ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მეორე ტიპის დიაბეტის ან სხვა რაიმე ქრონიკული თანდაყოლილი დაავადების დროს, კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში მძიმე გამოსავლის რისკი არსებობს, რის გამოც ადამიანის ვაქცინაცია აუცილებელია. ამის შესახებ მან „იმედის დილაში“ განაცხადა, სადაც გაზაფხულის ალერგიასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„აცრაზე სიღრმისეულად თუ ვისაუბრებთ, ვაქცინის გაკეთების რამდენიმე წინააღმდეგობა არსებობს. ერთი – ასაკობრივი ზღვარი, რადგან კვლევები არ გვაქვს. „ფაიზერზე“ ზღვარი 16 წელია, „ასტრაზენეკაზე“ 18 წელი; მეორე წინააღმდეგობა ეს არის ნებისმიერი მწვავედ მიმდინარე დაავადება. მაგალითად, თუ ადამიანს ტემპერატურა აქვს და ავადაა, სანამ არ განიკურნება, ვაქცინა არ უნდა გაიკეთოს.
რაც შეეხება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდს, ვაქცინის მწარმოებლები აცხადებენ, რომ ჩვენ მონაცემები არ გვაქვს, რადგანაც კვლევები არ ჩაგვიტარებია, ამიტომ ყველა ქვეყანაში ასეთ დროს გადაწყვეტილებას რისკის სარგებლის მიხედვით იღებენ. თუ ქალბატონს აქვს მაღალი რისკის დაავადებები და მეძუძურია, პირობითად ვამბობ, მეორე ტიპის დიაბეტი ან სხვა რაიმე ქრონიკული ტიპის თანდაყოლილი დაავადება აქვს და ძალიან მაღალი რისკია კოვიდთან ბუნებრივი შეხვედრის პირობებში შესაძლოა, მძიმე გამოსავალი დადგეს, მაშინ უნდა აიცრას. ჯერჯერობით, პირდაპირი რეკომენდაცია, რომ მეძუძური და ორსული არ აიცრას, არ არსებობს. ამიტომ, თუ სეზონური ალერგია აქვს, მით უფრო, უმჯობესია, ალერგიის პერიოდმა გადაიაროს და ამ პერიოდში პირბადე იხმაროს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
კომენტარები