პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“სოციალური აგენტები საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ საქმეს ასრულებენ. მათ უწევთ მილიონზე მეტ ღარიბ და ღატაკ ადამიანთან მისვლა, მათი სახლის კარის შეღება, მათი მდგომარეობის აღნუსხვა. შემდეგ მთელი წლის განმავლობაში სპეციალისტებთან და იურისტებთან ერთად აკონტროლებენ ვითარებას, აზუსტებენ მონაცემებს და ცდილობენ როგორმე გადაარჩინონ თავიანთი თანამოქალაქეები სოციალური გაჭირვებით განპირობებულ სიკვდილს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა უდიდეს ნაწილს 2007 წლიდან ხელფასი არ გაზრდიათ, თანამშრომელთა ანაზღაურება უკეთეს შემთხვევაში 480 ლარს უტოლდება. თანამშრომელთა ზოგიერთ კატეგორიას წლებია შრომის სამინისტრო (ხაზგაზსმით- შრომის სამინისტრო) 1 თვიან კონტრაქტს უფორმებს. წარმოიდგინეთ, ათობით თვე ერთ ადგილას რომ მუშაობდეთ და მაინც არ აჰყავდეთ შტატში … ბუნებრივია, სასტიკ წესებზე დაფუძნებულ ხელშეკრულებებში არაფერია ნათქვამი ანაზღაურებად დეკრეტსა და სხვა ელემენტარულ საკითხებზე! მეტიც, უკანასკნელ პერიოდამდე დიდ ტერიტორიებზე განფენილ რაიონებშიც კი სოც.აგენტებს მგზავრობის თანხად 1.6 ლარს აძლევდნენ… სოციალურ აგენტებს არ ემსახურებათ ტრანსპორტი.
ყველა მინისტრი გასცემდა პირობას, რომ სოციალური მომსახურეობის სააგენტოში სოციალური პირობები გაუმჯობესდებოდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ამიტომ დღეს თანამშრომლები გაფიცულნი არიან, სააგენტოს მუშაობა პარალიზებულია! სოც.აგენტები ითხოვენ კოლექტიურ ხელშეკრულებას, რომელიც უკეთეს პირობებს შეუქმნის ყველას და არა ერთეულებს!
სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცვის გარდა კიდევ ერთხელ იჩინა თავი ძველმა უბედურებამ. 30 წლის შემდეგაც კი იძულებით გადაადგილებულ პირთა ნახევარი ფაქტობრივად უსახლკაროა! ისინი თავს იკლავენ საკუთარი ოთახის და კერის მოთხოვნით, მაგრამ პასუხისმგებელი პირი არ ჩანს. ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკა ( ანუ სტრატეგია, მისი დაფინანსებისა და აღსრულების გეგმა), რომელიც დევნილთა (და არამხოლოდ) უბინაობის პრობლემას აღმოფხვრიდა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებაც მხოლოდ სპონტანური გადაწყვეტილებებით შემოიფარგლება. ასე თუ გაგრძელდა კიდევ 30 წელი ვერ დავაკმაყოფილებთ დევნილებს ჭერით, იქნებ მათი ბოლომდე ამოწყვეტის იმედი აქვთ…
და ამ დროს ვის აკისრებს საქართველოს მთავრობა სოციალური უსამართლობის ხანძრის ჩაქრობის პასუხისმგებლობას?
უსახლკაროებზე, დევნილებზე, ეკომიგრანტებზე, ღარიბებზე და ღატაკებზე, ქვრივებზე, ობლებზე, ავადმყოფებზე, ყველა გაჭირვებულზე ზრუნვის მინისტრად ღარიბაშვილმა ვინმე აზარაშვილი დანიშნა.
კაცი მთელი ცხოვრება ბანკირი იყო, ყველაზე ანტისოციალურ, ნაკლებად მზრუნველ სისტემაში მუშაობდა, ხალხის ვალებში ჩახრჩობას ემსახურებოდა, როგორც ბეჯითი კლერკი! შემდეგ კი ბომბებში, თვითფრინავებში და ტანკებში ქმნიდა დოვლათს … ვინ უნდა აუხსნას და გააგრბინოს ამ კაცს სოციალურად დაუცველთა პრობლემები, გაფიცულთა მოთხოვნები, სააგენტოს თანამშრომელთა ბრძოლის ისტორია?!
სრულიად შემაძრწუნებელია ირაკლი ღარიბაშვილის საკადრო პოლიტიკა. წინა პრემიერობის დროს კახური კლანი მოგვახვია თავს! ახლა ის თავდაცვის სამინისტროში მის მიერ აღზევებული კადრებისგან აშენებს კლანს. მხოლოდ მისთვის ნაცნობ და მხოლოდ მასთან პირადად ანგარიშვალდებულ, დარგობრივი ცოდნის არმქონე მენეჯერებთან ერთად შეუძლია მუშაობა. სხვებთან არ შეუძლია, სხვებთან პატარავდება, წელში იხრება, სხვები ხელს შეუშლიან ბიუჯეტის ნაკადების მართვაში.
ქედი მოიხარეთ გაფიცულების წინაშე და ხელი მოაწერეთ მათ მინიმალურ, ელემენტარულ მოთხოვნებს… სოლიდარობა ჩვენებს, მადლობა დამოუკიდებელ პროფკავშირებს!
P.S. ოპოზიცია საერთოდ ამაზრზენია, არაფერი რომ არ აქვთ ალტერნატივად შემოსათავაზებელი იაფფასიანი ისტერიკის გარდა.”
კომენტარები