სხალთის ეპარქიაში მოღვაწე მღვდელი ფილიპე აბაშიძე მრევლს მოუწოდებს, არამალფუჭებადი პროდუქტები მოიმარაგონ, რადგან მალე შიმშილობა დაიწყება.
„უცხო ჯარი ჩადგება ჩვენს ქვეყანაში და შიმშილობა ჩამოვარდება,- წერს მღვდელი თავის Facebook გვერდზე და მრევლს მოუწოდებს მოიმარაგოს რძის ფხვნილი, შაქარი და ბურღულეული.
სასულიერო პირის შესახებ „ტაბულა“ წერს, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოში დაუდასტურეს, რომ მამა ფილიპე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია, თუმცა მოწოდებასთან დაკავშირებულ კითხვაზე განუცხადეს, რომ ეს კერძო აზრია.
მოგვიანებით მამა ფილიპემ ეს პოსტი Facebook გვერდიდან წაშალა.
სტუდია გრაალის მიერ მეორედ მოსვლისა და ილია II-ის, როგორც ბოლო ჟამის პატრიარქის შესახებ გადაღებულ ფილმში ერთი მონაკვეთი სწორედ მამა ფილიპეს ეძღვნება. ფილმში მღვდელი ამტკიცებს, რომ 1988 წლის გაზაფხულზე მას ხილვა ჰქონდა:
“ვხედავდი პატრიარქს, ტახტზე მჯდომს. უცბად განათდა მისი სახე და მისი თავის ადგილას უფლის, იესო ქრისტეს სახე გამოჩნდა. ვხედავდი მის მტრებს, რომელთაც მისი შურთ და ცდილობენ, ხელი შეუშალონ, რადგან მას მიჰყავს ქართველი ერი გადარჩენისა და გაბრწყინებისაკენ. ვხედავდი, რომ როდესაც ივერია გაბრწყინდება, პატრიარქი ძლიერ მოხუცი იქნება, მაგრამ ამ ბედნიერებას უფალი ქართველ ხალხს მისი მარჯვენით მიანიჭებს…
როცა მცირე ჟამი რჩებოდა ქვეყნიერების აღსასრულამდე გამოვიდა პატრიარქის მიმართვა ქართველი ერისადმი. გავდივართ მთებში, უფლის მოსვლის შესაგეგებლად. შევიკრიბენით ბევრზე ბევრი და გავემგზავრეთ აღნიშნული ადგილისაკენ. გარკვეულმა ნაწილმა პატრიარქის მიმართ უნდობლობის გამო არ ინება წამოსვლა. თქვეს ჩვენ აქ შევხვდებით უფლის მოსვლასო. მთებში ველოდით უფლის მეორედ მოსვლას ზეციდან კაცობრიობის განსასჯელად.”
ფილმში მამა ფილიპეს ეკითხებიან: თქვენს ხილვაში იქ იწერება, რომ უდიდესი ღვთაებრივი სასწაულები დაეშვება საქართველოზე. რაში გამოიხატება ეს უდიდესი ღვთაებრივი სასწაულები? რაზეც მამა ფილიპე პასუხობს:
გამოჩნდება ისეთი პიროვნება, რომელიც ღვთისგან იქნება გამორჩეული და ამ პიროვნებით იმოქმედებს ღვთაებრივი ძალა, რომელიც მთელ ერს მოიყვანს ეკლესიაში და პატრიარქის მორჩილებაში ამყოფებს ერს და როგორც არის ასეთი, არამარტო ჩემი ხილვიდან ვნახე ეს, არამედ შემდეგ გავიგე, სხვა წყაროებიც ამტკიცებენ ამას, თვითონ სომხეთის წყაროები, რომ ჩრდილოეთის ქვეყნიდან გამოჩნდება პიროვნება, რომელიც სომხეთის ეკლესიასაც კი ისევ მართლმადიდებლობაში მოაქცევს…
2020 წლის 12 იანვარს პატრიარქმა ილია II-მ საკვირაო ქადაგებაში მეორედ მოსვლაზე ისაუბრა.
მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის. მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან, რომ ჟამი ახლოს არისო ამბობენო, მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება, რამდენიმე დღე დარჩა.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები