ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე.
–ბატონო სოსო, რუსეთ–უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ ბელგოროდში სამხედრო დაჯგუფებები შეიჭრნენ და ბევრი ვარაუდობს, რომ ეს რუსეთის სპეცსამსხურების პროვოკაციაა. მერე პუტინს სათქმელი ექნება, რომ უკრაინელები რუსეთის ტერიტორიას უტევენ, საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს და ისეთ იარაღსაც გამოიყენებს ომში, რომელიც აქამდე არ გამოუყენებია. რა ხდება რეალურად?
– კი, ეგ ვარაუდიც არსებობს. თავად პუტინის ოპოზიციონერმა რუსმა ბლოგერებმა, რომლებიც გაქცეულები არიან ქვეყნიდან, გაიხსენეს ჩეჩნეთის მეორე ომის წინ, მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალქებში სპეცსამსხურების მიერ კორპუსების აფეთქება, რაც ჩეჩნებს დაბრალდათ და ტერორიზმის აღკვეთის საბაბით, რუსეთის ჯარი ჩეჩნეთში შეიჭრა. მე მაინც მგონია, რომ უკრაინის ხელი ურევია ამ ამბავში, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ამას კატეგორიულად უარყოფს. კი, რუსეთში არიან პუტინის მოწინააღდეგე ძალები, ბელგოროდში რაც მოხდა, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა“ აიღეს თავიანთ თავზე. ორივე დაჯგუფება ეთნიკური რუსებით არის დაკომპექტებული და „რუსეთის მოხლისეთა კორპუსი“ ჯერ კიდევ 2014 წლიდან იბრძვის უკრაინელთა მხარეს. შარშან, მარტში, ბელგოროდში მომხდარი აფეთქებებიც ამ ორგანიზაციის მოწყობილი იყო. თუ ასეა, რუსეთს ცუდად აქვს საქმე. რუსეთში ბევრს არ მოსწონს ეს ომი და ამ დაჯგუფებებს სხვებიც შეურთდებიან და მარტო ბელგოროდში კი არა, რუსეთის ყველა ქალაქში დიდ შეიძლება მოაწყონ აფეთქებები. ამერიკისა და ბრიტანეთის ხელისუფლებებმა განაცხადეს, რომ მათ არ მოსწონთ რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გადატანა და უკრაინას თითი დაუქნიეს, ეს მეტჯერ აღარ გააკეთოთო. ესეც მაფიქრებინებს, რომ უკრაინელების გაკეთებულია, ბრიტანელი და ამერიკელი პოლიტიკოსები თავიანთი ქვეყნების სამხედრო დაზვერვის მონაცემების გარეშე ამას არ იტყოდნენ. ასეა თუ ისეა, ამ ფაქტს პუტინი სათავისოდ გამოიყენებს. ბელგოროდში შეტაკებებს, „ეფესბეს“ და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების აფეთქებას, უკვე ტერორისტული აქტები დაარქვეს, გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს და ვინც ბელგორიდში შეიჭრა, იმათთან ბრძოლასაც კონტრ–ტერორისტული ოპერაცია დაარქვეს ახლა გამოვა პუტინი, იტყვის, რომ დედა სამშობლო განსაცდელშია, ომი რუსეთის ტერიტორიაზე მომდინარეობს და კრემლი რომ დაბომბეს დრონებით, იმასაც გამოიყენებს. მერე არც საყოველთაო გაწვევა გაუჭირდება და ამით მოსახლეობაში, ჯარში პატრიოტულ განწყობას გააძლიერებს. თუმცა, რუსეთისთვის ცუდი ის არის, უკრაინელებმა მოაწყეს ეს თუ რუსეთის გასამხედროებელმა პატრიოტულმა, ულტრა–მემარჯვენე ორგანიზაციებმა, რუსეთში დაცულად ვეღარ გრძნობს ხალხი თავს. აგერ, ბელგოროდის გარდა, ბრიანსკის ოლქშიც შეიჭრნენ მებრძოლები და იქაც ააფეთქეს ადმინისტრაციული შენობები, ყირიმის ხიდის ნაწილი დაწვეს. ეს უკვე ცუდია პუტინის ხელისუფლებისთვის. თუმცა, ეს ყველფერი უკრაინაში მიმდინარე ომზე გავლენას ამ ეტაპზე ვერ მოახდენს.
–ომის დროს, რუსეთში ხელისუფლების მოწინააღმდეგე სამხედრო ორგანიზაციები, შესაძლოა, დიდ თავისტკივილად ექცეს პუტინს. სამოქალაქო ომამდე ხომ არ მივა საქმე?
–პუტინთან ამ ეტაპზე მისი ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კორიენკოა დაპირისპირებული, რომელსაც უკრაინის ახლად მიერთებული ტერიტორიები აბარია. კირიენკო თავდაცვის მინისტრის,სერგეი შოუგუს გამოა პუტინთან დაპირისპირებული. შოიგუ ბევრს არ უყვარს, სამხედრო პირი არ არის, არანაირი სამხედრო განათლება არ გააჩნია და მე მგონი, ეს ეტყობა კიდეც უკრაინაში მებრძოლ რუსეთის რეგულარულ არმიას. თან შოიგუ რუსი არ არის და ესეც მის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ევგენი პრიგოჟინიც დაპირისპირებულია შოიგუსთან, მთელ გენერალიტეტთან და ეს არაერთხელ განაცხადა. არის სხვა დაპირისპირებებიც პუტინის გარემოცვაში და პუტინს თუ ფეხი დაუცდა, კონტროლის მექნიზმები თუ გაექცა ხელიდან, ცოცხლად შესჭამენ. ვერაფერს გამორიცხავ ასეთ ვითარებაში, ვერც სამოქალაქო ომს. პრიგოჟინი კი არის პუტინის მეგობარი, მაგრამ სადაც ძალაუფლებას დაინახავს, ბოლოს იქით გადაიხრება. პუტინი შარშია, ორ წყალს შუაა. მისი გარემოცვის ბევრი წევრი მოითხოვს შოიგუს გადაყენებას. ეს თუ გააკეთა, გენერალიტეტს და საშუალო რგოლის ოფიცრებს გადაიკიდებს, რომელთაც შოიგუს მინისტრობისას, კორუფციით, იარაღის გაყიდვით, სხვა მაქინაციებით დიდი ფული იშოვნეს. ახალი მინისტრი თუ მოვა, თავის ფავორიტებს მოიყვანს, ისინი თავიანთ რჩეულებს მოიყვანენ და ძველი კადრები დაკარგავენ გავლენას. ეს ხალხი პუტინის მტერი გახდება. ამიტომ არ აწყობს შოიგუს შეცვლა პუტინს. არ შეცვალოს და შიოგუთი უკმაყოფილო გარემოცვის წევრები უმრავლდებიან. ეს რუსული სამხედრო ორგანიზაციები დიდი პრობლემაა. მარტო ახალგზრდები არ არიან, ჩეჩნეთის ომში ნაომარი ხალხიც არის, თან ყველა რუსი. თან ვერც დასვლეთის აგენტობას აბრალებენ ამ ხალხს. პატრიოტები არიან და არ უნდათ ტოტალიტარიზმი თავიანთ ქვეყანაში და პუტინის უაზრო ომებში ხალხი რომ იხოცება, იმის წინააღმდეგნი არიან. ახლა რუსი ხალხი არ დაფიქრდება იმაზე, ეს პატრიოტი ხალხი, რატომ ებრძვის პუტინს და რუსეთის ჯარს უკრაინაში? ცხადია, დაფიქრდება და ბევრი დაასკვნის, რომ ისინი მართლები არიან. მერე, მეორე მომენტიც არის. ეს ორგანიზაციები 2014 წლამდე არსებობდნენ, როცა იანუკოვიჩი იჯდა უკრაინის პრეზიდენტად. ვერ ვიტყვით, რომ მათ იარაღს, ფულს, ტრანსპორტს უკრაინა აძლევდა. მაშ საიდან ფინანსდებიან? რა თქმა უნდა, რუსეთში მცხოვრები რუსი ბიზნესმენებისგან და სავარუდოდ, ნაღდი ფულით, რადგან სხვა ვარიანტი აღარ რჩება. ომამდე რუსეთში გადარიცხული თითოეული ცენტი კონტროლდებოდა, ომის მერე კოდევ უფრო გამკაცრდა კონტროლი. გამოდის, ვინც რუსეთში ფულს შოულობს, ყველა პუტინის ერთგული არ ყოფილა, როგორც აქამდე ეგონათ. ეს უკვე ძალიან ცუდია პუტინისთვის. დიდების ზენიტში იყო, მაშინ ღალატობდნენ ბიზნესმენები და ახლა, როცა უახლესი დღეების პროგნოზირება ჭირს, ყოველდღე ჟონავს ინფორმაცია პუტინის გარემოცვაში არსებული დაპირისპირების შესახებ, ცხადია, ბიზნესმენები მკვეთრ ნაბიჯებს მოერიდებიან. ისინიც იქით გადაიხრებიან, საითაც ძალა იქნება და გარანტიებს მისცემენ. მოკლედ, რუსეთში ბევრი რამ იცვლება და პუტინის სასიკეთოდ არაფერი. აქ ისიც გავითვლისწინოთ, რომ ბიზნესმებს, მდიდარ ჩინოვნიკებსა და პოლიტიკოსებს, არ უნდათ კარჩაკეტილი ცხოვრება, სანქციები და უნდათ ევროპაში, ამერიკაში, კანადაში თუ ავსტრალიაში ჩასვლა, დროსტარება. უნდათ, თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს ასწავლონ იქაურ უნივერსიტეტებში, კოლეჯებში, სამკურნალოდ და დასასვენენლად უნდათ წასვლა და ეს ყველაფერი ხელიდან გამოეცალათ. ომმა და პუტინმა გამოაცალა ხელიდან და ახლა, ნებისმიერ ფასად ამ ომის დასრულება სურთ. ვიდრე პუტინია ხელისუფლებაში, ეს თითქმის გამორიცხულია. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ მალე რუსეთში სიტუაცია აირიოს. სამოქალაქო ომისა რა გითხრა, მაგრამ პუტინს შეიძლება დაუპირისპირდნენ საკუთარი გარემოცვის წევრები, მისი გარემოცვა ორად გაიყოს და მოსკოვში ტანკები არა, მაგრამ საკუთარ ავტომობილებში, სახლებში, აგარაკებზე ჩაცხრილული და აფეთქებული ჩინოვნიკები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ვიხილოთ, რომლებიც ერთმანეთს დაერევიან და ამას, შესაძლოა, ამას სერიული ხასიათი ჰქონდეს–დაიწყოს და აღარ გაჩერდეს. ეს კი ძირს გამოუთხრის პუტინს და უკრაინაში ომის შედეგებზეც იმოქმედებს. პუტინის გარემოცვა იმასაც ხედავს, რომ მასთან დასავლეთი ურიერთობას აღარ აღადგენს, როგორც ეს 2014 წელს უკრაინის ტერიტორიების ანექსიის, 2008 წელს საქართველოში ომის შემდეგ მოხდა. პუტინს არავინ არაფერს აპატიებს. უკრაინში ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთმა პუტინი ჩამოწერა, უკრაინასთან რუსეთმა ომიც რომ მოიგოს, პუტინის პოლიტიკური რეანიმცია აღარ მოხდება, ვეღარც გაზით დააშანტაჟებს ევროპას და ევროპას და ვერც ატომური ბომბით მსოფლიოს. პუტინის „დამსახურებაა“, რომ ცოტა ხნის წინ, ამერიკას და ნატოს ებრიქებოდა რუსეთი და დღეს ბელარუსის, ირანის, სირიისა და ჩრდილოეთ კორეის პარტნიორია, მის ღია მხარდაჭერაზე ამ ომში, თუნდაც სიტყვიერად, ჩინეთმა და ინდოეთმაც უარი თქვეს, მხოლოდ სავაჭრო პარტნიორებად დარჩნენ. ამას პუტინი 10 წლის წინ მიიღებდა შეურაცხყოფად, მაგრამ დღეს ეგუება ინდოეთისა და ჩინეთის პოზიციას. ისიც არ დაგავიწყდეს, რომ დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსხურები მუშაობენ რუსეთისა და მისი ხელისუფლების დასასუსტებლად და მათი გეგმის ერთ–ერთი ნაწილი პუტინის გარემოცვაში განხეთქილების ჩამოგდებაა. პუტინი შავ დღეშია, ამას ბევრი ლაპარაკი აღარ უნდა.
–ხიროსიმას G–7 საიტზე თქვენთვის რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი?
–მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მსოფლიოს ლიდერი ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე. ეს გაგრძელდება. ასევე, მხარი დაუჭირეს რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების მე–11 პაკეტს. ახალი სანქციების მთავარი მიზნია, რომ ის მიკროჩიპები ვერ მიიღოს რუსეთმა, რომელსაც სამხედრო შეიარაღებაში იყენებს–ტანკების, თვითმფრინავების, ჯავშანმანქანების,ვერტმფრენების და სხვა სამხედრო შეიარაღებისთვის. ლეგალური გზები კი დაუკეტეს, მაგრამ ახლა არალეგალური გზების გადაკეტვაზე მიდის მუშაობა. ამას აუცილებლად მიაღწევენ. G–7–ის წევრმა სახელმწიფოებმა კატეგორიულად გააფრთხილეს ჩინეთი, რომ რუსეთს ფარულად აღარ მიაწოდოს ჩიპები და სხვა სამხედრო კომპონენტები, თორემ დაასანქცირებენ. ცხადია, ამ სანქციებს ევროკავშირი შეუერთდება. ჩინეთი გაჩერდება, რადგან სანქციები მძიმე დღეში ჩააგდებს მის ეკონომიკას. ამ სამიტის ლაიტმოტივი ის იყო, რომ რუსეთი ისე დაასუსტონ, რომ დიდად ანგარიშგასაწევი ძალა აღარ იყოს. მთელი მსოფლიო ახლა ამისკენ არის გადართული. უკრაინას უკვე ისეთ შეიარაღებას აძლევენ, მგონი, ნატო–ს წევრ ზოგიერთ ქვეყანასაც არ აქვს. ამერიკა უკრაინას მე–4 თაობის მოიერიშე თვითმფრინავებს, F-16–სგადასცემს. ამას დრო დასჭირდება და უკრაინელი პილოტები ჩავლენ ამერიკაში და მანამდე აითვისებენ ამ ბომბდამშენს. ბაიდენმა ზელენსკის პირობა დაადებინა, რომ ამ სუპერ–გამანადგურებლებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ, მაგრამ რამდენად იმუშვებს ეს პირობა, ძნელი სათქმელია. დიდმა ბრიტანეთმა „შტორმ შედოუს“ ტიპის რაკეტები გადასცა უკრაინას,რომლებიც თვითმფრინავზე მონტაჟდება და მისი რადიუსი 250 კილომეტრია. გერმანია 110 ტანკს „ლეოპოლდ–1“–ს გადასცემს უკრაინას და 250 ტანკისტი უკვე უკრაინაშია, რათა ეს ტანკები აითვისონ. მე ადრე გითხარი ინტერვიუში, დასავლეთი ატომური ბომბის გარდა ყველაფერს მისცემს უკრაინას–მეთქი და ზუსტად ეგრე მიდის საქმე. აგერ, პრიგოჟინმა თქვა, ჩვენ რას მივაღწიეთ უკრაინაში ამ სპეცოპერაციითო? იმას მივაღწიეთ, რომ დღეს უკრაინა ჰყავს მსოფლიოში ერთ–ერთი უძლიერესი არმიაო. მერე დასძინა, რომ უკრაინელ სამხედროებს ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ გამოიყენონ როგორც ნატო–ს, ასევე რუსული და საბჭოური წარმოების იარაღი და სამხედრო სისტემებიო. აი, ამას დაიკვირდი კარგად. უკრაინელი სამხედროები უკვე ფლობენ ნატო–ს შეიარაღების დიდ ნაწილს და ბევრს მომავალში აითვისებენ. საბჭოთა კავშირის დროს რაც იარაღი დარჩა უკრაინაში, იმას ხომ თავისთავად ფლობენ და ამას დაამატე უკრაინული წარმოების იარაღი, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის მერე დაამზადეს. ასევე, უკრაინას, როგორც თავის პატრნიორს თანამედროვე იარაღას აძლევდა რუსეთი, უკრაინა იყო ერთ–ერთი მსხვილი შემსყიდველი რუსული იარაღისა, ვიდრე პრეზიდენტი იანუკოვიჩი არ დაამხეს. დღეს მსოფლიოში უკრაინის არმიაა ერთადერთი, რომლის შეიარაღებაშიც შედის ნატო–ს შეიარაღება, რუსეთის ბოლო წლებში შექმნილი ახალი შეიარაღება და საბჭოთა კავშირის დროინდელი, ოღონდ ვარგისი და არა ჯართი, როგორც ეს რუსეთშია. სერიოზული სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ დღეს უკრაინას ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ყველაზე ძლიერი არმია ჰყავსო. აქ უდიდესი მნიშვნელობა იმას ენიჭება, რომ უკრაინის არმიამ დიდი გამოცდილება მიიღო რუსეთთან ომში. აქვე ვიტყვი, რომ უკრაინის აღგენისთვის 411 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. დიდი თანხაა, მაგრამ ეს არ ეყოფა. რუსეთის სახელმწიფოს 350 მილიარდი დოლარია გაყინული ევროპაში. რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარი და ქონებაა გაყინული მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში რუსი ჩინოვნიკებისა და ოლიგარქებისა. ეს ფული მოხმარდება უკრაინის აღდგენას, უკან არავის არაფერს დაუბრუნებენ. ამერიკის სახდეპარტამენტი, იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროები უკვე მუშაობენ, რომ ეს ამერიკულ ბანკებში რაც ფულია, ამერიკის ტერიტორიაზე რაც ქონებაა რუსებისა, როგორ ჩამორთვან და გადასცენ უკრაინას, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებში ჩაჯდნენ. ქონებას–ბიზნეს კომპანიებს, სახლებს, აგარაკებს, იახტებს, თვითმფრინვებს, ვერტმფრენებს, გაჰყიდიან და იმ ფულსაც მისცემენ. სანახევროდ რუსეთისა და რუსების ფულით აღადგენენ უკრაინას. ევროკავშირმა, ამერიკამ, კანადამ, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა უკრაინის აღდეგენაზე რომ დაიწყეს უკვე სერიოზული ფიქრი, ეს იმას ნიშნავს, ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის გასამარჯვებლად, რუსეთის შეიარაღების საპირწონე ყველა სახის იარაღს მისცემენ უკრაინას.
–საქართველო შორდება ევროკავშირსა და ნატო–ს უფრო და უფრო სცილდება. პრემიერ ღარიბაშვილისა და თბილისში ჩამოსული ნატო–ს გენმდივნის წარმომადგენელის ხავიერ კოლომინას შეხვედრა ჩაიშალა. ამასთან, უკვე გადაწყვეტილია, რომ ღარიბაშვილი არ დაესწრება ვილნიუსის ნატო–ს სამიტს…
–აღარ მიკვირს აღარაფერი, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ ექაჩება ქვეყანას და ცივილიზებულ სამყაროსთან ყველა ხიდის გადაწვას ცდილობს. რუსეთმა სავიზო რეჟიმი გააუქმა საქართველოსთან და ფრენები აღადგინა. ხომ გვეგონა, რომ ეს დიდწილად რუსეთში მცხოვრები ქართველების ხათრით გაკეთდა. ტყუილი გამოდგა, ქართული ავიაკომპანია რუსებს ტრანზიტით ევროპის ქვეყნებში გადაიყვანს, რადგან რუსულ ავიაკომპანიებს აკრძალული აქვთ იქ ფრენა. გამოდის, რუსეთი გვიყენებს სანქციების გვერდის ავლაში, მაგრამ თავს რატომ ვაყენებინებთ? ამას მოჰყვება სანქციები ევროკავშირისგან, ამერიკისგან და მერე, რუსეთის გარდა, ქართული ავიაკომპანიები რუსეთის გარდა ვერსად იფრენენ. რატომ ვეჯაჭვებით რუსეთს, როდესაც მთელი მსოფლიო ემიჯნება? რუსეთის გამო, რატომ ვრისკავთ ამდენს და რატომ ვაყენებთ ქვეყანას სანქციების საფრთხის წინშე? განა ისეთი რა ვალდებულებები აქვს ჩვენს ხელისუფლებას რუსეთისა, რომ მის ყველა მოთხოვნას ასრულებს? მთელი ცივილიზებული სამყარო ებრძვის რუსეთს და ჩვენ რუსეთის არაპირდაპირი მოკავშირე ვხდებით. სანაცვლოდ ვერაფერს მივიღებთ რუსეთისგან, არც ტერიტორიებს დაგვიბრუნებს და არც სხვა სარგებელი გვექნება. თუ სარგებელი ის არის, რომ რუსულ ნავთობს და ზოგიერთ პროდუქციას ვყიდულობთ იაფად, ეგ დროებითი სარგებელია. დროებითი იქნება რუსეთში ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანა. ამ ყველაფერს ვანაცვალებთ ნორმალური, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას, ეკონომიკის აღორძინებას, ნატო–ს ქოლგის ქვეშ უსაფრთხოებას... რას მოგვცემს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, არაფერსო, იძახიან. იცი, რომ ევროკავშირის კანდიდატი ყველა ქვეყანა წელიწადში 2 მილიარდ ევროს იღებს საერთო ფონდიდან? ეს საჩუქრია. ამ დროს საქართველოს ბიუჯეტი, დღეს ევროსთან ლარის კურსით, 5.6 მილიადრი ევროა, 3.6 მილირდით მეტია, სულ ეს რის. ეს 2 მილიარდი ყოველწლიური საჩური გვაწყენს, თუ მერე რუსეთი მოგვცემს? მერე, ევროკავშირი მოგვცემდა გრანტებს სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად, მართლმსაჯულების რეფორების გასატარებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების ფეხზე დასაყენებლად. ნატო–ს წვრთნები, ნატო–ს შეიარაღება… ყველაფერზე უარს ვამბობთ. სად ვდგებით, სადაც რუსეთია? მისი მოკავშირე ვხვდებით და თავისთავად ვუპირისპირდებით ცივილიზებულ მსოფლიოს. რა ვიცი, ამ ხელისუფლებისთვის გეკითხა, ნეიტრალურები ვართო და ბოლოს რუსეთი აირჩიეს. ცოტა წინ ხომ უნდა გაიხედონ? გამორიცხული არაფერია და დიდი ომი რომ გაჩაღდეს, ვისი სამიზნე ვხდებით?–ნატოსი. და ვინ დაგვიცავს? რუსეთი? ეს ხომ აბსურდია, საკუთარი თავი ვერ დაუცვია რუსეთს. ომი არ გვინდაო, ამათ რომ ჰკითხო და პერპექტივაში ნატო–ს სამიზნედ ხდიან ქვეყანას.
კომენტარები