დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ 1991 წელის ვიდეო ჩანაწერი, სადაც სამხედრო გადატრიალების ერთერთი ლიდერი თენგიზ სიგუა სატელეფონო საუბარში ზვიად გამსახურდიას გადადგომისკენ მოუწოდებს და უცენზუროდ მიმართავს, მოდელირებული და მთიანად დადგმულია.
“მინდა გითხრათ, რომ ეს კადრები მთლიანად დადგმულია, მოდელირებულია. და ვისთან საუბრობს ის კაცი, ვინც პრეზიდენტ გამსახურდიას ემუქრება – ანუ ვინ არის ტელეფონის სასმენის მეორე მხარეს – ეს დანამდვილებით არავინ იცის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რომელიღაც მტრული სპეცსამსახურის დატრენინგებული წარმომადგენელია ან საერთოდ არავინაც არ არის. თუმცა, თავის დროზე ეს იყო ჩვეულებრივი პიარ-პროპაგანდა – აი შეხედეთ, რა მაგარი და “მიმწოლი” პრემიერი გვყავს, როგორი რიხით და გონორით ემუქრება ვითომდაც შიშისგან დაზაფრულ პრეზიდენტს. ამ დროს რუსთაველი უკვე იწვის.
ვინ მამაცი გამოდგა და ვინ მართალი, ვფიქრობ ისტორიამაც და ხალხის არა-ბრბოდ-ქცეულმა ნაწილმა ცხადად დაადასტურა და აჩვენა.
ვინც გამახსენდნენ მიუხედავად სხვაგვარი ისტორიისა, ესენი არიან ნორვეგიის ნაცისტი კოლაბორაციონისტი ვიდკუნ აბრაჰამ ლაურიდს კვისლინგი (“კვისლინგი” თანამედროვე ევროპულ ენებში დამკვიდრებული ტერმინიცაა იმის აღმნიშვნელად, ვისაც ქვეყნის გარე-მტერი და დამპყრობელი სახელმწიფოს სათავეში წამოასკუპებს) და ჰოლანდიელი ანტონ ადრიაან მუსერტი. ორივეს პასუხი აგებინეს.
მეტს არაფერს ვიტყვი იმ ადამიანზე, ვინც ახლახანს გარდაიცვალა. გავიხსენებ მხოლოდ ფრიდრიხ შილერის ლექსს რომაულ დატირებაზე (“ნენიე”) სადაც უდროოდ მოკლულ ჭაბუკ ლინოსს ტირიან ღმერთებიც და მოკვდავნიც. რომ დიდებულია იყო “სატრფოს მიერ ამონაკვნესი სიმღერა”. ლექსის ბოლო სტრიქონი კი ასეთია:
“უმსგავსს მიღმეთში მიაცილებს რადგან დუმილი”. და სავსებით ესადაგება.”
კომენტარები