რუსული „კაგებეს“ პოლკოვნიკი, ქვეყნის მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძისა და ამჟამად მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი ელდარ გოგოლაძე 2020 წლის გადამწყვეტი არჩევნების წინ სკანდალურ აღსარებას აბარებს ყოფილ შეფზე. ინტერვიუს ბოლოს, თავად აცხადებს, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ მას საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი თანამშრომლის, ფრედი ვუდროფის მკვლელობას ამოუტივტივებენ, მაგრამ არ ეშინია, რადგან ფრედი მისი მეგობარი იყო. არადა, შტატების ფედერალური ბიუროს მიერ, გაზეთისთვის – „24 საათი“ – გამოგზავნილი საქმის მასალები სულ სხვა რამეს ამბობენ.
1993 წელს, გუდაურის გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცსს; CIA) აგენტი საქართველოში ელდარ გოგოლაძის მანქანაში მოკლეს. გოგოლაძემ ის გუდაურიდან თბილისში თავად ჩამოიყვანა…. ამის შემდეგ გოგოლაძე 1995 წლის 29 აგვისტოს ედუარდ შევარდნაძის ტერაქტის საქმეშიც იყო ფიგურანტი. ექსპრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის გამო კი, ოფიციალურად უშიშროების მაშინდელი შეფი, ამ დრომდე რუსეთში გადახვეწილი იგორ გიორგაძეა ბრალდებული.
ძებნილი იგორ გიორგაძის სახელი და ფარული ჩანაწერები ისევ გააქტიურდა 2020 წლის არჩევნების წინ, ელდარ გოგოილაძე კი ორივე გახმაურებულ საქმეს დაუძვრა და დღემდე ხელშეუხებელია.
1993 წელი. სამეგრელო აჯანყებულია – ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეები იქ იარაღს აჟღარუნებენ. გუდაური – ნასვამი ელდარ გოგოლაძე, მის მანქანაში მოკლული ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტი, აფხაზეთის ომიდან ჩამოტანილი „კალაშნიკოვი“, სიცრუის დეტექტორი, ამერიკელების ეჭვი და დღემდე ბურუსით მოცული ვუდროფის საქმე. – მაშ ასე „2020NEWS“ გთავაზობთ 2004 წელს, გაზეთ “24 საათში“ გამოქვეყნებულ სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების ნაწილს.
ვუდროფის საქმე
10 წლის წინათ ნატახტარ-თბილისის ავტომაგისტრალზე გასროლილმა ტყვიამ, რომელსაც ქართველმა სამართალდამცველებმა ბრმა უწოდეს, დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს უახლეს ისტორიაზე. ამ ტყვიით შუბლგახვრეტილი ამერიკელი თვით ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა ისე წაასვენა საქართველოდან, რომ საპატიო ყარაულმა არც კი იცოდა, ვინ ესვენა ამერიკის დროშაგადაფარებულ კუბოში.
ამერიკელის მკვლელობა ქართველმა სამართალდამცველებმა მკვლელობის ღამესვე გახსნეს და მკვლელიც ადვილად დაიჭირეს. სამაგიეროდ, ამერიკული სპეცსამსახურები მკვლელობის გარემოებებს კიდევ ოთხი წლის მანძილზე იძიებდნენ და ამ გამოძიებაზე რამდენიმე მილიონი ამერიკული დოლარიც დაიხარჯა.
რატომ შეიტანეს ეჭვი ამერიკელებმა ქართველი კოლეგების სამართლიანობაში? ამდენი წლის წინანდელ საიდუმლოს სულ ახლახან აეხადა ფარდა – FBI-მ ოთხწლიანი გამოძიების მასალებს გრიფი “საიდუმლო” მოხსნა. როგორც ამ მასალებიდან ირკვევა, ეჭვის საფუძველს ამერიკელებს ბევრი რამ აძლევდა.
თუმცა, საქართველოს დედაქალაქთან მომხდარი მკვლელობა თავიდანვე საეჭვო იყო. პირველ რიგში კი იმიტომ, რომ თბილისის შემოგარენში, სოფელ ნატახტრის საგუშაგოს მახლობლად მოძრავ მანქანაში მოკლული, 45 წლის ამერიკელი ფრედ რასელ ვუდროფი, რომელიც, ოფიციალურად, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური განყოფილების რეგიონულ ურთიერთობათა სექტორის თანამშრომლის სტატუსს ატარებდა, სინამდვილეში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (იგივე CIA-ის, გნებავთ ЦРУ-ს) მიერ სტრატეგიული ინტერესის ობიექტ ქვეყანაში – საქართველოში შემოგზავნილი ერთ-ერთი პირველი აგენტი გახლდათ. მანქანას კი, რომელშიც CIA-ის მიერ საქართველოში ფარული მიზნებით წარგზავნილმა hპოვა აღსასრული, მართავდა საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის (ასე ერქვა მაშინ უშიშროების სამინისტროს) სამთავრობო დაცვის სამმართველოს უფროსი, შესაბამისად, სახელმწიფო მეთაურის ედუარდ შევარდნაძის პირადი დაცვის უფროსის სტატუსის მატარებელი ელდარ გოგოლაძე.
სხვათა შორის, თბილისი-ნატახტრის გზაზე მომხდარი მკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ კანადურმა გაზეთმა “ტორონტო სტარმა” გამოაქვეყნა წერილი, სათაურით “აგენტის სიკვდილი დაზვერვის ეგზოტიკურ კავშირებს ავლენს”. წერილში პირდაპირ არის საუბარი იმის თაობაზე, რომ ფრედ ვუდროფი საქართველოს უმაღლესი ხელისუფლის უცხოელი მრჩეველი გახლდათ. საქართველოში მომხდართან დაკავშირებით კანადური პრესა მაშინ აღნიშნავდა, რომ ამერიკული სპეცსამსახურების ისტორიაში ეს იყო, ფაქტობრივად, პირველი შემთხვევა, როდესაც შეერთებული შტატების ხელისუფლებამ არ უარყო, რომ მოკლული დაზვერვის აგენტი იყო და უცხო ქვეყანაში სადაზვერვო სამმართველოს დავალებას ასრულებდა.
მოგვიანებით საბჭოთა უშიშროების კომიტეტის გენერალ-მაიორი ვიაჩესლავ შირონინი დაწერს წიგნს, სახელწოდებით “КГБ-ЦРУ. Секретные пружины перестройки”, რომელშიც ფრედ ვუდროფი ამერიკის პრეზიდენტის ბილ ქლინთონის საიდუმლო გეგმის ნაწილად არის მოხსენიებული. სუკ-ის გენერლის ინფორმაციით, ამ გეგმის მიზანი იყო საქართველოს ხელისუფლების სათავეში ედუარდ შევარდნაძის შენარჩუნება, გეგმის განხორციელებაში კი ჩართული იყო ცენტრალური სადაზვერვო სამსახური და სპეციალური შეიარაღებული ძალები – კომანდოსი.
პრინციპში, ეს ინფორმაცია, გარკვეულწილად, სიმართლესთან ახლოსაა, თუმცა, ერთ უზუსტობას შეიცავს: ამერიკა საქართველოთი ჯერ კიდევ ქლინთონის წინამორბედის, ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის მამის, ჯორჯ ბუშ-უფროსის პრეზიდენტობის ჟამს დაინტერესდა. ეს დაინტერესება იმდენად იგრძნობოდა, რამდენადაც 1993 წლის დასავლურ პრესაში დროდადრო ჩნდებოდა ცნობა ამ ინტერესის შესახებ. მეტიც, 10 წლის წინათ ბრიტანული გაზეთი “დეილი ტელეგრაფი” ასეთ პროგნოზსაც აკეთებდა: “საქართველო ამერიკისა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის ბრძოლის არენად შეიძლება იქცეს. კავკასია ხომ უმნიშვნელოვანესი პუნქტია, ერთი მხრით, თურქეთზე, ნატოს წევრ ქვეყანაზე, მეორე მხრით კი – ავღანეთზე, ირანსა და აზიის სხვა ქვეყნებში ისლამურ ფუნდამენტალისტებზე სამეთვალყურეოდ”.
ორი ზესახელმწიფოს სპეცსამსახურების შესაძლო ბრძოლის არენა – საქართველო – იმ დროისთვის არასტაბილურ ქვეყნად, მეტიც, მსოფლიო რუკაზე არსებულ ერთ-ერთ ცხელ წერტილად აღიქმებოდა.
საქართველო 10 წლის წინათ – (ახლა უკვე 27 წლის წინათ)
1993 წლის ზაფხული. წელიწადზე მეტია, რაც ედუარდ შევარდნაძე სამშობლოში დაბრუნდა და ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოექცა. საქართველოში ზარ-ზეიმით ჩამოყვანილი საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, საბჭოთა კავშირის დემონტაჟის თანამონაწილე და ბერლინის კედლის დამანგრეველი სამშობლოში დაბრუნებისთანავე მკვეთრ პროდასავლურ-პროამერიკულ პოლიტიკას მისდევს. ედუარდ შევარდნაძე იმ დროისთვის მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსად და სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემატიკით გადაღლილი მოსახლეობისთვის, ფაქტობრივად, დანგრეული ქვეყნის აღდგენის ერთადერთ იმედად აღიქმება. მთელი იმედები მისი მეგობრული კავშირების საქართველოს საკეთილდღეოდ გამოყენებას ემყარება. “ჩემი მეგობარი გენშერი”, “ჩემი მეგობარი ბუში”, “ჩემი მეგობარი ბეიკერი”, ხშირად იმეორებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური და მეგობრებიც დახმარების ხელს უწვდიან. ეროვნული მოძრაობიდან მოსული კადრისთვის ჩაბარებული, სახელ და სახეშეცვლილი უშიშროების კომიტეტი, იმჟამად უკვე ამერიკულ ყაიდაზე საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურად გადაკეთებული, ამერიკელ მრჩეველ-კონსულტანტთა მიღება-გასტუმრებას ვერ აუდის. აფხაზეთის ომის დაწყებასთან ერთად ეს კონტაქტები ძლიერდება. თუმცა, ომის დაწყებამ და მოვლენათა განვითარებამ საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაანახა ის, რაც, ფაქტობრივად, ისედაც არ იყო დაფარული – ამერიკას და საქართველოს ოკეანე აშორებს, მეზობელი რუსეთი კი არ თვლემს.
“90-იანი წლების დასაწყისში საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ ითვლებოდა და ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობა არც ისე ადვილი იყო, – იხსენებს საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი ირაკლი ბათიაშვილი, – გახსოვთ, მიმდინარეობდა აფხაზეთის ომი, სამეგრელოში სამოქალაქო დაპირისპირება იყო და ეს ყველაფერი რუსეთის უკიდურესი ზეწოლით მიმდინარეობდა. რუსეთი ძალზე მტკივნეულად აღიქვამდა ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესების შემოღწევას კავკასიაში. თვლიდა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე მისი გავლენის ქვეშ უნდა დარჩენილიყო. სწორედ ამ დროს დაიწყო ჩვენი აქტიური თანამშრომლობა ამერიკასთან, კერძოდ, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან. მათ დიდი წვლილი შეიტანეს უშიშროების კომიტეტის ბაზაზე საინფორმაციო–სადაზვერვო სამსახურის ჩამოყალიბებაში. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ამუშავდა ოპერატიული, საინფორმაციო–ანალიტიკური მექანიზმები. ასეთი თანამშრომლობა, ფაქტობრივად, უპრეცედენტო გახლდათ, რაც იმით დაგვირგვინდა, რომ სპეცდანიშნულების რაზმი “ომეგა” ამერიკაში საწვრთნელად გაიგზავნა. ეს ყველაფერი რუსეთს ძალიან აღიზიანებდა. არც დაუმალავს. საქართველოში მყოფმა რუსეთის უშიშროების მინისტრმა ბარანიკოვმა პირდაპირ მითხრა: “ეს აუტანელია – კავკასია ამერიკის პოლიგონად აქციეთო”. ის ამბობდა, რომ ამერიკასთან რუსეთის საწინააღმდეგოდ ვთანამშრომლობდით. რა თქმა უნდა, ეს მცდარი მოსაზრება იყო. ჩვენ ამერიკასთან ვთანამშრომლობდით ჩვენი სტრუქტურის ფორმირებისთვის, ამასთან, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნარკობიზნესი, კონტრაბანდა, ტერორიზმი.
გარდა ამისა, ამერიკელებს ჰქონდათ პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოში უნდა შექმნილიყო შავი ზღვის აუზის ქვეყნების სპეცსამსახურების რეგიონული ცენტრი. სხვათა შორის, ესეც ძალზე მტკივნეული საკითხი გახლდათ რუსეთისთვის”.
სწორედ ამერიკა-საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლობის გააქტიურებასთან დაკავშირებით 1993 წლის აგვისტოში გაზეთი “დეილი ტელეგრაფი” წერდა:
“ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კავშირი საქართველოსთან აღიზიანებს რუს ნაციონალისტებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლასა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან კარგი ურთიერთობის დამყარებას აბრალებს ამერიკის დაზვერვას”, ამავე პერიოდში ასე აღწერდა გაზეთი “ინდეპენდენტი” საქართველოში არსებულ სიტუაციას: ”რუსეთის პერიფერიაში იზრდება ამერიკის როლი. სპეციალური ძალები საქართველოში იმყოფებიან შევარდნაძის დაცვის გასაწვრთნელად. ქართველები ამერიკის ბაზებზე სწავლობენ. აშშ–ს საელჩო განლაგებულია მე-19 საუკუნის შესანიშნავ ნაგებობაში, მაშინ, როცა რუსეთის წარმომადგენლობა კულტურის ცენტრის შენობის ფართს ინაწილებს ისრაელის საელჩოსთან, ლტოლვილთა კომიტეტთან, სავაჭრო კომპანიასთან და სამხრეთ ოსეთის თეატრთან ერთად. მაგრამ, ასეთი კონტრასტი უფრო სასურველის რეალობად გასაღების მცდელობას შეიძლება მიეწეროს, თორემ რეალურად მოქმედი ძალა კავკასიაში, ისევე როგორც ცენტრალურ აზიაში, რუსეთია.”
რუსეთი ამ ძალის დემონსტრირებას ნებისმიერ შესაფერის შემთხვევაში არ აყოვნებდა.
მოკლედ, დგას 1993 წლის ზაფხული. თითქმის ერთწლიანი სისხლისღვრის შემდეგ აფხაზეთში დროებითი ზავია გამოცხადებული – კონფლიქტის მონაწილე მხარეები ცეცხლის შეწყვეტასა და კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკის გამოყვანაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების პირობების შესრულებას თვალს ადევნებს მოლაპარაკებებში მხარედ ცნობილი რუსეთი, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ წრეებში ხშირად კონფლიქტის მონაწილე მხარედ უფრო აღიქვამენ.
საქართველომ შეთანხმება შეასრულა – ქართული მძიმე ტექნიკა აფხაზეთის ტერიტორიიდან გამოყვანილია. სროლის შეწყვეტის გამო ერთგვარმა სიმშვიდემ დაისადგურა. აფხაზეთიდან დევნილთა უზარმაზარმა ნაკადმა მშობლიურ სახლებში დაბრუნება იწყო.
სამეგრელო აჯანყებულია – ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეები იქ იარაღს აჟღარუნებენ.
საქართველოს ხელისუფლება კი ორიენტირების გასაყარზე ბალანსირების პოლიტიკის მახეში გაბმულა – გაცხადებული დასავლური ორიენტაციის საპირწონედ ხელისუფლება რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე საუბრობს. თუმცა, ბალანსი იმ დროისთვის აშკარად დარღვეულია და ეს არ გახლავთ საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნებით გაკეთებული არჩევანის შედეგი. უბრალოდ, ფინანსურად ძლიერ ოკეანისგაღმელებს სტრატეგიული ადგილმდებარეობის მქონე ქვეყანაზე გავლენის მოპოვების მეტი შესაძლებლობა აქვთ და იყენებენ კიდეც ამ შესაძლებლობას. შესაბამისად, ამერიკაში უკვე გადის წვრთნას საქართველოს საინფორმაციო–სადაზვერვო სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმი “ომეგა”.
ამასთანავე, თბილისში ხშირად ჩამოდის რუსეთის თავდაცვის მინისტრი პაველ გრაჩოვი და, როგორც ამბობენ, უკან ძვირფასეულობით უხვად დაჯილდოებული ბრუნდება – ქართველი ჩინოვნიკები მისი მოქრთამვით ცდილობენ, აფხაზ სეპარატისტებს რუსეთის მხარდაჭერა დააკარგვინონ. თუმცა, ვინ იცის, იქნებ ეს მხოლოდ ჭორია. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ პოლიტიკას აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ აშკარად დაეტყო, რომ, დასავლეთის მიმართ გაცხადებული სიმპათიის საპირისპიროდ, რუსეთის რეალური ძალის აღიარებამ მოუწია.
მიუხედავად ამისა, საქართველოს, ღიად თუ ფარულად, კვლავაც სტუმრობენ ამერიკელი ჩინოსნები.
“აშშ ამჟამად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოსა და სომხეთის სახელისუფლებო წრეებზე გავლენის გაძლიერებას. ამ მიზნით რეგიონში გზავნის ათასი ჯურის მრჩევლებსა და სპეციალისტებს. რაც შეეხება რუსეთს, აშშ ისწრაფის, კონტროლი დააწესოს მისი სტრატეგიულ–ბირთვული ძალების შემცირებისა და განადგურების საკითხზე, რომ შემდგომში, კავკასიაში ტაქტიკური პოტენციალის არსებობის პირობებში, რუსეთს საკუთარი პირობები უკარნახოს. ეს სტრატეგიული ხაზი ბუშის ადმინისტრაციამ შეიმუშავა და თავს მოახვია ქლინთონს, რადგან ამით დაინტერესებულნი არიან მსხვილი ფინანსური “ბოსები” და მათ უკან მდგომი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი”, – ასეთ ინფორმაციას, უცხოელი ინფორმატორის საშუალებით, იმ დროს ისედაც ფლობენ რუსეთის სპეცსამსახურები (“КГБ-ЦРУ. Секретные пружины перестройки”). ამას ემატება ამერიკის ხელისუფლების მხრიდან უკვე საქვეყნოდ გაკეთებული განაცხადი.
1993 წლის 11 აგვისტოს “დეილი ტელეგრაფი” წერს: ”ბოლო კვირას ბილ ქლინთონმა გააკეთა განცხადება: ის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიმდინარე ეთნიკურ კონფლიქტებში დაპირისპირებულ მხარეებს ამერიკის არბიტრობას სთავაზობს. პარასკევს კი (6 აგვისტო) გაეროს უშიშროების საბჭომ ამერიკის ეგიდით მიიღო რეზოლუცია ქართულ–აფხაზურ კონფლიქტში დამკვირვებლის გაგზავნის შესახებ”.
სიტუაცია იძაბება: ის, რაც აქამდე კონფიდენციალური წყაროებისგან მიღებული დაშიფრული ინფორმაციების დონეზე ცხადდებოდა, რეალურ საშიშროებად იქცა – ჭეშმარიტად შესაბამისი მომენტია საიმისოდ, რომ რუსეთმა ძალების დემონსტრირება მოახდინოს.
“ფრედი მოკლეს!” – გაისმა ყვირილი
იმჟამინდელ პოლიტიკურ სიტუაციაში თბილისთან ახლოს ამერიკის სპეცსამსახურის აგენტის მკვლელობა ეჭვების საფუძველს ნამდვილად იძლეოდა. შესაბამისად, საქართველოს სახელისუფლებო კულუარებში ფრედ ვუდროფის მკვლელობა იმთავითვე პოლიტიკურ აქტად მოინათლა – ავტომაგისტრალზე გასროლილი ტყვიის უკან თითქმის ყველა რუსეთის ხელს ხედავდა. მიუხედავად ამისა, ოფიციალურ დონეზე ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ სპეცაგენტის მკვლელობას პოლიტიკური სარჩული მოშორებოდა. არც იყო გასაკვირი: საქართველოში ჩამოსული ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის პირველი წარმომადგენლის ფრედ ვუდროფის სიკვდილის მონათვლა რიგითი გვარდიელის ხულიგნობის შედეგად მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევად ხელს აძლევდა ყველას, ვისაც პირადად, სამსახურებრივად თუ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეხებოდა ეს ამბავი. ყველას, გარდა თავად ამ გვარდიელისა.
სარეკორდო დროში – 3 თვეში – ჩატარებული გამოძიების დასრულების შემდეგ შექმნილ საბრალდებო დასკვნაში მკვლელობის სურათი მარტივად დაიხატა: ყაზბეგის ბუნებით აღფრთოვანებული უცხოელი იქაურობის კიდევ ერთხელ დათვალიერებაზე ოცნებობს და მეგობრებთან გასეირნების დეტალებს ათანხმებს: “როცა გაიხსნა ჩვენი ბარი, ფრედი გვესტუმრა, – მკვლელობის მეორე დღეს გამომძიებელს უამბობდა მკვლელობის ერთ-ერთი თვითმხილველი, ვუდროფის მეგობარი, იმ დროისთვის სასტუმრო “მეტეხის” “პიანო-ბარის” ბარმენი მარინა კაპანაძე, – მან თქვა, რომ გუდაურისკენ აპირებდა წასვლას. ისიც თქვა, რომ აქეთ უკვე ნამყოფი იყო, ძალიან მოეწონა და სურდა, კიდევ ერთხელ კარგად დაეთვალიერებინა ეს მხარე. მე აქეთ ნამყოფი არ ვიყავი. დავინტერესდი, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო მოგზაურობა. მან მიპასუხა, რომ მისი ახლობლის მეშვეობით. ეს იყო ელდარ გოგოლაძე. მე მას დაუსწრებლად ვიცნობდი, ვიცოდი, რომ იყო ედუარდ შევარდნაძის დაცვის უფროსი. ასეთი კაცი საიმედოდ მივიჩნიე”.
8 აგვისტოს, დილით, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის სამთავრობო დაცვის სამმართველოს უფროსის ელდარ გოგოლაძის ავტომანქანა “ნივით” გოგოლაძის დიდი ხნის ნაცნობმა ელენე დარჩიაშვილმა, სასტუმრო მეტეხის ბარმენმა მარინა კაპანაძემ და იმხანად მეტეხშივე მცხოვრებმა ფრედ ვუდროფმა უიკ-ენდზე ყაზბეგის რაიონში ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად გაისეირნეს. გზად ელდარ გოგოლაძის ყაზბეგელ მეგობარს შეუარეს და ცოტა წაიქეიფეს. თბილისში შეღამებისას ბრუნდებოდნენ.
“ალკოჰოლური სასამელი არ დაგვილევია, – აჩვენა ელდარ გოგოლაძემ საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურში, მკვლელობის მეორე დღეს მიცემულ ახსნა-განმარტებაში, – მანქანას მე ვმართავდი. ჩემს გვერდით იჯდა ელენე, ჩემს უკან, მგონი, მარინა კაპანაძე, ხოლო უკან, მარჯვნივ, – ფრედ ვუდროფი. ბუნების დათვალიერების მიზნით გზაში რამდენჯერმე გავჩერდით. ფრედ ვუდროფს ჰქონდა ფოტოაპარატი და სურათებს იღებდა. ჩვენ გავჩერდით ჯვრის უღელტეხილზე, მერე გუდაურში – გადმოსახედზე და წამოვედით თბილისისკენ. ნელა მოვდიოდით. ჩემს მგზავრებს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონიათ. მე მქონდა ტაბელური პისტოლეტი, ავსტრიული “გლოკი” 9 მმ. გამოვცდით სოფელ ნატახტარს და სანამ ნატახტრის საგუშაგოს მივუახლოვდებოდით, ღერძულა ხაზიდან ჩემგან მარჯვნივ, დაახლოებით 8 თუ 10 მეტრის წინ, ფარების შუქზე შევნიშნე სამხედრო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე კაცი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტომატით იყო შეიარაღებული. მათ ჩემთვის არ მოუციათ რაიმე ნიშანი გასაჩერებლად. როდესაც მათ გავუსწორდით თუ ჩავუარეთ, სროლის ყრუ ხმა გავიგონე. მარინა კაპანაძემ დაიწყო წივილ-კივილი”.
თავად მარინა კაპანაძე მომხდარს ასე იხსენებს: ”გზასთან ახლოს დავინახე მამაკაცთა ჯგუფი. თვალში მომხვდა შუაში მდგომი პიროვნება, რომელსაც ჩვენკენ მომართული ავტომატი ეჭირა ხელში. გულში რაღაცამ ცუდად გამკრა და შემეშინდა. ავტომატიან ფიგურას ზოლებიანი მაისური “ტელნიაშკა” ეცვა. თვალში მომხვდა შიშველი მხარი, მაისური იყო, უსახელოებო. თვალი მივადევნე, რამდენადაც შესაძლებელი იყო, რადგან შემეშინდა. მომენტალურად გაისმა სროლის ხმა. ეს იყო ერთხელ. ისინი სიბნელეში დარჩნენ. ვერც კი გავიაზრეთ, რა მოხდა. მინა არ გატეხილა. ყველა ერთმანეთს გამოვეხმაურეთ. ფრედი ჩუმად იჯდა. რაღაცნაირად კი შეინძრა. მეგონა, გვეხუმრებოდა, თითქოს მოახვედრესო, რადგან ხუმარა კაცი იყო”.
ფრედ ვუდროფი არ ხუმრობდა – გვერდით მჯდომი ქალბატონი მალე მიხვდა, რომ მას შუბლზე სისხლი ჩამოსდიოდა. მან გენერალური პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელს დაკითხვისას უამბო:
“გააჩერე, გააჩერე, ფრედი მოკლეს-მეთქი, ვიყვირე. ელდარი უცებ აზრზე ვერ მოვიდა. გააჩერე, მოხვდა, – ავტეხე ყვირილი. ელდარმა მანქანა გააჩერა. მე გადმოვედი. სისხლის ტბა იდგა. ფრედი გადმოცურდა და უკანა სავარძელზე წაიქცა. მე ერთიანად სისხლში ვიყავი მოსვრილი. უკან ვეღარ დავჯექი. წინ დავჯექი. ეს რა დაგვემართა, ფრედი, – ტიროდა ელდარი… ათის თხუთმეტი წუთი იყო”.
საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის სამთავრობო დაცვის სამმართველოს უფროსს ელდარ გოგოლაძეს, რომელიც უკვე რამდენიმე ასეული მეტრით იყო დაშორებული გზაზე დამხვდური სამხედრო ფორმიანებისგან, უკან დაბრუნება არც უცდია. მან სიჩქარეს უმატა და მცხეთამდე ერთადერთხელ გაჩერდა. გაჩერების მიზეზს თავად ასე იხსენებდა: ”მანქანა მივიყვანე ნატახტრის ძველ პოსტამდე და იქ მილიციის ფორმიან ხალხს ვუთხარი, რომ მანქანაში დაჭრილი კაცი მყავდა, გვესროლეს მათ ჯიხურამდე 100-200 მეტრის მოშორებით. მილიციის მუშაკებმა განმიცხადეს, რომ მათ არ გაუგონიათ სროლის ხმა”.
ეს იყო და ეს. მილიციელებისთვის არავის დაუვალებია იმ ხალხის მოძებნა, რომლებმაც რამდენიმე წამის წინ ამერიკელ დიპლომატს ესროლეს. არც მათ გამოუჩენიათ ინიციატივა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, როცა მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში მიიყვანეს, ფრედ ვუდროფს პულსი ჯერ კიდევ ესინჯებოდა. მაგრამ, რადგან საავადმყოფოში დენი არ იყო და ავადმყოფებს არ იღებდნენ, ელდარ გოგოლაძე თბილისისკენ წამოვიდა. გზაში მან რაციით შეიტყო, რომ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე ალადაშვილის სახელობის პირველ კლინიკაში დენი იყო. თუმცა, საავადმყოფოში მიყვანილი ვუდროფი გარდაცვლილი აღმოჩნდა.
“საავადმყოფოში დაახლოებით ერთი საათი დავყავით”, – განაცხადა ელდარ გოგოლაძემ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რამდენიმესაათიანმა დაგვიანებამ შედეგი ვერ შეცვალა. სპეციალური შეტყობინებით გამოძახებული სახელმწიფო მეთაურის პირადი დაცვისა და საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად შემთხვევის ადგილზე გასულმა ელდარ გოგოლაძემ ნატახტრის საგუშაგოსთან ერთი ავტომატის მქონე სამი ნასვამი სამხედროფორმიანი დააკავა. ამ სამეულიდან ერთ-ერთი დღესაც იხდის სასჯელს ძალზე მძიმე დანაშაულის – ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) თანამშრომლის ფრედ რასელ ვუდროფის განზრახ მკვლელობისთვის.
შემთხვევით დაკავებული სამეული
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლის სტატუსს ამოფარებული ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს აგენტი, რომელსაც საქართველოში ამერიკის პოლიტიკური პროექტების განხორციელება ევალებოდა, ვერასოდეს იფიქრებდა, თუ მისი სასიამოვნო უიკ-ენდი მცხეთა-ნატახტრის გზაზე ტრაგიკულად დასრულდებოდა.
ალბათ, ვერც აფხაზეთის ომიდან რამდენიმე დღით თბილისში ჩამოსული 21 წლის გვარდიელი ანზორ შარმაიძე წარმოიდგენდა, რას უმზადებდა ბედისწერა – რომ მას გაასამართლებედნენ CIA-ს სპეციალური აგენტის, ანუ იმ ადამიანის მკვლელობისთვის, რომლის არსებობის შესახებაც ადრე არაფერი გაეგონა.
ანზორ შარმაიძე და მისი ორი მეგობარი – ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომელი გენადი ბერბიჭაშვილი და გელა ბედოიძე სპეცსამსახურის თანამშრომლებმა ვუდროფის მკვლელობის ადგილიდან სულ რაღაც ხუთასიოდე მეტრში, ნატახტრის საგუშაგოზე მდგარ ვაგონში დააკავეს. ბერბიჭაშვილს “აკს”-ის სისტემის ავტომატი ეკავა ხელში.
მოგვიანებით ანზორ შარმაიძე გამომძიებელს ეტყვის, რომ საგუშაგოსთან მდგარ ვაგონთან მისულმა პირებმა ის და მისი მეგობრები ცემა-ტყეპით ჩასვეს მანქანაში. თუმცა, პირველ ახსნა-განმარტებაში, რომელიც მას საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თბილისის განყოფილებაში ჩამოართვეს, მას ფიზიკურ შეხებაზე არაფერი უთქვამს.
ნატახტრის საგუშაგოსთან დაკავებული სამი მეგობრის მიერ მკვლელობის მეორე დღეს, 9 აგვისტოს გამომძიებელ თემურ მეტრეველისთვის ჩაბარებული ახსნა-განმარტებები, რომლებიც მათ ცალ-ცალკე ოთახებში დააწერინეს და რომლებშიც მათი 8 აგვისტოს თავგადასავალია მოთხრობილი, თითქმის, ფოტოგრაფიული სიზუსტით ემთხვევა ერთმანეთს.
8 აგვისტოს, დილით, თბილისში, კუკიის სასაფლაოზე ანზორ შარმაიძის მეგობრის, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრის საფლავზე დაწყებული ქეიფი გელა ბედოიძემ, გენადი ბერბიჭაშვილმა და შარმაიძემ, ამ უკანასკნელის წინადადებით, გადაწყვიტეს, დუშეთში, შარმაიძის ოჯახში გაეგრძელებინათ. თუმცა, მანამდე ომში დაღუპული მეგობრის ოჯახში მივიდნენ, მისი შესანდობარი შესვეს. მერე თემქაზე მეგობრებს გაუარეს, ცოტა იქაც წაიქეიფეს. ერთადერთი, რაშიც სამეულის თავდაპირველი ახსნა–განმარტებები ერთმანეთისგან განსხვავდება, თბილისიდან დუშეთისკენ გამგზავრების დროა. ბედოიძის თქმით, “თბილისიდან რომ გავედით, უკვე დაღამებული იყო”. ბერბიჭაშვილი კი აჩვენებს, რომ მზე ჯერ არ იყო ჩასული.
დუშეთისკენ მიმავალმა მეგობრებმა გზაშიც გააგრძელეს სმა. ნატახტრის პოლიციის საგუშაგოსთან მისული სამეული უკვე კარგად შეზარხოშებული გახლდათ. საგუშაგოსთან კი იმიტომ გაჩერდნენ, რომ ბენზინი გაუთავდათ. “საგუშაგოზე პოლიციელები დაგვეხმარნენ. თბილისისკენ მიმავალი აზერბაიჯანელები გააჩერეს და ხუთი ლიტრი ბენზინი ჩაგვისხეს. იქ დაგვხვდნენ სამხედრო პოლიციელებიც, რომლებთანაც შეკამათება მოგვიხდა. მე მათ ჩემი საბუთი ვუჩვენე. ამ დროს მოვიდა სამი მანქანა, გადმოვიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცები და ცემით, ცალ–ცალკე ჩაგვსხეს მანქანებში. ჯერ მცხეთის პოლიციაში მიგვიყვანეს, მერე თბილისში წამოგვიყვანეს. გზაში გავიგე, რომ იმ ღამით საგუშაგოსთან ახლოს მოუკლავთ ვიღაც ამერიკელი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი…” – ასეთი შინაარსისა გახლდათ ანზორ შარმაიძის მიერ დაწერილი ახსნა–განმარტება, რომლისგანაც, როგორც გითხარით, თუ ცალკეულ უმნიშვნელო დეტალებს არ ჩავთვლით, გელა ბედოიძისა და გენადი ბერბიჭაშვილის ახსნა–განმარტებები არ განსხვავდება.
იმავე ღამეს საინფორმაციო–სადაზვერვო სამსახურში ახსნა–განმარტებები ჩამოართვეს ფრედ ვუდროფის მკვლელობის უშუალო თვითმხილველებს, ადამიანებს, რომლებიც ამერიკელ დიპლომატს ახლდნენ. ესენი იყვნენ ედუარდ შევარდნაძისდაცვის სამსახურის უფროსი ელდარ გოგოლაძე, მარინე კაპანაძე და ელენე დარჩიაშვილი. მათი განმარტებებიც ფოტოგრაფიული სიზუსტით ემთხვევა ერთმანეთს.
საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურისა და შევარდნაძის დაცვის თანამშრომლების მიერ მოკვლეული მასალები – დაკავებულთა და მკვლელობის თვითმხილველთა ახსნა-განმარტებები ანზორ შარმაიძის “აკს”-ის სისტემის ავტომატთან ერთად (რომელიც დაკავების მომენტში გენადი ბერბიჭაშვილს ჩამოართვეს) რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა.
იმავე დღეს, ანუ 9 აგვისტოს, გენერალურმა პროკურორმა ვახტანგ გვარამიამ პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილეს ოპერატიული მითითება მისცა: “მიუხედავად იმისა, რომ შარმაიძე არის სამხედრო მოსამსახურე, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისა და კვალიფიციური გამოძიების ჩატარების მიზნით, გავალებთ, მიიღოთ ეს საქმე წარმოებაში…” – ამ მითითებით გენერალურმა პროკურორმა ანზორ შარმაიძეს მკვლელობაში დასდო ბრალი. ეს იმ დროს, როცა ანზორ შარმაიძე ეჭვმიტანილის სტატუსითაც კი არ სარგებლობდა.
გენერალური პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილემ ოთარ ჯაფარიძემ საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მიერ მოკვლეული მასალები იმავე დღეს შეისწავლა და გენერალური პროკურორის მითითებაც დაუყოვნებლივ სისრულეში მოიყვანა: გენერალური პროკურორთან ამერიკელი დიპლომატის ფრედ ვუდროფის განზრახ მკვლელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე იშუამდგომლა. ვახტანგ გვარამიამ დააკმაყოფილა შუამდგომლობა.
გენერალური პროკურატურის მორიგი დადგენილებით, ნატახტრის საგუშაგოზე აყვანილი ანზორ შარმაიძე, გენადი ბერბიჭაშვილი და გელა ბედოიძე კი ფრედ ვუდროფის მკვლელობაში ეჭვმიტანილად გამოცხადდნენ. დაკავებულები სპეციალური ბადრაგით თბილისის პოლიციის სამმართველოს საკანში გადაიგზავნენ და ცრუ-ს მაღალჩინოსნის მკვლელობის ფაქტზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაც გაჩაღდა.
მოარული ვერსიები
ათი წლის წინანდელი საქართველოს პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, თბილისთან ახლოს, ნატახტრის გზაზე, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლის მკვლელობამ თავიდანვე ათასნაირი ეჭვი აღძრა. ვუდროფის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში ამერიკული პრესა, მართალია, ცდილობდა, მხოლოდ მკვლელობის კონსტატირება მოეხდინა, მაგრამ, თითქმის ყველა პუბლიკაციაში გამოთქმულია ეჭვი – ჟურნალისტებს ძნელად დასაჯერებლად მიაჩნდათ ის, რომ “რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე სოფლიდან მომავალ ცრუ-ს აგენტს, სადღაც საქართველოს შუაგულში, ყოველგვარი მიზეზისა და მოტივის გარეშე ესროლეს და შუბლში ჩაუსვეს ტყვია”.
თუ ზოგიერთი დასავლური გაზეთი, ქართველი სამართალდამცველების მტკიცების მიუხედავად, ვუდროფის მკვლელობას მხოლოდ ბნელით მოცულს უწოდებს და დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, “დეილი ტელეგრაფი” ვერსიების განხილვას ცდილობს და ვუდროფთან ერთად მანქანაში მსხდომებზე მიაქვს ეჭვი. როგორც ცნობილია, ყაზბეგიდან ვუდროფი შევარდნაძის დაცვის უფროსის ელდარ გოგოლაძის მანქანით მოდიოდა, მანქანას თავად გოგოლაძე მართავდა და მათ თან ორი ქალი ახლდა. ”გამოძიებასთან დაახლოებულმა წყაროებმა თქვეს, რომ გასროლა მოხდა მანქანის შიგნით. საქართველოს შს სამინისტროს ერთ–ერთმა წარმომადგენლმა ინკოგნიტოდ ისიც განაცხადა, რომ მანქანაზე ნატყვიარი არ აღინიშნებოდა. ერთ–ერთმა ოფიციალურმა პირმა დაამატა, რომ გოგოლაძე ნასვამი იყო, როსდესაც თბილისში ვუდროფის გვამით ჩამოვიდა და დაცვის უფროსმა “იცოდა, როდის უნდა დაელია”, – წერს 1993 წლის 11 აგვისტოს “დეილი ტელეგრაფი” და გამოთქვამს ვარაუდს, რომ აგენტის მკვლელობა შეიძლებოდა, ორმაგი თამაშის შედეგი ყოფილიყო.
მსგავსი ვერსიების არსებობის მიუხედავად, აშშ-ს საქართველოში აკრედიტებული მაშინდელი ელჩი კენტ ბრაუნი სპეცაგენტის მკვლელობას “ძალადობის უაზრო გამოვლინება”-ს უწოდებს. სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე კი 16 მაისს ვუდროფის ამერიკაში გადასასვენებლად თბილისის აეროპორტში ჩამოსულ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფთან ჯეიმს ვულსთან შეხვედრისას ასეთ სიტყვას წარმოთქვამს: “არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს ქვეყანაში არის თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ჩვენსა და თქვენს კოლეგაზე აღმართავდა ხელს. დიდად სამწუხაროა, რომ ტრაგიკულმა შემთხვევითობამ იმსხვერპლა ჩვენთან სამეგობროდ და დასახმარებლად ჩამოსული ადამიანი”.
ახლა ძნელი სათქმელია, სჯეროდა თუ არა მაშინ გამოძიებას, რომელიც 21 წლის გვარდიელის წინააღმდეგ ნელ-ნელა აგროვებდა ბრალეულობის დამადასტურებელ საბუთებს, რომ ნამდვილ მკვლელს მიაგნო. სამაგიეროდ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ვერსიას შემთხვევითი მკვლელობის შესახებ არ იზიარებდა მაშინდელი საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის შეფი ირაკლი ბათიაშვილი. მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ უცხოური ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ფრედ ვუდროფის მკვლელობა მან პოლიტიკურ აქტად მონათლა.
საქართველოში იმ დროს არაოფიციალურად მკვლელობის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობდნენ. ამასთან, ეს ვერსიები ხელისუფლების საკმაოდ მაღალ ეშელონებში გამოითქმოდა – საქართველოს უბრალო მოქალაქეებს იმჟამად ამ მკვლელობის მნიშვნელობა იმდენად არ გაუცნობიერებიათ, რამდენადაც ვუდროფის და, საერთოდ, ამერიკული სპეცსამსახურების საქართველოში მოღვაწეობის თემა, მაშინ, ფაქტობრივად, დახურული იყო. თუმცა, ბრმა ტყვიის შესახებ ვერსია სარწმუნოდ, თითქმის, არავის მიაჩნდა.
10 წლის წინათ გავრცელებული ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, მანქანაში მსხდომი ნასვამი ოთხეულიდან ერთ–ერთს, ქალს, ფრედ ვუდროფი იარაღის ხმარებას ასწავლიდა და “მოსწავლეს” იარაღი გაუვარდა…
მეორე ვერსიით, მეგობარი ამერიკელი სამთავრობო დაცვის უფროსის მიერ მანქანაში გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
სხვა ვერსიის თანახმად, ფრედ ვუდროფი სნაიპერმა მოკლა, მკვლელობა პრორუსულმა ძალებმა დაგეგმეს და განახორციელეს კიდეც – საქართველო-ამერიკის შორის დამყარებული ურთიერთთანამშრომლობის ჩასაშლელად.
გენერალურ პროკურატურაში მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლებისა და საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებისგან შემდგარ საგამოძიებო ჯგუფს არც ერთი ზემოთ მოყვანილი ვერსია არ უარუყვია – უბრალოდ, ეს ვერსიები არც განუხილავს. “ვერსიები იმ დროისთვის არც გვქონდა. ისეთი ნათელი იყო ყველაფერი, რომ სხვა ვერსიების ძიება არც გვიცდია”, – განაცხადა ჩვენთან საუბარში ფრედ ვუდროფის საქმის გამოძიების კურატორმა, იმ დროს საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ამჟამად საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” წევრმა ვახტანგ გვარამიამ, რომელიც კატეგორიულად უარყოფს გამოძიების პროცესზე პოლიტიკური ზეწოლის არსებობას.
მისივე თქმით, “სხვადასხვა საეჭვო ვერსია მოგვიანებით გაჩნდა და მათი ავტორი შოთა კვირაიაა. ჯერ ერთი, რომ ის სხვის წარმატებას ვერასოდეს იტანდა, მეორეც – ამ საქმის გახსნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა დავით ზეიკიძემ, რომელსაც კვირაია დაუძინებელ მტრად მიიჩნევდა. იმაზე მეტი რა გითხრათ, რომ მკვლელობის შემდეგ საქართველოში ჩამოსული ფედერალური საგამოძიებო ბიუროს უმაღლესი დონის ექსპერტები ჩვენი გამომძიებლების პროფესიონალიზმით აღფრთოვანებულები იყვნენ. მეტიც, ამერიკის მაშინდელმა ელჩმა კენტ ბრაუნმა ჩვენს პატივსაცემად მიღებაც კი მოაწყო, რომელზეც მადლობა გადაგვიხადა ამერიკის მოქალაქის მკვლელობის კვალიფიციურად და ოპერატიულად გამოძიებისთვის”.
მიუხედავად ამისა, FBI-მ ამერიკის მოქალაქის მკვლელობის გამოძიება ქართველი გამომძიებლების გარეშე გააგრძელა და გამოძიების პროცესს მათ ქართველ კოლეგებზე ბევრად მეტი დრო მოანდომეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა კი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტის მკვლელობის ძიების საქმე მართლაც გასაკვირი ოპერატიულობით დაასრულეს.
“ვერსიები იმ დროისთვის არც გვქონდა. ისეთი ნათელი იყო ყველაფერი, რომ სხვა ვერსიების ძიება არც გვიცდია”, – განაცხადა ჩვენთან საუბარში ფრედ ვუდროფის საქმის გამოძიების კურატორმა, იმ დროს საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ამჟამად საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” წევრმა ვახტანგ გვარამიამ, რომელიც კატეგორიულად უარყოფს გამოძიების პროცესზე პოლიტიკური ზეწოლის არსებობას. მისივე თქმით, “სხვადასხვა საეჭვო ვერსია მოგვიანებით გაჩნდა და მათი ავტორი შოთა კვირაიაა. ჯერ ერთი, რომ ის სხვის წარმატებას ვერასოდეს იტანდა, მეორეც – ამ საქმის გახსნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა დავით ზეიკიძემ, რომელსაც კვირაია დაუძინებელ მტრად მიიჩნევდა. იმაზე მეტი რა გითხრათ, რომ მკვლელობის შემდეგ საქართველოში ჩამოსული ფედერალური საგამოძიებო ბიუროს უმაღლესი დონის ექსპერტები ჩვენი გამომძიებლების პროფესიონალიზმით აღფრთოვანებულები იყვნენ. მეტიც, ამერიკის მაშინდელმა ელჩმა კენტ ბრაუნმა ჩვენს პატივსაცემად მიღებაც კი მოაწყო, რომელზეც მადლობა გადაგვიხადა ამერიკის მოქალაქის მკვლელობის კვალიფიციურად და ოპერატიულად გამოძიებისთვის”.
მიუხედავად ამისა, FBI-მ ამერიკის მოქალაქის მკვლელობის გამოძიება ქართველი გამომძიებლების გარეშე გააგრძელა და გამოძიების პროცესს მათ ქართველ კოლეგებზე ბევრად მეტი დრო მოანდომეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა კი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტის მკვლელობის ძიების საქმე მართლაც გასაკვირი ოპერატიულობით დაასრულეს.
სარეკორდო დროში გამოძიებული საქმე
დაკავებულები, რომლებიც თავდაპირველად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, გამოძიებას ერთი და იმავე შინაარსის ჩვენებას აძლევდნენ და, ფაქტობრივად, ვუდროფის მკვლელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფდნენ, მას შემდეგ, რაც თბილისის მილიციის სამმართველოს საკანში რამდენიმე დღე გაატარეს, სხვაგვარად ალაპარაკდნენ.
სხვათა შორის, ფრედ ვუდროფის მკვლელობის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის თბილისის მილიციის სამმართველოს მაშინდელი უფროსის დავით ზეიკიძის სამხრეებს ერთი ვარსკვლავი “დააჯდა” – გენერალ-მაიორისა. თუმცა, დღეს, მკვლელობიდან 10 წლის შემდეგ, საქმის მთავარი გამხსნელი მილიციის გენერალ-მაიორი მკვლელობის დეტალებს ვერ იხსენებს.
“კი, კი, როგორ არა, მახსოვს, ამერიკელი ნატახტრის გზაზე მოკლეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილები რამდენიმე საათის შემდეგ შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს… ამ საქმეს პროკურატურა იძიებდა, იმათ მიმართეთ, უფრო დეტალურად იქ გაგცემენ პასუხს… ეჭვმიტანილები სამმართველოში იმიტომ გადმოიყვანეს, რომ ოპერატიული სამუშაო იყო ჩასატარებელი. იცით, რაშია საქმე? არის ასეთი მეთოდი – აგენტურული დამუშავება… ისე, თავიდან ეჭვი მეპარებოდა რაღაცებში. ამ საქმის გახსნისთვის მივიღე გენერალ-მაიორის წოდება? არ მახსოვს, არა მგონია. რომელ წელს მოხდა ეს მკვლელობა? როგორც მახსოვს, 1993 წლამდე მივიღე წოდება… საერთოდ, ეს საქმე ძალიან ჩახლართული იყო, ამიტომ არ დავინტერესებულვარ და, შესაბამისად, არც დეტალები მახსოვს,” – “24 საათთან” საუბრისას განაცხადა თბილისის მილიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა დავით ზეიკიძემ.
თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, “კაპეზეში” გადაყვანილი სამეულის შესახებ სწორედ დავით ზეიკიძემ მისწერა მაშინდელ გენერალურ პროკურორს ვახტანგ გვარამიას საიდუმლო შეტყობინება, რომელიც აგენტურული მონაცემებით იყო გამაგრებული. თბილისის მილიციის სამმართველოში გადაყვანილი მეგობრები ოპერატიულად “დაამუშავეს”, ანუ საკანში აგენტი “ჩაუსვეს” და საქმეც აქედან გაიხსნა. სწორედ ამიტომეჭვმიტანილები საკანში გადაყვანიდან 4 დღის შემდეგ ოფიციალურად პირველად დაიკითხნენ.
დაკავებიდან ოთხი დღის შემდეგ, ანუ 14 აგვისტოს, “კაპეზეში” პირველად მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩუღურეთის რაიონის პოლიციის თანამშრომელი გენადი ბერბიჭაშვილი დაიკითხა.
“ნატახტრის საგუშაგოდან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით ვიდექით. ანზორ შარმაიძემ ავტომატიდან ისროლა ავტომანქანა “ნივის” მიმართულებით, იმ დროს, როცა მანქანამ გვერდით ჩაგვიარა. ანზორ შარმაიძემ, რომელმაც მანქანას ესროლა, ჩემს კითხვაზე, თუ რატომ ესროლა, მიპასუხა, გათავხედებული შოფრები შუქს არ აქრობენო… მე გარკვევით დავინახე და გავიგონე, რომ ანზორ შარმაიძემ ნატახტრის გზაზე უცნობ პირთა მანქანის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ ისროლა…” – აი, ასეთი აღიარებითი ჩვენება მისცა გენადი ბერბიჭაშვილმა გამოძიებას. თანაც, ბერბიჭაშვილი გამოძიებამ ზედიზედ 5-ჯერ დაკითხა.
ყოველი დაკითხვისას გენადი ბერბიჭაშვილი შემთხვევის ახალ დეტალებს იხსენებდა და ჩვენებებს ამდიდრებდა.
მისი აღიარების შემდეგ ჩვენება ჩამოართვეს მეორე ეჭვმიტანილს – გელა ბედოიძეს. “არ მახსოვს, მანქანა თუ მოძრაობდა, ანზორმა საგუშაგომდე ერთხელ ისროლა. არ დამინახავს, რა მიმართულებით,” – განაცხადა ბედოიძემ.
მეგობრების მიერ დასახელებული ვუდროფის მკვლელობის მთავარი გმირი, ანზორ შარმაიძე, კარგა ხნის დაგვიანებით – 16 აგვისტოს დაკითხეს. თუმცა, მანამდე მისი ფსიქიკური მდგომარეობა შეამოწმეს. სასამართლო-ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ იგი შერაცხადად ჩათვალა და პროკურატურას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მისცა. დაკითხვისას ანზორ შარმაიძემ დაწვრილებით გაიხსენა 8 აგვისტოს ღამით მომხდარი შემთხვევა და დანაშაულიც აღიარა: “ბენზინი გაგვითავდა და მანქანებს ვაჩერებდით. ამ დროს გამოიარა დუშეთიდან თბილისისკენ მიმავალმა თეთრმა “ნივამ” ანთებული ფარებით, რომელსაც მე და გელა ბედოიძემ, გაჩერების მიზნით, ხელი დავუქნიეთ, მაგრამ არ გააჩერა, მარჯვენა ხელში მეკავა ჩემი ავტომატი “აკს”-ი 5,45 კალიბრის და ერთჯერ გავისროლე ჩავლილი “ნივის” მიმართულებით, უფრო ზუსტად, ჩავლილ “ნივას” ერთი ტყვია მივაყოლე უკან. “ნივის” მძღოლს მანქანა არ გაუჩერებია. პირიქით, მოუმატა სიჩქარეს და წავიდა თბილისისკენ,” – განაცხადა ანზორ შარმაიძემ.
მოგვიანებით, გელა ბედოიძემაც გაიხსენა, რომ ნატახტართან გასროლის მომენტში გზაზე მანქანა მოძრაობდა – თეთრი “ნივა”. ეს შარმაიძესთან დაპირისპირების შემდეგ მოხდა.
სხვათა შორის, წინასწარი დაკავების საკანში გამომწყვდეულ ტუსაღებს ადვოკატი არ ჰყოლიათ, გამოძიებას მათ აღიარებითი ჩვენებები დამცველის გარეშე ჩააბარეს და საქმისთვის საჭირო სხვა მტკიცებულებების შექმნაც ადვოკატების მონაწილეობის გარეშე მოხდა. საქმის მასალებში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, დაკავებულებმა ადვოკატის აყვანაზე უარი თავად განაცხადეს. ეჭვის გამოთქმა, რომ ეჭვმიტანილებს ადვოკატზე უარი ძალით ათქმევინეს, თავისუფლად შეიძლება. რადგან, ძნელად თუ მოიძებნება ეჭვმიტანილი, რომელიც დამცველზე უარს თავის ნებით იტყოდეს. მით უმეტეს, ისეთ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულებს, როგორიც ცრუ-ს ოფიცრის მკვლელობაა, ლოგიკურად არ უნდა ეთქვათ ადვოკატის დაცვაზე უარი. ისე ერთიცაა, თუ იმ პერიოდის სამართალწარმოებას გადავხედავთ, საქმეების, თანაც, ასეთი რეზონანსული საქმეების უმეტესობა სწორედ ადვოკატების გარეშეა შექმნილი. იმ დროინდელი, ჯერ კიდევ კომუნისტური ხარვეზებით სავსე “სამართლებრივი სივრცე” საბჭოთა გამოძიების მამის ვიშინსკის დევიზით მოქმედებდა – აღიარება მტკიცებულებათა დედოფალია.
უკვე 18 აგვისტოს “საქმის გამხსნელებს” გენადი ბერბიჭაშვილს და გელა ბედოიძეს განზრახ მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს და ახალი წაუყენეს – დამნაშავისა და დანაშაულის დაფარვაში დაადანაშაულეს.
20 აგვისტოს კი გამომძიებელმა ოთარ ჯაფარიძემ ანზორ შარმაიძეს მყარი ბრალდება წაუყენა – ფრედ ვუდროფის განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა და უკვე როგორც ბრალდებული ისე დაკითხა. ეს კი უკვე იმას ნიშნავდა, რომ ვაშინგტონელი ოფიცრის მკვლელობის რეზონანსული საქმე მკვლელობიდან 2 კვირის თავზე გახსნილი იყო. პროკურატურამ საქმე გააკეთა და მოკლევადიანი – ერთკვირიანი შესვენება გამოაცხადა.
ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, 27 აგვისტოს, გამომძიებელმა ოთარ ჯაფარიძემ ახალი დადგენილება დაწერა: “ანზორ შარმაიძემ ფრედ ვუდროფის მკვლელობა ჩაიდინა სხვებისგან დამოუკიდებლად, არ ჰქონია წინასწარი შეთანხმება ბედოიძესა და ბერბიჭაშვილთან”. პროკურორის მიერ დამტკიცებული დადგენილება იმის მაუწყებელი იყო, რომ ბედოიძე-ბერბიჭაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები შეწყდა – მათ ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო და 27 აგვისტოს ორივე გაათავისუფლეს პატიმრობიდან. თუმცა, გათავისუფლებისას კიდევ ერთხელ დაკითხეს, ადრე მიცემული ჩვენებები გაამეორებინეს და თანაც ვიდეოფირზე ჩაიწერეს.
13 ოქტომბერს ანზორ შარმაიძემ გამოძიებას საბოლოო სიტყვა უთხრა: ”არ მქონია ვუდროფის მკვლელობის განზრახვა, რის გამოც თავს დამნაშავედ არ ვცნობ. მე თავს დამნაშავედ ვცნობ ვუდროფის გაუფრთხილებელ მკვლელობაში, რის გამოც მოვითხოვ, ჩემი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირდეს 108-ე მუხლით”. ანუ, ტუსაღმა გამოძიების მიერ წაყენებულ ბრალდებაში თავი დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნო, მკვლელობა გაუფრთხილებლობით ჩავიდინეო, – განაცხადა.
რა თქმა უნდა, გამოძიებამ შარმაიძის ეს შუამდგომლობა არ დააკამყოფილა. ანზორ შარმაიძე ბოლოს საგამოძიებო ჯგუფის წევრების თანდასწრებით დაიკითხა და მის მიერ ჩვენების მიცემის პროცესიც მისი თანხმობით ვიდეოკამერით გადაიღეს.
გამოძიებამ დაკითხა მკვლელობის თვითმხილველებიც, მანქანაში მყოფი სამეული. მათ ჩვენებები არ შეუცვლიათ, ფაქტობრივად, მკვლელობის დღეს მიცემული ახსნა-განმარტებები გაიმეორეს. დაიკითხნენ ასევე, ნატახტრის საგუშაგო “კავკასიონის” მორიგე მილიციელები, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების თანამშრომლები და ის ადამიანებიც, რომლებმაც სროლის მომენტში და ან მანამდე გაიარეს ნატახტრის გზაზე და რომელთაც შარმაიძემ და მისმა მეგობრებმა ბენზინი მოსთხოვეს. გარდა ჩვენებებისა გენერალური პროკურატურაში შექმნილმა სპეცჯგუფმა სხვა მტკიცებულებებიც მოიპოვა.
24-ე ვაზნა
შემთხვევის ადგილზე გასულმა სპეცჯგუფმა მკვლელობის ადგილის სიახლოვეს შარმაიძის “აკს”-ის სისტემის ავტომატიდან გასროლილი 24-ე ვაზნის მასრა იპოვა. თუმცა, მოგვიანებით. საქმე ისაა, რომ შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად პირველად ელდარ გოგოლაძე წაიყვანეს – 10 აგვისტოს. 16 აგვისტოს უკვე შარმაიძის თანმხლებნი – ბედოიძე და ბერბიჭაშვილი. ხოლო 17 აგვისტოს – თავად შარმაიძე. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე მხოლოდ მეოთხედ მისვლისას იპოვეს მწვანე ნარგავების ქვეშ დაგდებული მტკიცებულება – მასრა, როგორც ექსპერტიზამ დაადგინა – შარმაიძის ავტომატიდან გასროლილი. ამ მასრის შესახებ დღესაც სერიოზულ ეჭვებს გამოთქვამენ, აცხადებენ, რომ ის შემთხვევის ადგილზე დააგდეს.
ამ ვერსიას ეთანხმება უშიშროების სამსახურის მაშინდელი უფროსი ირაკლი ბათიაშვილი: “ის მასრა, რომელიც, ვითომდა, შემთხვევის ადგილზე იქნა აღმოჩენილი, უკვე მკვლელობის შემდეგ დააგდეს. როცა ნივთმტკიცება დასჭირდათ, მივიდნენ, გაისროლეს გვარდიელის ავტომატიდან, მასრა აიღეს და ნივთმტკიცებაც მოიპოვეს – ეს ნამდვილად ვიცი,” – განაცხადა “24 საათთან” საუბრისას დეპუტატმა ირაკლი ბათიაშვილმა.
“ზოგიერთები დღესაც აცხადებენ, რომ შარმაიძის ავტომატიდან გასროლილი ტყვიის მასრა, ანუ, იმ ტყვიის მასრა, რომელმაც ფრედი სიცოცხლეს გამოასალმა შემთხვევის ადგილზე დააგდეს. ძალიან მიკვირს, როცა ამას აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რომ იქ არავის არაფერი დაუგდია. როცა შემთხვევის ადგილის სანახავად წავედით, მე, ვერც მივაგენი იმ ადგილს, უბრალოდ, ზუსტად არ მახსოვდა და იმიტომ. საგამოძიები ჯგუფის წევრები შემთხვევის ადგილიდან 300-500 მეტრის დაშორებით მივიყვანე. მერე, მანქანაში მყოფმა ქალბატონებმა მიუთითეს ზუსტად მკვლელობის ადგილი,” – “24 საათთან” საუბრისას განაცხადა ედუარდ შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ახლა უკვე კომპანია “ქართუ ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტმა ელდარ გოგოლაძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნაპოვნ ტყვიის მასრას წვერი გადაჭრილი ჰქონდა კუსტარული წესით. როგორც შარმაიძემ ახსნა, მას ასეთი ტყვიები აფხაზეთიდან ჰქონდა ჩამოტანილი.
საქმე ისაა, რომ აფხაზეთის ომში მებრძოლები ვიეტნამის ომისას აპრობირებულ მეთოდს იყენებდნენ – ტყვიებს წვერს აჭრიდნენ მიზნამდე უკეთ მიღწევის მიზნით. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წვერის გადაჭრა ტყვიას აკარგვინებს მყარი საგნის განჭოლვის უნარს. ამავე დროს ასეთი ტყვია მიზანში მოხვედრისას მოძრაობას აგრძელებს და ფლეთს რბილ სხეულს. ფრედ ვუდროფის გვამის ფოტოს თუ ნახავთ, მიხვდებით, რომ რბილი ქსოვილი მისთვის მოხვედრილ ტყვიას ადვილად დაუფლეთია, მაგრამ არც მყარი საგანი გამომდგარა დაბრკოლებად – ვუდროფდის სხეულში მოხვედრამდე ტყვიის გულას გავლილი უნდა ჰქონოდა სხვა მკვრივი საგანი, ამ შემთხვევაში მანქანის რეზინის ან პლასტმასის მონიკელებული სალტეები, მინა და თუნუქის ძარა.
რამდენიმე დღის შემდეგ კი, პროკურატურის გამომძიებლებმა შარმაიძის მეგობრის საფლავზე 8 აგვისტოს დილით გასროლილი ავტომატის მასრები იპოვეს. ვუდროფის მკვლელობის ადგილის სიხლოვეს ნაპოვნი ტყვიის მასრა და მამიკონიანის საფლავზე ნაპოვნი მასრები ექსპერტიზამ იდენტურად მიიჩნია. დაასკვნა, რომ ორივე შარმაიძის “აკს”–ის სისტემის ავტომატიდან იყო გასროლილი.
თუმცა, გამოძიებამ ბოლომდე ვერ მიაგნო ვუდროფისთვის ნასროლი საბედისწერო ტყვიის ისეთ ფრაგმენტს, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ის ნამდვილად ანზორ შარმაიძის იარაღიდან იყო გასროლილი. სხვათა შორის, დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა საბედისწერო ტყვიის გულის გაუჩინარების შესახებ. ვუდროფის თხემ-კეფიდან გამოვარდნილმა ტყვიამ გახია მანქანის ჭერის დერმატინის საფარი და შიგნიდან დააზიანა თუნუქის სახურავი. ზემოდან მანქანის სახურავი გახვრეტილი არ არის, მხოლოდ ამოზნექილია. შესაბამისად, ტყვია მანქანაში უნდა ეპოვათ, მაგრამ ასე არ მოხდა – საგამოძიებო ჯგუფმა ტყვიის გულას ვერ მიაგნო.
ამიტომაც ვერსია მანქანის სალონში გასროლის შესახებ თავისთავად გამოირიცხა იმის გამო, რომ ახლო მანძილიდან სროლის შემთხვევაში ვუდროფს ჭრილობაზე დენთის კვალი უნდა ჰქონოდა, რაც კრიმინალისტ-ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს.
ერთი სიტყვით, გამოძიება ეცადა საქმე იმგვარად წარემართა, რომ ცერეუშნიკის მკვლელობას პოლიტიკური სარჩული მოშორებოდა და ასეც მოხდა. გამოძიებას ხელი შეუწყო თავად ანზორ შარმაიძემ და მისმა მეგობრებმა.
საქართველოში ჩამოსული ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის პირველი წარმომადგენლის, ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ფრედ ვუდროფის სიკვდილის მონათვლა რიგითი გვარდიელის ხულიგნობის შედეგად მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევად ხელს აძლევდა ყველას, ვისაც პირადად, სამსახურებრივად თუ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეხებოდა ეს ამბავი. ყველას, გარდა თავად ანზორ შარმაიძისა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორეში დღესაც ეჭვი შეაქვს ქართული სპეც-სამსახურის ყოფილ უფროსს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ბათიაშვილს.
“მე დღეს ბრალმდებელი ვერ ვიქნები, მაგრამ, როგორც საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი, მაშინაც და ახლაც გამოვთქვამ ეჭვს, რომ გამოძიება ხელოვნურად წარიმართა და საქმე ისე შეითითხნა, რომ ყველაფერი რიგით მებრძოლს დაბრალდა. მე მაშინვე გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომლის თანახმადაც ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა, ტერორისტული აქტი და უკავშირდებოდა შეერთებული შტატების აქტიურ თანამშრომლობას საქართველოსთან და კერძოდ, ჩვენს სპეცსამსახურთან. ვუდროფის მკვლელობის გამო შექმნილ საგამოძიებო ჯგუფში გაერთიანდნენ საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური გამომძიებლებიც. ამიტომ, როგორც კი შევატყვეთ, რომ გამოძიება გამრუდებულად, არასწორი მიმართულებით მიდიოდა – ამის თაობაზე თავად საგამოძიებო ჯგუფის უფროსმა მითხრა – მაშინვე გამოვიწვიე ჩემი გამომძიებლები საგამოძიებო ჯგუფიდან და თხოვნით მივმართე ამერიკის საელჩოს, მკვლელობის გარემოებების გასარკვევად FBI მოეწვიათ,” – აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი.
მკვლელობის თვითმხილველი ელდარ გოგოლაძე დღესაც საფუძვლიანადაა დარწმუნებული, რომ მისი უცხოელი კოლეგა და მეგობარი შემთხვევით გასროლილმა საბედისწერო ტყვიამ გამოასალმა სიცოცხლეს.
“ფრედის მკვლელობის შემდეგ თითქმის 2 თვის მანძილზე საოცარ სტრესში ვიყავი. დღესაც კი, ხანდახან როცა ვფიქრობ რა მოხდა, საოცარი ემოცია მეუფლება. ფრედი ნამდვილად შარმაიძის მიერ გასროლილი ტყვიით მოკვდა. ყველა ის ვერსია რასაც ანვითარებენ დღესაც კი, აბსურდულია. ამ ვერსიას ანვითარებდნენ ის ადამიანები ვისაც საქართველოს იმიჯის შერყევა სურდათ. ჩემი საეჭვო დაკავშირება ამ ამბავთან სახელმწიფო მეთაურის იმიჯის შერყესავთან პირდაპირ კავშირში იყო. ამიტომაც ვთხოვე აშშ–ს ელჩს კენტ ბრაუნს გამოძიების ჩასატარებლად FBI მოეწვია. ასეც მოხდა. ვერსიას ვუდროფის მკვლელობისთვის პოლიტიკური სარჩულის დადების თაობაზე შოთა კვირაია ანვითარებდა. არც გენერალურ პროკურატურას და არც FBI-ის სპეციალისტთა ჯგუფს ასეთი დასკვნა არ გაუკეთებია. იმ ხალხს ვისაც ამ ვერსიის ამოტივტივება უნდოდა პირადი ინტერესები ამოძრავებდა, მათი საეჭვო საქმანობის შესახებ მე ძალიან ბევრ და ძალიან სერიოზულ ინფორმაციებს ვფლობდი, აი, ეს იყო მათი ჩემთან დაპირისპირების მიზეზი,” – ამბობს ედუარდ შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი ელდარ გოგოლაძე.
ელდარ გოგოლაძემ დაცვის სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და გამოძიების დასრულების შემდეგ ახალ თანამდებობაზე დაინიშნა უშიშროების სამსახურის ტერორიზმისა და ნარკომაფიის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად. 1996 წლის გაზაფხულზე ელდარ გოგოლაძე უშიშროების მაშინდელი მინისტრის შოთა კვირაიას ბრძანებით, 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტის თაობაზე არსებული ინფორმაციის დაფარვისთვის დააკავეს. შიშროების იზოლატორში გამომწყვდეული თანამშრომლისგან უშიშროების სამინისტროს გამომძიებლები 3 წლის წინ მომხდარი მკვლელობის – ფრედ ვუდროფის მკვლელობის აღიარებასაც ითხოვდნენ.
“რაც შეეხება გამოძიების გაგრძელებას, ეს მე ძირფესვიანად ვეღარ მოვასწარი – საამისო ბერკეტები აღარ გამაჩნდა. თუმცა, ვერავინ აგვიკრძალავდა ოპერატიულ მუშაობას. ჩვენ ამას დამოუკიდებლად ვაკეთებდით, ვმუშაობდით ვერსიაზე, რომლის თანახმადაც ეს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული შეკვეთილი მკვლელობა იყო. ამ მიმართულებით ოპერატიული სამუშაოების ხელმძღვანელობა დავავალე ჩემს მაშინდელ მოადგილეს შოთა კვირაიას და ის ძალიან საინტერესო კონდიციამდე მივიდა,” – იხსენებს ირაკლი ბათიაშვილი.
სხვათა შორის, დაკავებულ ელდარ გოგოლაძესთან მომუშავე გამომძიებელთა შორის იყო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ის თანამშრომელიც, რომელმაც ვუდროფის საქმის გახსნაში და ანზორ შარმაიძისთვის მკვლელის სტატუსის მინიჭებისთვის ჩატარებულ სამუშაოებში სერიოზული წვლილი შეიტანა. თუმცა, ელდარ გოგოლაძეს მაშინ ვერც 29 აგვისტოს ტერაქტსა და ვერც ვუდროფის მკვლელობაში დაადანაშაულეს. იგი სამინისტროს იზოლატორიდან “სუფთად” გამოვიდა.
“ფრედ ვუდროფი ანზორ შარმაიძის მიერაა მოკლული. ვერ დაგეთანხმებით ვერც იმაში, რომ მკვლელობის საღამოს გზაზე უამრავი ხალხი მოძრაობდა და შესაძლოა ვინმე სხვა იყოს მკვლელი და არა შარმაიძე. მისი ბრალეულობა როგორც ქართველების, ისე ამერიკელების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადასტურა. შეხვდით იმ დროს მოწმეებს, რომლებმაც იმ დროს ტრასაზე გაიარა და ნახავთ რას მოგიყვებიან ისინი შარმაიძის შესახებ, დაელაპარაკეთ საგამოძიებო ჯგუფის უფროსს, რომელმაც უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა, ნახეთ FBI-ის მასალები, როგორც ვიცი გენერალურ პროკურატურას მათ გამოუგზავნეს დასკვნა. ჩემგან ამ თემაზე საუბარი მაინც დაინტერესებული პირის მონოლოგს დაემსგავსება. ამერიკელებთან მე დღესაც არაჩვეულებრივი კონტაქტები მაქვს, იცით ეს რას ნიშნავს? მათ, რომ ჩემში სულ მცირე ეჭვი შეეტანათ, საქმე სხვანაირად წავიდოდა. ისე, ამ თემაზე არ მინდა საუბარი, რადგან თავის სამართლებელი არც არაფერი მჭირს,” – აცხადებს “ქართუ ჯგუფის ვიცე–პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე.
1993 წლის 10 ნოემბერს გენერალურმა პროკურორმა ცრუ-ს ოფიცრის ფრედ რასელ ვუდროფის მკვლელობის საქმის წინასწარი ძიება დასრულებულად გამოაცხადა და საქმე საბოლოო გადაწყვეტილებისთვის უზენაეს სასამართლოს გადააბარა.
სასამართლოზე შეცვლილი ჩვენება
“8 აგვისტოს კვირას საღამოს თბილისის მახლობლად ატეხილი უაზრო სროლის შედეგად დაიღუპა ფედერიკ რასელ ვუდროფი. ბატონი ვიდროფი გახლდათ აშშ-ს შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური განყოფილების რეგიონალურ ურთიერთობათა სექტორის თანამშრომელი. იგი დროებით იყო მივლინებული თბილისში სამუშაოდ და რამდენიმე დღეში უნდა გამგზავრებულიყო სამშობლოში. ეს იყო უაზრო, ტრაგიკული შემთხვევა, ძალადობის უაზრო გამოვლინება,” – ასეთი მოკლე წერილი გაუგზავნა ჯერ გამოძიებას, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოს საქართველოში ამერიკის მაშინდელმა ელჩმა კენტ ბრაუნმა და დაზარალებული მხარის წარმომადგენლად სასამართლოში საელჩოს თანამშრომელი უილიამ მაქსველი მიავლინა. პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ფრედ ვუდროფის მეუღლემაც, რომელმაც მანამდე ქმრის სიკვდილის შესახებ ფრედის მეგობარს ბარათი მისწერა: “ძალიან სამწუხაროა, ფრედი ტრაგიკული ბედისწერის მსხვერპლი გახდა. ისღა დაგვრჩენია ფრედის მოგონებით გავაგრძელოთ ცხოვრება.”
ფრედ ფუდროფის მეუღლემ საქართველოში აშშ-ს საელჩოს წერილს, ბრალდებულისთვის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესახებ, უარით უპასუხა. მართალია, თავდაპირველად დაზარალებული მხარის წარმომადგენელმა გამოძიებას განუცხადა, ვუდროფის დაკრძალვის ხარჯებს მოგვიანებით სასამართლოზე წარმოგიდგენთო, მაგრამ უკვე სასამართლოზე სწორედ ვუდროფის მეუღლის სახელით საუბრობდა უილიამ მაქსველი, როცა მოსამართლეს შარმაიძისთვის ხარჯების აანაზღაურების დაკისრებაზე წერილობითი უარი განუცხადა.
ამერიკულ მხარეს ფრედ ვუდროფის მკვლელობაში ბრალდებული ანზორ შარმაიძის სასამართლო პროცესზე მონაწილეიბა არ მიუღია.
“ამ საქმის წარმოება საქართველოს პრეროგატივაა. ჩვენი მონაწილეობა შემოიფარგლება, გამოძიების პროცესში მხოლოდ ინფორმაციის ურთიერთგაცვლით. საქართველოს მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად, აშშ-ს საელჩო წარმოგიდგენთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ დოკუმენტებს წერილობით,” – ასეთი წერილი მისწერა ქართველ სამართალდამცველებს აშშ–ის ელჩმა კენტ ბრაუნმა.
მოგვიანებით, ამერიკულმა მხარემ უზენაეს სასამართლოს კიდევ ერთი ბარათი გაუგზავნა: “აშშ-ს მხარე სასამართლო პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს,” – წერდა უილიამ მაქსველი.
მართალია, თავდაპირველად FBI სასამართლო პროცესზე მისი წარმომადგენლის მონაწილეობას გეგმავდა, მაგრამ დიდი ყოყმანის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს. რატომ უცნობია. ამასთან დაკავშირებით FBI საკამოდ ბუნდოვან განმარტებას იძლევა. “FBI განიხილავს სასამართლოზე დასწრების საჭიროებას. თუმცა, მიიღო ინფორმაცია, რომ თბილისში ჩაფრენა არ არის მიზანშეწონილი, რადგან თვითმფრინავები ცუდად დაფრინავენ და პოლიტიკური სიტუაცია არასტაბილურია, შესაბამისად, მოგზაურობა სახიფათოა,” – ამიტომაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ FBI საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ პროცესს არ დაესწრებოდა.
უზენეს სასამართლოში დაიკითხა ყველა ის მოწმე ვინც წინასწარი ძიებისას მისცა ჩვენებები, ყველამ ადრე მიცემული ჩვენება გაიმეორა, მათ შორის ანზორ შარმაიძემაც. იგი კვლავინდებურად აცხადებდა, თეთრი ფერის “ნივას” გაბრაზებულმა ვესროლე, მაგრამ ამერიკელის მკვლელობა დაგეგმილი არ მქონია, შემთხვევით მოხვდა ტყვიაო.
ერთი სიტყვით, ანზორ შარმაიძე ჯერ ყველაფერს კატეგორიულად უარყოფდა, შემდეგ აღიარე თეთრი ფერის “ნივას” მე ვესროლეო, შემდეგ კი, სასამართლოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე ჩვენებები რადიკალურად შეცვალა. “მანქანისკენ საერთოდ არ მისვრია, – თქვა ცრუ-ს აგენტის მკვლელობაში ბრალდებულმა ანზორ შარმაიძემ 1994 წლის 24 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე, – ადრე ამას იმიტომ ვამბობდი, რომ ბერბიჭაშვილისა და ბედოიძის ჩვენებების გარეშე ჩემს ნათქვამს აზრი არ ჰქონდა.” განსასჯელმა სასამართლო კოლეგიას მოულოდნელად ახალი ჩვენება მისცა. “იმ საღამოს ავტომატიდან მართალია, გავისროლე, მაგრამ ჯვრის მოანსტერთან ახლოს და თანაც ჩახმახს შემთხვევით გამოვკარი ხელი,” – განაცხადა შარმაიძემ. იგი ამტკიცებდა, რომ აღიარებითი ჩვენების მიცემა მილიციის სამმართველოში 14 აგვისტოს ღამით აიძულეს. განსასჯელის განცხადებით, იგი საკნიდან ნიღბებით სახედაფარულმა ხალხმა გაიყვანა და როცა სიტყვიერი მუქარით დანაშაულის აღიარებას, რომ ვერ მიაღწიეს, შემდეგ აწამეს.
“პირზე აირწინაღი გამიკეთეს, რკინის მილი მკლავებს შორის გამიყარეს, ხელებზე ბორკილები დამადეს, ჩამომკიდეს და დამიწყეს ზურგზე და ფეხის გულებზე ცემა…” – განაცხადა ანზორ შარმაიძემ.
მისი თქმით, წამების შემდეგ უთხრეს შენმა მეგობრებმა ყველაფერი აღიარეს დუმილს აზრი არ აქვს, სხვა გზა აღარ დაგრჩენია მკვლელობა შენს თავზე უნდა აიღოო. “წამების მომდევნო დღეს გენადი ბერბიჭაშვილი დამიპირისპირეს, ჯობია თქვა, რომ მანქანას ესროლე, ახლა ასეა საჭირო, – მითხრა ბერბიჭაშვლმა,” – მოუყვა სასამართლო კოლეგიას განსასჯელმა. სხვათა შორის, განსასჯელის ამ განცხადების დამადასტურებელი მტკივებულება შარმაიძისთვის ბერბიჭაშვილის მიერ საკანში მიწერილი ბარათი ციხის ბადრაგმა ამოიღო და გამოძიებას გადასცა. ბარათში ბერბიჭაშვილი შარმაიძეს წერდა ჯობია ყველაფერი ვაღიაროთ, დამალვას აზრი არ აქვს, არ მოგვკლანო.
დაპირისპირების დეტალები მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე მეორე მეგობარს გელა ბედოიძეს შეახსენა: “დაპირისპირებისას ბედოიძემ მითხრა, თავს რატომ იღუპავ, მკვლელობას რატომ იღებ შენს თავზეო,” – ეს სიტყვები სასამართლოზე ბედოიძემაც დაადასტურა, თუმცა, ჩვენება არ შეუცვლია.
სასამართლოზე განსასჯელის მიერ მკვლელობის უარყოფას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია. ანზორ შარმაიძემ საკუთარ თავს ვერ უშველა.
1994 წლის 30 იანვარს უზენაესმა სასამართლომ საქართველოში აშშ–ს საელჩოს პოლიტიკური განყოფილების რეგიონალური ურთიერთობის სექტორის თანამშრომლის ფრედ ვუდროფის განზრახ მკვლელობაში ბალდებულ ანზორ შარმაიძეს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
“იმ დღეს დიდი მორალური ტრავმა მივიღე,” – სასამართლოზე განაცხადა გამოძიების მიერ დაზარალებულად გამოცხადებულმა ელდარ გოგოლაძემ და სროლის შედეგად დაზიანებული მანქანის შესაკეთებლად ანზორ შარმაიძეს 3 ათასი მანეთის გადახდა მოსთხოვა. თუმცა, მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან შარმაიძეს ზარალის გადასახდელი ქონება არ აღმოაჩნდა.
პატიმრობიდან 7 წლის შემდეგ ანზორ შარმაიძემ საკუთარ უდანაშაულობაზე საუბარი კვლავ დაიწყო. ე.წ. “კრიტში” მსჯავრდებულს არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის ყფლებებისთვის” წაემომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვა და მათ განუცხადა, იმ დროს საერთოდ არ ვყოფილვარ იმ ადგილას, სადაც ფრედ ვუდროფს ესროლეს. გარდა ამისა, ტუსაღმა თავის უდანაშაულობის დასადასტურებლად სიცრუის დეტექტორი მოითხოვა. არასამთავრობო ორგანიზაციამ პატიმრის მოთხოვნა საქართველოში აშშ-ს საელჩოს გადასცა. საელჩოს წარმომადგენლის პასუხი ასეთი იყო: საქართველოში ამგვარი დანადგარი არ არსებობს, ამერიკიდამ მისი ჩამოტანა კი სერიოზულ პრობლემებთანაა დაკავშირებულიო. არადა, თავის დროზე საქართველოში ჩამოსულმა FBI-ის თანამშრომლებმა სიცრუის დეტექტორი ჩამოიტანეს და ვუდროფის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულმა ყველა ადამიანმა ჩვენება დეტექტორზეც მისცეს. ყველამ, გარდა თავად ანზორ შარმაიძისა. მკვლელობაში ბრალდებულმა კატეგორიული უარი განაცხადა სიცრუის დეტექტორის გამოყენებაზე. როცა FBI-ისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ტუსაღის უარს ისმენდნენ თურმე ძალიან გაკვირვებულან, – ვერაფერს ვიზამთ სიცრუის დეტექტორზე ჩვენების მიცემა ნებაყოფლობითიაო, – უთქვამთ ამერიკელებს.
“ჩემს უარს არანაირი ზეწოლა არ უძღოდა წინ, მე თავად ვთქვი კატეგორიული უარი სიცრუის დეტექტორზე მიმეცა ჩვენება. უნდა ეკითხათ, მყავდა თუ არა კაცი მოკლული, ჩემი პასუხი იმთავითვე დაადასტურებდა გამოძიების მიერ წაყენებულ ბრალდებას, რადგან აფხაზეთის ომში ვიყავი ნაომარი და როგორ არ მეყოლებოდა ვინმე მოკლული,” – მომხდარიდან 10 წლის შემდეგ, მის უარს ასე ხსნის ახლა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი ანზორ შარმაიძე.
“აგენტები ორი კვირით ჩავიდნენ საქართველოში და იმედი ჰქონდათ, რომ ინტერვიუს დროს ვიღაც უფრო გაიხსნებოდა. თავიდან შარმაიძემ მოიწონა, რომ ფბი ჩართულია ვუდროფის მკვლელობის გამოძიებაში, მაგრამ რატომღაც უარი თქვა პოლიგრაფ ტესტზე. აგენტებიც შეთანხმდნენ, რომ ტესტს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ძალიან წვრილმანი დეტალები,” – საქართველოში ვიზიტის შემდეგ პოლიგრაფ ტესტის შედეგების შესახებ გაკეთებული ანგარიშში დაწერეს FBI-ის ექსპერტებმა.
პოლიგრაფ ტესტი გაიარა ელდარ გოგოლაძემ და იმ ორმა ქალმაც, რომლებიც ვუდროფის სიკვდილის მომენტში მანქანაში ისხდნენ. “FBI-ისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს ჩემთვის არ უთხოვიათ სიცრუის დეტექტორზე მიმეცა ჩვენება, მე თავად ჩემი სურვილით მივმართემათ და ჩავიტარე პოლიგრაფ ტესტი. შევატყვე, რომ აშშ-ს ელჩს კენტ ბრაუნსა და FBI-ის თანამშრომლებს გაეხარდათ კიდეც, როცა ჩემი თხოვნა მოისმინეს, ანუ, ჩემი აზრით, მათ უნდოდაც კიდეც გამევლო სიცრუის დეტექტორი, მაგრამ ვერ მიბედავდნენ თქმას. ერთი სიტყვით, სიცრუის დეტექტორი გავიარე და შემდეგ შედეგსაც გამაცნეს. როგორც ვიცი სიცრუის დეტექტორი თითქმის ყველამ გაიარა, მაგრამ ვინ თქვა უარი არ ვიცი, ამით არ დავინტერესებულვარ,” – იხსენებს “ქართუ ბანკის” ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე.
1994 წლის 30 იანვარს უზენაესი სასამართლოს მიერ ანზორ შარმაიძისთვის გამოტანილი საბოლოო განაჩენით ცრუ-ს სპეციალური აგენტის მკვლელობის საქმეს საბოლოოდ დაესვა წერტილი. არადა, ამ დროისთვის თბილიდან უკვე წასული იყო FBI-ის სპეცჯგუფი, რომელიც 1993 წლის 11 აგვისტოს თბილისის აეროპორტში დაჯდა და რომელსაც აშშ-ს ხელისუფლების ბრძანება უნდა შეესრულებინა – ცრუ-ს წამყვანი კადრის მკვლელობის საქმე გამოეძიებინა. FBI-ის სპეციალისტებმა საქართველოში ორიოდ კვირა დაჰყვეს, საჭირო მასალები მოაგროვეს და ისე დატოვეს თბილისი, რომ მათ მიერ შესრულებული საქმის შედეგებზე კრინტიც არ დაუძრავთ. თუმცა, FBI საქართველოში 2-კვირიანი ვიზიტით არ დაკმაყოფილებულა, ცრუ-ს სოლიდური ფიგურის მკვლელობის საქმეს ვაშინგტონი წლების მანძილზე იძიებდა, ფრედ რასელ ვუდროფის მკვლელობის საქმეს FBI-ში გრიფი “SECRET” წლების მანძილზე ედო. იმას, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა ფრედ ვუდროფის მკვლელობიდან რამდენიმე საათში გააკეთეს – ფაქტობრივად, საქმე 8 აგვისტოს ღამესვე გამოიძიეს, FBI-ში წლები დასჭირდა.
FBI-მ გამოძიებაში ჩართვაზე უარი თქვა, მათ გამოძიება დამოუკიდებლად აწარმოეს
მაშინ, როცა საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი ოფიციალურად უარს აცხადებდა 1993 წლის 8 აგვისტოს, თბილისი-ნატახტარის გზაზე ამერიკის მოქალაქის და საელჩოს თანამშრომლის, მეტიც, შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სპეცაგენტის მკვლელობის გამოძიებაში მონაწილეობის მიღებაზე, FBI-ის მიერ ოთხი წლის მანძილზე, სწორედ ფრედ ვუდროფის მკვლელობის გამოძიების საქმეში ჩაკერებულ პირველივე დოკუმენტში, რომელიც 1993 წლის 9 აგვისტოთი თარიღდება და ბონის ოფისიდან ცენტრალურ შტაბბინაშია გადაგზავნილი, სწორედ ასეთი კითხვა დასმული – გაგრძელდეს თუ არა გამოძიება.
აქამდე საქართველოში საქმეში ჩახედულთა ძალზე ვიწრო წრემ თუ იცოდა, რა გადაწყვეტილება მიიღეს FBI-ის შტაბბინაში. FBI-ის ხელმძღავნელობამ კი იხელმძღვანელა ამერიკის ფედერალური კანონის 18-ე მუხლის 2331 სექცით – საერთაშორისო ტერორიზმის და 2332 სექცით – უცხო ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ამერიკის მოქალაქის მკვლელობის შესახებ და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო – გამოძიება გაგრძელდა.
ორი წლის წინათ, საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაცია ICJF ეგიდით თბილისში მყოფი ამერიკელი ჟურნალისტის ენ ემსის დახმარებით, შეერთებული შტატების ფედერალურ საგამოძიებო ბიუროდან და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან, ინტერნეტის ქსელის საშუალებით, ვუდროფის მკვლელობის თაობაზე არსებული მასალები გამოვითხოვეთ. ჩვენი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც ვუდროფის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში ჩამოსულმა FBI-ის წარმომადგენლებმა საქართველოდან გაუხმაურებლად წაიღეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამერიკელებმა ამ დასკვნების გამოტანის შემდეგ აღარ ისურვეს თანამემამულის მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩარევა.
მართალი რომ ითქვას, დროთა განმავლობაში ამ მოთხოვნაზე პასუხის მიღების იმედი დავკარგეთ – FBI-დან სპეცაგენტის საიდუმლოებით მოცული მკვლელობის შესახებ ინფორმაციის მიღება თავიდანვე წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, უბრალოდ, მაინც ვცადეთ.
ერთი თვის წინ კი საქართველოში ჩამოსულმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ემსის მიერ გამოგზავნილი შეკვრა ჩამოიტანა – FBI-ის მიერ ფრედ ვუდროფის მკვლელობის საქმეზე ჩატარებული ოთხწლიანი გამოძიების მასალების შემცველი ორტომეული.
მიუხედავად იმისა, რომ FBI-ის გამოტანილი აქვს საბოლოო დასკვნა ვუდროფის მკვლელობის თაობაზე, მეტიც, 2003 წლის დასაწყისში საგამოძიებო მასალებს მოხსნა გრიფი “საიდუმლო”, საქართველოში გამოგზავნილ ტომებში ბევრი რამ ჯერ კიდევ დაშიფრულია – საბუთების დიდ ნაწილი სპეცსამსახურის ჩინოსნებმა შავი საღებავის მეშვეობით ჩვენთვის კვლავაც საიდუმლოდ დატოვეს.
ამერიკელი ჟურნალისტის ენ ემსის თქმით, მან უკვე გაასაჩივრა FBI-ის ეს ქმედება, თუმცა, ზუსტად არ იცის, საჩივარზე პასუხს როდის მიიღებს. ენ ემსის მიერ გამოგზავნილი წერილის თანახმად, CIA-მ მასალების გამოგზავნა არ ისურვა და უარის თქმა სახელმწიფო უშიშროების დაცვით გაამართლა. რაც შეეხება FBI-ის, ჩვენს მოთხოვნაზე პასუხის მოწერის აუცილებლობა ენ ემსმა საგამოძიებო ბიუროს ორი წლის მანძილზე რამდენჯერმე შეახსენა და ბოლოს თავისას მიაღწია.
“ამერიკელი ჟურნალისტები სხვადასხვა ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვისას ინფორმაციის თავისუფლების აქტით ვხელმძღვანელობთ. ეს პროცესი თავისთავად რთული არ არის, – მოგვწერა ენ ემსმა, – თუმცა, შტატების უმრავლესობის კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით გაცილებით მოქნილია, ვიდრე ფედერალური კანონი. მაგალითად, კოლორადოს შტატის კანონის დაწესებულებასავალდებულებს, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია სამი დღის ვადაში გასცეს. ფედერალურ კანონის შესრულებას კი დედლაინი არ აქვს და ამიტომ ზოგიერთ ფედერალურ სააგენტოს პასუხის გაცემისთვის წლები ჭირდება. ჩემი აზრით, ეს არის ფედერალურ კანონის ყველაზე დიდი ნაკლი. მართალი გითხრათ, FBI-დან აქამდე ინფორმაცია არასოდეს გამომითხოვია და ამიტომ არც ვიცი, ნორმალურია თუ არა ის, რომ მათგან პასუხის მიღებას ორი წელი დასჭირდა. რაც შეეხება სადაზვერვო სამმართველოს, ჩემი ჟურნალისტური პრაქტიკის მანძილზე არც ერთი ჩემი კოლეგისგან არ მსმენია, რომ იქიდან ინფორმაცია მიეღოს”.
როგორც FBI-დან გამოგზავნილი მასალებით ირკვევა, ფრედ ვუდროფის მკვლელობის დეტალების გასაცნობად საიდუმლო აგენტთა პირველი ჯგუფი 1993 წლის 11 აგვისტოს ჩამოვიდა. მათ შორის იყვნენ ზედამხედველი სპეცაგენტი, ანუ ჯგუფის ხელმძღვანელი, მკვლელობათა ექსპერტი, ცეცხლსასროლი იარაღის ექსპერტი და ფოტოექსპერტი. მათი უსაფრთხოების ზომების მკაცრად უზრუნველყოფას ორი დღის განმავლობაში ითხოვდა საგამოძოიებო ბიურო საქართველოში ამერიკის საელჩოსგან. ამერიკული სპეცსამსახურების თანამშრომლები საქართველოში – არასტაბილურ კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების ზომების დაცვის რამდენიმეგვერდიანი მითითებით ჩამოვიდნენ, სადაც ისიც კი იყო განსაზღვრული, როგორ უნდა დაეგმანათ სასტუმროს ნომრის კარ-ფანჯრები. საქართველოში სპეცაგენტებმა ქართულ და რუსულენოვანი თარჯიმნები ამერიკიდანვე ჩამოიყვანეს. მათი თბილისში ჩამოსვლისას ვუდროფის გვამი ჯერ კიდევ საქართველოში ესვენა. ვაშინგტონში უკვე 9 აგვისტოს გადაწყვიტეს, რომ ცხედრის სამშობლოში გადასასვენებლად თბილისს თვით ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფი ჯეიმს ვულსი ესტუმრებოდა. ვულსი 8 აგვისტოს მკვლელობის დღეს უკვე მოსკოვში იმყოფებოდა. მას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ტურნე ჰქონდა დაგეგმილი. თბილისს ის ოფიციალური ვიზიტით უნდა სწვეოდა და შეხვედრები ჩაეტარებინა. ვუდროფის მკვლელობამ გეგმები შეცვალა. 16 აგვისტოს საქართველოს დედაქალაქში ჩამოსული, ის თბილისის აეროპორტს არ გასცილებია. იქვე დაახვედრეს მას ამერიკის დროშაგადაფარებულ კუბოში ჩასვენებული ვუდროფის ცხედარი. აეროპორტში ჯეიმს ვულსს ედუარდ შევარდნაძე და მაშინდელი საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი ირაკლი ბათიაშვილი დახვდნენ. რამდენიმე დიპლომატიურ-ზრდილობიანი ფრაზის გაცვლა-გამოცვლის შემდეგ კარგა ხნის მანძილზე გლობალურ პოლიტიკურ თემებზე ისაუბრეს. ამ საუბრის დეტალები ჩვენთვის უცნობია. სამაგიეროდ, როგორც ირაკლი ბათიაშვილმა გვიამბო: “ჯეიმსს ვულსს, რომელიც სამშობლოში მიასვენებდა საქართველოში მოკლულ ხელქვეითს, ვუდროფის მკვლელობის შესახებ სიტყვაც არ დაუძრავს, ერთი შეკითხვაც კი არ დაუსვამს ჩვენთვის ამის თაობაზე. ამასშევარდნაძემაც მიაქცია ყურადღება და როდესაც სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღავნელი გაფრინდა, მითხრა, ხედავ, არაფერი უთქვამს მკვლელობაზე, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ ეს მკვლელობა განზრახ მოხდა”.
FBI-ის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტებში მითითებულია, რომ ვულსმა ცხედარი ფრანკფურტში გადაასვენა, იქიდან კი ამერიკაში.
თბილისში მყოფი ამერიკელი გამომძიებლები კი მკვლელობის დეტალებს აგროვებდნენ. 13 აგვისტოს ისინი სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს შეხვდნენ, რომელმაც მუშაობის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოში ჩამოსულმა FBI-ის აგენტებმა თავდაპირველად რამდენიმე მცდარი ცნობა მიიღეს. კერძოდ: თითქოს, მანქანა, რომელშიც ფრედ ვუდროფი მოკლეს, ტყვიით არ დაზიანებულა; თითქოს, მკვლელობის იარაღი იყო ავტომატი “AK-47”; თითქოს, სასიკვდილო ჭრილობის შემავალი ხვრელი მდებარეობდა შუბლზე, მარჯვენა თვალს ზემოთ, გამომავალი კი – კეფაზე.
მოგვიანებით, თვით FBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად მანქანაზე ნატყვიარი იპოვეს – ერთი შეხედვით, ის მართლაც ძნელად შესამჩნევი გახლდათ – ტყვიას მანქანის უკანა მინასა და სალონის ლითონს შორის დამაგრებული მონიკელებული რეზინის სალტეში გაევლო და მინა სწორედ მის ქვეშ დაეზიანებინა. ამის დასადასტურებლად სპეცაგენტებმა უამრავი ფოტო გადაიღეს. სხვათა შორის, ეს ფოტოები ერთადერთია, რაც FBI-ის საქართველოში ყოფნის სახსოვრად დარჩა ვუდროფის მკვლელობის საქართველოში მიმდინარე გამოძიებას.
მკვლელობის იარაღად აღიარებული ავტომატი, პირველი მონაცემებისგან განსხვავებით, “AK-47” კი არა “AK-74” აღმოჩნდა. რაც შეეხება ჭრილობას, ეს დეტალი სხვა ორ შეცდომაზე ბევრად უფრო საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ქართველმა ექსპერტებმა გვამის გაკვეთის შემდეგ დასკვნაში ჩაწერეს: “შემავალი ცეცხლსასროლი ნაიარევი განლაგებულია შუბლის მიდამოებში, მარჯვნივ, გამომავალი კი – კეფაზე”. ექსპერტიზის ასეთმა დასკვნამ გამოძიების პროცესში მკვლელობის თვითმხილველთა ჩვენებების შეცლა გამოიწვია. კერძოდ, მკვლელობის დროს მანქანაში მსხდომმა ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც მკვლელობის მომენტში ფრედ ვუდროფთან ერთად უკანა სავარძელზე იჯდა, ახსნა-განმარტებისა და რამდენიმე ჩვენების მიცემის შემდეგ გაიხსენა: “როდესაც გზაზე ავტომატით გადამდგარი პირები შევნიშნეთ, მეც და ფრედიმაც თვალი გავაყოლეთო”.
ასეთი ახსნა მოეძებნა იმ ფაქტს, რომ უკნიდან მიდევნებული ტყვია ფრედ ვუდროფს შუბლში მოხვდა. მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ სამშობლოში გადასვენებულ ფრედ ვუდროფის ცხედარი ამერიკელმა ექსპერტებმაც გაკვეთეს. გაკვეთა ბეთესლას საზღვაო ძალების ჰოსპიტალში ჩატარდა. FBI-ის საგამოძიებო მასალებში პირდაპირ არის ნათქვამი: “პირველი დათვალიერებით ჩანდა, რომ ჭრილობა მარჯვენა თვალთან შემავალი იყო. მაგრამ გაკვეთის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ მარჯვენა თვალთან ჭრილობა გამავალია. ქართველი ექსპერტების მიერ საწინააღმდეგო დასკვნის გამოტანა მათ მწირ ტექნიკურ შესაძლებლობებს შეიძლება დაბრალდეს. სხვა ეჭვის გამოთქმის საფუძველი ჩვენ არ გვაქვს”.
და კიდევ ერთი, FBI-ის ექსპერტებმა გამოუსადეგრად ჩათვალეს ვუდროფის თავიდან ამოღებული მეტალის ფრაგმენტი, რომლიც ქართველმა სამართალდამცველებმა და ექსპერტებმა ტყვიის გარსის ფრაგმენტად მიიჩნიეს, თუმცა კი, აღნიშნეს, რომ ამის მიხედვით ტყვიის და მით უმეტეს იარაღის ტიპზე მსჯელობა შეუძლებელია. ამერიკელმა ექსპერტებმა დასკვნაში კი ასეთი რამ ჩაწერეს:“ეს მეტალის ფრაგმენტი ტყვიის არანაირ ნიშანთვისებას არ ატარებს და შეუძლებელია იარაღთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. ამ მეტალის ფრაგმენტს არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია”.
გამოძიებამ ბოლომდე ვერ მიაგნო ვუდროფისთვის საბედისწერო ტყვიის ისეთ ფრაგმენტს, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ის ნამდვილად ანზორ შარმაიძის იარაღიდან იყო ნასროლი.
საქართველოში სპეციალისტების მირ შეგროვებულმა მასალებმა ერთ დასკვნაში მოიყარა თავი. ამ დასკვნამ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს თანამშრომლის ფრედ რასელ ვუდროფის საქართველოში მკვლელობით დაირღვა შეერთებული შტატების ფედერალური კანონის 18-მუხლი.
FBI-ის სპეცაგენტები საქართველოში ვუდროფის ამერიკაში გადასვენების შემდეგ – 19 აგვისტომდე დარჩნენ. FBI-ის პოლიტიკის თანახმად, მათ კატეგორიულად ეკრძალებოდათ პრესასთან ურთიერთობა, მეტიც, ვუდროფის მკვლელობისა და საქართველოში ამერიკელი ექსპერტების ჩამოსვლის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარი აეკრძალათ საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსაც. გარდა უშუალოდ ნივთმტკიცებებზე მუშაობისა (მარტო მანქანას, რომელშიც ვუდროფი მოკლეს, FBI-ის ანგარიშის თანახმად, 12 საათის მანძილზე ათვალიერებდნენ), FBI-ის ჯგუფი ხვდებოდა სხვადასხვა პირებს, მათ შორის იყო ისეთიც, ვინც “დიდი რაოდენობით ინფორმაცია მოგვაწოდა ვუდროფსა და საქართველოში მის საქმიანობაზე”. საქართველოში წარგზავნილებმა აქედან უამრავი ფოტოსურათი (437 ცალი), ექსპერტიზის ჩასატარებელი მასალა და ასეთი დასკვნა წაიღეს: “ქართველი სამართალდამცველების მიერ შეგროვებულ დოკუმენტებში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მასალა, რომელიც დაადასტურებდა შეთქმულებას ვუდროფის წინააღმდეგ”. მათ ვერც პირველი ხარისხის მკვლელობაში დადანაშაულებული პატიმრის კავშირის კვალს მიაგნეს მათთვის საინტერესო პიროვნებასთან (აქვე აღვნიშნავთ, რომ ყველა სახელი და გვარი FBI-დან გამოგზავნილ მასალებში დღემდე დაშიფრულია. ჩვენც კონკრეტულ პიროვნებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიხსენიებთ, თუ მათ კავშირი სპეცსამსახურის ანგარიშებთან სხვა წყაროებითაა დადასტურებული).
საქართველოდან ჩატანილ მასალებზე FBI-მ 1993 წლის შემოდგომაზე, ფაქტობრივად, დაასრულა მუშაობა.
თავისი მისია, ამ რამდენიმე ექპერტიზის ჩატარებით, ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ, თითქმის, შესრულებულად ჩათვალა.
მაშინ FBI-ის პირველი ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლის, აქ მათი მუშაობისა და თან ამერიკაში, გარკვეული გაუხმაურებელი მასალების წაღების შესახებ ინფორმაციამ, მართალია, ზედაპირულმა, მაგრამ, მაინც გაჟონა. სამაგიეროდ, ჩვენი ინფორმაციით, სულ რამდენიმე ადამიანმა თუ იცოდა იმის შესახებ, რომ 1994 წლის თებერვალში ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ფრედ ვუდროფის მკვლელობის ირგვლივ გამოძიება კვლავაც აქტიურად განაახლა. განახლდა FBI-ს ფარულ აგენტთა საქართველოში ვიზიტებიც.
რა გახდა სპეცაგენტთა თითქმის ექვსთვიანი შესვენების მიზეზი, ჩვენთვის ძნელი სათქმელია. 1993 წლის ზაფხულიდან 1994 გაზაფხულამდე ბევრი რამ მოხდა მნიშვნელოვანი. ჯერ ერთი, რომ დაირღვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა – რუსეთის სამხედრო დახმარებით აფხაზმა სეპარატისტებმა კონფლიქტის ზონიდან ქართული საჯარისო ნაწილებისა და ქართული ეროვნების მოსახლეობის გამოყრა შეძლეს. საქართველოს უმაღლესი ხელისუფალის მყისიერი სიბრაზე მეზობელი სახელმწიფოს მიმართ უმალ ჩაცხრა და იგი საქართველოს რუსეთის მიერ ორგანიზებული კავშირში – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შეუძღვა.
ქლინთონის დანაპირები კარგა ხანი დანაპირებად დარჩა. როგორც ამბობენ, რჩევად დარჩა საქართველოში ამერიკის იმდროინდელი ელჩის კენტ ბრაუნის რჩევაც ედუარდ შევარდნაძის მიმართ. არაოფიციალური ცნობით, კენტ ბრაუნმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ხელახლა სახეშეცვლილი და უშიშროების სამინისტროდ გადაკეთებული საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის შეფის კანდიდატურა. თუმცა, უშიშროების მინისტრი მაინც გახდა საბჭოთა სუკ-ის სკოლაგამოვლილი კადრი იგორ გიორგაძე.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებისგან სრულიად დამოუკიდებლად საკუთარ დანაკარგებს ითვლის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო.
CIA-ში გამოზრდილი მოღალატე
1994 წლის 21 თებერვალს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა ქალაქ არლინგტონში, საკუთარ ვილაზე დააპატიმრეს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მაღალჩინოსანი, CIA-ში მუშაობის 31 წლიანი სტაჟის მქონე, რუსეთში მომუშავე აგენტების საქმიანობაზე პასუხისმგებელი, აგრეთვე, მუშაობის ბოლო წლებში CIA-ის რიგებში ორმაგი აგენტების გამოვლენაზე მეთვალყურე 54 წლის ოლდრიჯ ჰაზენ ეიმსი და მისი მეუღლე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი მარია დელ როსარიო-ეიმსი. ოლდრიჯ(რიკ) ეიმსის საქმის ძიებას დიდი დრო არ დაჭირვებია – ამერიკის სპეცსამსახურები მას უკვე რამდენიმე წლის მანძილზე ადევნებდნენ თვალს. დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში გამართულმა სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა – საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან თანამშრომლობისთვის.
ოლდრიჯ ეიმსი ორმაგი აგენტი გახლდათ. 1985 წლიდან 1994 წლამდე ის ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთის უშიშროების კომიტეტს აწვდიდა ინფორმაციას. დღეს ცენტრალური სადაზვერვო ბიურო აღიარებს, რომ მისი არსებობის მანძილზე მსგავსი ზიანი ამ სპეცსამსახურისთვის არავის მიუყენებია. მეტიც, როგორც ამბობენ, CIA-ს ხელმძღვანელობას დღემდე არ აქვს ზუსტი წარმოდგენა, რამდენი და რა სახის საიდუმლო ინფორმაცია გადასცა ეიმსმა სუკ-ს. ერთი რამ კი უდავოა – სწორედ CIA-ს ოფიცრის შეტყობინების საფუძველზე 1985-92 წლებში რუსებმა გამოაშკარავეს ამერიკის დაზვერვის ათზე მეტი აგენტი და სამშობლოს ღალატისთვის უმეტესობა სიკვდილით დასაჯეს.
აგენტთა უმრავლესობის გამოვლენა 1986 წელს დაიწყო, რამაც, ცხადია, უკიდურესად შეაშფოთა ამერიკის სპეცსამსახურები. მათ ინფორმაციის გაჟონვის წყაროს ძიება ცალ-ცალკე, ყოველგვარი კოორდინაციის გარეშე დაიწყეს. სწორედ არაკოორდინირებულმა მუშაობამ გამოიწვია ეიმსის გამოვლენის დროში გაწელვა. მასზე ეჭვი ჯერ კიდევ 80-ანი წლების დასასრულს მიიტანეს, როდესაც სპეცსამსახურების იმ 40 თანამშრომლის სიაში მოხვდა, რომლებსაც ბოლო ხანებში საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებთან ჰქონდათ კონტაქტი. ამ ადამიანების დოსიეებისა და მონაცემების გადამოწმებისას ეიმსის საბანკო ანგარიშზე დაუსაბუთებელ თანხებს მიაკვლიეს. ძიებისას მისი იმ ძვირფასი შენაძენების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია, რომელთა ყიდვა CIA-ის მაღალჩინოსნის ხელფასის პირობებშიც კი გადაჭარბებულ ფუფუნებად იქნა მიჩნეული. ეს არც იყო გასაკვირი – CIA-ის ოფიცრის წლიური 70 ათას დოლარიანი ანაზღაურების პირობებში ის ოთხ წელიწადში სულ რაღაც 280 ათასს გამოიმუშავებდა, როცა ამავე ოთხწლიან პერიოდში სუკ-მა მისი მუშაობა 2 მილიონ დოლარამდე შეაფასა. ოლდრიჯ ეიმსზე ეჭვის აღებიდან მის დაპატიმრებამდე რამდენიმე წელიწადმა განვლო. ამ დროის მანძილზე მას ორმაგი მუშაობა არ შეუწყვიტავს.
1993 წლის ივლისის ბოლოს, ვუდროფის მკვლელობამდე ათი დღით ადრე ოლდრიჯ ეიმსი თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა.
“მისი თბილისში ჩამოსვლა შავი ზღვის აუზის ქვეყნების სპეცსამსახურების ცენტრის საქართველოში გახსნის შესახებ პროექტს უკავშირდებოდა”, – ამბობს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მაშინდელი შეფი, ამჟამად თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი.
თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოქმედი CIA-ის აგენტების, მათ შორის, ფრედ ვუდროფის მუშაობის რევიზიაც ევალებოდა.
რამდენიმე წლის წინ რუსული პრესა თბილისის სადაზვერვო სამმართველოს სპეცაგენტის მკვლელობას სწორედ ეიმსის საქართველოში ვიზიტს და ხელქვეითი ვუდროფის მიერ მისთვის საერთაშორისო ნარკომაფიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას უკავშირებდა.
საქართველო საერთაშორისო ნარკომაფიის წინააღმდეგ წარმოებულ ომში
კიდევ ერთი სერიოზული პროექტი, რომლის განხორციელებასაც აშშ საქართველოში გეგმავდა, იყო შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო ნარკოინფორმაციების გაცვლის ცენტრის შექმნა, რომლის ოფისიც თბილისში უნდა ყოფილიყო. დაგეგმილი იყო საქართველოში ცენტრის დამფუძნებელი პირველი კონფერენციის ჩატარებაც. არსებული ინფორმაციით, ცსს-ს სპეციალური აგენტი ფრედ ვუდროფი ამ პროექტის ზედამხედველიც გახლდათ.
საერთაშორისო ნარკოცენტრის პროექტის განსახორციელებლად სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ვუდროფი დაიღუპა, ცენტრის ამოქმედების საკითხი ჯერ ეჭვქვეშ დადგა და ბოლოს საერთოდ დაიხურა. საქართველოს უშიშროების სამსახურის მაშინდელი თანამშრომლები აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელება რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩაშალეს. ცენტრის შექმნის თაობაზე მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს უშიშროების სამსახურის წარმომადგენელს საკმაოდ უხეშად ესაუბრნენ და უკან მუქარის სიტყვებით გამოისტუმრეს. რუსეთმა მუქარა შეასრულა კიდეც, რაც იმაში გამოიხატა, რომ სოხუმში პირველი გამაფრთხილებელი დაბომბვა განხორციელდა. საქართველო ჩრდილოეთის პოლიტიკის მიერ დამორჩილებული აღმოჩნდა და ფრედ ვუდროფის საფუძველჩაყრილ პროექტზე, ფაქტობრივად, უარი თქვა. აშშ-ს სპეცსამსახურმა ცენტრის ასამოქმედებლად თბილისში ჩამოტანილი აპარატურა, ტექნიკა და სხვა საჭირო ატრიბუტები, ანუ მთელი სისტემა, ანკარაში გადაიტანა, სადაც შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო ნარკოინფორმაციების გაცვლის ცენტრი დაფუძნდა კიდეც.
თავის დროზე ფრედ ვუდროფს, რომელიც საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ძალზე დეტალურ ინფორმაციებს ფლობდა, უთქვამს: “იქნებ, ჯობდეს ცენტრი საქართველოში არ დავაფუძნოთ, რათა სერიოზული დარტყმის ქვეშ არ აღმოჩნდეს.”
ვუდროფის სიკვდილის შემდეგ ცნობილი გახდა ისიც, რომ სპეცაგენტი ვაშინგტონმა საქართველოში საერთაშორისო ნარკომაფიის არხების დასაზვერად გამოგზავნა. ამას ადასტურებს ცსს-ს გენერალური დირექტორის ჯეიმს ვულსის აშშს-ს კონგრესისთვის 1994 წელს წარდგენილი ანგარიში, სადაც მან განაცხადა, რომ ვუდროფს სერიოზული გამოცდილება ჰქონდა ნარკომაფიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და, რომ მისი საქართველოში გაგზავნის ერთ-ერთი დანიშნულება ნარკომაფიის შესაძლო მარშრუტის დადგენა და მის წინააღმდეგ ბრძოლაც იყო.
ვუდროფის მკვლელობიდან 8 თვის შემდეგ, 1994 წლის 20 აპრილს, აშშ-ს კონგრესზე სენატორმა ჯესი ჰელმსმაც გააკეთა მოხსენება.
“ვუდროფი იძიებდა საქართველოს, როგორც ჰეროინის მილსადენის როლს, რომელიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპაში გაედინებოდა,” – განაცხადა სენატორმა. იმავე სხდომაზე კონგრესმენთა წინაშე ანგარიშით წარსდგა ცსს-ს გენერალური დირექტორი ჯეიმს ვულსი. მან, ფაქტობრივად, დაადასტურა კონგრესმენის განცხადება და ვუდროფის მკვლელობას, ოლდრიჯ ეიმსსა და ნარკომაფიის საეჭვო კავშირზე ვარაუდიც გამოთქვა.
“ვუდროფის მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ეიმსი საქართველოში იმყოფებოდა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შევარდნაძე ვალდებულია და უნდა დაეხმაროს კლინტონის ადმინისტრაციას, რათა დადგინდეს ნებისმიერი კავშირი ეიმსის თბილისში ვიზიტსა და ვოდროფის მკვლელობას შორის. თუ მისტერ ეიმსმა “კგბ”–ს მხარი დაუჭირა და გაყიდა ამერიკის მიერ ნარკომაფიის წინააღმდეგ დაწყებული ომი, კლინტონის ადმინისტრაცია და დასავლეთი ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება,” – ასეთი იყო ცსს-ს გენერალური დირექტორის განაცხადი.
გავრცელებულ სხვადასხვა ვერსიათაგან საბოლოოდ ერთი – ნარკოვერსია გამოიყო და ვუდროფის მკვლელობის ერთ-ერთ ყველაზე სარწმუნო ვერსიად გამოცხადდა. გაზეთმა “Известиа”-მ ამ თემას ვრცელი წერილიც კი მიუძღვნა. “საქართველოში ნარკოვაჭრობის თვალსაზრისით სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ედუარდ შევარდნაძე იძულებული გახდა, მდგომარეობის განმუხტვის მიზნით, ნარკოლოგიური ტესტი ჩაეტარებინა. შევარდნაძე დეტალურ ინფორმაციებს ფლობდა, თუ რა ხდებოდა საქართველოში, თუ რა მასშტაბებს მიაღწია ნარკომაფიამ. ვუდროფმანარკობიზნესის, კერძოდ, ჰეროინით ვაჭრობის შესახებძალიან სერიოზული ინფორმაციები მოიპოვა და მიაწოდა ოლდრიჯ ეიმსს. სწორედ ეიმსი იყო ის პიროვნება, ვისთანაც პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ვუდროფს. ანუ, მხოლოდ მისთვის უნდა მიეწოდებინა მოპოვებული ინფორმაციები. ეიმსმა ვუდროფისგან მიიღო ინფორმაცია საქართველოში ნარკომაფიის არსებობის შესახებ და შეატყობინა მოსკოვს, მოსკოვიდან კი გაიცა ვუდროფის მოკვლის ბრძანება. უფრო ზუსტად, საქართველოში ჩამოვიდა ინფორმაცია და მითითება ვუდროფის მკვლელობის თაობაზე. ნარკობიზნესით დასაქმებულმა პირებმა – შევარდნაძის დაცვის სამსახურის უფროსმა, ცსს–ს აგენტის მკვლელობა სისრულეში მოიყვანა,” – წერდა გაზეთი “Известиа”.
წერილის ავტორის მტკიცებით, შევარდნაძის დაცვის სამსახურის პრივილეგირებულ უფროსს ელდარ გოგოლაძეს თბილისში წლების მანძილზე ვერავინ გაუბედა შეხება, მაგრამ 1997 წლის ზაფხულში აჭარაში, რეგიონში, სადაც მისი “ძალაუფლება” არ ვრცელდებოდა, სარფის საბაჟოზე იმ დროს დააკავეს, როცა რადიოაქტიური ნივთიერების, იარაღისა და ნარკოტოკების დიდი პარტია საზღვარგარეთ გაჰქონდა.
ელდარ გოგოლაძეს წერილის ავტორის ევგენი კრუტიკოვის ვერსია სასაცილოდ არ ჰყოფნის.
“ეს რუსული ვერსიაა, თანაც, ძალზე არაპროფესიონალურ დონეზე შექმნილი. ბათუმში 1995 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ, მაშინაც რაფსანჯანის ვიზიტის დაცვა გვევალებოდა და იმიტომ ჩავედით. საერთოდ, აჭარასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო კონტექსტში მახსენებენ. გახსოვთ ალბათ, ასლან აბაშიძემ გაავრცელა ინფორმაცია, ტერაქტს მიწყობდაო. მაშინ განვაცხადე, ასლან აბაშიძისთვის ტერაქტის მოწყობა აზრად რომ მომსვლოდა, ახლა ამდენს ვერ ილაპარაკებდა–მეთქი.
საერთოდ, დაინტერესდით, გაიკითხეთ, ვინ არის ის ჟურნალისტი, ვინც ის წერილი დაწერა და გასაგები გახდება, რატომ შეიქმნა ეს “შედევრი”. სხვათა შორის, იგივე წერილი ფილადელფიის რუსული დიასპორის გაზეთში გამოქვეყნდა და უკვე სხვა ავტორი აწერდა ხელს. სტატია დაიბეჭდა სხვა რუსულენოვან უცხოურ გამოცემებშიც და ყველა შემთხვევაში შინაარსი ერთიდაიგივე იყო, იცვლებოდა მხოლოდ ავტორთა ვინაობა. ეს მეთოდი ჩემთვის ძალზე კარგად გასაგებია, რუსეთის სპეცსამსახურები დაინტერესებული იყვნენ ჩემით იმდემად, რამდენადაც მე შევარდნაძის დაცვის სამსახურს ვხელმძღვანელობდი და ჩემი იმიჯის შელახვა ქვეყნის მეთაურის იმიჯის შელახვასთან პირდაპირ კავშირში იყო – აი, ესაა წერილის ავტორის მიერ აგორებული ვერსიის მიზანი.
ეს სპეცსამცახურების მეთოდია და წერილს იმაზე მეტი მიზანი აქვს, ვიდრე ფრედის მკვლელობაში ჩემი დადანაშაულებაა. დააკვირდით, სტატია დაიბეჭდა 1997 წელს, მაშინ, როცა პანკისის ხეობა კრიმინალურ ანკლავად ყალიბდებოდა, რუსეთის სპეცსამსახურები ამ დროს ნიადაგის მზადებას იწყებდნენ საქართველოს იმიჯის გასასვრელად, სხვადასხვა მეთოდებით ქმნიდნენ აზრს, რომ საქართველოში კრიმინალური სიტუაცია გამძაფრებულია, რომ ნარკომაფია ფეხმოკიდებულია, რომ ტერორიზმის საშიშროება არსებობს და ა.შ,” – ამბობს ელდარ გოგოლაძე.
“ქართუ ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტის ფრედ ვუდროფის მიერ საქართველოში წარმოებული ნარკომაფიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და მის მიერ მოპოვებული სოლიდური ინფორმაციების ეიმსისთვის მიწოდების თაობაზე გავრცელებული ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება.
“ეს ვერსია სისულელეა და გითხარით, რატომაც წარმოიშვა. როგორ შეიძლებოდა, რომ ფრედს ინფორმაციები ეიმსისთვის მიეწოდებინა, როცა ცსს–ს იმ პერიოდში უკვე კარგა ხნის გაშიფრული ყავდა ოლდრიჯ ეიმსი. სწორედ ამიტომაც მოხდა, რომ ის ოპერატიულ სამუშაოს ჩამოაშორეს. ვფიქრობ, რომ ეიმსზე სერიოზული ეჭვები ჰქონდა ფრედსაც, ამიტომაც ის არანაირ ინფორმაციას არ მიაწოდებდა ეიმსს. ერთი სიტყვით, ეიმსთან დაკავშირებული ვერსია ბლეფია,” – აცხადებს ელდარ გოგოლაძე.
რაც შეეხება საქართველოში საერთაშორისო ნარკოცენტრის შექმნის პროექტს, ელდარ გოგოლაძე აცხადებს, რომ პროექტები, თანაც საკმაოდ სერიოზული, მრავლად იყო, მაგრამ მათ ასამუშავებლად საქართველო მზად არ აღმოჩნდა.
“მაინც ვფიქრობ, რომ ამ პროექტებზე მუშაობას ფუჭად არ ჩაუვლია. ჩვენ ვუფრთხილდებოდით ქვეყნის და სამსახურის იმიჯს, ზოგიერთები კი მხოლოდ საკუთარ ინტერესზე ფიქრობდნენ და ხელს არ აძლევდათ ამ პროექტების ამოქმედება,” – ამბობს ელდარ გოგოლაძე.
“ვუდროფის მკვლელობის დაკავშირება ნარკომაფიასთან გამორიცხულია. იმ დროს, როცა მე საერთაშორისო ნარკომაფიის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ვიყავი, ძალზე სერიოზული სამუშაოები ტარდებოდა, თანაც საერთაშორისო დონეზე. მიმდინარეობდა საქართველოზე გამავალი არხის დამუშავება. სერიოზულ ნარკოძალებს მცდელობები ჰქონდათ იმ დროს ხელისუფლებაში მყოფ პირებთან კონტაქტების დამყარებისა, გვქონდა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო ნარკობიზნესით დასაქმებულები იმდროინდელ ხელისუფალთა შორის დასაყრდენ ძალას ეძებდნენ და მიაგნეს კიდეც. ჩვენ ძალზე სერიოზული ოპერაციები ჩავატარეთ; არ აგერიოთ, არ წარმოიდგინოთ, რომ ეს იყო პოლიციური ოპერაციები, არა, ეს იყო უსერიოზულესი ოპერაციები, რომელშიც ჩაბმული იყო შავი ზღვის აუზის ქვეყნები. დასავლეთმა ნარკომაფიას ომი გამოუცხადა დამასში ჩვენც ჩავერთეთ. თავისუფლად შემიძლია თქმა, რომ საქართველოზე გამავალი არხები ჩავკეტეთ, დასავლეთის დახმარებით მოხერხდა ის, რომ საერთაშორისო ნარკოკარტელებს მნიშვნელოვანი ნარკოტრასები გადავუკეტეთ.
საერთოდ, ის პერიოდი მუშაობის თვალსაზრისით საუკეთესო გახლდათ, მიმდინარეობდა ინფორმაციების გაცვლა. არსებობდა ერთიანი სისტემის ქსელი, რომლის მეშვეობითაც მუდმივი კონტაქტები გვქონდა ერთმანეთთან. რამდენიმე საინტერესო მონაცემი ჩვენც მივაწოდეთ ამერიკის სპეცსამსახურებს. ჩვენი თანამშრომლობა დაახლოებით 1,5-2 წლისმანძილზე გრძელდებოდა, შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა დამთელი სისტემა მოიშალა,” – აცხადებს უშიშროების სამსახურის საერთაშორისო ნარკომაფიის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების მაშინდელი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვუდროფის საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში საქართველო ამერიკის მიერ ნარკომაფიის წინააღმდეგ დაწყებულ საერთაშორისო ომში მართლაც სერიოზულად ჩაება. სენატორ ჯესი ჰელმსსა და ცსს-ს მაშინდელ თავკაცს ჯეიმს ვულსს, როცა ამერიკის მიერ ნარკომაფიის წინააღმდეგ დაწყებული ომზე საუბრობდნენ, ალბათ, მხედველობაში ჰქონდათ ცნობილი ნარკომაფიოზის რეიჰანის საქმე. საქმე ისაა, რომ ცსს-მ ირანელი ნარკომაფიოზი რეიჰანი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. მის საქმეში ჩაბმული იყო შავი ზღვის აუზის ქვეყნები, მათ შორის, იმდროინდელი ამერიკული კონტაქტებიდან გამომდინარე, საქართველოც. არსებობდა ინფორმაცია, რომ რეიჰანი თავის შავ ბიზნესს აწარმოებდა თითქმის მთელს მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებით აქტიურად ბაქოში, ბულგარეთში, რუმინეთში და მათ შორის საქართველოში. რეიჰანი საქართველოზე გამავალი ნარკოარხის გაჭრას გეგმავდა და მოახერხა კიდეც. მან შეძლო საქართველოს ხელისუფლების მაშინდელ წარმომადგენლებთან კონტაქტზე გასვლა. სწორედ ამ კონტაქტების საშუალებით საქართველოზე რამდენიმე მილიონის ჰეროინის პარტიამ გაიარა. სხვათა შორის, ფრედ ვუდროფის მიერ ნარკომაფიის შესახებ მომზადებულ დასკვნაში, რომელიც მან ცსს-ს დირექტორატს გაუგზავნა, ზემოთმოთხრობილი ფაქტების გარდა საუბარი იყო იმ თანამდებობის პირებზეც, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო ნარკომაფიას მფარველობდნენ. ვუდროფმა ასევე გაშიფრა ნარკობიზნესში დასაქმებული რუსი გენერლებიც, უფრო ზუსტად, ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების გენერალური შტაბის იმ მაღალჩინოსანთა ვინაობა, რომლებიც, საქართველოს თანამდებობის პირებთან ერთად, ამ შავ ბიზნესს მფარველობდნენ. ცსს-ს თბილისის ბიუროს არაფორმალური ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ დასკვნაში დეტალურად იყო მოთხრობილი საერთაშორისო ნარკომაფიოზთა მილიონიანი ტვირთების – ჰეროინის – გადაადგილების მარშრუტებიც.
ავღანეთი–კასპიის ზღვა(ბაქო)-საქართველო, კახეთის რეგიონი(ლაგოდეხი)-აჭარა(სარფი);
არსებობდა მეორე მარშრუტიც:
ავღანეთი–კასპიის ზღვა(ირანი)-სომხეთი–ახალციხე–ფოთი.
ვუდროფის საქმის დასკვნის მიხედვით, ფოთიდან ნარკოტრაილერთა ნაწილი აფხაზეთში შედიოდა. ოღონდაც, ცსს-ს სპეციალურმა აგენტმა ვეღარ შეძლო დადგენა, უკვე აფხაზეთიდან სად და როგორ ნაწილდებოდა ჰეროინი. თუმცა, ფოთიდან გამავალი ნარკო-მარშრუტი მან გაშიფრა. ფოთიდან ჰეროინი ევროპაში ვრცელდებოდა.
ფრედ ვუდროფის მიერ ჩატარებული ნარკო-მონიტორინგის მიხედვით, ნარკოკარტელთა ცენტრი განჯაში მოქმედებდა. ავღანეთიდან შემოსული დიდძალი ნარკოტიკი იქ იყრიდა თავს და მისი განაწილება განჯაში ხდებოდა.
ფრედ ვუდროფთან ერთად საქართველოს სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მსხვილი ოპერაციები ჩაატარეს და შედეგად ის მივიღეთ, რომ მართალია, რამდენიმე წლით, მაგრამ ჩაიკეტა დასახელებული ნარკოგამტარი არხები. სწორედ მაშინ ჩაიშალა რეიჰანის მილიონნახევარ დოლარიანი ნარკოოპერაცია, ათას 200 კილო სინთეტიკური ნარკოტიკის საქართველოში შემოსვლის მცდელობა. სინთეტიკური ნარკოტიკი სკანდინავიურ კომპანიას ქართული კომპანიის დახმარებით დიდი ბრიტანეთში უნდა გაეტანა. ქართული კომპანიის სათავეებთან სწორედ ვუდროფის მიერ გაშიფრული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იდგნენ, რომელთაც მოგვიანებით, ვუდროფის სიკვდილის შემდეგ, მიაწოდეს უშიშროების სამსახურში არსებული საიდუმლო დაშიფრული ინფორმაცია.
FBI-მ რეიჰანის დაპატიმრება საერთაშორისო დონეზე ჩატარებული ოპერაციებით მოახერხა. თუმცა, ფრედ ვუდროფის მიერ ნარკომაფიის წინააღმდეგ დაწერილი 3-გვერდიანი დასკვნა, ვუდროფის მკვლელობისა და მასთან ერთად მომუშავე უშიშროების სამინისტროს თანამდებობის პირების სამინისტროდან წასვლის შემდეგ, გაიშიფრა და მანამდე გასაიდუმლოებული ოპერაციები იმ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის გახდა ცნობილი, რომლებიც ნარკომაფიაში იყვნენ ჩაბმულები. ფრედ ვუდროფის მიერ ცსს-ს დირექტორატისთვის გაგზავნილი 30-გვერდიანი ანგარიში საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტში დღესაც ინახება, თუმცა, მასში წაშლილია ქართველ ნარკომაფიოზთა ვინაობები.
ელდარ გოგოლაძე, რომელიც არსებული ინფორმაციით, ვუდროფთან ერთად უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჩატარებულ ნარკოოპერაციებს, აცხადებს, რომ: “რა თქმა უნდა, ვმუშაობდით და თანაც, ვმუშაობდით ძალიან სერიოზულად, მაგრამ ახლა მათზე საუბარი არ მიმაჩნია გამართლებულად, თანაც მე უკვე აღარ ვმუშაობ იმ სისტემაში. ჰკითხეთ იმ ადამიანებს, ვინც მაშინაც მუშაობდნენ და ახლაც მუშაობენ უშიშროების სამინისტროში და მოგიყვებიან, რა გაკეთდა იმ პერიოდში,” – ამბობს ელდარ გოგოლაძე.
ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების დასაწყისში საქართველო მართლაც ჩაება საერთაშორისო ნარკოომში, გავრცელებული ვერსიის – ნარკომაფიის, ეიმსისა და ვუდროფის მკვლელობის კავშირის შესახებ – მტკიცება ძნელად თუ შეიძლება. თანაც, თითქმის უკვე დადგენილია, რომ ფრედ ვუდროფმა საქართველოში თავის როლი აშშ-ს მიერ ნარკომაფიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ფრიადზე შეასრულა და მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე უკვე ცნობილი იყო, რომ ის საქართველოდან წასვლას – სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა. მეტიც, საქართველოში ჩატარებული წარმატებული ოპერაციებისთვის ფრედ ვუდროფს ცსს-ში დაწინაურება ელოდა.
ერთიცაა, აშშ-ში ჩატარებულ ოლდრიჯ ეიმსის სასამართლო პროცესზე, ცსს-ს მოღალატე ეიმსის ნარკომაფიასთან კავშირი არ დადასტურებულა, მეტიც, მისთვის წაყენებულ მრავალპუნქტიან ბრალდებებში ამ დანაშაულზე საუბარიც არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ფაქტი სახეზეა:
ოლდრიჯ ეიმსის დაპატიმრებიდან ძალიან მალე FBI-მ ფრედ ვუდროფის მკვლელობის მცირე ხნით შეწყვეტილი გამოძიება განაახლა, როგორც მათეულ საგამოძიებო მასალებში ხსნიან, რაღაც (როგორც ზემოთ მოგახსენეთ, FBI-დან ჩვენთვის გამოგზავნილ მასალებში დოკუმენტების დიდ ნაწილს შავი საღებავი აქვს გადასმული და, ამდენად, ქვემოთ სიტყვების “რაღაცის” და “ვიღაცის” ხმარება ხშირად მოგვიწევს) მოვლენამ
“გამოიწვია გამოძიების მიერ შეგროვებული მასალების სიღრმისეული განხილვა და ამის საფუძველზე საჭიროდ მიიჩნიეს სპეცაგენტების მეორე ჯგუფის საქართველოში გამოგზავნა. აგენტებს ევალებოდათ რიგი სუბიექტების დამატებით დაკითხვა, მეტიც, დაკითხვა სიცრუის დეტექტორის, ანუ პოლიგრაფ-ტესტის გამოყენებით”. სხვათა შორის, გამოძიების განახლებასთან დაკავშირებით FBI იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში მეტად არასახარბიელო სიტუაციაა, თუმცა, ამის გათვალისწინებითაც კი უკან არ იხევენ, რადგან თვლიან, რომ ”საჭიროა ბევრი რამის გარკვევა”……
გაზეთი „24 საათი“ 2004 წელი
კომენტარები