ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“მსოფლიოში ორი პანდემია მძვინვარებს, ერთი COVID-19-ს, მეორე შეთქმულების თეორიების.
საკითხები:1. კონსპიროლოგია
2. COVID-19-ს ეპიდემიის უარყოფა;
3. ე.წ. ჩიპიზაცია/ვაქცინაცია და გლობალური კონტროლი
4. 5G ტექნოლოგიები.
5. რჩევები 5.1. როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან?
5.2. როგორ დავიცვათ თავო მობილური ტელეფონის მავნე ზემოქმედებისგან.
1. კონსპიროლოგია
მსოფლიოს ისტორიაში ვერ იპოვით ეპიდემიას ან სხვა კრიზისს, ომებს, მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებსაც თან არ ახლდა ჭორები, შიშები, დეზინფორმაციები, შეთქმულების თეორიები, კონსპიროლოგია.1816 წლიდან 1975 წლამდე მსოფლიომ ქოლერის 7 ეპიდემია გადაიტანა.მეორე ეპიდემია რუსეთ-სპარსეთის 1828-29 წლების შემდეგ დაიწყო და მთელ რუსეთს მოედო.ქოლერის პირველი შემთხვევბი 1930 წელს თბილისსა და ასტრახანში აღმოაჩინეს. ეპიდემიამ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს 1931 წელს მიაღწია.როგორც რუსეთის მთელ იმპერიაში, ისე მის დედაქალაქში ბუნტები დაიწყო (გენიშნათ?).მოქალაქეებს, რომლებმაც იცოდნენ, რომ ინფექცია ორგანიზმში ცუდი საკვების და წყლის მეშვეობით ხვდებოდა, ეგონათ რომ მათ სპეციალურად ხოცავდნენ. დაიწყეს საავადმყოფოების დაზიანება, კლავდნენ ექიმებსა და პოლიციელებს.მთელ ეპიდემიას არ აღვწერ. მოსახლეობაში ხელისუფლებისადმი ნდობის ამაღლება დაიწყო, როცა მოქალაქეები ხედავდნენ საავადმყოფოებიდან მასობრივად ცხედრების გამოსვენებას.მაშინაც კარანტინი და თვითიზოლაცია მთავარი მეთოდი იყო. ადამიანები, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, საცხოვრებელ ადგილებს არ ტოვებდნენ.მოკლედ, მე-19 საუკუნეშიც იგივე ჭორები იყო. ახლაც ხომ იგევე ეჭვებს აღვივებდნენ, რომ მსოფლიო მთავრობა სპეციალურად ხოცავს მოხუცებს… თუმცა, ბევრ ქვეყანაში, დაავადებულთა ნახევარი 40 წლამდე ასაკისაა. ე.ი. მოხუცებს არ ხოცავენ, ხომ ასეა? დღეს ხელისუფლება დიდძალ რესურსებს ხარჯავს ადამიანების სიცოცხლის გასაფრთხილებლად. არადა, ჭორები, ხმები ვრცელდება…ჩვენს სივრცეში გავრცელებული ჭორების, ინფორმაციების ლომის წილი რუსულენოვანია. თუმცა, შეთქმულების თეორიები სხვა ქვეყნბშიც ფართოდ ვრცელდება.მაგალითად, ამერიკის მოსახლეობის 29%-ს სჯერა კოვიდ-19-ს ხელოვნური წარმომავლობა. ლევადა-ცენტრის მიერ მარტში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსეთში მოსახლეობის მხოლოდ 24%-ს არ სჯერა კორონავირუსის შესახებ მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის. აპრილში ამ განწყობებმა იმატა და 59% შეადგინა. თებერვალში დაინფიცირების შიში მხოლოდ 30%-ს ჰქონდა. მარტის ბოლოს კი მათი რიცხვივ44%-მდე გაიზარდა.თებერვალში “ფრანს პრესმა” გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ სოციალურ ქსელში, რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში აქვეყნებდა ინფორმაციებს კოვიდ-19-ის გავრცელებაში აშშ-ს სპეცსამსახურების ბრალეულობის შესახებ. რუსეთმა ეს ბრალდება, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყო.ეპიდემიებს ახასიათებთ მოსახლეობის აქტივობები სხვადასხვა ხასიათის მოძიებული ინფორმაციების გავრცელების, ერთმანეთში გაცვლის კუთხით. ზოგი აზიარებს სხვისი აზრის გაგების მიზნით, ზოგი განზრახ ავრცელეს სიცრუეს, ზოგი კეთილი ზრახვებით, რათა სხვებსაც გააგებინოს “სასარგებლო” ინფორმაცია. მთლიანობაში, ამ ყველაფრის გამო, დიდი აჟიოტაჟი იქმნება.რა ხასიათის ინფორმაციებს ავრცელებენ ყველაზე მეტად:- ოფიციალური ვერსიების, განცხადებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ან გაყალბება;- სახალხო რეცეპტები, ლიცვები;- ფსევდოექიმების რჩევები;- ისტორიები პირველწყაროს მითითებით. მაგალუთად, “ჩემი ახლობელი მუშაობდა უხანში და ყვება, რომ…” “ან ჩემმა ნათესავმა იტალიიდან მომიყვა, რომ იქ არაფერი ხდება”;- ისტორიები ვირუსის წარმომავლობის შესახებ;- პანიკური, შეუმოწმებელი ინფორმაციები. მაგალითად, “დღეს ღამით თვითმფრინავებით მოხდება ქალაქის დეზინფექცია. შეხვდით ღია ფანჯრებით” და ა.შ.
რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების, განსაკუთრებით ეპიდემიების და სხვა განსაცდელის დროს?
ამ თემაზე ნაშრომების დაწერა შეიძლება და წერენ კიდეც. ამ მცირე ფორმატში მთელი ანატომიის აღწერა რთულია.ადამიანს, როგორც გონივრულ არსებას, ყოველთვის აქვს მიდრეკილება გაარკვიოს პრობლემების, საფრთხეების მიზეზები, თავად ჩასწვდეს საკითხების არსს. ვის რამდენად გამოსდის, სხვა საკითხია. ფიქრების, ტვინის ჭყლეტის შედეგად, თუ მიაკვლევს მისთვის სასურველ ვერსიას, მისი გადარწმუნება შეუძლებელი ხდება. ვეღარ ჭრის ვერც მეცნიერება, ბერც ლოგიკა, ვერც საღი აზრი…განსაცდელის დროს ადამიანს ყველაზე მეტად აწუხებს გაურკვევლობა. შესაბამისად, ის ცდილობს მონახოს პასუხები ყველაფერზე, რაც მას აფიქრებს, განსაკუთრებით პრობლემის წარმომავლობაზე, მისი გაჩენის მიზეზებზე და მომავლის პროგნოზირებაზე.სხვათაშორის, მკითხაობაც (მარჩიელობაც) ადამიანის ამ განცდებს უფუძნება. მკითხავი უშუალო კონტაქტშია პირთან, აქვს შესაძლებლობა დააკვირდეს რეაქციებს, მისგანაც მოიპოვოს დამატებითი ინფორმაციები, შეთქმულების თეორიების ავტორებს ამის ფუფუნება არ აქვს.მკითხავისთვის მნიშვნელოვანია კლიენტმა დაიჯეროს, რადგან ეს პირდაპირ აისახება ანაზღაურებაზე. კონსპიროლოგს ეს არ ადარდებს. ის მასებზე, კონკრეტულ ტიპაჟებზე და სამიზნე ჯგუფებზე მუშაობს. არ დაიჯერებს ერთი, დაიჯერებს სხვა. ვინც არ დაიჯერებს, თუ დაეჭვდა მაინც, ისიც შედეგია.იმისათვის, რომ ინფორმაციები, ვერსიები, თეორიები, დამაჯერებელი იყოს, ის დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და გაანალიზებული, “გამყარებული” სხვადასხვა ფაქტებით.კოვიდ-19-ს შესახებ გავრცელებულ რამდენიმე აფსურდულ ვერსიას გავიხსენებ:”ვირუსი მოიგონეს, რათა შეეწყვიტათ საჰაერო მოძრაობა და კოსმოსური აპარატები განეთავსებინათ”. ამ ტექსტის დამწერს, ან მის გამავრცელებელს ვინმე დააჯერებს რა სიმაღლეზე დაფრინავენ თვითმფრინავები და რა სიმაღლეზეა ორბიტალური სადგურები? ან სკოლაში თუ არა, ინტერნეტში წაუკითხავთ რა არის ტროპოსფერო, სტრატოსფერო, მეზასფერა და ა.შ.? ან გააგებინებთ, რომ თანამგზავრების გაყვანა კოსმოსური რაკეტებით ხდება და საჰაერო მოძრაობას ხელი არასდროს შეუშლია მათ გასაშვებად? ალბათ არ დაიჯერებენ.კიდევ ასეთი პოსტი გამოქვეყნდა. ერთმა გადაიღო fligtjradar24-ის საიტზე დროის რეალურ მომენტში ევროპის საჰაერო სივრცეში არსებული საჰაერო ვითარების ფოტოასლი და გამოაქვეყნა ტექსტით: “ნახეთ რამდენი თვითმფრინავი დაფრინავს. არანაირი შეზღუდვები არ არსებობს”. რეალურად, ფოტოზე ბევრი თვითმფრინავია, რამდენიმე ასეული. მაგრამ რამდენი დაფიქრდება იმაზე, რომ 1-2 თვის წინ, შეზღუდვებამდე, იყო 2-3-ჯერ მეტი? ადამიანები დაფიქრდებიან, რომ ყველა ქვეყანას არ დაუწესებია შეზღუდვები, ან ის, რომ არსებობს ჩარტერული რეისები, ან ის რომ საჰაერო ტვირთების გადაზიდვა გრძელდება და, შესაბამისად, გარკვეული რეისები სრულდება?დაფიქრდება ვინმე, რომ ჩვენი ცა გადასერილი იყო ტრანზიტული ფრენებით და დღეს სიცარიელეა? ან ვინმე დაფიქრდება შეამოწმოს რამდენჯერ იკლო ფრენების რიცხვმა რომელიმე ქალაქის აეროპორტში, თუნდაც თბილისში? რა თქმა უნდა არა.ასეა, სანდო საიტიდან აღებულ ფოტო ასლს, ინფორმაციას, მიაბამენ მთელ კონსპიროლოგიურ ბოდვას, რაც ამ ბოლოს ვრცელდება, და არკვიე სადაა სიცრუე და სად სიმართლე.ასეთი “ფაქტის” ნახვის შემდეგ, 100-დან რამდენი ადამიანი დაინტერესდება ავიაკომპანიების გადაზიდვების სტატისტიკით?აეროფლოტის მაგალითს მოგიყვანთ. დღე-ღამეში ასრულებდა 800 რეისს და გადაჰყავდა 110-120 ათასი მგზავრი. ამჟამად, ასრულებს 50-80 რეისს და გადაჰყავს 3-5 ათასი მგზავრი, მეტწილად შიდა რეისებზე.კონსპიროლოგიურ ინფორმაციებს აქვს გარკვეული მახასიათებლები, სიტყვათა წყობა, ლოგიკა. მის გამავრცელებლებს კი ახასიათებთ შემდეგი ტიპის ფრაზები: “რაღაც არ მჯერა”, “კი მჯერა, მაგრამ”, “ნახე რა ვიპოვე დღეს ქსელში” და ა.შ.მთავარი ისაა, რომ კონსპიროლოგიურ თეორიებს ისეთი ლოგიკა აქვთ, რომ მათი გაბათილება რთულია, პირდაპირი მტკიცებულებებითაც კი.რა უნდა დაუპირისპირო ასეთ მტკიცებას: “5G-ს მილიმეტრული მაღალი სიხშირის გამოსხივება აღწევს ორგანიზმში, ზემოქმედებს ატომებზე, რის გამოც ისინი ვეღარ უკავშირდებიან ჰემოგლობინს და სისხლში ჟანგბადს ვეღარ აწვდიან”.ასეთი “თეორიებით” არის “გამყარებული” 5G ტექნოლოგიების ირგვლივ ატეხილი ისტერია, რომ “სახლში გამოგვკეტეს, რათა ანტენების დამონტაჟებას ხელი არ შევუშალოთ.” ამას ემატება ჯანმო-ს ირგვლივ ატეხილი ფსიქოზი, მისი კავშირები ბილ გეიტსთან და ა.შ.ასეთ “თეორიას” როცა წაიკითხავს ადამიანი, განსაკუთრებით ვისთვისაც სკოლის ფიზიკა უღრანი ტყეა, მას როგორ უნდა აუხსნა, რომ მთავარი სიხშირე კი არა, სიმძლავრეა. ან აუხსნი რა არის იონიზირებადი და არაიონიზირებადი გამისხივება?ისეთი აქტიური კონსპოროლოგ-პროპაგანდისტიც ვნახე, რომელსაც სიხშირე და სიმძლავრე ერთმანეთში ერევა. შეხვდებოდით ალბათ, სინქროფაზატრონით დარეტიანებული ნიუტონის შთამომავლის ამაღელვებელ “მიმართვას”, “მე ვარ ყოფილი სამხედრო მეკავშირე და ვიცი რა ზიანს აყენებს ადამიანს 5G 60 გგჰ სიმძლავრის გამოსხივება. თქვენი შვილები მაინც შეიცოდეთ (აქ საქსრთველოს დროშა აქვს ჩაწებებული, მეტი დამაჯერებლობისთვის).როცა კითხულობთ “სამხედრო მეკავშირე”-ს, ინფორმაციის სანდოობა მატულობს. თქვენ ხომ არ აქცევთ ყურადღებას, რომ გიგაჰერცებში (გგჰ) სიმძლავრეს არ ზომავენ? ასეთ “მეკავშირეს” დიპლომი უნდა გაუუქმო, დიპლომის გამცემს კი ლიჩენზია.შემდეგ წერს, რომ 5G წინამორბედებთან შედარებით 20-ჯერ მძლავრია, “რაც ადამიანების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად”-ო.ჯერ ერთი, 20-ჯერ მეტი სიხშირეა და არა სიმძლავრე, სიმძლავრე კი პირიქით, 4G-ს გაცილებით მეტი აქვს. რაც შეეხება “ხალხის შეცდომაში შეყვანას”, ამის დამწერს უბრალოდ ლოგიკასთან და ელემენტარულ უნარებთან აქვს პრობლემა. “მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა”, ამ კონტექსტში, არაკორექტულადაა გამოყენებული. ის უფრო მიკვირს, ასეთ აბრაკადაბრას უამრავი ადამიანი რომ იჯერებს და აზიარებს, და ბოლოს, ვრცელდება ასეთი თეორიებიც, რომ თითქოს პანდემია სპეციალურად მოაწყვეს და მიზნად ისახავს როგორც გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევას, ასევე მსხვილი კორპორაციების გამდიდრებას. არგუმენტებად მოჰყავთ ვარაუდები, რომ ბევრი კომპანია გაკოტრდება და მათ იაფად შეისყიდიან.მსგავსი პროცესები, ვიღაცის გაკოტრება, სხვისი გამდიდრება, ყოველთვის ახლავს კრიზისებს. რატომ არ ვუშვებთ ვერსიას, რომ როგორც სახელმწიფოები, ასევე კომპანიები, ვითარების შესაბამისად მოქმედებენ და ცდილობენ ნაკლები დანაკარგებით გამოვიდნენ სიტუაციიდან და, შეძლებისდაგვარად, მეტი სარგებელი ნახონ?!ქვეყნის მთავარი ასტროლოგი, იზიარებს საერთაშორისო ფსიქოზს და ტელეეთერით ქადაგებს, რომ მსოფლიოს მმართველები (მასონები და ა.შ. მასონების ხსენება ყველაზე დამაჯერებელია) გეგმავენ 7,5 მილიარდი ადამიანიდან 6,5 მილიარდის დახოცვას და მილიარდის დატოვებას.ჯერ ერთი, თუ ამდენი ადამიანის დახოცვას აპირებენ, ასეთი ნელი ტემპებით რატომ “მუშაობენ”? 4 თვეში 250 ადამიანი დაიღუპა. მეორე, დანარჩენებს რატომ მკურნალობენ ასეთი თავგამოდებით? 1 მილიონზე მეტია გამოჯანმრთელებული?! მესამე, წელიწადში მილიონიც რომ დაიღუპოს კოვიდ-19-თ, 6,5 მილიარდის კი არა, მილიარდის დახოცვას, ამ ტემპებით, 1000 წელი მოუნდებიან.სანამ ასეთ “ვერსიებს” გაიმეორებთ, იქნებ ლოგიკა ჩართოთ?!ამ დღეებში კიდევ ერთი მავნე ვიდეო ვრცელდება, გერმანიიდან. პირი მანქანაში ზის, “ლაივში” გვიყვება, აი ახლა, ამ წამს გადმოსცა რადიომ, რომ უნობელესლაურეატეს მეცნიერებმა დაადგინეს COVID-19 კლავს მხოლოდ 0,37% (ორჯერ გაიმეორა 0,37%) შემთხვევაშიო. სხვა არანაირი ინფორმაცია. კითხვა, ეს 0,37% გერმანული მიდგომების შემთხვევაშია, როცა დროულად გამოავლენ, სწორად უმკურნალებ და გადაარჩენ, თუ შვედურ ვარიანტში, როცა სიცოცხლეზე წინ ეკონომიკას აყენებ და მიუშვებ თვითდინებით?ამ ვიდეოს შემდეგ ქართული გარდიანი ავრცელებს ჰამბურგელი მეცნიერების კვლევის მონაცემებს და სათაურში გამოაქვთ, რომ მათი კვლევების თანახმად გარდაცვლილებში კოვიდ-19-ს კვალი არის 0%, ხოლო სტატიის გერმანულ წყაროში 0% ვერ ვიპოვე.მსგავსი ინფორმაციების გავრცელება, რომლებიც უპირისპირდებიან მსოფლიოს ქვეყნების, მათ შორის ჩვენი მთავრობის ოფიციალურ ვერსიებს, რაც დაბალი პროფილაქტიკური საქმიანობის და ინფორმირების ფონზე, იწვევს მოსახლეობაში წინააღმდეგობის გაღვივებას.პირველი საკითხის დასასრულს, ეპიდემიის საწყისი ეტაპის ერთ-ერთ შიშს გაგახსენებთ, შიშს სურსათის შესაძლო დეფიციტთან დაკავშირებით. გაიხსენეთ რა დღეში იყო მოსახლეობა, როგორ იმარაგებდა სურსათს და როგორი პანიკური ინფორმაციები, გაფრთხილებები ახლდა თან ამ პროცესს. “ახლობელმა მითხრა, სურსათი გაგქრება”, “ერთმა სანდო ადამიანმა გამაფრთხილა სურსათის პრობლემები შეიქმნება” და ა.შ. ვის ახსოვს ახლა ეს აუდიო თუ ტექსტური შეტყობინებები?!შიში დეზინფორმაციის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
2. COVID-19-ს ეპიდემიის უარყოფა
ამჟამინდელ ეპიდემიას სხვადასხვა კონსპიროლოგიური თეორიები ახლავს. ჩიპიზაციის და 5G ტექნოლოგიების გარდა, ბევრი ვერსიებია ვირუსის წარმომავლობის და მისი არსებობის შესახებ.ზოგი ვარაუდით ვირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან “გაექცათ”, ზოგიერთით კი ნოვოსიბირსკიდან. ზოგი ამერიკელებს აბრალებს, თითქოს სპორტული ფორუმის დროს გაავრცელეს.ბევრი ავრცელებდა ძველ სტატიებს, გაოცებული კომენტარებით, ნახეთ, რომ ამბობენ ახალი კორონავირუსიაო, არაა ახალი, ადრეც იყოო და აფრიალებენ გაყვითლებული საბჭოთა გაზეთებიდან “აღმოჩენების” ფოტო ასლებს.ამ ვერსიებზე მსჯელობას არ შევუდგები. მერწმუნეთ, ზემოთ ჩამოთვლილ, ასევე სხვა სახელმწიფოებს, უზარმაზარი პოტენციალი აქვთ სიმართლის დასადგენად. თუმცა, ამ სიახლის დადგენაში, ურთიერთბრალდებების, ხანგრძლივი საინფორმაციო ომის მომსწრენი ვიქნებით.ჩინეთთან და ნოვოსიბირკთან მიმართებაში ბევრი ბუნდოვანია, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.მხოლოდ აღვნიშნავ, რომ მეცნიერებამ ჯერ ვერ ისწავლა ვირუსის ნულიდან შექმნა. ვერც ისეთი ჩარევა ხერხდება ვირუსში, რომ ხელოვნურობის კვალი არ დარჩეს.შესაბამისად, თუ ამ ვირუსს აქვს ჩარევის კვალი, აქამდე ვინმეს უნდა ეთქვა. ყოველ შემთხვევაში, მამტკიცებელი კვლევები არ გამოქვეყნებულა. აშშ-ს პრეზიდენტმა, ახლახანს, ისევ მოსთხოვა ჩინეთს უხანის ლაბორატორიის გახსნა.ასევე, ადრეც დავწერე და ინტერნეტშიც იპოვით, კორონავირუსების ჯგუფში 40-მდე ვირუსია. კოვიდ-19 ამჟამინდელ დაავადებას უწოდეს. წლების შემდეგ, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი ეპიდემია მოხდეს. მას სხვა სახელს მოუძებნიან. იგივე ჭორები და თეორიები დაიწყება, ჩიპიზაცია, 6G, 7G და ა.შ. ბოლო 15-20 წელში ხომ კორონავირუსის მესამე ეპიდემიაა. ამავე პერიოდში სხვა ტიპის ვირუსების ეპიდემიებიც გადავიტანეთ. ზოგიერთ მათგანს მანამდე 3 და 4G ტექნოლოგიებს უკავშირებდნენ. ასე რომ, “აღმოჩენა”, თითქოს ახალი კორონავირუსი არაა, ძველიაო, უბრალოდ უვიცობაა.ყველაზე მავნე, რაც ამ თვეების მანძილზე ხდება, ესაა თავად ეპიდემიის არსებობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.მსგავსი სიცრუეების გავრცელბა ყველა დროის ეპიდემიას ახლდა და გასაკვირი არაფერია.მაგრამ ვირუსის არსებობის ეჭვის ქვეშ დაყენება, იწვევს მოსახლეობის მხრიდან უსაფრთხოების ნორმების დაცვის უგულებელყოფას.ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას და საფრთხეს უქმნის მოსახლეობის დიდ ნაწილს.ბოლნისის შემთხვევა, სხვა ინციდენტები, ამის ნათელი მაგალითია.შესაბამისად, მსგავსი ვერსიების ტირაჟირება, ოფიციალური ვერსიებისადმი უნდობლობის გაღვივება, უკვე აღარაა ცალკეული პირების პირადი საქმე.აქსიომაა: პირადი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უსაფრთხოება.რას ეყრდნობა იმ ადამიანთა ლოგიკა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კოვიდ-19 არ არსებობს?ვერსიები უამრავია, დაწყებული გეოპოლიტიკური მიზნებით, დამთავრებული მსოფლიო მთავრობის შექმნის მცდელობით და ფარმაცევტული კორპორაციების შეთქმულებით. მოსახლეობის 1 მილიარდამდე დახოცვაზე ზემოთ დავწერე.მსოფლიო მთავრობის შექმნის ვერსია რას ეფუძნება? მესმის, რომ გსმენიათ ბილდერბერგის კლუბის, მასონთა ლოჟის და სხვა მოვლენების შესახებ, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, დღეს მსოფლიოს მეგა სახელმწიფოები, თავზე დაისვამენ მსოფლიო მთავრობას? ამ თემაზე მსჯელობა უბრალოდ არასერიოზულია.ერთია გავლენების ქონა, მეორეა ერთიანი მთავრობა და მთელი მსოფლიოს მართვა.როგორ ფიქრობთ, მსოფლიოს 200-მეტი სახელმწიფო ერთმანეთში შეიკრა და ატყუებენ მსოფლიოს მოსახლეობას, ათამაშებენ ეპიდემიის არსებობას, კარანტინებს, სხვა ღონისძიებებს? რა ინტერესია?ახლა ვრცელდება ერთ-ერთი ვიდეო, გერმანიიდან. საუბრობენ, რომ ავტორიტეტიანმა ვირუსოლოგებმა დადეს კვლევა, კოვიდ-19-თ სულ რაღაც 0,37% კვდებაო.ჯერ ერთი, 0,37% ნიშნავს, რომ დღეს დაინფიცირებულთა 3,5 მილიონიდან უნდა მომკვდარიყო 13 ათასი. რეალურად გარდაიცვალა 250 ათასი. მერა რისი თქმა უნდათ ამით? არ უნდა გვემკურნალა და მიგვეშვა? ან როგორ გამოვიყვანოთ საშუალო ტემპერატურა ჰოსპიტალში? შვედეთმა, მერიკამ, ესპანეთმა, იტალიამ და სხვებმა, მიუშვეს, გერმანიამ, კორეამ, ჩვენ, სხვებმა მაქსიმუმი გავაკეთეთ.ვინაა პასუხისმგებელი, რომ არა გატარებული ზომები, რამდენი დაინფიცირებული და გარდაცვლილი გვეყოლებოდა?კიდევ ერთი. მიუღებელია, როცა კოვიდ-19-თ დაავადებულის გარდაცვალებას თანმდევი ავადმყოფობებით ამართლებენ, დიაბეტი, გულის და სხვა ავამდყოფობები ჰქონდაო. კორონავირუსი რომ არ აეკიდებინა იცოცხლებდა თუ არა 1 დღით, 1 თვით, 1 წლით ან უფრო მეტს?თუ ვირუსმა დაუჩქარა სიკვდილი, ე.ი. ვირუსმა მოკლა. გულით ავადმყოფი მატარებელმა რომ გაიტანოს გულის ბრალია?ასეთ კვლევებზე დაყრდნობით ხალხი ფიქრობს, რომ მათ უმიზეზოდ ამყოფებენ იზოლაციაში. ადრე თუ გვიან, მოიხსნება შეზღუდვები და როცა დაითვლება ქვეყნების დანაკარგები, მარტივი გასაანალიზებელი იქნება, რომ მსგავსი სპექტაკლების დადგმის ფინანსური და ეკონომიკური ინტერესი არ არსებობდა.სხვადასხვა ქვეყნები უკვე უბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმს, ხსნიან შეზღუდვებს. ზოგს არც დაუწესებია.დონალდ ტრამპმაც მოითხოვა ეკონომიკის გარკვეული დარგები დაბრუნებოდნენ წარმოებებს, რათა სურსათის და სხვა ნაწარმის დეფიციტი არ შექმნილიყო. შედეგად მიიღეს ის, რომ დაინფიცირებული თანამშრომლები დაუბრუნდნენ წარმოებას და მასობრივად დაავირუსეს კოლეგები. ახლა ტრამპს ოპონენტები აკრიტიკებენ.ასე რომ, შეზღუდვების მოხსნა გააზრებულად უნდა მოხდეს.რაც შეეხება ვაქცინებით გამდიდრებას და ფარმაცევტული კორპორაციების ინტერესებს.ის რომ ეფექტიანი ვაქცინის შექმნას დასჭირდება ხანგრძლივი პერიოდი, ზაფხულიდან წლის ბოლომდე, ყველასათვის ცნობილია. ამ პერიოდის განმავლობაში არავინ იცის ვირუსი რას იზამს, იქცევა სეზონურ ვირუსად, თუ სხვა გაგრძელებას ვიხილავთ.დიდია ალბათობა, რომ ამ პერიოდში მოსახლეობის დიდი ნაწილი უსიმპტომოდ “მოიხდის” ვირუსს. ეს ვერსია არაფრითაა გამყარებული, მაგრამ თუ ასე მოხდა, ვისღა დასჭირდება ვაქცინა?! წინა ვირუსებისგან საქართველოში მოსახლეობის რა ნაწილია აცრილი? H1N1-სგან ბევრმა ჩავიტარეთ აცრა?მიმდინარეობს მუშაობა წამლის შექმნასთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც დიდძალი თანხები გამოიყოფა.მაგრამ, მოდით დავფიქრდეთ, შევაფასოთ რა დანაკარგებს იღებს მსოფლიო.ვინმემ დათვალა ენერგო სფეროს დანაკარგები, თუნდაც მხოლოდ ნავთობის სფეროში მომპოვებლებიდან დაწყებული, გადამზიდავ, გადამამუშავებლებით და რეალიზატორებით დამთავრებული?ვინმემ დათვალა საავიაციო, სახმელეთო, საზღვაო ტრანსპორტის, ტურისტული სფეროს, სასტუმროების, რესტორნების, მაღაზიათა ქსელების (სასურსათო ჰიპერმარკეტებს გარდა სხვა ქსელებიცაა), კინოთეატრები, თეატრები, სპორტული ფედერაციები და კლუბები, ზოოპარკები, მუზეუმები… ვრცელი სიაა.ვინმემ დათვალა ცალკეული ქვეყნების ეკონომიკების ან მსოფლიო ეკონომიკის დანაკლისი?ჰოდა, ფარმაცევტული სფეროს დივიდენდები მიზერია იმ დანაკარგებთან, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.როგორ ფიქრობთ, რაც ბოლო აბზაცებში დავწერე, ფარმაცევტული კორპორაციები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ატრიალებენ თავის ჭკუაზე ნავთობ კორპორაციებს და სხვა მაგნატებს?ან ვინმემ იცის რამდენად ღრმა ეკონიმიკური კრიზისი გველის?მსოფლიო ფარმაცევტული ბაზრის მოცულობა, დაახლოებით 1,3 ტრილიონი დოლარია, კრიზისის შედეგად კი, ბლუმბერგის მონაცემებით, მსოფლიო ეკონომიკა 2 წელიწადში დაკარგავს 5,5 ტრილიონ დოლარს.ამ 1,3 ტრილიონს რამდენი მილიარდი უნდა დაემატოს, 200, 300, მეტი, რომ უღირდეთ მთელი ეკონომიკის გაჩერება და, სულ მცირე, 5,5 ტრილიონის დაკარგვა?ფორბსის რეიტინგით მე-4 ადგილზე მყოფი მილიარდერის უორენ ბაფეტის კომპანიამ კვარტალურ ანგარიშში 50 მილიარდი დოლარის დანაკარგი წარმოადგინა. ბაფეტმა არ იცის ამ ხმების, თეორიების შესახებ, თუ ვინმეს რიდი აქვს?ბაფეტის განცხადებით ამერიკის ეკონომიკას, პანდემიის ფონზე, სერიოზული რყევები ელის. ის სკეპტიკურად უყურებს ეკონომიკის გაჩერებას. არც პროგნოზები აქვს. შედეგებს გავიგებთ, როცა ყველაფერი დამთავრდებაო.სხვადასხვა ჯგუფების პროტესტები თეთრ სახლთანაც მიმდინარეობს.ვერ გაუგებ ხალხს. არ დაუწესებ შეზღუდვებს, დავირუსდებიან სამუშაო ადგილებზე, იტყვიან მილიარდერები გვხოცავენ მოგების გამოო. შეზღუდვებს დაუწესებ, სახლში ჩაკეტავ, ჩვენი კონტროლი და დახოცვა უნდათო.მოკლედ, ეპიდემიის უარყოფა ისეთი აბსურდია, ამდენ დროს არ დავკარგავდი, მაგრამ როცა ასეთი აჟიოტაჟი და მავნე პროპაგანდაა, შევეცადე მოაზროვნე ადამიანებს მივაწოდო სწორად გაანალიზების, სწორი კითხვების დასმის მიმართულებები.
3. ე.წ. ჩიპიზაცია/ვაქცინაცია და გლობალური კონტროლი
ვაქცინაციის წინააღმდეგ პროტესტი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო, როცა ედვარდ ჯონერმა ჭუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობები ოფიციალურად ჯერ დიდ ბრიტანეთში (National Anti-Vaccination League), შემდეგ აშშ-ში (Anti-Vaccination Society of America) დაფუძნდა. ყველა იქედან მოყოლებული დღემდე, ვაქცინაციებს მუდამ ახლდა პროტესტი.ნანო არის მეცნიერების და ტექნოლოგიების ახალი მიმართულება. არ მოვყვები ამ ტერმინების განმარტებას, ინტერნეტშიც იხილავთ.თავსართით “ნანო” სხვა სიტყვებსაც შეხვდებით, – ნანოელექტრონიკა, ნანომასალები, ნანოპლაზმა, ნანოპლასტიკა და ა.შ.მეცნიერება, რა თქმა უნდა, წინ წავიდა. ნანოტექნელოგიების წყალობით დღეს მართლაც შესაძლებელია მინი ჩიპების დამზადება, მათი კანის ქვეშ ჩაყენება, მაგრამ ყველაფერი არაა ისე მარტივად, როგორც საუბრობენ, არც იმდენი შესაძლებლობა აქვს ამ ჩიპებს, როგორც საუბრობენ.დავიწყოთ ზომებით. არ ვიცნობ აცრის ისეთ აპარატს და არ გამიგია ისეთი ზომის ჩიპზე, რომელიც შეიძლება დღეს არსებული აცრის აპარატებით ორგანიზმში შეიყვანო.არსებობს მიკროჩიპის ორგანიზმში ნემსით შეყვანის გამოცდილება, მაგრამ ნახეთ ვიდეოები, უხვადაა ინტერნეტში, რა ზომის ჩიპზეა საუბარი და როგორი ნემსით, უფრო სწორად, შპრიცით ხდება.ამავე დროს, ყოველ ადამიანზე მისი ინდივიდუალური ჩიპი რომ შეიყვანო ორგანიზმში, ე.ი. ჯერ ამ ჩიპებზე ინფორმაცია უნდა დაიტანო. ვინც ჩიპი უნდა შეიყვანოს კანის ქვეშ, მან უნდა იცოდეს რომელი ჩიპი ვის ორგანიზმში მოახვედროს.ეს პროცესი ვერ მოხდება ფარულად. ტექნოლოგიურად რომც იყოს ასეთი “ჩიპიზაციის” შესაძლებლობა, მის ორგანიზებაში ჩართული იქნება უამრავი ადამიანი, რამდენიმე უწყებიდან.რადგანაც ფარულობა შეუძლებელია, მას დასჭირდება საკანონმდებლო რეგულირება.ანუ, არათუ ტექნიკურად, როცა მეცნიერება შესძლებს ასეთი ამოცანის გადაჭრას, უამრავ ქვეყანაში იდეის დონეზეც კი არ მიიღებენ.რაც შეეხება ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაწყებულ ჩიპიზაციას. ესაა დაახლოებით ისეთი ტიპის ჩიპები, როგორებიც ჩვენს ID ბარათებზეა, ოქროსფერი ფირფიტა, რომელზეც დატანილია პირადი მონაცემები. შესაძლოა დატანილი იქნას საბანკო რეკვიზიტები, სამგზავრო ტალონები, სადარბაზოს კიდები და სხვა.არსებობს სხვა ფორმის და ზომის მინი ჩიპები, რომელთა კანს ქვეშ შეყვანა ხდება საკმაოდ მსხვილი შპრიცებით. თავად კაფსულის ზომაა 2 მმx12 მმ-ზე.ასეთი ზომის ჩიპს, თქვენი კანის ქვეშ, თქვენი ნების გარეშე, ვერავინ შეიყვანს.ასევე ცნობილია ისიც, რომ ასეთი ჩიპების კიბერ დაცულობა საკმაოდ დაბალია და შესაძლებელია მათი გატეხვა.მსგავსი ჩიპების წაკითხვა, სპეციალური ხელსაწყოებით, შესაძლებელია მაქსიმუმ 15-20 სანტიმეტრზე.მოკლედ, ფარულად, ჩიპიზაციის საფარქვეშ, ვერავინ ვერავის “დაჩიპავს”. ვიმეორებ, ტექნიკური მზადყოფნაც რომ არსებობდეს, ორგანიზაციულად, ადამიანების ნების გარეშე ეს ვერ მოხდება.რაც შეეხება ვაქცინებს, ვაქცინაციას, ჯერ-ჯერობით არც ისეთი ვაქცინა არსებობს, რომელსაც შეუძლია გარკვეულ რასებზე, ან გარკვეული ასაკის ან სქესის ადამიანებზე გამორჩეულად ზემოქმედება. ოდესმე, შესაძლოა, მივიდნენ აქამდე, იღონდ დღეს საუბარი ნაადრევია.დავუშვათ და მივიდნენ აქამდე, მერე რა?როგორ შეიძლება ჩვენი “ასტროლოგის” და აქაური თუ უცხოელი მისნაირების ბოდვა ვინმემ დაიჯეროს, რომ 6,5 მილიარდი ადამიანის მასობრივი დახოცვა იგეგმება.ერთ მაგალითს მოვიყვან. მეორე მსოფლიო ომმა 70 მილიონი ადამიანი შეიწირა. წარმოიდგინეთ, 5 წლის მანძილზე, სისხლისმღვრელი ომი, კრემატორიუმები, დახვრეტები და 70 მილიონი…როგორც წარმოგიდგენიათ ვაქცინაციით 6,5 მილიარდი ადამიანის დახოცვა, რამდენ ხანში უნდა მოახდინონ? იცით, რომ წელიწადში. დაახლოებით, 20 ადამიანი კვდება, 45 მილიონი კვდება, ყოველწლიური მატება 25 მილიონზე მეტს შეადგენს. ვისაც გჯერათ, რომ 6,5 მილიარდი ადამიანის მოკვდინებას აპირებენ, გიფიქრიათ, რომ მთელი სამედიცინო მრეწველობა უნდა ჩაერთოს მომწამვლელი ვაქცინების დამზადებაში? თქვენი აზრით, რამდენი წელი უნდა გაგრძელდეს ეს ჯოჯოხეთური პროცესი?ასეთი აბსურდის დაჯერება, ყველა ადამიანის პირადი საქმეა, მაგრამ ტირაჟირება ძალიან დიდი მავნებლობაა.კიდევ ერთი, თუ ხალხის დახოცვა უნდათ, ვირუსებს, ვაქცინებს იგონებენ ხალხის დასახოცად, 3,5 მილიონი დაინფიცირებულიდან, რატომაა მხოლოდ 7% გარდაცვლილი? რატომ მკურნალობენ დანარჩენებს?ადამიანთა გლობალურ კონტროლს რაც შეეხება, უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიო სწრაფი ნაბიჯებით მიდის აქეთკენ და ამ პროცესს ვერ შევაჩერებთ. ვიმეორებ, ჩიპებს, თქვენი ნების გარეშე, ვერავინ ჩაგიყენებთ, მაგრამ ადამიანების ცხოვრება სულ უფრო და უფრო გამჭვირვალე ხდება.ამას წინათ, ბილაინზე დისკუსიისას, რომელმაც აღიარა, რომ მონაცემებს რუსეთს აწვდის (მაგ კომპანიის შემოყვანა, კონტროლის მექანიზმის გარეშე, ცალკე თემაა), ერთ-ერთმა მოქალაქემ დაწერა, “ბილაინი იაფია და ვსარგებლობ, დასამალი არაფერი მაქვს, ვსარგებლობ და ვისარგებლებო”.ეს კითხვაა მთავარი, რას ვმალავთ და ვისგან მობილური კავშირის ეპოქაში?დღეს გლობალურ კონტროლზე წერენ ადამიანები, რომლებიც მობილურ ტელეფონს ვანაშიც ვერ შორდებიან. ინტერნეტი თავისი wi-fi-თ ყოველ ბინაში, კომპიუტერებით, გუგლფოტოებით და ვირტუალური სერვერებით, ტელევიზორებით, ვიდეოკონტროლის სისტემებით სადარბაზოებიდან დაწყებული, ქუჩებით და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებით დამთავრებული, მობაილბანკინგებით და სხვადასხვა ვირტუალური მომსახურებებით, გააჩნია ვის და რას ვუმალავთ?ჩვენ მოგვწონს თუ არა, მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანები გააგრძელებენ ID და საბანკო ბარათების, საშვებისა თუ სხვა ელექტრონული მომსახურების ჩიპების ხელის კანის ქვეშ ჩაყენება და ამ პროცესს 21-ე საუკუნეში ვერაფერი შეაჩერებს.არსებობს მოსაზრებები სამაშველო ოპერაციებისას ადამიანების მოსაძებნად, კრიმინალის შესამცირებლად და სხვა კეთილშობილი მიზნებისთვის მსგავსი ტექნოლოგიების გამიყენება.თუმცა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, საქართველოში, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს.დღეს აცრები ისეთი აპარატებით აღარ ხდება, ჩემს ბავშვობაში რომ იყო. ახლა ვერც კი იგრძნობთ. ბუზი უფრო მწარედ იკბინება.შესაბამისად, რომ არსებობდეს ასეთი შესაძლებლობა და ვინმეს სურვილი, მაშინ ჩვენი ნებართვა არ დააჭირდებოდათ, ჩავივლით ქუჩაში და რამდენიმე მეტრის დისტანციიდან გვესვრიან ჩიპს. თუ ბუზის კბენას ვიგრძნობთ, რას გავიგებთ რა მოხდა?მოკლედ, ჩაივლის ეს კორონავირუსი. ვაქცინასაც გამოიგონებენ, მეტნაკლებად ეფექტიან წამალსაც და არავინ “დაგვჩიპავს”. ვაქცინებს კი, როგორც წინა ვირუსებზე არ გაგვიკეთებია, არც COVID-19-ზე გავიკეთებთ.ისე, ვისაც ამ თეორიების გჯერათ, ახლადშობილი ბავშვები დაგყავთ აცრებზე? იქნებ უკვე “ჩიპავენ” და არ იცით?! დააყენებთ საკუთარი ჩვილი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ და არ აცრით?ალბათ არა? არადა, თუ საყოველთაო “ჩიპიზაცია” სურთ, რა საჭურია ამხელა ალიაქოთის მიწყობა, მთელი მსოფლიოს “დაპაუზება” და ეკონომიკების ჩამოშლა? აგერ, ჩვენით მუვარბენინებ პატარებს.ლოგიკა ჩავრთოთ. თუ ჩავრთავთ, დავინახავთ, რომ დიდი ბრიტანეთის და რუსეთის პრემიერ-მინისტრებს მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი დაზვერვის და სხვა სპეციალური სამსახურები ექვემდებარებათ. ჩვენ, ცალკეული ადამიანები, მათზე უკეთ ვაანალიზებთ რა ხდება, ნამდვილი ვირუსია თუ “ჩიპიზაციისთვის” მოგონილი? ორთავემ ვირუსი “აიკიდა”, იტყუებიან, თუ დიდი სპექტაკლის მონაწილეები არიან? ვისაც ეს სჯერა, მათთან ვერაფერს გავხდები. ვისაც საღი აზრი და ელემებტარული ლოგიკა გააჩნია, მიხვდება, რომ მსოფლიო სერიოზულ საფრთხეს ებრძვის, ადამიანების, თქვენი, ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად.სხვათაშორის, იმისთვის უნდა მოვემზადოთ, რომ 2019 წელში ვეღარ ან დიდხანს ვერ დავბრუნდებით.
4. 5G ტექნოლოგიები
პანდემიის ფონზე, მთელ მსოფლიოში, მ.შ. ჩვენთანაც, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემა 5G ტექნოლოგიებია.ამ საკითხში რთულია გადაარწმუნო ის ადამიანები, რომლებსაც ფიზიკასთან, ქიმიასთან დაძაბული ურთიერთობები აქვთ. მაგრამ, როგორც შევთანხმდით, ამ წერილის მიზანს გადარწმუნება არ წარმოადგენს.რატომ დადგა 5G ტექნოლოგიის აუცილებლობა?მოთხოვნა იწვევს ქსელის გაფართოების, მისი გამტარუნარიანობის და სისწრაფის გაზრდის საჭიროებას. მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ინტერნეტ ტელევიზია, სიგნალიზაციები, საგზაო კამერები და ა.შ. ყველაფერს ინტერნეტი სჭირდება.სადაც ვიმყოფებით, პარკში, სავაჭრო ცენტრში თუ ტრანსპორტში, ყველგან ინტერნეტს, wi-fi-ს ვითხოვთ.ვითარდება უპილოტო ტრანსპორტი, ჭკვიანი სახლების ტექნოლოგიები. მალე ყველაფერი ინტერნეტზე იქნება, მაცივარიც, ყავის მანქანაც, მტვერსასრუტიც…საკმაო სხვაობას მივიღებთ სიჩქარის მხრივ: 1 და 2 G უკვე აღარაა გასახსენენელი; 3G – 3,6მბ/წმ, 4G – 1 გგბ/წმ, 5G ქსელის სიჩქარე კი იქნება 20 გგბ/წმ და მეტი. FullHD ხარისხის ფილმი ჩამოიტვირთება წამებში.მთავარი არაა მხოლოდ ფილმების სწრაფად ჩამოტვირთვა, არამედ ინტერნეტის სტაბილურობა, სიგნალის ხარისხი, ინფორმაციული ტევადობა. ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, მაგალითად, საგრძნობლად გაიზარდოს ტელეტრანსლიაციების შესაძლებლობები.ამ ყველაფრიდან გამომდინარე, 3 და 4G ქსელები უკვე საკმაოდ გადაიტვირთა და განვითარების სივრცე ამოიწურა. საჭირო გახდა ახალი მიდგომები.სიჩქარესთან ერთად, 5G ტექნოლოგიამ უნდა გადაწყვიტოს წინა თაობების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – მაღალი ენერგომოხმარება.თანამედროვე ქსელები მუშაობს 600 მჰ-დან 2,6 გგჰ სიხშირის დიაპაზონში, რაც მიკროტალღური დიაპაზონის ქვედა დონეა. 5G ქსელების მუშაობა კი იგეგმება უფრო მაღალ დიაპაზონებში 3-დან 30 გგჰ-მდე.მილიმეტრული ტალღები, რომლითაც ასე გვაშინებენ კონსპიროლოგები, 30-დან 300 გგჰ-მდე დიაპაზონშია. თუმცა, 30 გგჰ-ზე ზედა სიხშირეები, ალბათ, შემდეგი, 6G და უფრო მომდევნო თაობებისთვის იქნება შესაძლებელი, თუ ასეთი საჭიროება დადგა. დიდი ალბათობით დადგება 7-10 წლის შემდეგ.ამ ეტაპზე, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, 5G ქსელების გაშლა ხდება შემდეგ სიხშირეებზე: ევროპასა და აზიაში 3,4÷3,8 გგჰ. ეს კი სანტიმეტრული დიაპაზონია. რუსეთში სამხედროები არ თმობენ აღნიშნულ სიხშირეებს, რადგან თავადბიყენებენ, და მათ ნაცვლად სთავაზობენ უფრო მაღალ დიაპაზონებს 4,4÷4,9 და 24,5÷29,5 გგჰ.სწორედ სიხშირე ადარდებთ და აწუხებთ კონსპიროლოგთა მიერ შეშინებულ ხალხს.არსებობს კვლევები, რომ 40 გგჰ ელექტრომაგნიტური ველი ემთხვევა დნმ-ის სპირალის რეზონანსულ სიხშირეს. ჯერ ერთი, სერიოზული ზეგავლენისთვის საჭიროა ძლიერი სიმძლავრის და ხანგრძლივი ინტენსიობის ველის არსებობა, მეორე, 5G მობილური ქსელი იმუშავებს გაცილებით ქვედა დიაპაზონში, ანუ 3-დან 30გგჰ-მდე.რაც მაღალი სიხშირისაა გამოსხივება, მით უკეთ აირეკლება ის. შესაბამისად ნაკლებად ხდება ამ დიაპაზონის ენერგიის შთანთქვა, ანუ შეღწევა. ეს ფიზიკაა.წესით ამ თემის ამოწურვა ამ ერთი აბზაცითაც შეიძლებოდა, მაგრამ ავხსნათ მაინც, უფრო ვრცლად.დღევანდელ, “ფასტ-ფუდების” და ინტერნეტის ეპოქაში, როცა ყველაფერი, ჰაერიც კი მომწამვლელია, 5G-ს შიში აშკარად ან ახირება, ან კონსპიროლოგიის გავლენაა.ვისაც ვესაუბრე და კითხვები დავუსვი 5G-სთან დაკავშირებით, ელემენტარულ ტექნიკურ კითხვებზე, პასუხები ვერ მივიღე.რასაც ვაწყდები, ადამიანთა დიდმა ნაწილმა არ იცის რა არის იონიზირებადი და არაიონიზირებადი გამოსხივება. ზოგიერთი სპეციალისტიც კი, რომლებიც პუბლიკაციებს აქვეყნებენ, ერევათ რომელ გამოსხივებას ეწოდება რადიაცია.მოკლედ, არაიონიზირებადი გამისხივება, ანუ რადიოტალღები, ინფრაწითელი, ხილვადი გამისხივება, საშიშად არ მიიჩნევა, ხოლო იონიზირებადი, ანუ რადიაცია, რომელიც ახდენს ნივთიერების იონიზაციას, საშიშია. იონიზირებადია გამა-გამოსხივება, რენტგენული გამისხივება.ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ სიხშირეზე მეტად მნიშვნელოვანია გამისხივების სიმძკავრე.საქართველოში დღეს ცოტა მეგულება ვისაც უმსახურია საჰაერო თავდაცვის ჯარებში, ისეთ გარემოში, როგორშიც მე ვიყავი, როცა ერთ პოზიციაზე, ან პოზიციურ რაიონში დიდი რაოდენობით საზენიტო კომპლექსები და სხვადასხვა დიაპაზონის რადარები ერთდროულად მუშაობდნენ.რადარი, რომელზეც მე ვმსახურობდი, სანტიმეტრულ დიაპაზონში, ახლოს მობილური კავშირის სიხშირესთან, მაგრამ სიმძლავრე იმპულსში ჰქონდა 750კვტ, ხოლო მობილური 4G ტელეფონის სიმძლავრე არის 0,2ვტ. არ მოვყვები ახსნას რა არის რადარების ფონური გამისხივება და ა.შ. რა პირობებშიც წლები გავატარე.განა ვამბობ, რომ სასარგებლოა? ან რა, სასარგებლოა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზები? სასარგებლოა ტელევიზორი, wi-fi როუტერი, სხვა ხელსაწყოები?Wi-fi სახლში ყველას გვაქვს. ასევე ჩვენს ბინებში აღწევს მეზობლად დამონტაჟებული “როუტერები”. რა თქმა უნდა არსებობს დაწესებული ნორმები, რომელთა შესაბამისად ღია და დახურული სივრცეებისთვის სხვადასხვა სიმძლავრის “როუტერები” იწარმოება. სასაეგებლო არც ეს ველია, მაგრამ ჩვენ ამ გარემოს უკვე ვეღარ გავექცევით. სხვათაშორის, სახლში ჩართული ნოუთბუქები, მობილურები, ისინიც წარმიქმნიან ველს. სიგნალის გაცვლა ორმხრივია.რამდენმა იცის, რომ მიკროტალღურ ღუმელში დამონტაჟებულია ზემაღალი სიხშირის მაგნეტრონი, რომლის სიმძლავრეა დაახლოებით 500-800 ვტ. რამდენითაა მობილურზე ძლიერი? შეადარეთ 500 ან 800 ვტ და 0,2 ვტ?ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ 5G-სგან განსხვავებით, 4G ანტენები გაცილებით მძლავრია, სიგნალს ასხივებენ ყველა მიმართულებით, ხშირად ფუჭად ხარჯავენ ენერგიას. მანძილი ანტენებს შორის კილომეტრებია.5G ანტენები სიგნალს უფრო მოკლე ტალღებზე გადასცემენ, სიგნალი უფრო მიმართულია, ანტენები უფრო პატარა და ნაკლები სიმძლავრის.5G სიგნალს, პლუსებთან ერთად, მ.შ. მთავარია სიგნალის სიზუსტე, აქვს თავისი მინუსებიც. მაგალითად, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს მეტეოპურობები. შესაბამისად, ანტენების განლაგება დეტალურად იგეგმება. სადაც 5G ქსელი განვითარდება, პერსპექტივაში ვიხილავთ პატარა ანტენებს ყოველ ბინაში, აივნებზე, სინათლის ბოძებზე და ა.შ.მთავარი “ბრალდება” 5G-ს წინააღმდეგ, ის აღწევს ორგანიზმში…როგორ უნდა დააჯერო კონსპიროლოგიით შეპყრობილი და ფიზიკის მასწავლებელზე გაბრაზებული ადამიანი, რომ გრძელი ტაკღებისგან გაბსხვავებით, მილიმეტრულ ტალღებს გააჩნია ცუდი შეღწევადობის უნარი, შესაბამისად, უკვე დავწერე, უკეთ აირეკლება ნებისმიერი ზედაპირისგან.ვინც კონსპიროლოგიას წერს, მათ აქვთ უნარი, უფრო დამაჯერებლად წერონ, ვიდრე მე. ასევე, ვისაც კონსპიროლოგია უყვართ, მათთვის მნიშვნელოვანია არა ფიზიკა, ან ზოგადად მეცნიერება, არამედ უნდობლობა ნებისმიერი ოფიციალური ვერსიისადმი.ღია წყაროებში ბევრ კვლევას მივაგენი. ერთ-ერთში წერია, რომ სატიმეტრული დიაპაზონის გამისხივება პოზიტიურ გავლენას ახდენს თაგვებზე, აუმჯობესებს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, ხელს უწყობს სტრესებისადმი ადაპტაციას. ამ კვლევებზე დაყრდნობით ვისაუბრო, რომ 5G სასარგებლოა?!არც ის იცის ბევრმა, რომ 5G ქსელისთვის საჭირო სიხშირეთა დიაპაზონს იყენებენ სამხედროები. მაგალითად, რუსეთში დღესაც ჭიდაობენ სიხშირეების გამოყოფასთან დაკავშირებით, იმის მიუხედავად, რომ პუტინმა 5G-ს განვითარება პრიორიტეტად გამოყო. დიდი ალბათობით, რუსულენოვან სივრცეში 5G-ს წინააღმდეგ აგორებული კამპანია, შესაძლოა იყო სამხედროების მიერ ორგანიზებული.ფიზიკაზე დაყრდნობით შევაჯამოთ:- 5G ანტენები გაცილებით ნაკლები სიმძლავრისაა, ვიდრე დღეს მოქმედი ანტენები;- მმ სიხშირის გამოსხივება უკეთ აირეკლება, შესაბამისად ნაკლებად აღწევს რაიმე ზედაპირში;- სიხშირეები, რომლებზეც მუდმივად საუბრობენ კონსპიროლოგები, კერძოდ 60-65გგჰ, არცერთ სახელმწიფოში 5G ქსელებისთვის არ გამოყოფილა.ვინ რას დაიჯერებს, გემოვნების, უფრო სწორად ზეგავლენის ან საღი აზრის ამბავია.
5. რჩევები
5.1. როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან?
რასაც ვწერ ლოგიკაა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, კონსპიროლოგიაც გამოირჩევა დამაჯერებლობით, ფაქტების სიუხვით. ერთად თავმოყრილი ბევრი ფაქტი, ბევრი სიმართლე აბნევს ადამიანს. შესაბამისად, იოლად შეაპარებ სიცრუეს.სამეცნიერო შემეცნება ერთ აბზაცში: ანალიზი ნიშნავს ერთი მთლიანის დაყოფას, დანაწევრებას პროცესებად, მოვლენებად, ფაქტებად, ან პირიქით, ფაქტების დაკავშირებას, გაერთიანებას მოვლენებში, პროცესებში (სინთეზი). შეთქმულების თეორიების ანალიზისას პირველი მეთოდი უნდა გამოიყენოთ, მაქსიმალურად უნდა დავანაწევროთ, დავშალოთ ცალკეულ ფაქტებად, ცალკეულ ფრაგმენტებად და დავინახავთ არსებობს თუ არა მათ შორის კავშირები. საინტერესო პროცესია.ანალიზისას ბევრ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი. ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, – “ვის აწყობს?”როცა ანალიტიკური წერილი იწერება, პირიქით ვიქცევით, ჯერ ფაქტობრივი მასალები გროვდება, შემდეგ უნდა წამოაყენო ჰიპოტეზა.როცა სტატიას ვკითხულობთ, ან ვიდეო რგოლს ვუსმენთ, თუ კარგად გავაანალიზებთ, ამოვიცნობთ, ფაქტობრივ მასალაზე წამოაყენეს ჰიპოტეზა, თუ პირიქით, ჰიპოტეზა შეაკოწიწეს ფაქტებით.ზუსტად ეს ახასიათებს კონსპიროლოგიას. იგრძნობა ფაქტების სიუხვე ერთი, უფრო სწორად, ერთადერთი ჰიპოტეზის განსამტკიცებლად. ფაქტები, რომლებიც კონსპიროლოგის ჰიპოტეზაში არ ჯდება, მით მეტი, შეიძლება ჰიპოტეზას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს, არ განიხილება.მოკლედ, შეთქმულების თეორიებისგან თავდაცვის ერთადერთი მეთოდია, – ანალიზი.ასევე, უნდა გვქონდეს ერთი წესი, რომელიც ეთიკის ნორმებიდან გამომდინარეობს: ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიჯეროს რაც სურს, მაგრამ არ უნდა დაკავდეს პროპაგანდით, თუ ამის ინტერესი არ აქვს.მოკლედ, უფრო მარტივად ასეა: წაკითხვის შემდეგ დააკვირდით საკუთარ ემოციებს, ემოცია ცუდი მრჩეველია. შეამოწმეთ წყარო (ვრცელი თემაა). ხშირად სათაურშიც იგრძნობა “სიყვითლე”. დაფიქრდით, ხომ არაა დეზინფორმაციის ნიშნები. გადაამოწმეთ ფაქტები. დაფიქრდით, რამდენად ობიექტურად აღიქვამთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ნუ გაავრცელებთ. უმჯობესია არ გაავრცელოთ, ვისაც უგზავნით, თავისით იპოვის. გავრცელება ქმნისვაჟიოტაჟს, რაც უკან დაგიბრუნდებათ.თუ ადამიანს ინტერესი აქვს, ან მატერიალური, ან იდეოლოგიური, ან სხვა, ზოგს უბრალიდ ყველა ოფიციალური ვერსიის ჯიბრი აქვს, მათ რაც ზემოთ დავწერე არ ეხებათ. ისინი მაინც გააგრძელებენ ამ მავნე საქმიანობას.
5.2. როგორ დავიცვათ თავი მობილური ტელეფონის მავნე ზემოქმედებისგან
უნდა ვიცოდეთ, რომ მობილურ ანტენებზე მეტად უნდა გვეშინოდეს თავად მობილური აპარატების, რომლებიც სიგნალის მიმღებ-გადამცემ მოწყობილობას წარმოადგენენ.ამ საკითხშიც, მეცნიერთა ნაწილი ამბობს, რომ მავნეა, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ იმაზე მავნე არაა, ვიდრე მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი ან ტელევიზორი.იქედან გამომდინარე, რომ დღეს კონსპიროლოგებიც კი სარგებლობენ მეცნიერების ამ მიღწევით, არც ჩვენ ვაპირებთ უარის თქმას, მაინც დავიცვათ გარკვეული წესები.დავიწყოთ თავად ტელეფონის “სიმწვანით”. არსებობს ასეთი მახასიათებელი – SAR (Specific Absorption Rate), რომელიც ყველა ტელეფონზე უნდა ეწეროს. ესაა კოეფიციენტი, ვატი/1კგ-ზე. ევროსტანდარტებით არ უნდა აღემატებოდეს 2 ვატს. აშშ-ში უფრო მკაცრი მოთხოვნაა და შეადგენს 1,6-ს.სხვათაშორის, 4G, იგივე LTE ქსელებს, ნაკლები სიმძლავრის გამოსხივება აქვს, ვიდრე წინა თაობებს, 3 და 2G-ს. “რეპიტერის”, ანუ გამაძლიერებლის შემთხვევაში, ტელეფონი უფრო, დაახლოებით 100-ჯერ ნაკლები სიმძლავრით მუშაობს.ყიდვისას შეამოწმეთ. არაორიგინალ ტელრფონებს აქვს ძალიან მაღალი SAR. ბევრს მოსწონს, კარგად ისმისო. ბევრი სიიაფის გამო ყიდულობს. ამიტომ ისარგებლეთ ყურსასმენებით ან “ბლუთუსით”.რომ დავწერო, საჭიროების გარეშე ტელეფონით არ ისარგებლოთ მეთქი, მაინც არ დამიჯერებთ. ტელეფონი მუდმივადაა მუღება-გადაცემის რეჟიმში, მუდმივად ეძებს საბაზო ანტენას. თუ wi-fi და ბლუთუსიც ჩართული გაქვთ, ე.ი. მუდმივადაა ამ მოწყობილობებთანაც მიღება-გადაცემის რეჟიმში.ტელეფონი უმჯობესია ვატაროთ ქამარზე ისეთ ბუდეში, რომ ანტენის, ანუ ტელეფონის ზედა მხარე არ იყოს დახურული.საუბრისას არაა საჭირო მაგრად მივიჭიროთ ყურზე, ამით ყურსაც ვხშავთ და ტელეფონის ანტენასაც. თანამედროვე ტელეფონებზე გაითვალისწინეს ეს ნიუანსი და ანტენა ისეა განლაგებული, რომ ვერ დავფარავთ. თუმცა, შემიმჩნევია პატარა ტელეფონები როგო უკავიათ ხოლმე. მოკლედ, უმჯობესია, თუ თითებით დაიკავებთ.წერენ, რომ დარეკვის მომენტში მეტი სიმძლავრით მუშაობს აპარატი. ამიტომ მოიგონეს ფუნქციები, როცა შეგიძლიათ დააყენოთ ვიბროზარი, რომელიც შეგატყობინებთ აბონენტთან შეერთებას, რის შემდეგაც მიიტანთ აპარატს ყურთან.ბავშვები რაც შეიძლება დიდხანს მოარუდეთ მობილურს და როცა მაინც უყიდით, უმჯობესია შეიძინოთ ორიგინალი ტელეფონი (SAR არ დაგავიწყდეთ).თუ საუბრობთ გარნიტურის გარეშე, შეამცირეთ საუბრის დრო. ნუ დაეწაფებით “უფასო” 30 წუთს. თუ მაინც დიდხანს საუბრობთ, პერიოდულად შეიცვალეთ ყური, ხან მარცხენა მხარით ისაუბრეთ, ხან მარჯვენათი.სამწუხაროდ, გადავეჩვიეთ ე.წ. სახლის ტელეფონის გამოყენებას, არადა ყველაზე უსაფრთხოა. გავზარმაცდით, ასევე ზედმეტად მოუთმენლები გავხდით.ადამიანს გაახსენდება რაღაც და იმ წამს უნდა დარეკოს, ან მიწეროს. არადა, შეიძლება მოითმინოს თემამ, მიხვიდე სახლში და დარეკო. ან ხშირადაა, სასაუბროთ მოგწერს ვინმე. თუ მყისიერად არ უპასუხე, კითხვის ნიშანს გიგზავნის.ბევრს არ უყვარს, მაგრამ წლებია აქტიურად ვიყენებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს სხვადასხვა სასაუბროებით. ბევრი პლუსი აქვს. როცა ბევრია სასაუბრო, მაშინ ვრეკავ.თუ სახლში ან ოფისში ხართ, უმჯობესია ტელეფონი მოშორებით გედოთ. საუბრისას ახლოს იყოთ ფანჯარასთან. თუ აივანი გაქვთ, გახვიდეთ აივანზე. რაც უფრო უკეთესი სიგნალია, ნაკლები სიმძლავრით მუშაობს ტელეფონი.როცა სუსტი სიგნალია, 3/4-ზე ნაკლები, თუ აუცილებელი არაა, ნუ განახორციელებთ ზარს. რაც დაბალია საბაზო ანტენის სიმძლავრე, მეტად მძლავრად გადასცემს ტელეფონი.მოკლედ, თუ ბევრს საუბრობთ, ატარეთ უსადენო ყურსასმენი, ტელეფონი კი დადეთ სადაც უკეთესი მიღებაა.
დასასრულს, რაც დავწერე, ჩემი პოზიციაა, თავს არასდროს, არავის, არაფერს ვახვევ. დარწმუნებული ვარ, ასეთი ეპიდემიების დროს მსგავსი თეორიების გავრცელება მავნეა, საფრთხის შემქნელია საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც სჯერა ოფიციალური ვერსიის. ვერ ვხედავ რა საჭიროება, ინტერესი, მოგება უნდა ჰქონოდა ქვეყნების მთავრობებს უზარმაზარი ეკონომიკური ზარალის ფასად, სახლებში გამოეკეტათ მოსახლეობა.როგორც ვხედავთ, ნელ-ნელა შეზრუდვები იხსნება, არავის დავუჩიპივართ, არც სხვა რამ მომხდარა.ამ პუბლიკაციაში გამოყენებულია ღია წყაროების მასალები, სასკოლო ფიზიკა და საკუთარი გამოცდილება.არსად მიწერია, რომ მობილური კავშირი სასარგებლოა. პირიქით. თუმცა, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ. ასევე, ეჭვის შეტანა მედიცინის განვითარებაში, იმაზე ფიქრობენ მალე და მეტი ამოგვწყვიტონ, დავასაბუთე, რამდენადაც შევძელი, რომ აბსურდია. მედიცინის განვითარების წყალობით ადამიანები მეტხანს ცოცხლობენ და მარტივი დაავადებებისგან არ იღუპებიან. ეს არ ნიშნავს, რომ არაა კორუფცია, მედიცინა ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში და არ გვაქვს პრობლემები.თუ ოდნავ მაინც სარგებელი მოიტანა ამ ნააზრევმა, ან მოიტანს, ე.ი. ტყუილად არ მიწვალია. იმდენი კომენტარის დაწერა მომიწია ამ დღეებში, გადავწყვიტე ერთხელ დამეწერა და ვრცლად.ვინც დიაგონალურად, გაქცეულმა წაიკითხა, საპირისპირო კომენტარისგან თავი შეიკავეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!”
კომენტარები