„რიონის ხეობის მცველები“ 23 მაისის მასშტაბურ აქციას გეგმავენ.
ბოლო პერიოდში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მათ ლევან ვასაძე აფინანსებდეს, ან აპირებს, რომ დააფინანსოს.
რიოის ხეობის ერთ-ერთი მცველი, მარიტა მუსელიანი PIA.GE-თან, ამბობს:
„6 თვის მანძილზე, ჯერ ერთი, მე არ მიგრძნია, რომ რაიმე განსაკუთრებული დაფინანსება გვჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა და კარვებში ვცხოვრობთ, რაიმე განსაკუთრებული ფინანსებისთვის ჩვენ არ მიგვიმართავს. არ გაგვიკეთებია რაიმე განსაკუთრებული რეკლამა და არ მიგვიმართავს პიარ-ტექნოლოგიებისთვის. ის ადამიანები, რომლებიც აქ დგანან, თავისით მოდიან. ბევრ ჩვენს თანამემამულეს გული შესტკივა ამ საკითხზე და ფინანსური ამბავი რაღაცნაირად თავისთავად, ადამიანების ძალისხმევით გვარდება. რომ გითხრათ, რომ ამაში გვჭირდება რამე, ასეთი საჭიროება ერთხელ იყო, როცა ბენზინის ფული გამოგველია ერთ-ერთი აქციის წინ, ვითხოვეთ და მოგვარდა თავისთავად. საერთოდ არ გვიფიქრია ამაზე, ისე გადაწყდა თუნდაც ჭამა-სმის ამბავიც, მით უმეტეს დიდი მოთხოვნილების ხალხი ჩვენც არ ვართ.
რაც შეეხება ვასაძეს, არავითარ შემთხვევაში, ჩვენ პოლიტიკური ძალებისგან და საზოგადოებაში ცნობილი ადამიანებისგან ფულს არ ავიღებთ. ფულს სწირავენ აქ ჩვეულებრივი ადამიანები, შეგნებულად. არავისგან ვიღებთ ფულს. ფული რომ გამოვართვა ადამიანს, მერე მასთან ანგარიშვალდებული ხომ ხარ, როგორ გეკადრებათ?! ირიბი შემოთავაზებები საიდანღაც იყო, მაგრამ ეს ყოვლად გამორიცხულია ჩვენი მხრიდან. მე ვფიქრობ, ვასაძეს ახლა თავისი თავი აქვს დასაფინანსებელი უპირველეს ყოვლისა და არ მგონია, კიდევ ვინმეს დაფინანსება უნდოდეს, ვერ გეტყვით, ეს ჩემი აზრია“
კომენტარები