შაბათს, „ტვ პირველის“ ეთერში, სუსი-ს უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ისაუბრა, იმის შესახებ, რომ მცხეთის ქუჩის ჩიხი, ნომერ 13-ში, 2015 წელს, საპატრიარქოს კუთვნილ ბინაში ცხოვრობდნენ პირები, რომლებიც თურქეთის სახელმწიფოს მიერ, გამოცხადებულნი იყვნენ ტერორისტებად. მან თქვა ისიც, რომ როცა ამ პირებმა საზღვარი გადმოკვეთეს, მაშინ არ ჰქონდათ ინფორმაცია ამის შესახებ და მოგვიანებით, როცა ინფორმაცია მიიღეს, მოიძიეს, სად ცხოვრობდნენ, იპოვეს და „ამზადებდნენ თურქეთისთვის გადასაცემად“. სოსო გოგაშვილს არ უთქვამს, ვისგან მიიღეს ინფორმაცია და როგორ გახდა სუსი-სთვის ცნობილი ტერორისტების საქართველოში, საპატრიარქოს სახელზე არსებულ ბინაში ყოფნის შესახებ, მაგრამ თქვა, რომ საპატრიარქომ და შორენა თეთრუაშვილმა, ბინა ისე გადასცა დროებით საცხოვრებლად ამ პირებს, რომ არ იცოდა, ისინი ტერორისტები რომ იყვნენ.
როგორ აღმოჩნდა საპატრიარქოს ბინაში, თუნდაც არატერორისტი, მაგრამ 2 ჯანმრთელი კაცი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, როცა უამრავ მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრისი არა აქვს – ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. როგორ და რატომ შეუშვეს უცხო პირები საპატრიარქოს კუთვნილ ბინაში, რომელიც საპატრიარქოს ვანო ჩხარტიშვილმა აჩუქა და აიღო თუ არა, ბინაში შეშვების გამო, ვინმემ ფულადი სარგო, არც ამ ინფორმაციას ავრცელებს საპატრიაქრო, რომელიც დღეს ისე დუმს ამ თემაზე, გეგონება, არაფერი მომხდარა, მერე რა, რა მოხდა ახლა, 2 ტერორისტი იყო, მეტი ხომ არა?
მე პირადად მივყევი საპატრიარქოში ქვრივ ქალს, ორი შვილის დედას, რომელიც არჩენდა შვილების გარდა, ავადმყოფ ძმას, დედას, დეიდას, ქალს, რომელსაც დაუდგინდა სიმსივნე და აკლდებოდა ოპერაციაზე მცირედი თანხა. არც მიიღეს მისი განცხადება, უკან მიუგდეს, პირდაპირი გაგებით და უთხრეს, რომ მისი ოპერაცია კი არა, ხელფასებს ვერ უხდის საპატრიარქო თვეებია თანამშრომლებს. დავურეკე მაშინ ანდრია ჯაღმაიძეს, რომელმაც მითხრა, რომ კი, დიახაც, ვერ უხდიან ხელფასებს თანამშრომლებს და დიახაც, არ აქვთ ფონდი და ვერ დაეხმარებიან სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს.
თუმცა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 2 ჯანსაღმა მამაკაცმა მათგან უპრობლემოდ მიიღო დახმარება, მეტიც, მოახერხეს საპატრიარქოში შეღწევა, ის ქვრივი ქალი კი ეზოშიც არ შეუშვა დაცვამ.
რა მოხდა სინამდვილეში მცხეთის ქუჩის ჩიხში და ვინ აღმოაჩინა ის ტერორისტები, ვის უთხრეს მადლობა მათი განეიტრალებისთვის და როგორ სთხოვდნენ ლალი მოროშკინას აეღო პოსტი სოციალური ქსელიდან – ამას „ალიადან“ შეიტყობთ.
„ალიას“ ესაუბრება მწერალი, ჟურნალისტი, პროფესორი ლალი მოროშკინა:
– ახლა გიამბობთ ამბავს, რომელიც არც ერთი მედიისთვის არ მომიყოლია. ამბავი დაუჯერებლად მოგეჩვენებათ! ამბავი, რომელიც 2015 წელს მოხდა და დღემდე არავის დავუკითხივარ! ახლაც, თქვენთან საუბარშიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან! 2015 წლის მაისი იყო, მივედი სახლში, მცხეთის ქუჩის ჩიხში, 13 ნომერში და წარმოუდგენელი ამბავი დამხვდა – შეწუხებული მეზობლები და აუტანელი ხმაური ზუსტად ჩემ გვერდით ბინაში, რომელი ბინაც ვანო ჩხარტიშვილმა გადასცა საპატრიარქოს – გადაცემა მოხდა ზარზეიმით და პატრიარქის წირვა-ლოცვით… სულ ცოტა ხანი ჩვენს მეზობლად მართლაც რომ სათნო და მოფუსფუსე დედაოები ცხოვრობდნენ… ძალიან გვიხაროდა მათი იქ ყოფნა მთელ სამეზობლოს, მაგრამ სამწუხაროდ, მალე წავიდნენ და არ ვიცი, რატომ. 26 მაისს სწორედ ამ ბინიდან გამოდის ყვირილი, ხორხოცი, საზარელი ხმები ისმოდა, ქალების და კაცების ვაქხანალიური ხმა. ვერ ვიგებდით, რა ენაზე საუბრობდნენ, არც ქართული სიტყვები ისმოდა, არც ინგლისური… გადავწყვიტე დამეკაკუნებია. დავაკაკუნე და იმის ნაცვლად, რომ ხმები შეწყვეტილიყო, ან შემცირებულიყო, მოუმატეს ყვირილს. იძულებული გავხდით, პოლიცია გამოგვეძახებია – მოვიდა პოლიცია, შევიდა ბინაში და გამოვიდა ჩვენზე მეტად შეწუხებული და ჩვენზე მეტად დაბნეული. თვალცრემლიანი იყო პატრული, რომელმაც გვითხრა, მე ვერაფერს გავაკეთებ, ბინა საპატრიარქოს სახელზეა და ისიც არ ვიცი, ამ ბინაში თურქები როგორ მოხვდენო. სამწუხაროდ, მათი დაკავება არ შემიძლიაო! ვისაც დააინტერესებს, ასე იყო, თუ არა, შეუძლია მარტივად გაარკვიოს, 2015 წლის 26 მაისს რომელი საპატრულო ეკიპაჟი მორიგებდა ამ უბანში და ვინ იყო გამოძახებაზე მოსული!
წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, პოლიციამაც რომ ვერაფერი მოახერხა. მინდა გითხრათ, რომ პოლიციის ბინიდან გამოსვლის შემდეგ, ხმაური გასამმაგდა, უკვე ბოლო ხმაზე ყვიროდნენ, როგორც ჩანს, გაბრაზდნენ, პოლიცია რომ გამოვიძახეთ. ასე გაგრძელდა დილამდე. გარდა იმისა, რომ შოკირებულნი ვიყავით, იმისიც გვეშინოდა, რომელიმე ახალგაზრდას რომ ვერ მოეთმინა მათი თავგასული ქცევა, ნერვები ვერ მოეთოკა და მისულიყო, უბედურება არ დატრიალებულიყო. დავწერე პოსტი სოციალურ ქსელში და მივმართე საპატრიარქოს, დავრეკე კიდეც. სხვათა შორის, სწრაფად გამომეხმაურნენ და ახლა იწყება ყველაზე საინტერესო. გიორგი ანდრიაძე მოდის საპატრიარქოდან, რომელიც ამბობს, რომ აი, გაურკვევლობა მოხდა, ეტყობა… ეს იყვნენ ლაზები თურქეთიდანო. ვკითხე, რატომ იქცევიან თურქეთიდან ჩამოსული ლაზები ასე აღვირახსნილად? არ ვიციო… როგორც მერე შევიტყვე, სწორედ გიორგი ანდრიაძეს უნდა ეპატრონა ამ პირებისთვის, თურმე. მერე უკვე მიკავშირდება სოსო ოხანაშვილი, ტყუილს არ ვიტყვი, ოხანაშვილი თავად ძალიან იყო შეწუხებული, უამრავი მადლობა გადამიხადა, რადგან, როგორ თავად მითხრა, ჩემი ზარის შემდეგ სუს-ი ჩაერთო საქმეში და მოხდა ტერორისტების განეიტრალება. ბინიდან ამოიღეს საბუთები, რომლითაც დადასტურდა, რომ ეს იყო ტერორისტული დაჯგუფების სამუშაო საბუთები, იყო რუკები, ფოტოები იმ ადგილების, სადაც შეიძლებოდა რაღაც მომხდარიყო თბილისში. ოხანაშვილმა მითხრა, რომ ნამდვილად მძიმე ამბავია და გამოსაკვლევია.
– თუ ტერორისტები იყვნენ, რატომ არ დააკავეს?
– ბინაში იყო თბილისის რუკები და ფოტოები, მაგრამ არ იყო, სხვა ტიპის სამზადისი, არ მომხდარა ფაქტი, შესაბამისად, როგორც ჩანს, ამიტომაც ვერ დაიჭირეს და პრევენცია მოახდინეს. მე, როცა იმავე დღეს, 2015 წლის მაისში, დავწერე პოსტი, დამიკავშირდა შორენა თეთრუაშვილი და მთხოვა შეხვედრა, მოდი, პირდაპირ ვიტყვი, გამოგვიძახა! მე ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს მეორე დღესვე შევხვდი უკვე 27 მაისს, მეზობლებთან ერთად, რომლებიც ასევე ძალიან შეწუხებულნი იყვნენ და შორენამ მთხოვა, ამეღო ეს პოსტი ფეისბუქიდან, რომ ასე ვთქვათ, საპატრიარქოსთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილიყო. მე ვუთხარი, რომ მე ვარ ჟურნალისტი, ვარ ბინადარი ამ ქუჩის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს საკითხი. მიპასუხა, რომ აღარ შევწუხდებით და ეს ხალხი გასახლებული იქნება. გასახლებული იქნება კი, მაგრამ, მე ისევ მქონდა კითხვები, მაინტერესებს ვინ იყო ის ხალხი, რომლებთაგან მე მყოფდა 25 სანტიმეტრის სისქის აგურის კედელი? ბინა, რომელიც არის საპატრიარქოს კუთვნილება, ბინა, სადაც ადრე დედაოები ცხოვრობდნენ, რატომ ხდება თურქი ტერორისტების ალაგა? – თუმცა, ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღე. ჩემ ცხოვრებაში ბევრი ამბავი მომხდარა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ისტორია. ბოლოს შორენას მე ასეთი რამ ვუთხარი – ჩვენი ორგანიზაცია ყოველ 1-ლ ივნისს შედის პენიტენციურ დაწესებულებებში, შეაქვს ბავშვებთან საჩუქრები, იქნებ, საპატრიარქოც ჩაერთოს ღიად, გამჭირვალედ, რასაკვირველია და დაგვეხმაროს, ჩვენთან ერთად მიულოცოს ბავშვებს – დამპირდა, რომ მოიფიქრებდა, თუმცა, მას მერე არ შემხმიანებია. ჩვენ 1-ლ ივნისს ისევ შევედით პენიტენციურ სისტემაში, ისე მოვინახულეთ ბავშვები, მაგრამ საპატრიარქოდან არავინ შეგვხმიანებია!
– და მაინც რატომ არ აიღეთ პოსტი? ამ გადასახედიდან, გულწრფელად რომ გვითხრათ….
– იმიტომ რომ არ მქონდა ამომწურავი პასუხები, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ასეთი ბინა ერთი კი არა ათასობითაა, იმიტომ რომ ვიცი, პატრიარქთან ბევრი ამბავი არ მიდის და არც ამ ამბავს მიიტანდნენ მის ყურამდე. პატრიარქს ეს ამბავი რომ გაეგო, სხვა რეაქციას ვნახავდით საპატრიარქოდან, ზუსტად ვიცი!
– დაგკითხათ ვინმემ?
– არა. არ დამკითხა არავინ. მეტიც, შორენა თეთრუაშვილი მთხოვდა, რომ ეს ამბავი, გარდა იმისა, რომ ფეისბუქიდან ამეღო, საერთოდ დამევიწყებინა.
– როგორ დამთავრდა ისტორია? კი თქვეს, რომ ლიკვიდირება მოახდინეს, მაგრამ დაინახეთ, როგორ დააკავეს? როგორ გადავიდნენ და როდის? დაინახეთ, ვინ მიაკითხა?
– მეორე დღეს მთავრდება ისტორია. მეორე დღიდან მათი კვალი ქრება, სრულიად თან… დუმილი ისადგურებს უცებ ხმაურიანი დღეების შემდეგ. სამი მოსახლე ვართ იმ ეზოში და ერთმანეთს ვეკითხებოდით, ან როგორ გაჩნდნენ ეს ადამიანები იმ სახლში, ან როგორ გაქრნენ? რა თქმა უნდა, ეს ამბავი მახსოვდა, მაგრამ მას მერე ამდენი წელი გავიდა და რომ არა სოსო გოგაშვილის ინტერვიუ, სადაც ამ თემაზეც ისაუბრა, თითქოს არ მომხდარა. თითქოს არაფერია, ასე დაუცველად რომ გრძნობ თავს შუა ქალაქში, თითქოს არაფერია, პატრული რომ მოდის და შეურაცხყოფილი მიდის უკან ისე, რომ პასუხსაც ვერ გცემს, თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, რომ შენ გვერდით, 25 სანტიმეტრის აგურის სისქის მიღმა ცხოვრობენ ტერორისტები!
– თქვენ დაწერეთ, რომ ჩვენ მხცოვან, უსაყვარლეს პატრიარქს აღვირახსნილად ებრძვიან, რა და ვინ იგულისხმეთ?
– ვისაც არ ეზარება, ყველა იყენებს პატრიარქის სახელს და ყველამ რომ დავანებოთ თავი და მივცეთ ამ ადამიანს იმის საშუალება ილოცოს საქართველოსთვის, ეს იქნება ყველაზე კარგი. დღეს ეპიდემიოლოგებით დაწყებული, სახელმწიფო მოხელეებით დამთავრებული, დამატებული შუალედური რგოლი, ყველა ცდილობს გამოიყენოს პატრიარქი, რათა რაღაცნაირად „გაიპრავოს“ თავი! დაანებეთ თავი, უწმინდესმა ძალიან გასაგებად თქვა შარშან ამ დროს, რომ იწყება მეორედ მოსვლა! მეორედ მოსვლა ნიშნავს, რომ ის გაცხადდება რაც არ იყო გაცხადებული და ყოველ დღე ვიღებთ ამის დასტურს.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები