ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისიის“ დამფუძნებელი, გია კორკოტაშვილი.
– ბატონო გია, სოციალურ ქსელში თქვენს პოსტებს ვეცნობი და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ძალიან პესიმისტურად ხართ განწყობილი. ვერც გაგამტყუნებთ. ძალიან არასტაბილური, უპერსპექტივო და არასაიმედო სიტუაციაა ქვეყანაში. გვეშველება რამე?
– ჰო, ეგ ძაან მაგარი კითხვაა – გვეშველება რამე? ჩვენ რას ვაკეთებთ, თითოეული ჩვენგანი, რომ გვეშველოს?! მანდედან უნდა დაიწყოს თითოეულმა ქართველმა ფიქრი, ვისაც ეგ კითხვა დაებადება – გვეშველება რამე? თვითონ უნდა მოიყვანოს დინამიკაში ყველაფერი, რაც არ მოსწონს, იმის საწინააღმდეგოდ. პირდაპირ გადავალ, რა, რად უნდა ამას ლათაიები. „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ ჭიდაობა ჯერ გახადეს შოუ მთელი საქართველოსთვის. ეს პოლიტიკური დებატები, რომელიც დიდი ხანია ბევრის ოჯახშიც კი შევიდა, უკვე გულისამრევი გახდა, ძალიან საზიზღარია ეს თემა. ეს დრამატურგია მშვენივრად მიმდინარეობს. მერე რა მოხდა, ახლა ერთმანეთს აგინებენ თუ არა. მთავარი სხვაა. „ოცნებასაც“ და „ნაციონალებსაც“ იმდენი ბიზნესი და იქიდან, შესაბამისად, დიდი შემოსავალი გააჩნიათ, რომ კარგად არიან, კი, „ოცნებამ“ „ნაციონალების“ ბევრ ბიზნესში ჩაყო ცხვირი, მაგრამ იმდენი მაინც დარჩათ „ნაციონალებს“, თავიანთ ხალხს მიხედონ. „ოცნებამ“ ეს ვერ გააკეთა, მარტომ დაიწყო ხატვა. ეგ კუჭებს და მუცლებს დაუხეთქავთ, ვერ ხვდებიან. თუნდაც ის ადამიანები, ვის კისერზეც არიან მოსულები, გარიყეს და მოიშორეს. დღესდღეობით, „ოცნება“ დგას ერთ რამეზე – „ნაციონლებზე“, ამ ჩირქით სავსე ადამიანებზე, რომელთაც თაობა გარყვნეს და ბევრი უბედურება ჩაიდინეს (საზოგადოებას ეს კარგად ახსოვს, რა დიდი დროა გასული), „ოცნება“ ამაზე დგას, „ნაციონალების“ ჩადენილ დანაშაულებებზე, მაგათ ბნელ წარსულზე. „ოცნება“ ისე არ ეზიზღება ხალხს, როგორც „ნაცმოძრაობამ“ შეაზიზღა თავი. მაგათ შორის სხვაობა არის. მაგრამ ესენი გულისამრევ რაღაცებს აკეთებენ, მარტო სათავისოდ და არა ხალხისთვის. ეს სხვაობა მათ შორის, უკვე ძალიან მცირეა. „ნაცმოძრაობამ“ ბევრი დააშავა, მაგრამ ჯერ გაჩერებულები არიან – ახალ, მომავალში რაღაცას ელოდებიან. „ოცნების“ ცუდად მოქცევის დინამიკა გრძელდება, საქმის ცუდად გაკეთების, ზოგადად ხალხის და იმ ხალხის დაშორიშორებითაც, ვის კისერზეც ხელისუფლებაში მოვიდნენ. მერე რატომ უკვირთ, რომ ამომრჩევლის 65% სახლში ზის, არჩევნებზე არ მიდის და შორიდან უყურებს ამ ამაზრზენ თეატრს? ისტორია გვეუბნება ერთ რამეს. ეს უკმაყოფილო ხალხი, შეიძლება მოულოდნელად ზვირთად იქცეს, უცებ აგორდეს და მერე გზად ნებისმიერს წალეკავს. რომელიმე სუფთა რომ იყოს, ან „ოცნება“, ან „ნაციონალები“, ეს ხალხი, ეს 65%, ბოლოს და ბოლოს ტანით იგრძნობდნენ და გაჰყვებოდნენ. ახლა ელოდებიან შედარებით სუფთა ადამიანს. უმწიკვლო არავინ არ არის, ეგეთი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ისეთს ელოდებიან, ხალხისა და ქვეყნისთვის არაფერი ჰქონდეს დაშავებული და დანარჩენი მერე გამოჩნდება. საერთოდ, საქართველო არის გმირების მიბაძვაზე აგებული ქვეყანა. სულ გვყავდა გმირები, თუნდაც ჩვენი წმინდანები ავიღოთ, მათგან ბევრი, ვისაც ამ ქვეყნისთვის უბრძოლია. ეგეთი ადამიანი რომ გამოჩნდეს ხალხის წიაღში, მაგას ელოდებიან. თუ ღვთის ნება იქნება, ალბათ, მომწიფდება სიტუაცია, გამოჩნდება, გამოვა ასპარეზზე ასეთი ადამიანი და იმ 65% ხალხს დააჯერებს, რომ მე ვარ ის ადამიანიო. რა დღეში ჩავვარდით, ნახეთ, ერი? ხალხი უკვე წყევლის იმ დღეს, როდესაც თავისუფლება მოვიპოვეთ. ეგეთი რაღაც რატომ უნდა დაგვემართოს? თავისუფლება ჩვენთვის სხვანაირი გაგება იყო. ჩვენ რომ ეკონომიკა და შიდა პოლიტიკა გვქონოდა ნორმალური, მშვენიერი ქვეყანა გვექნებოდა დღეს. რა უნდა 5 მილიონი ადამიანის გამოკვებას.
– სადღა ვართ 5 მილიონი, ბატონო გია. „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 736 400-ს შეადგენს.
– ჰო, მით უმეტეს, წარმოიდგინეთ რა მძიმე დღეში ვართ. ძალიან ცუდი ამბავია, საშინელებაა. მე ახლა არ ვიღებ არაფერში მონაწილეობას. „ოცნებას“ ვგულშემატკივრობდი, „ნაციონალებთან“ სერიოზული ჯახი მქონდა. ვინც არიან დღეს დეპუტატები, მაშინ კარის ჭუჭრუტანიდან გვიყურებდნენ. ჩვენ საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, თავისუფლება და სიცოცხლე დავდეთ სასწორზე. ვინ რას გვაპატიებდა? რომელი ძალოვანი სტრუქტურის უფროსი გვაპატიებდა რამეს? არც ერთი. სრულიად უდანაშაულო ხალხს იჭერდნენ და ციხეში რა ხებოდა, ისიც ყველამ ვიცით. მადლობა ღმერთს, რაღაც რაოდენობა ადამიანებისა გადავრჩით ციხეს და სხვა უბედურებას. ამ ხალხს კი არ ეძახიან და გვერდში დგომას კი არ სთხოვენ, ვინც იბრძოდა. კარის ჭუჭრუტანიდან ვინც ჩვენს ბრძოლას უყურებდა, იმ ხალხით გაავსეს „ოცნება“. იმამი როგორიც ჰყავთ, ისეთია მთელი მაგათი შემადგენლობა. ჯერ ბიძინას ხუმრობები აიღე თავისივე გაზრდილ ადამიანებზე, ირაკლი ღარიბაშვილს როგორ ამცირებს. ისე, მეფეა, რა, რასაც უნდა, იმას აკეთებს. უმეტესი მეფე სამართლიანი მაინც იყო, ღვთივკურთხეული და მირონცხებული. ეს ადამიანი მოვიდა და რა ვიცი… ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ქართველ ხალხს ბოლო იმედი წყალში გადაუგდო. ბიძინას რატომ მისცეს ხმა? იმიტომ, რომ ბიძინა მივიდა და თქვა – თქვენ სამართლიანობას აღადგენთ, მე ვიქნები ამის თავდებიო. იაფ ფულს მიიღებთო, ამას და იმას გავაკეთებთო და ბოლოს დარჩა სახტად ხალხი. ყველაფერი გააკეთეს, რომ ბიძინა მოსულიყო. რასკვირველია, ასე არ ხდება, მარტო ხალხის სურვილით. ერთობლივი თანხმობა იყო დასავლეთისა და ჩრდილოეთისა. ძალიან ძნელია ახლა ჩაჟანგებული ბორბლის დატრიალება. ჩარხი თუ ჩაირთო ან რაღაცა ძალამ შესძლო და ეს ბორბალი დაატრიალა, იქნება საშინელება, ეს მატყუარები, ტელევიზიები რომ არის მაგათით გადავსებული, ერთიანად წაილეკებიან.
– ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია იმის შესახებ, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი არც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, არც ოპოზიციას. თავად ბრძანეთ, რომ ასეთი ამომრჩეველია 65%. აღარ გამოდის ამ ხალხის დაძვრა, სახლიდან გამოყვანა?
– ცხოვრებისეული სიტუაცია გამოიყვანს მაგ ხალხს, თუ თეთრ ცხენზე ამხედრებული გმირი არ გამოჩნდა, თავიანთი წიაღიდან აირჩევენ ადამიანს, რომელსაც გაჰყვებიან. ამ 65%–მა უნდა შეიგნოს, რომ ცხოვრობენ მონებივით. სახელმწიფო სამსახურია, ბიზნესის კეთებაა, ტენდერებია თუ სხვა, რაც არის მატერიალური სიკეთე, მარტო „ოცნებას“, „ნაცმოძრობას“ და მაგათ მხარდამჭერებს აქვთ, იმ 35%–ს, რომლებიც ყველა არჩევნებზე დადიან. ზოგს ბევრი აქვს ხეირი, ზოგს ცოტა, მაგრამ მაინც აქვთ. ეგენი არიან დროების ადამიანები, თავის იმამიანად და ჩვეულებრივი მოქალაქით.
– მოკლედ, სახალხო ლიდერს უნდა ველოდოთ და არა პოლიტიკოსს?
– არა, რა პოლიტიკოსს. საზოგადოებამ ის მაინც ისწავლა, რომ თუ ნაცნობი სახეა, ის მაინც გათხვრილია. აბა, მუქთად არავის დაატარებენ ტელევიზიიდან ტელევიზიაში და არ გააპიარებენ.
– „ნაც“–„ქოცების“ შიდა დაპირისპირებას გასცდა უკვე ის ამბები, რაც ჩვენში ხდება. საზოგადოება გაიყო ევროკავშირისა და რუსეთის მომხრეებად. ევროკავშირს კარგიც ბევრი აქვს და ცუდიც, რუსეთს რა აქვს კარგი? რა შეიძლება მოგვცეს? მართლა ვინმეს სჯერა, რომ აფზახეთი და ცხინვალი შესაძლებელია მართლა დაგვიბრუნოს რუსეთმა?
– ჩემს არჩევანს გეტყვით. სხვანაირად ვერ ვახსენებ რუსეთს – „დერჟავაა“. არის საკმაოდ ისეთი, რომელსაც სხვა თუ არაფერი შეუძლია, ომი იციან, ხალხის შეხოცვა მაინც იციან ისე, რომ თვითონ ნორმალურად იყვნენ. თან იაფი მეომრებიც ჰყავთ ძალიან, ძვირი არ უჯდებათ მეომრის შენახვა. სწირავს ახლა რა, ამ ხალხს მაგათი პრეზიდენტი. არასწორი როა, რად უნდა მაგას ლაპარაკი. ყველას თავის შეგნება და გაგება აქვს. ბატონ პუტინს ესმის ისე, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატო–ს ჯარები არ უნდა განლაგდნენ. ის თავის თავს იცავს. სხვა მსოფლიო ეომება მას, რადგან ხედავს აგრესორია სერიოზული, რასაც უნდა და როცა უნდა, იმას აკეთებს. ნაკლები აგრესორი არც ამერიკაა. ვიეტნამის ომიდან რომ დავიწყოთ მარტო, რა უნდოდათ ვიეტნამელებისგან, ნაციას სპობდნენ. დანარჩენს, რომელ ქვეყნებში ჰქონდათ უსამართლო ომი ამერიკელებს, აღარ გავგრძელებ, ყველამ იცის. ორი ტიტანი დაეჯახა ერთმანეთს. ჩვენ რაღაც ჭკვიანური უნდა გავაკეთოთ. რუსებს არ უნდა ვეძახოთ საზიზღრები და ეგეთები. ხომ გახსოვთ,ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა, ფეკალურ მასებსაც იყიდიან რუსებიო და მერე რა გაგვიკეთეს? ქართული პროდუქციის შეტანა აკრძალეს რუსეთში და კახელმა გლეხმა წააგო და იზარალა, რომელსაც ღვინო გაჰქონდა. ვერც ყურძენი ჩააბარა და ვეღარც ღვინო გაიტანა. რუსეთში ღვინო კი არ უკვირთ, სავსეა ფრანგული, იტალიური, ესპანური, არგენტინული, ჩილეს ღვინოებით და ახალი რუსები მაგას ეტანებიან. მაგრამ რაღაცნაირად გამჯდარი აქვთ ძველი მენტალობის რუსებს, რომ ქართული ღვინო რაღაც სხვანაირია, კარგია. რუსეთს უნდა ვუყუროთ ისე, რაში გამოგვადგება. რუსული ბაზარი რომ გამოგვდგება, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. მთელი მსოფლიო მაგაზე ჭიდაობს, რომ რუსული ბაზარი „დაითრიოს“. მაინც და მაინც თავზე ვაზელინს ნუ წაისმევ და ნუ შეუძვრები, რა. ისეთი რაღაცები გააკეთე, რომელიც შენ ერსა და ქვეყანას გამოადგება. თუ დათვია და… დათვის მოთვინიერება კიდე ძალიან ძნელია, თუ მოახერხე და მოათვინიერე, მაგას არაფერი სჯობს, მერე კანფეტს და შაქრის ნატეხს გადაუგდებ და რასაც გინდა, იმას გააკეთებინებ. დღევანდელი რუსეთი ცოტა სხვანაირად განვითარდა, ეს ახალგაზრდები განვითარდნენ სხვანაირად. ახალგაზრდებს არ უნდათ ომი და ზოგი სად გაიქცა და ზოგი–სად. საქართველოშიც ბევრი ჩამოვიდა და ფიქრობს, რა ბედნიერება აქ ცხოვრებაო. ჩვენ რუსეთის ბაზარი, რუსეთთან სავაჭრო კავშირები გვინდა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას წაადგება. მაგ თვალსაზრისით გვჭირდება რუსეთი, თორემ ენის მოჩლექით ლაპარაკი არავისთან არ არის სწორი. ამერიკა, ხომ ხედავთ არა, უკრაინის პირით გვთხოვს, რომ ახლი ფრონტი გავუხსნათ რუსეთს. წარმოიდგინეთ ახლა, ეს მართლა რომ მოხდეს, რა უბედურებაში აღმოვჩნდებით. არ ვიცი, ირაკლი ღარიბაშვილის მოფიქრებულია, ბიძინას მოფიქრებულია, დადგმული სპექტაკლია თუ რა არის, მაგრამ ფაქტი ერთია –ღარიბაშვილმა გააჟღერა პირველად, რომ აქ ომი არ იქნება და თუ დესტაბილიზაცია შეიძლება მოჰყვეს ამ პოლიტიკას, ამაზე პასუხს ვაგებთ ყველანი. მაგაში ღარიბაშვილს მთელი საქართველო დაუდგება.
კომენტარები