მთიანი ყარაბაღის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის მიერ რეგიონის ბლოკადის მე-8 თვეს, შიმშილით გარდაიცვალა 40 წლის კაცი. ინფორმაციას ამის შესახებ OC MEDIA ავრცელებს.
სამშაბათს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კაცი “ქრონიკული კვების უკმარისობითა” და “პროტეინისა და ენერგიის დეფიციტით” დაიღუპა. განცხადებას თან ახლავს გარდაცვლილი კაცის სხეულის ფოტო. სახალხო დამცველის ოფისმა მომხდარს “აზერბაიჯანის მიერ არცახის 8-თვიანი ბლოკადის კატასტროფული შედეგი” უწოდა.
მთიანი ყარაბაღის დაახლოებით 120 000-კაციანი მოსახლეობა ბლოკადაშია დეკემბრის შუა რიცხვებიდან, როდესაც ლაჩინის დერეფანი გადაიკეტა, ერთადერთი გზა, რომელიც რეგიონს აკავშირებს სომხეთთან. რეგიონში საკვებისა და პირველადი გამოყენების ნივთების შეტანა პერიოდულად იბლოკებოდა, რამაც მედიკამენტებისა და საჭმლის მწვავე დეფიციტი გამოიწვია. ადგილზე ენერგორესურსების დეფიციტიცაა, რამაც გამოიწვია ერთმანეთისგან დასახლებების მოწყვეტა და ტრანსპორტის გაჩერება.
კომენტარები