდებიან ხოლმე და რჩევას არ გეკითხებიან?
– არა, ბატონო. მარტო „ალიას“ გაგახსენდით და ჩათვალეთ, რომ ჩემი პოზიცია საზოგადოებისათვის საჭირო და აუცილებელია. იმათ არ უნდათ გამოცდილი ადამიანების ანალიზი. ჩვენ ხელს ვუშლით პოლიტიკურ ავანტიურაში.
-ბატონ ანზორ, გამოდის, ოპტიმიზმის შანსსაც არ გვიტოვებთ?
-არავითარი ოპტიმიზმი! საჭიროა მხოლოდ რეალობის გაცნობიერება, თუ ესენი გააგრძელებენ ქვეყნის მართვას ასეთი ფორმით, ან ჩაენაცვლებიან ნაცები (ისედაც ერთად არიან), დღეს შოვში მოხდა ტრაგედია, ხვალ სხვაგან მოხდება, ზეგ კიდევ სხვაგან…სიმართლე არ ვთქვათ და თავი მოვიტყუოთ? 1992 წლიდან ჩვენ ვცხოვრობთ სიცრუის ქვეყანაში. განსაკუთრებით თბილისი და ბათუმი არიან საფრთხის ქვეშ, არც ქუთაისია დღეს უსაფრთხოდ. ეს გამოწვეულია 2004 წელს გაუქმებული სეისმედეგობის და სამშენებლო – ეკოლოგიური სამსახურის გაუქმებამ. სამშენებლო მატერიიდან გამოყოფილი მომწამვლელი ნივთიერებებისგან მასობრივად იწამლება მოსახლეობა იმ ბინებში, რომლებიც არ არის შემოწმებული სამშენებლო-ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე, 30 წელია, არცერთი სამშენებლო კორპუსი არ შემოწმებულა სეისმედეგობაზე. ეს რამხელა დანაშაულია, აცნობიერებს ამას საზოგადოება? გავიხსენოთ 2002 წლის აპრილის მიწისძვრა თბილისში, მაშინ სად იყო ამდენი მშენებლობა თბილისში. ღმერთმა დაგვიფაროს, ახლა რომ მიწისძვრა მოხდეს, ეს იქნება სრული კატასტროფა. ყოველწლიურად იზრდება მიწისძვრისგან დაღუპულთა რიცხვი მთელ მსოფლიოში და იცით, რატომ? გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი იღუპება უკონტროლო სამშენებლო ეკოლოგიით გამოწვეული უმძიმესი დაავდადებებისგან. აქედან გამომდინარე, სასწრაფო წესით უნდა დავიწყოთ შენობა-ნაგებობის შემოწმება საპროექტო სეისმედეგობაზე და სამშენებლო უსაფრთხოების ნორმებზე. აქვე, აუცილებლად უნდა აიკრძალოს სასიკვდილო სამშენებლო ნებართვების გაცემა, უნდა გამოირთოს სიკვდილის კონვეიერი. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ დარღეულია სეისმედგობის კანონი, რომლის მიხედვით, თუ რკინა-ბეტონის შენობა არის კარკასული ტიპის, არ შეიძლება ასეთი შენობა აცდეს 12 სართულზე მეტს. ამ დროს აშენებენ 20, 30, 40 სართულიან კორპუსებს. ხალხო, იცოდეთ, ეს კორპუსები ყველა არის უკანონო. ამ კორპუსებში მცხოვრები ყველა ადამიანი იმყოფება სასაიკვდილო საფრთხეში. მართლაც, ღმერთმა დაგვიფაროს, თორემ თბილისში ან ბათუმში 8 ბალიანი მიწისძვრა რომ მოხდეს, დამნაშავე იქნება თბილისის მერია და ბათუმის მერია, რომლებმაც გასცეს სამშენებლო ნებართვა პროექტებზე. ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ სახელმწიფოს, რომ ასეთ ბინებში მაცხოვრებლები აღიარონ დაზარალებულებად, რადგან ისინი იმყოფებიან მომეტებული საფრთხის პირობებში. ჩვენ ამას გავაკეთებთ. ამიტომ, ხალხი უნდა დაირაზმოს. ყველაფერი მეცნიერულად მაქვს დასაბუთებული, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე საზოგადოების მხრიდანაც უნდა იყოს ყურადსაღები ის, რასაც მეცნიერები დავადგენთ და შევთავაზებთ პრობლების დაძლევის გზებს.
კომენტარები