“იმასაც ამბობენ, რომ ივანიშვილი დასავლეთს დაპირდება ხელისუფლების ნაწილობრივ დათმობას, მერე კი გადააგდებს და უკვე ჩატარებული არჩევნების შედეგებს ვეღარ გაუპროტესტებენო”
ოპოზიციამ, მისდა საუბედუროდ, არ იცის, რომ გასული კვირა ივანიშვილმა რეგიონების პირველ პირებთან შეხვედრას მოანდომა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რეგიონების მიხედვით შეხვდა ყველა გუბერნატორს და გუბერნიაში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და მაჟორიტარ დეპუტატებს. აღნიშნულ შეხვედრებზე ადგილებზე არსებული პრობლემები განიხილეს და ივანიშვილი ყველას ერთსა და იმავეს ეკითხებოდა – რამდენად არის შესაძლებელი, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში მასშტაბური პროექტი დაიწყოს და პარალელურად, რა შანსები აქვს „ოცნებას“ კონკრეტულ ოლქებში?! არ გეგონოთ, რომ ბატონ ბიძინას ლამაზი და ხავერდოვანი სურათი დაუხატეს, რადგან შეხვედრებს ესწრებოდა რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და მას მეტ-ნაკლებად რეალური სურათი უკვე ჰქონდა, ამიტომ, „მამალი ტყუილის“ თქმა არანაირად არ გამოვიდოდა. ამის მიუხედავად, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა (ძირითადად, დასავლეთის რეგიონების დროს) და ერთი-ორჯერ სამხარაძეს უთხრეს, რომ მას ან არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, ან ივანიშვილი შეცდომაში შეგნებულად შეჰყავდა.
პარტიაში არავინ მალავს, რომ სამხარაძეს ადგილებზე თავის ფავორიტები ჰყავს და მათ წამოწევას ცდილობს, თუმცა რამდენად გამოსდის, სხვა საკითხია. ჰო, ისიც ვთქვათ, რომ ძირითად კომპონენტში, სამხარაძისა და მისი ნათელმირონის, სოსო გოგაშვილის იდეები ერთმანეთს ემთხვევა და მაშინ, როცა უკვე არსებული ჯგუფები პარტიის შიგნით ერთმანეთს „ჭამენ“, სამხარაძე-გოგაშვილი თავისი გუნდის კეთებით არიან დაკავებული. გოგაშვილი მომავალ პარლამენტში ადგილს რომ ითხოვს, არავისთვისაა საიდუმლო, სამხარაძე დარწმუნებულია, რომ გამსვლელ სიაში იქნება და ამიტომ, მათ საკუთარი გუნდი სჭირდებათ.
„ერთი რამის თქმა გადაჭრით შემიძლია. ივანიშვილმა ყველას გასაგებად აუხსნა, რომ რაღაც მონახაზი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაჟორიტარების ბედი გადაწყვეტილია და ვინმე უკვე წარდგენილი გახლავთ კანდიდატად. როგორც მან თქვა, ის ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და იმიტომ არ ჩქარობს, რომ არ იცის, რა სისტემით ჩატარდება არჩევნები. მაჟორიტარული სისტემა რომ შენარჩუნდება, ფაქტია, მაგრამ რამდენი მაჟორიტარი იქნება, ეს უკვე სხვა საკითხია“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
საარჩევნო კოდექსი რაღაც ფორმით რომ უნდა შეიცვალოს, არავინ მალავს, მაგრამ ხელისუფლება მაჟორიტარების დათმობას არ აპირებს, დასავლეთი კი აქცენტს სწორედ ამაზე აკეთებს და ირაკლი კობახიძემაც სტრასბურგში ის პროექტი ჩაიტანა, რომელიც 50 მაჟორიტარს პლუს 100 პროპორციული სიით გასულ დეპუტატს გულისხმობს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს პროექტი ოპოზიციამ უნდა მოიწონოს, რადგან სხვა შემთხვევაში, ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოაგროვებს და არჩევნები ძველი კოდექსით ჩატარდება. არის კიდევ ერთი ვარიანტი, 150-ვე დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით აირჩეს, ანუ, ერთი ოლქიდან პარლამენტში პირველ და მეორე ადგილზე გასული დეპუტატები მოვიდნენ. ამ პროექტს მხარი შესაძლოა ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭიროს, რადგან დარწმუნებულია, რომ ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში მეორე თავად იქნება, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ თითო პარტიას ორი კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება, ანუ იქნება ოლქები, სადაც პირველ და მეორე ადგილებზე „ოცნების“ წარმომადგენლები გავლენ. ამ სქემით, „ნაციონალური მოძრაობა” გარანტირებულად მიიღებს უმცირესობის ადგილს პარლამენტში, მაგრამ შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ კვლავ ორპარტიანი პარლამენტი მივიღოთ და ეს დანარჩენ ოპოზიციას არ აწყობს. სავარაუდოდ, ეს სცენარი ნაციონალურ მოძრაობაშიც აქტიურად განიხილეს, მოიწონეს და ამიტომაც იყო, გრიგოლ ვაშაძემ ხმამაღლა რომ თქვა, დროა წინასაარჩევნო კამპანია დავიწყოთო. ანუ, თუ ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიაზე გადავა და მერე ფორსმაჟორში ხელს მოაწერს იმას, რასაც ხელისუფლება შესთავაზებს, სწორედ ორპოლუსიანობა გაგრძელდება.
„დასავლელმა პარტნიორებმა ივანიშვილს უთხრეს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ამ ფორმით და ამ ოდენობით აღარ უნდა დარჩეს. საუბარია კოალიციურ მთავრობაზე ან ისეთ პარლამენტზე, სადაც გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი პარტია ერთპიროვნულად ვერ მიიღებს. ბატონი ბიძინა ამას დათანხმდა, მაგრამ რეალურად არავინ იცის, რამდენის დათმობას აპირებს მმართველი გუნდი. ძნელი იქნება იმის ახსნა დეპუტატებისთვის, რომ ვიღაცა კანდიდატი უნდა იყოს, მაგრამ უნდა წააგოს. ოპოზიციას კი მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვების შანსი პრაქტიკულად არ აქვს და გამოდის ისე, რომ „ოცნებამ“ არჩევნების შედეგი ოპოზიციის სასარგებლოდ უნდა გააყალბოს, რასაც არ იზამს“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ივანიშვილი დასავლეთს დაპირდება ხელისუფლების ნაწილობრივ დათმობას, მერე კი გადააგდებს და უკვე ჩატარებული არჩევნების შედეგებს ვეღარ გაუპროტესტებენ. თავის მხრივ, ამის საჭიროებას დასავლეთიც გრძნობს, მაგრამ ვერაფერს ცვლის, რადგან ოპოზიციაში არ არსებობს ლიდერი, ვისაც ხალხი გაჰყვება, ხალხის გარეშე კი რევოლუციური სცენარი არ გამოვა. ეს იმის მიუხედავად, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან უკვე არაერთმა დეპუტატმა გააკეთა განცხადება, ხალხის ოდენობას მნიშვნელობა არ აქვსო, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ მთავარი კი არა, უმთავრესი წინა თუ მოქმედი ხელისუფლებისთვის, სწორედ ქუჩაში გამოსული ადამიანების რაოდენობა გახლდათ.
ჰო, გასულ კვირას ხმაურიანი დაჭერების სერია უნდა დაწყებულიყო, ყოველ შემთხვევაში, ეს ამბავი მაშინ გვითხრეს, როცა გაზეთი უკვე იბეჭდებოდა და ისე ჩანს, ან დაჭერების სერიამ გადაიწია, ანაც ხელისუფლებას ყურადღების სხვა რამეზე გადატანა არ სჭირდება. რატომ არ სჭირდება, ამას თავად მიხვდებით – გაიხედეთ გარეთ, რამე ხდება? არც არაფერი, 2020 წლის არჩევნებს, ნელ-ნელა, მაგრამ სწორედ დღეს არსებული სისტემით ვუახლოვდებით.
ანი დვალიშვილი
ალია №4
კომენტარები