ჟურნალისტი, თამო კეშელავა:
დანაშაულის ქრონიკა
1.
უკვე რამდენიმე წელია, მოსახლეობა აფრთხილებდა ხელისუფლებას, ვიდეოები არსებობს, წერილები, სადაც ეუბნებიან, რომ ასეთი მიდგომით შოვი აღარ იარსებებს მალე. წერილებში ვკითხულობთ, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს მიიღეს ხელისუფლებისგან დაპირება დახმარების, მაგრამ ისევ მოატყუეს.
2.
გარემოს დაცვის სააგენტომ ბრძანა, რომ 2 მყინვარი ინტენსიურად დნებოდაო და ამას დაემთხვა წვიმაო – არა, წვიმა არ მოდის დამთხვევით, 21–ე საუკუნეაო, წვიმა რომ უნდა მოვიდეს, ეგაც თუ არ იცით, რისთვის სხედხართ, ბოდიში, რისთვის ყრიხართ მანდ? წვიმა როგორ დაემთხვევა რამეს?
შემდეგ ბრძანეს, ასეთი მასშტაბის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელიაო – თუ ასეთი მაშტაბის პროგნოზირება შეუძლებელია, რაც ტყუილია – თუ წვიმაც დამთხვევით მოდის და ვერც ეგ იცით – რისთვის ყრიხართ მანდ? რისთვის გიხდით ხელფასს?
დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე – იყო თუ არა ადრეული შეტყობინებების სისტემები დაყენებული, რომლის მიხედვითაც, ამ ზომის კი არა, ნებისმიერი ზომის მეწყერზე იღებ შეტყობინებას – თუ არ იყო, რატომ არ იყო და თუ იყო, რატომ არ იმუშავა?
დღემდე არ გვაქვს პასუხი, 2 დღე რომ მდინარეში წყალი არ იყო, 2 დღე, ანუ, 48 საათი რომ აფრთხილებდა მოსახლეობა და რად უნდა მოსახლეობა, სოფლის რწმუნებული რას აკეთებს, სად იყვნენ? – ა, დრონი არ აქვთ, ვერტმფრენი არ არის და ასვლა დაეზარათ? უი, რაჭაში ყოველ წელს ეგეთი ღვარცოფია და მოსახლეობა თავადაც უმკლავდება? აბა? 15 წუთით ადრე რომ გაეფრთხილებიათ მოსახლეობა, 15 წუთით ადრე, რამდენ სიცოცხლეს გადაარჩენდნენ? ყველას, თუ 80 პროცენტს? ნაკლებს? რამდენს?
3.
მოსახლეობა ამბობს, რომ საფრთხეზე ხელისუფლებას დილიდან აფრთხილებდა, თუმცა, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დაახლოებით, 3 საათისთვის გაიგეს მეწყერზე, მართალია, მთივლიშვილმა, 3 საათიც კი არ იყო, რომ გაავრცელა ამბავი და ამის გამო, დიდი გულისწყრომა დაიმსახურა, რომ გაბედა და გაგვაგებინა ხალხს, მაგრამ, კარგი, ავიღოთ საორიენტაციოდ, 3 საათი და დაიმახსოვრეთ ეს დრო. ამ პუნქტში კი, ხელისუფლებამ რომ შეიტყო მომხდარზე და ერთი განცხადებაც კი არ გააკეთა, არც გააფრთხილება სცადა, არც დამშვიდება ადამიანების და არც ის თქვა, რას გეგმავდა – ეგაც დანაშაულია.
4.
კარგი, იყოს 3 საათი.
7 ის წუთებზე, ანუ, სამი საათის მერე, ონის მერი ამბობს:
“მეც სამაშველო სამსახურთან ერთად ვიმყოფები და მათთან ერთად მივემართები ადგილისკენ” – მან თქვა, რომ რადგან ხიდი და გზა არ არის, ელოდებიან ვერტმფრენს, რომ მოხერხდეს სამაშველოს ცოცხალი ძალის გადაყვანა სტიქიის ზონისკენ.
ანუ, 3 საათზე მეტი ხანი, ადგილზე არავინ მისულა, ვერავინ. მაშველებიც ვერ გადაიყვანეს 3 საათზე მეტი ხანი ადგილამდე.
მართალია, მერე აწერინეს მომხრეებს, რომ აი, რა საჭირო იყო, თურმე, ვერტმფრენი, ურცხავდ იმეორეს, რომ არაფერში სჭირდებოდათ მეზობელების დახმარება, მაგრამ 3 საათზე მეტი გავიდა და არავინ იყო მისული ადგილზე.
გუბერნატორის მოადგილე, ასევე 7–ის წუთებზე, ამბობს, რომ მაშველებთან ერთადაა: “გაჩერებული ვართ რაღაც ეტაპზე, იმიტომ, რომ ხიდი არის წაღებული, შესაბამისად, წინ ვეღარ გადავადგილდებით.”
შესაბამისად, ვერ გადავადგილდებითო, ხალხო, შესაბამისადო.
გუბერნატორის მოადგილეც და ონის მერიც, ორივენი ამბობენ, რომ მხოლოდ ვერტმფრენს შეუძლია მათი ადგილზე გადაყვანა.
7–ის ნახევარზე, შსს აქვეყნებს ფოტოს და წერს: – “ვერტმფრენი რაჭაშია” და არის კომენტარებში ჭყლოპინი და მოწონება და ტაშის კვრა. ოღონდ, ვერტმფრენი ამ დროს ჯერ კიდევ არ არის შოვში, რაჭაშია…
3,5 საათი ადგილზე სახელმწიფო არ მისულა!
არ შეეძლო მისვლა? ვერმფრენებს, რაც ჰყავთ იმას, 3,5 საათი სჭირდებოდა? – არა, არ სჭირდებოდა. არ იყო მზად ვერტმფრენი? შესაკეთებელი იყო? რამე სჭირდა? ღებავდნენ? გვიან გაიცა ბრძანება? ვინმეს ეძინა? ვინმე ქეიფობდა და ვერ იპოვეს? ვინმე ზარს არ პასუხობდა? და 3,5 საათში რომ ვერტმფრენი მხოლოდ რაჭაში იყო, დრო არ უნდოდა შოვამდე? მერე მაშველების გადაყვანას არ უნდოდა დრო? პრაქტიკულად, სრული 4 საათი დაიკარგა, ისიც იმის გათვალისწინებით, რა დროსაც თავად ხელისუფლება ამბობს. მაშველების გარეშე 4 საათი, ხალხო! რამდენი სიცოცხლე გადარჩებოდა 4 საათში? ის ბიჭი, მეწყრიდან გამოსული, უკან რომ მიბრუნდა ადამიანების გადასარჩენად და ვეღარ გამოაღწია და დაიღუპა, როგორ გგონიათ, რატომ მიბრუნდა? იმიტომ ხომ არა, რომ ცოცხალ ადამიანებს ხედავდა მეწყერში ჩასამარხად განწირულებს? გვექნება ამაზე პასუხი? – მეეჭვება, რადგან თბილისში წყალდიდობის დროს, 2 და რომ ელოდა ვერტმფრენს სახურავზე, რომ ატყუებდნენ მალე მოვალთო და დაახრჩვეს, კი, დაახრჩვეს, სხვა არაფერი ერქვა ამას – პასუხი არ მოვთხოვეთ და შერჩათ.
5.
6–ის 17 წუთზე, ვესაუბრეთ შოვის გადარჩენილ მაცხოვრებელს, რომელმაც გვითხრა, რომ ესმის ხმები დამეწყრილი ზონიდან, მაგრამ ვერ უახლოვდებიან, ადგილზე არ იყო სამაშველო და ეგ ზემოთაც გითხარით, რა დროის მერე ჩავიდნენ. რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა იმ 4 საათში? ყველას? ნაწილის? რა ნაწილის? რომელიმე ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა და გარდაცვალების დრო ვიცით? რამდენი დაიღუპა 6 საათზე, მაგალითად? უი, მაგას ვერ კი არადა, არ ადგენთ, ოკ, რამდენი ებრძოდა სტიქიას? რამდენს აქვს სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებები? რამდენი არ გარდაცვლილა მყისიერად და გაატარა რამდენიმე საათი მიწაში ლოდინში? – არც ამ კითხვაზეა პასუხი და ხომ იცით, არც იქნება, რადგან 12 წლის გოგოს ცხედრიდან აღებული მტკიცებულება რომ გააფუჭეს, ჩვენ გავჩუმდით.
6.
ავიდნენ 4 საათის, მინიმუმ, დაგვიანებით, შოვში დასხდნენ პრაქტიკულად 7 საათზე და 8–ზე დაღამდაო, თქვეს და წამოვიდნენ უკან. 152 ადამიანი დატოვეს ტყეში. პრაქტიკულად, შეწყდა სამაშველო სამუშაოები და თუ კიდევ ჰქონდა ვინმეს შანსი – საბოლოოდ განულდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე კარგად იცოდნენ, რა დახვდათ, ისევ არ ითხოვეს დახმარება.
7.
4 საათის თუ რამდენიმე წლის დაგვიანებით რომ ავიდნენ შოვში, ხომ კარგად ნახეს რა დახვდათ? მერე კიდევ მთელი ღამე რომ დაკარგეს, ხომ იცოდნენ, რაც დახვდებოდათ დილით? ურცხვად როგორ აიმედებდნენ ოჯახებს, იქნება, გადარჩენილი იყოსო? რა პროტოკოლით მოქმედებდნენ? სად წაუკითხავთ, მეწყერში ჩატოვო ადამიანი 24 საათი ჩამარხული და ცოცხალი დაგხვდეს? ტყე ხომ იმ ღამესვე მოიარეს?
8.
ჩამოიყვანეს გადარჩენილები და სახლებში დაარიგეს, არც ნევროლოგს გაუსინჯავს, არც ფსიქოლოგს – პრემიერმა განაცხადა, ყველა ჯანმრთელიაო. ტლუ რომ გეყოლება პრემიერად… რა იცის, რომ ყველა ჯანმრთელია? საათობით რომ გესმის ადამიანების ხმა და ვერ ეხმარები, მთელ ღამეს რომ ტყეში ატარებ, გაყინული, ოჯახის წევრები რომ შენ თვალწინ ჩაიმარხნენ – რა იცის პრემიერმა ეს ხალხი, ჯანმრთელია, თუ არა? თავი არ ჰქონდათ გატეხილი? იქნება, კი ჰქონდა ვინმეს თავი გატეხილი და წელამდე დამეწყრილიდან ვერ გამოდიოდა, ვინ იცის, იმ 4 საათში ვინ შეამოწმდა? ღია დაზიანებები ვისაც ჰქონდა, ვერ გადაარჩინეთ იქნება? ვინმემ იცის ეს? და ვინ იცის, ამ ნერვიულობამ რა პრობლემები მოუტანა ამ ადამიანებს? ნევროლოგს მაინც როგორ არ გაასინჯეთ?
9.
ხელისუფლება ჯიუტად არ დებდა გადარჩენილთა სიას, არც ახლა დებს, ეს სია რომ დადებულიყო და განახლებულიყო, არ იქნებოდა ადგილი არც ერთი ინტერპრეტაციისთვის, არც ერთი ფეიკისთვის. იქნებ, სწორედ ამიტომ არ დაიდო ეგ სია? გადარჩენილთა სია არ დევს და უცებ ვიღაცა წერს, კარგი ამბავია სტიქიის ზონიდან და ამ დროს, ზუსტად რომ ვიცით, რა დახვდათ და რა ნახეს შოვში და გასუსულები რომ სხედან! არაა ეს მანიპულაცია და ხალხის ბრაზის ჩახშობის მცდელობა? დაწყვეტილი აქვს ხალხს ნერვი და ეს პროსახელისუფლებო ტიპები წერდნენ, ჩვენ არ დავემორჩილებით ბულინგს, ჩვენ გვიხარია გადარჩენილები, აი, კიდევ ერთი, მერე რა, რომ ტყუილია, მოდი გავიხაროთ და დღეს მეტზე არაფერზე ვიფიქროთ. ამაზრზენია ეგ და ყველაზე ბოროტი და მავნებლური მანიპულაცია. და კიდევ, რას ნიშნავს, გადარჩენილებით არ ვხარობთ? ვინ არ ხარობს? და ეს ხელს მიშლის გლოვაში? ან იმაში, რომ ვეცადო, ყველაფერი გავაკეთო, ხელისუფლება ვაიძულო, რომ სხვა დროსაც ამდენი საათის დაგვიანებით არ მივიდეს ხალხთან და სხვა ადამიანების დახოცვასაც მოვაწერო ხელი? მივიდე გადარჩენილ მარიტასთან და ვუთხრა, კი, ცუდია, რომ შენი და და ძმა, დეიდა და 2 დეიდაშვილი, ბიძაშვილი და მისი 3 შვილი, არ ვიცით სადაა, მაგრამ ბედნიერი უნდა იყო მარიტა შენ ახლა და დღესვე, რომ გადარჩი? ეს უნდათ? დღესვე უნდა იყოს მარიტა ბედნიერი? თუ ჩუმად უნდა იყოს? იმიტომ რომ გლოვას სიჩუმე უხდება? არაფერი არ უხდება გლოვას, ჯერ ერთი, სიკვდილს არ უხდება არაფერი და მეორე – როდის ვიცოდით უხმო დატირება? სწორედ ეს მარიტა ითხოვდა ხელისუფლებისგან წლობით დახმარებას და ახლა გაჩუმდეს, იმიტომ რომ მის ახლობლებს თქვენ უკეთ გლოვობთ?
და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი, სად არის დაკარგულთა სია? ამბობენ, რომ 30–მდე ადამიანია დაკარგული, რატომ არ დევს არსად დაკარგულთა სია? იქნებ, იმიტომ რომ რამდენი ოჯახი ვერ იპოვის იქ თავისი ახლობლის გვარს, მედიას გვეტყვის, ან სოციალურ ქსელში დაწერს? რამდენია რეალურად დაკარგული? იქნებ, მეტი და იქნებ, ნაკლები?
10.
კიდევ ერთი ამაზრზენი ქცევა, სახელისუფლებო მედიის წარმომადგენელმა დაიწყო გარჩევა დაღუპულთა პოლიტიკური გემოვნების და მერე ააყოლეს კომენტარები, რომ აი, ვიღაცა, ვინც დაიღუპა, თურმე, არ იყო ხელისუფლების მომხრე და ამიტომ დასაჯა ბუნებამ. ეს უკვე მანიპულაციაც აღარაა, ადამიანთა უფლებების დარღვევაა, მიცვალებულთა და ცოცხლების შეურაცხყოფაა, ეს იმაზე უარესია, შარდი რომ დაალევინეს კაცს, იმაზე უარესია, ღარიბაშვილს რომ უხაროდა, ისე შევაშინეთ ის ბავშვი, ვინც ივანიშვილებს აგინა, სკოლაში ჩაფსმული ივლისო…
ოღონდ ის არ ვიკითხოთ, რატომ არ გვყავს ვერტმფრენები, რატომ არ გვაქვს ადრეული შეყობინების მოწყობილობები მდინარეებზე, რატომ არ გადაიყვანეს მაშველები 4 საათი, რატომ არ ვითხოვეთ დახმარება, სად არის გადარჩენილთა სია, სად არის დაკარგულთა ოფიციალური სია, ცხედრებიდან, რამდენი დაიღუპა მყისიერად და რამდენი ებრძოდა მიწას საათობით, ოღონდ, ის არ ვიკითხოთ, რამდენის გადარჩენა შეიძლებოდა, ოღონდ, არ ვაიძულოთ ეს ტლუ და უსინდისო მთავრობა რამე ხალხისთვისაც გააკეთოს ზოგჯერ და სხვა ადამიანების სიცოცხლე მაინც არ დავიცვათ და გარდაცვლილების პოსტებს დაათრევენ და ამან ხელისუფლებაზე ფია თქვა და ბუნებამ დასაჯარო წერენ.
11.
დახმარება არ გვჭირდებაო, იმიტომ რომ ვეღარაფერს ვუშველითო, თქვა ერთმა მაღალჩინოსანმა და სანამ შველა შეიძლებოდა? და ან მართლა გგონიათ, რომ ცხედრების პოვნა არაა საჩქარო? ადამიანები რომ ელოდებიან საკუთარ ახლობლებს, გვამებიც არ უნდა ვაღირსოთ?
ის კორპუსებზე გაცემული ნებართვებიც უკონტროლობაა, კი.
ბუნებაო, ისე იტყვიან ხოლმე, თითქოს, შუაგულ თბილისში, აუზში ბავშვი ბუნებამ მოკლა.
ბუნება – კარგი მიზეზი იპოვეს ბოლო დროს.
ბუნებას სჭირდება კონტროლი და მონიტორინგი.
კი, მთებშიც აშენებენ სახლებს და ცხოვრობენ, რა ვქნათ, იმის გამო, რომ მხოლოდ თქვენი საათებისთვის და კაბებისთვის გემეტებათ ფული, მთები დავცალოთ და აღარავინ იცხოვროს მთაში?
ადრე, ხევისბერები ჰყავდათ, ის იყო ადრე პასუხისმგებელი მდინარეებზე, ბუნებაზე, 2 დღე გველაპარაკა ბუნება, 48 საათი გვაფრთხილებდა, მაგრა არავინ დაინახა, რას დაინახავდნენ, წლებია ჯებირს პირდებოდნენ და ისიც არ გააკეთეს… ხოდა, ადგებოდა ის ხევისბერი და რომ დაინახავდა მდინარე 2 დღე დაშრა, მთებსაც დაათვალიერებდა, მყინვარებსაც და ხალხსაც გაიყვანდა. არ გაიყვანდა და მისი პასუხისმგებლობა იქნებოდა.
ახლა კი, მხოლოდ ბუნებაა პასუხისმგებელი, შიგადაშიგ ღმერთი, იშვიათად რუსეთი და ასე…
ყველა, ხევისბერის, კი არადა, მთავრობის გარდა.
და თუ არაფერი შეიცვლება, ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს კი არა, ეს ჟურნალი იქნება, კინო წინ გველის და სამწუხაროდ, არავის გაგვეღიმება…
სამაგიეროდ, იმ დროისთვის, იქნებ ჩუმი გლოვაც გვასწავლონ…”
კომენტარები