ლევან ჯავახიშვილი
“ალიას” ესაუბრება ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ოთო აბესაძე.
– არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით, შესაძლოა, საქართველომ ეკონომიკური სარგებელი ნახოს. იმაზე ლაპარაკობენ, რომ რუსეთი უამრავმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა და მათი ნაწილის საქართველოში შემოყვანა ახლაა შესაძლებელი, თუ სასურველ საინვესტიციო გარემოს შევუქმნით. მაგალითად, მსხვილი კომპანიების პოსტსაბჭოთა ქვეყნების სათაო ოფისები რომ განთავსდეს საქართველოში, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთში იყო.
– აქ არის ორი მთავარი პრობლება. ეს არის თეორიული და რეალურიდან აცდენილი მსჯელობა. პირველი – კომპანია, რომელიც რუსულ საწყისებზეა დაფუძნებული და მას შესთავაზებ შენს ქვეყანაში ოპერირებას, ეს უკვე ევროპული სანქციების გვერდის ავლაა. ამას თუ გავაკეთებთ, ჩვენც მოვყვებით სანქცირებული ქვეყნების სიაში. მეორე – რაც შეეხებათ უცხოურ კომპანიებს, ეს კომპანიები ისედაც არის საქართველოში, ყველას აქვს გახსნილი თბილისში წარმომადგენლობა. მითხარი, რომელი უცხოური ბრენდის წარმომადგენლობა იყო რუსეთში, რაც თბილისში არ არის? ყველა მსხვილი ბრენდია თბილისში, თან არაერთი წელია. მესამე – რუსეთიდან რომ წამოიყვანო ისეთი კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ოპერირებაზე მუშაობენ, ანუ ონლაინ ემსახურება ამერიკულ, ევროპულ სერვერებს, მაგათი წამოყვანა შეიძლება, მაგრამ ეგეც რისკია, რომ სანქცირებაში მოვყვეთ და რატომ, გეტყვი. შვედეთის ერთ-ერთმა მსხვილმა ბანკმა განცხადება გავრცელა, რომ ტრანსფერებს კრძალავს სომხეთიდან და საქართველოდან, რადგან ორივე ქვეყანა “შავი ხვრელი” აღმოჩნდა რუსეთიდან ევროპაში ფინანსური ნაკადების გატანისა. განცხადებას აკეთებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე და ამის ფონზე ეს ქვეყანა “შავი ხვრელის” რანგში და სანქცირებული რუსეთის ხელშემწყობად ევლინები მსოფლიოს, ეს გაზარალებს ძალიან.
– ოთო, ის “შავი ხვრელი” თუ უფრო გაფართოვდა, რუსეთისთვის ფინანსური ნაკადების გამტარი ქვეყანა გავხდით, რა მოხდება? ჩვენც დაგვადებენ სანქციებს?
– სანქციებში არ მოვხვდებით, მაგრამ ჩვენს ბანკებს დაუკეტავენ წვდომას უცხოურ ბანკებთან. რეალურად, ჯერ ეს სანქციები აისახება ძალიან ცუდად ჩვენს მოსახლეობაზე. დახლოებით მილიონიანი დიასპორა გვყავს რუსეთში. ეს ხალხი რუსეთიდან, 700 000 ადამიანამდე, ყოველთვე რიცხავდა ფულს რუსეთში. ეს ფული ვეღარ შემოვა და რომც შემოვიდეს, კატასტროფულად გაუფასურებული შემოვა. რუსეთში ამ ხალხს რუბლში აქვს შემოსავალი, რუბლი გაუფასურდა. საქართველოში უცხოურ ვალუტას ვეღარ გადმორიცხავენ, მაქსიმუმ რუბლი გადმორიცხონ და რუბლში ამ ხალხს შემოსავალი შეუმცირდა. თუ ერთი ოჯახი, პირობითად, რუსეთიდან იღებდა 700-800 ლარს, ახლა აიღებს 200 ლარს. ბევრს შეიძლება გადმოსარიცხი ფული არც დარჩეს და რასაც იშოვნის, ის საკუთარ თავს მოახმაროს, იმით ირჩინოს თავი. ვისაც რუსეთში ოჯახიც ჰყავს სარჩენი, ეს კატეგორია მით უმეტეს, ან საერთოდ ვეღარ გამოგზავნის აქ ფულს, ან რაღაც მიზერულ თანხას თუ გამოგზავნის. ასეთი უცნაური ხუმრობა მოვისმინე, რუბლი რომ ტუალეტის ქაღალდად გამოიყენო, უფრო იაფი დაგიჯდება, ვიდრე იყიდო იმ ფულით ტუალეტის ქაღალდიო. პირდაპირი მნიშვნელობით გაიგე.
კომენტარები