ჟურნალისტი ვახო სანაია:
,,
თუ აკვირდებით, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ქართული ოცნება რომელიმე პარტიას სადმე ტიტუშკას დაახვედრებს თუ არა. ხელისუფლება სრულ უღონობას ავლენს. ის ტიტუშკაც თუ ვინცაა სამტრედიაში რაღაცნაირად საცოდავი იყო. ქართული ოცნება გამოფიტულია. ბიძინას ერთ-ერთი მონის – კალაძის რაიონში ჩავიდა ოპოზიცია. ქართული პოლიტიკის ტრადიციის მიხედვით, რაღაც უნდა მომხდარიყო. შენს რაიონში ოპოზიცია დაქრის და შენ მკვდარი ხარ ?! რაც მოხდა, მოვალეობის მოხდას უფრო ჰგავდა.
მერე ?
ყველას ფეხებზე ჰკიდია, რას დაგეგმავს ხელისუფლება და რას იზამს მისი რომელიმე ტიტუშკა. ხალხმა უკვე იცის, რომ ასეთი ფაქტები ოპოზიციის, არასამთავრობოების, მედიის, აქტივისტების, დამკვირვებლების, სტუდენტების და სხვების მუშაობის განუყოფელი ნაწილია და 26 ოქტომბრამდე ამასაც უპრობლემოდ გაუძლებს.
კონტრასტი აშკარაა.
ერთი მხრივ, ქართული ოცნება გამომწყვდეულია ოფისში. ქუჩაში უბრალოდ ვერ გადიან, კამპანიის ჩატარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
ამ დროს ოპოზიციას გაქანებული კამპანია აქვს. დადიან სოფლებში, ქალაქებში. სულ უფრო კომფორტულად გრძნობენ ხალხში თავს.
ქუჩაში დარჩა შპანა, რომლის პოლიტიკურ მეთაურებს გარეთ თავი არ გამოეყოფათ. აგერ კალაძე ოლიმპიადას უყურებდა გრილ ოთახში და ფოტოს იღებდა, ამ გაუბედურებულ ბიჭს კი მისსავე რაიონში სამარცხვინო საქმის გაკეთება უწევს. ეს ხომ მთელი ცხოვრება უნდა გაჰყვეს, არცხვენს თავის თავსაც, ოჯახსაც. შეუძლებელია, ასეთი სამარცხვინო საქმე ენთუზიაზმით აკეთო, მით უმეტეს მაშინ, როცა გრძნობ, რომ ხელისუფლების დღეები დათვლილია. ერთხელაც მოგინდება, მიაფურთხო ამ ბანდიტებს, რომლებიც ამის სათავეში დგანან.
ამიტომ იყო უსიცოცხლო და კარიკატურული ის სამტრედიელი ტიტუშკა. რაღაცნაირი პოლიტიკურად უღონო ძალადობა ვნახეთ. ხელისუფლებას მხოლოდ ფიზიკური ტკივილის მიყენება შეუძლია, მის ძალადობას ,,პოლიტიკური” შინაარსი გამოცლილი აქვს. კოღოს ნაკბენის ეფექტი აქვს. უსიამოვნოა, მაგრამ გავლენა არა აქვს.
რუსული კანონის აქციებმა გადაამტვრია ხელრხემალში ქართული ოცნება. აღარც ინდივიდუალურ ცემას, აღარც მასობრივ დარბევას, არც ტროლებს, არც პროპაგანდისტულ არხებს არ შეუძლიათ ხალხის ნების შეცვლა.
ყველა ნაცემი ჰყავს ხელისუფლებას; ყველას მიუსია ტროლები; ყველას მიუძღვნა სიუჟეტები; ყველა სახელები და გვარები ატრიალეს კობახიძემ, კალაძემ და სხვებმა ტელეეთერებში; ყველას აგინეს ანონიმურად. მერე ? არც არაფერი. ჩავლილი მატარებელია.
რა შედეგი უნდა მოიტანოს ხელისუფლებისთვის ამ ძალადობამ – პირველი, ხალხს აგრძნობინოს, რომ აქაა და მაგრადაა. მეორე, ვისზეც იძალადეს, ის გამოეთიშოს პროცესებს.
ის უკვე ვთქვით, როგორ უღონოდ გამოიყურება ხელისუფლება. რაც შეეხება მეორე ნაწილს – რადგან ძალადობის ერთ-ერთი მიზანი ისიცაა, პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის შეხვედრები ვერ შედგეს და პოლიტიკოსი გატყდეს, პირიქით მოხდება, წავა ახლა ნიკა მელია და კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეხვდება. და ასე მოიქცევა ნებისმიერი სხვა ოპოზიციონერი. ვის უკვირს ნაცემი თუ ფიზიკურად დაზარალებული ოპოზიციონერი ამ ქვეყანაში. ძალიან არქაულ წარმოდგენებში ჩარჩა ხელისუფლება. ახლა უფრო პირიქითაა, თუ ძალადობის კვალი ატყვია ვინმე ოპოზიციონერს სახეზე, ეს უკეთესის ნიშანია ?
ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ მშვიდად და გეგმაზომიერად უნდა გააგრძელოს ოპოზიციამ თავისი საქმე. უფრო გაშალოს კამპანია. ჩატოვოს ხელისუფლება თავის გამოგონილ თემებში. მივიღეთ ვითარება, როცა ქართული ოცნება ვერც თავად ხვდება ხალხს და ვერც ოპოზიციას უშლის ხელს ხალხთან შეხვედრაში.
ეს სტატუსი არაა იმაზე, ძალადობა რომ ცუდია. ვიცით ეგ ისედაც და არც ვწუწუნებთ. ეს სტატუსი იმაზეა, რომ ხელისუფლებას სახე აქვს ახეული.”
კომენტარები