შევარდნაძის მთავრობის მინისტრებს შესაძლოა, ,,ქართული ოცნების” ამნისტია შეეხოთ. პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა კანონი – თუ დანაშაული ჩადენილია 2004 წლის პირველ იანვარამდე, მაშინ მსჯავრდებული სასჯელისგან თავისუფლდება.
არსებობს ეჭვი, რომ ჩანაწერი ,,ქართულმა ოცნებამ” შევარდანაძის მთავრობის ქვეყნიდან გაქცეული მაღალჩინოსნების გამო შეიტანა. მასშტაბური ამნისტიის ახალი კანონპროექტი ,,ოცნებას” უკვე მაგიდაზე უდევს, საბოლოო გადაწყვეტილებამდე კი 2 კენჭისყრაა დარჩენლი.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, მის მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონზე საუბარს თავს არიდებს. კანონპროექტის ავტორისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ სხვა წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ ამნისტირებულთა სიაში შესაძლოა, ლევან მამალაძე და ასლან აბაშიძე ნამდვილად მოხვდეს.
ამნისტია შეეხება ყველას, ვინც კანონში ჩაწერილი მუხლებით არის ნასამართლევი – ასეთია მმართველი პარტიის განმარტება.
ამნისტიის კანონის ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი ფრიდონ ინჯიაა. შევარდნაძის მთავრობის მინისტრი ფიქრობს, რომ ლევან მამალაძეს, ან იგორ გიორგაძეს ქვეყნიდან გასაქცევი არაფერი გაუკეთებიათ. ამიტომ, ამნისტირებულთა სიაში მათი გვარები მხოლოდ გაუხარდება.
ერთადერთი, ვისაც გაქცეულებიდან ამნისტია არ შეეხება, იგორ გიორგაძეა- მუხლები, რომელითაც ის ბრალდებულია, ჩამონათვალში არ არის. გიორგაძის ადვოკატი ამბობს, რომ უშიშროების ყოფილ მინისტრს უკან დაბრუნება უნდა და ახლა სასამართლოს გზით ცდილობს, მიზანს მიაღწიოს.
კომენტარები