ნანა სულავა
„ალიას“ ესაუბრება „იბერიულ-კავკასიური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბესო მიქავა:
-აღშფოთებას ვერ ვმალავ. ორიოდე დღის წინ ტელევიზიით ვიხილე ყოფილი „გაიშნიკის“, „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილი დეპუტატის, ამჟამად „ოცნების“ დეპუტატის გია ცაგარეიშვილის პრესკონფერენცია, რომელიც მან უკრაინის პოლიტიკოს დავით არახამიასთან დაკავშირებით მოაწყო. საკვირველია, რომ ცაგარეიშვილმა ბურჟუაზრიული პოლიტიკოსი არახამია შეადარა პროლეტარულ რევოლუციონერებს: იოსებ სტალინს, სერგო ორჯონიკიძესა და ბუდუ მდივანს. რა უცოდინარი უნდა იყო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული (უნივერსიტეტის დიპლომი აქვს), რომ „ჭ“ კლასის ბურჟუაზიული პოლიტიკოსი არახამია შეადარო სტალინს, ორჯონიკიძეს ან ბუდუ მდივანს. სად სტალინი ან სოციალისტური ინდუსტრიალიზაციის წინამძღოლი სერგო ორჯონიკიძე და სად ლიბერტალიანელი არახამია?! მაგრამ ყველაზე ამაზრზენი ის იყო, რომ ცაგარეიშვილმა დავით არახამიას უსურვა ბუდუ მდივნის ბედი. პრესკონფერენციზე მსხდომმა ბევრმა უვიცმა ჟურნალისტმა ალბათ არ იცის, თორემ რომ ცოდნოდათ, ეტყოდნენ ცაგარეიშვილს, რა, არახამიას შვილებს დახვრეტას უსურვებო? ბუდუ მდივანი 1937 წელს დახვრიტეს, დაუხვრიტეს სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, მოუკლეს ცოლი და, ეს რომ შეიტყო პარიზში მყოფმა მისმა ემიგრანტმა ძმამ, სტრესისგან გული გაუსკდა. ცაგარეიშვილო, ამას უსურვებ არახამიას ექვს შვილს და მის ოჯახს, რომ ისე დაუხვრიტონ შვილები, როგორც ბუდუ მდივანს? შენ, დეპუტატო ცაგარეიშვილო, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არახამიას კი არა, შენს ქვეყანაში კორუმპირებულ პროკურატურას, სასამართლოს, აღმასრულებელ ორგანოებს მიხედე. იმაზე მოაწყვე პრესკონფერენციები, რომ ქართველი ხალხი ამ სიღატაკიდან დაიხსნათ. მაგრამ მთავარ საკითხზე არ გინდა ილაპარაკო და ყურადღების გადატანა გინდა სხვა თემაზე. ჩვენი ქვეყნის მთავარი უბედურება ეს არის, რომ მთელი სისტემა კორუმპირებულია, რომელიც კი არ უნდა დაიშალოს, არამედ ნაცებთან ერთად უნდა გასამართლდეს. აბა, ისე კი არა, ბატონო, როგორც ფსევდოპარტიული ფუნქციონერები გადაბარგდნენ მოქალაქეთა კავშირში, მოქალაქეთა კავშირი – ნაცებში. ნაცები კი ქოცებში და დღეს ყველა ერთად ხართ თქვენ თქვენი ნაშიერებით და არამად ნაშოვნი ფული ვერ გაგიყვიათ. ახლა არახამია, არახამიაო, – გაიძახით. შევარდნაძეს, რომელმაც თქვენ ყველა ერთად გშვათ, საზღვრის იქით რომ გყავდათ, ან მაშინ რა გაუკეთებია თავისი ქვეყნისთვის და ან საზღვრის აქეთ, როცა თავის ქვეყანაში დაბრუნდა? შევარდნაძემ რომ უბედურება მოუტანა საქართველოს, იმდენს ასი არახამია ვერ გააკეთებს, რომც უნდოდეს. ამიტომ მოკეტეთ!!!
ცაგარეიშვილო, ნუთუ იმდენი არ გესმის, რომ ბურჟუაზიული პოლიტიკოსი არ უნდა შეადარო პროლეტარული რევოლუციის და საბჭოთა ხელისუფლების მოღვაწეებს?!ის არ იცი, რომ ისინი კაპიტალიზმს ებრძოდნენ? არახამია კი უკრაინაში კაპიტალიზმს იცავს, ისე როგორც თქვენ – საქართველოში. შენნაირების სალაპარაკოა სტალინი, ორჯონიკიძე და ბუდუ მდივანი? ასი დღე ბომბავდნენ მარიუპოლის მეტალურგიულ კომბინატს და ოკუპანტებმა ბოლომდე მაინც ვერ გაანადგურეს. ჰოდა, ის სერგო ორჯონიკიძის აშენებული იყო. ან დავით არახამიას აშენებული ქარხანა მაჩვენეთ ან თქვენი.
ყველას კარგად გვახსოვს, 2012 წელს გაპოლიტიკოსებული ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაპირდა, რომ 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში აშენდებოდა 100 ქარხანა, მაგრამ 2013 წელს ისე დაითესა, რომ ასი კი არა, ერთი ქარხანაც არ აუშენებია. რაღაც საამქროებს და მცირე ობიექტებს გვაჩვენებენ და ქარხნებად ასაღებენ. ოლიგარქმაიმიტომ არ ააშენა ფაბრიკა-ქარხნები, რომ იქ მუშათა კლასს მიიღებდა, რომელიც დარაზმული იქნებოდა და სწორედ ის სამრეწველო მუშათა მოძრაობა დაგამხობდათ თქვენც, ნაცებსაც და თქვენს სატელიტებსაც.
კომენტარები