ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარტია „ახალის“ წევრი, გედევან ფოფხაძე.
– ბატონო გედი, ბევრი პოლიტიკოსი და ექსპერტი, საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცუგცვანგის მდგომარეობაშია – მისი ყოველი შემდგომი ნაბიჯი, ქმედება, გადაწყვეტილება წამგებიანი იქნება, იმაზე უარესს მდგომარეობაში ჩააგდებს, ვიდრე არის. ვინც ასე ფიქრობს, ეს ხალხი ნამეტანი ხომ არ იმშვიდებს თავს?
– თავის დამშვიდება რატოა? მე არ მიმაჩნია, რომ ეს ცუნცვაგი, შესაძლოა, სულაც არ იყოს ქვეყნისთვის პოზიტიური. ბიძინა ივანიშვილმა ამოწურა საკუთარი თავი და ცუდ დღეშია. შესაბამისად, მისმა ქმედებებმა არ უნდა დააზარალოს ხალხი და ქვეყანა. დასამშვიდობებელი მაგ მხრივ არ გვაქვს არაფერი. ივანიშვილის მოუწევს ამ ქვეყანაზე, მის მმართველობაზე უარის თქმა. ეს ისტორიული გარდაუვალობაა. გამორიცხულია, ადამიანმა, რომელმაც შექმნა მოლოდინები და იმედები საზოგადოებაში, ამდენი დაპირება მისცა ხალხს 2012 წელს, ამოწურა ნდობა ხალხთან მიმართებაში, დარჩეს კვლავ ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად. თუმცა, ცუდის გაკეთება ქვეყნისა და ხალხისთვის ჯერ კიდევ შეუძლია. საამისო სახელმწიფო რესურსი ჯერ კიდევ გააჩნია.
– გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მისი პოლიტიკური გუნდის წევრებს, ხალხზე მოძალადე ძალოვანებს, ევროკავშირი ვერ უწესებს სანქციებს, რადგან მათ უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავენ. თუმცა, ველოდი, რომ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები მძიმე სანქციებს დაუწესებდნენ მათ. იმავეს ველოდი და ასევე მყისიერად, ამერიკისგან და დიდი ბრიტანეთისგან.თუმცა, ჯერ არ ჩანს ის სანქციები, რომლებიც ძირს გამოაცლის ავტორიტარულ რეჟიმს. თქვენ რას ფიქრობთ?
– მესმის, თქვენს პოზიციას ადეკვატურად და სწორად მივიჩნევ. თუმცა, როდესაც სანქციებზეა საუბარი, სანქციებმა შესაძლოა იზოლაციის ისეთი ხარისხი გამოიწვიოს ამ რეჟიმისა, დასაკარგი აღარაფერი ჰქონდეთ, ისეთ ქმედებებზე გადავიდნენ, რომ ამით უკვე რეჟიმი კი არა, ქვეყანა და ხალხი დაზარალდება. არის სანქციების ნაწილი, რომელიც ხალხს და ქვეყანას არ აზარალებს და მხოლოდ კონკრეტულ პერსონებს შეუქმნის პრობლემებს, მაგრამ არის სანქციები, რომლებიც ამ პერსონების პარალელურად, ხალხს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. შეხვალთ მაღაზიაში და პური ეღირება 10 ლარი, პირობითად. სხვა პროდუქტი და პროდუქცია რა ეღირება, თავად განსაჯეთ. ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდება, 1 დოლარი 5 ლარი და მეტი ეღირება. მესმის, ადამიანი დგას რუსთაველზე, ითხოვს ევროპულ არჩევანს, კანონიერად ითხოვს ახალ არჩევნებს და მერე მიდის მაღაზიაში, რომ შვილს საკვები, წამალი უყიდოს და ვერ ყიდულობს, რადგან სანქციებმა ქვეყანა გაწყვიტა წელში. რეალურად, ივანიშვილი, მისი პოლიტიკური გარემოცვა თუ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები, „ქართული ოცნების“ დამფინანსებელი ბიზნესმენები ამ სანქციებით დაზარალდებიან, მაგრამ სანქციების კასკადი სხვა და სხვა მხრიდან, რაც თქვენ გსურთ, გამოიწვევს მოსახლეობის დაზარალებას. ჩვენ ნელ–ნელა უნდა დავინახოთ ის, რომ თუ მეტი ხალხი გამოვა ქუჩაში, ქვეყნის სრული კოლაფსი არ შედგება, ბიზნესმენები, რომლებიც ივანიშვილის სალაფავზე არიან მიმჯდარნი და ფულს შოულობენ, უნდა მიხვდნენ, რომ არანაირი პერსპექტივა აღარ აქვთ. ამ დე ფაქტო ხელისუფლების, ამ ბიზნესმენების ნაბიჯები არის გზა არსაითკენ. სანქციები არ ასცდება დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ივანიშვილს, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ეტაპობრივად და თან ფრთხილად, რომ ეკონომიკა არ ჩამოიშალოს, ხალხს რაც შეიძლება მსუბუქად შეეხოს. ჩათვალეთ, სანქცირების თემა ეს არის ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც პაციენტი არ უნდა შეეწიროს, ამ შემთხვევში საქართველო. ნუ დაგვავიწყდება, რა დრო გამოვიარეთ. 1993 წელს, როდესაც აფხაზეთში ომი მიმდინარეობდა და სახელმწიფო არ გაგვაჩნდა, ამერიკამ 50 000 ტონა ხორბალი გამოგვიგზავნა, გვაჩუქა და ამ ხორბლის წყალობით გადავრჩით შიმშილს, თუ შიმშილით სიკვდილს არა. ამის გახსენებაც ზარავს იმ ხალხს, ვინც იმ პერიოდს მოესწრო, არათუ იმ რეალობაში თუნდაც მცირე ხნით დაბრუნება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვერანაირად ვერ გავამართლებ საზოგადოების პრორუსულ ნაწილს. ძველს თავი დავანებოთ, რასაც ჩვენ შევესწარით, 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე, თუ რაიმე ცუდი დაგვმართნია, მხოლოდ რუსეთისგან, რამდენი ომიც რუსეთთან გვქონდა, ყველა რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული. გეთანხმებით იმაში, რომ დასავლეთი უნდა იყოს ძალიან მოტივირებული და საქართველოს, ქართველ ხალხს უნდა უყურებდეს როგორც პარტნიორს, მაგრამ ეს პარტნიორობა გადის ზუსტად იმაზე, რომ მათი სანქციების პოლიტიკა და მათი დე ფაქტო ხელისუფლებაზე წეზოლის პოლიტიკა არ უნდა იქცეს ქართველი ხალხის დასჯის პოლიტიკად.
– რეალობიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე, თქვენ რომელი ვარიანტი გირჩევნიათ– ძველმა პარლამენტმა დანიშნოს არჩევნები, საერთაშორისო ორგანიზაციების კონტროლქვეშ ჩატარდეს ეს არჩევნები და შესაბამისად, მასში „ქართულმა ოცნებამაც“ მიიღებს მონაწილეობა თუ ეს ე.წ. ხელისუფლება წავიდეს, დროებითმა ორგანომ დანიშნოს და ჩაატაროს არჩევნები?
– მე ყოველთვის ვიყავი ევოლუციის მომხრე და დღესაც ამ პოზიციზე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად ნეგატიური, შეურიგებელი პოზიცია მაქვს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, მაინც მომხრე ვარ, რომ რაღაც პოლიტიკური მემკვიდრეობა შენარჩუნდეს. ძალიან ცუდია, რომ ივანიშვილი ამის შანსს უზღუდავს ქვეყანას. თუ რაღაცა ლეგიტიმაცია შენარჩუნდება, ეს ჯობია. მომხრე ვარ, რომ ივანიშვილმა ადეკვატურად იმოქმედოს, ყურად იღოს ქართველი ხალხის მთავარი მოთხოვნა, ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ხალხი იქცეს ამ ქვეყნის ბედის გადამწყვეტი. მინდა, რომ ეს მოთხოვნა შესრულდეს. ქვეყნის განვითარებისთვის ეს იქნება ყველაზე სწორი.
– ამერიკაში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს და ამერიკის საგარეო პოლიტიკური კურსი, საქართველოზეც მოახდენს გავლენას. დონალდ ტრამპმა პირველი განცხადებები გააკეთა, მათ შორის, რუსეთ–უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით. რაც ხელისგულზეა და აშკარად ჩანს, რა განცხადებებიც გაკეთდა, საჩვენო რაიმე ითქვა? იმედისმომცემი რა ჩანს? ზოგადად, რისი იმედი უნდა გვქონდეს ამერიკისგან?
– მე მიმაჩნია, ამერიკის მთავარი გზავნილი, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის არის, რომ ამერიკა რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს არ აპირებს. ტრამპმა მკაფიოდ თქვა, რომ თუ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ ომს უკრაინასთან უფრო მკაცრი სანქციები და ზეწოლა განხორციელდება მის მიმართ და ამერიკა არ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას. ამერიკა მსოფლიო დემოკრატიის ფლაგმანი იყო და დარჩება, ეს ტრამპის ამ და სხვა განცხადებებშიც გამოჩნდა. ეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე ნამდვილად არ ასხამს წყალს. ტრამპი საკმაოდ ექსცენტრიკული პიროვნებაა, ის ბევრჯერ გააოცებს მსოფლიოს და ჩვენც, ბევრჯერ დაგვძაბავს, მაგრამ ამის არ უნდა შეგვეშინდეს. ტრამპს უნდა, ახალი სტანდარტები დაამკვიდროს ამერიკაში და ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია. ჩვენთან დაკავშირებით, ამერიკის ახალ ხელისუფლებას არანაირი ნეგატიური მესიჯი არ გაუჟღერებია. პირიქით, არ სცნობს და არ აღიარებს ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და აღირებას არც აპირებს. ვერანაირი ფორმა და გზა ამ დეფაქტო ხელისუფლებამ ტრამპის ადმინისტრაციასთან, მის გარემოცვასთან კონტაქტის დამყარებისა ვერ გამონახა, ეს არის ფაქტი. თან ამას ცდილობენ არა მხოლოდ 20 იანვრის მერე, როდესაც ტრამპის ინაუგურაცია იყო, არამედ არჩევნებში ტრამპის გამარჯვების მერე, ნოემბრიდან.
– მე, პირადად, ერთი რამის მეშინია და თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად რეალური და საფუძვლიანია ჩემი შიში. მალე დაიწყება მოლაპარაკებები რუსეთსა და ამერიკას შორის უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკების ბოლო სტადია ლოგიკურად უნდა იყოს ტრამპისა და პუტინის შეხვედრა. რამდენად შესაძლებელია, ამ მოლაპარაკების პაკეტში კავკასია და საქართველოც მოხვდნენ და რუსეთმა უკრაინაში გარკვეული დათმობების სანაცვლოდ, ამერიკას მოსთხოვოს კავკასიას და თავისთავად, საქართველოს დაანებოს თავი და დატოვოს რუსეთის გავლენის ქვეშ?
– ამერიკულ დიპლომატიას ამგვარი ტიპის მოლაპარაკებები და დათმობები არ სჩევევია. ევროპასაც უწინდელთან შედარებით მკაფიო და რუსეთისთვის მიუღებელი პოზიცია აქვს კავკასიის მიმართ. კი, სომხეთი აქტიურად მიილტვის დასავლეთისკენ, მაგრამ საქართველოს მეტი შანსი აქვს გახდეს კავკასიაში დასავლეთის დასაყრდენი. დარწმუნებული ვარ, ეს განხილვის თემა არ იქნება და რუსეთი ვერც გაბედავს მოლაპარაკებისას იმის თქმას, რომ კავკასია, საქართველო ჩემია და არ ჩაერიო მათ საქმეებში, მათ მე გავაკონტროლებო. პუტინი იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ვაჭრობის რეჟიმში ელაპარაკოს ტრამპს. არ დაგავიწყდეთ, იმ რუსეთზე ვლაპარაკობთ, რომელსაც ვითომ მსოფლიოში მეორე არმია ჰყავდა, ერთ კვირაში უნდა აეღო კიევი და თებერვალში 3 წელი ხდება, რაც უკრაინასთან ომობს. ჩრილოეთ კორეელი მებრძოლების დახმარება დასჭირდა და ისინი კურსკში ეომებიან უკრაინალებს. იმავე ჩრდილოეთ კორეის,ირანის, ფარულად ჩინეთის და სხვა ქვეყნების დახმარება დასჭირდა შეიარაღების კუთხით.რუსეთი შეზღუდული იქნება ამ მოლაპარაკებების დროს და პრეტენზიებს ვერ წამოაყენებს.
კომენტარები