შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. დაკარგულ მოქალაქეებს ეძებენ მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტშიც.
დღეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ გლოლაში ჩავლენ და მოსახლეობას შეხვდებიან.
“ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 26 მოქალაქე არის გარდაცვლილი, 23 მოქალაქე არის იდენტიფიცირებული ხოლო 7 მოქალაქის ძიება, სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ გლოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გავმართავთ. სააგენტოს წარმომადგენლები ისაუბრებენ იმ გარემოებებზე, რამ გამოიწვია აღნიშნული სტიქია, ასევე იმაზე, თუ რა გააკეთეს, რაზე იმუშავეს, რა ეტაპზე არიან, გასცემენ ყველა კითხვაზე პასუხს, რაც იქნება ადგილობრივი მოსახლეობისგან დასმული”, – თქვა ონის მერმა, სერგო ხიდეშელი.
შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 23 იდენტიფიცირებულია. ეძებენ მინიმუმ 7 ადამიანს. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.
კომენტარები