„ალიას“ დაუკავშირდა ადვოკატი, შორენა კობიძე, რომელიც შიშობს, რომ, საქმე, რომელზედაც ქვემოთ გვიამბობს, სიმართლის დადგენა გაუჭირდება. ჩვენი გაკვირვება, ნამდვილად რთულია, იმდენი დაუჯერებლად სასტიკი ისტორიები გაუშუქებია „ალიას“ ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე, მაგრამ კიდევ მოახერხა, ამჯერად, ამჟამინდელმა სისტემამ ჩვენი გაოცება. ახალგაზრდა მამაკაცს პოლიციის შენობაში, პოლიციელმა ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა, როგორც ადვოკატი გვიყვება, რა შეიძლება იყოს ამაზე ამაზრზენი?
-5 ივლისის საქმეზეა დაკავებული – ასე იწყებს შორენა საუბარს და ხმის ინტონაციით ვხვდები, რომ შიშობს, უარი არ ვუთხრათ გაშუქებაზე, თუმცა, ჩვენთვის, კანონი ერთია და ყოველთვის ვთვლიდით და ვთვლით, რომ არცერთი ადამიანის უფლებები უნდა იყოს შელახული და ყველას აქვს უფლება, სამართლისა და კანონის შესაბამისად მოექცნენ!
როგორც ადვოკატი გვიყვება, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არის ალიკა ალაზოვი;
შორენა კობიძე:
-4 შვილის მამაა, მეხუთე შვილს ელოდება მალე. ეს ის პირია, რომელმაც ლგბტ დროშა ჩამოხსნა “პრაიდის“ ოფისის აივნიდან, მგონი ეს კადრები ყველამ ნახა. როგორც თავად ჰყვება, ის მორწმუნე მუსულმანია და დედაქალაქში ჩამოვიდა, რათა გაეპროტესტებინა ლგბტ პროპაგანდა, თორემ, არავისზე ძალადობა არ სურდა და არც უძალადია ვინმეზე.
-შესაძლებელია, ვინმეს ორგანიზებით მომხდარიყო მისი ჩამოსვლა?
-არა, არავის ორგანიზებით არ მომხდარა მისი აქციაზე მისვლა. ეს, მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, როგორც უკვე აღვნიშნე, ის მორწმუნე მუსულმანია და თვლის, რომ ყველა მუსულმანის ვალდებულებაა, რომ გამოხატოს პროტესტი ამ ტიპის პროპაგანდის მიმართ, საქმეც იმაშია, რომ დაკავებული ჰყავთ ადამიანები, რომლებსაც ედავებიან ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობაზე, თუმცა, საქმის მიხედვით, ბუნებაში არ არსებობს ორგანიზატორი, ეს, ყურით მოთრეული მუხლია ( სსკ-ის 225- ე მუხლი), ისევე, როგორც საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლი (დევნა ) და შესაბამისად, საქმეში თუ არ არის ორგანიზატორი, ვერ ჩაითვლება ორგანიზებულ დანაშაულად, რადგან არ არსებობს ამ მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა..
-როდის დააკავეს?
-დაკავება მოხდა 8 ივლისს, ოქმის მიხედვით 01.38 საათზე, ოქმის შედგენა, იგივე ოქმის მიხედვით, დასრულდა 02.08 საათზე. დააკავეს საკუთარ სახლში, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში. დაკავებაში მონაწილებდნენ, როგორც ვაზიანის პოლიციის წარმომადგენლები, ასევე თბილისის სამმართველოს გამომძიებლები.
-ჩხრეკა ჩატარდა? მოსამართლის გადაწყვეტილებით იყვნენ მისულნი?
-ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა, საქმეში სასამართლოს გადაწყვეტილება ჩხრეკის ჩატარების თაობაზე არ დევს, როცა, არც გადაუდებელი წესით დაკავების და არც ჩხრეკის წარმოების საფუძველი არ არსებობდა, გადაუდებელი წესით დააკავეს. ამის შემდეგ მოჰყავთ თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ დრო არასწორადაა დაკავების მითითებული, რადგან, როცა ჩამოიყვანეს თბილისში და განყოფილებაში შეიყვანეს, საათი, რომელიც განყოფილებაში კედელზე ეკიდა, 1-ის ნახევარს აჩვენებდა.
-და ოქმს ხელი რატომ მოაწერა?
-ჯერ ერთი ოქმი არც წაუკითხავს, თანაც, მას მხოლოდ 2 კლასი აქვს დამთავრებული და არც ქართულად იცის წერა და კითხვა, არც რუსულად. გვითხრა, რომ შეუძლია გადახატოს, რასაც დაუწერ… ჩხრეკას ესწრებოდნენ მისი მეუღლე და ძმა. სხვათა შრის, ოჯახის წევრები ჩხრეკას ტელეფონით იღებდნენ და მათივე თქმით, პოლიციელებმა მათ ეს ვიდეო წააშლევინეს.
-როგორ მოხდა მისთვის ჭრილობის მიყენება?
-როგორც უკვე გითხარით, ის დააკავეს 8 ივლისს. ეს არ იყო სპონტანური დაკავება აქციაზე, ან ქუჩაში, სპეციალურად წავიდნენ თბილისიდან მის დაკავებლად, თუმცა, უცნაური ის გახლავთ, რომ არ წაიღეს ხელბორკილი და მას ხელები ე.წ. „ხამუთით“ შეუკრეს.
-ასე ჩამოიყვანეს თბილისამდე?
-დიახ, ასე ჩამოიყვანეს, „ხამუთით“ შეკრული ხელებით თბილისამდე. განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, სცადეს, „ხამუთის“ გახსნა, თუმცა, გაუჭირდათ და რომ არ ეწვალათ დიდხანს, როგორც ჩანს გადაწყვიტეს დანით გაეჭრათ, გადაუსვეს დანა და გადაჭრეს ხელიც… სიმართლე გითხრათ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, იმასაც ფიქრობს, რომ სპეციალურად გაუჭრეს ხელი, დაშინების მიზნით, თუმცა, რამდენად უნდოდათ, ასეთი სერიოზული დაზიანების მიყენება გამიზნულად, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ერთი საათი სისხლმდინარს აჩერებენ, ისე, რომ ექიმს არ იძახებენ, როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ თავისით შეუწყდება სისხლდენა. ამის შემდეგ იძახებენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს. სასწრაფო დახმარების ექიმი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით, დაჟინებით ითხოვს მის გადაყვანას კლინიკაში, რაზეც პოლიციელები შეეცადნენ და “დაარწმუნეს” ბრალდებული, რომ , მას უარი ეთქვა სასწრაფოს დახმარებაზე, მაგრამ ექიმის შეუპოვალი პოზიციის გამო, (როგორც ალიკა ალაზოვი ამბობს, ექიმი დაემუქრა პოლიციის თანამშრომლებს, რომ თუ არ მოხდებოდა ავადმყოფის გადაყვანა სავადმყოფოში, ის უჩივლებდა პოლიციელებს), მოხდა მისი გადაყვანა ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც პოლიციელებიც მიჰყვებიან. ( მინდა ამ ექიმს თქვენი გაზეთის საშუალებით ვუთხრა მადლობა მის მიერ გამოჩენილი მოქალაქეობრივი და პროფესიული პოზიციისთვის )
-რას ამბობს დაკავებული, შეუძლია იმ პირის ამოცნობა, ვინც დანა გამოიყენა?
-დიახ და მეტიც, ამბობს, რომ მისი სახელი იცის, მას ლევანს ეძახდნენ.
-ეს ლევანი მიჰყვება სავადმყოფოში?
-დიახ, ეს ლევანი და კიდევ ერთი პოლიციელი. ალიკა ალაზოვის თქმით, კლინიკაში მათ ეუბნებიან, რომ მყესებია დაზიანებული და ოპერაციაა გასაკეთებელი. ეუბნებიან, რომ გადასახდელია 5 000 ლარი. თუმცა, პოლიციელები აწერინებენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უარს მკურნალობაზე და იქედან მოჰყავთ.
-სასწრაფოს მიყვანილი პაციენტი უკან მოჰყავთ? რატომ?
-დიახ, უკან მოჰყავთ და როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჰყვება, მანქანაში ესმოდა პოლიციელების საუბარი და, როგორც მიხვდა, ეს 5 000 ლარი ეძვირათ. მიჰყავთ კიდევ ერთ საავადმყოფოში, სადაც უკვე ოპერაციისათვის კლინიკა ითხოვს 3300 ლარს, თუმცა, როგორც ჩანს, ესეც ეძვირათ და მიჰყავთ კიდევ მესამე კლინიკაში, სადაც, მხოლოდ დაუმუშავეს და გაუკერეს ხელი და მორჩა.
-თქვენი ინფორმაციით, იცის თუ არა ეს ისტორია განყოფილების უფროსმა?
-წესით, უნდა იცოდეს. ჯერაა და დაკავებულს ერთი საათი სდის სისხლი, მერეა და სასწრაფო მოდის განყოფილებაში… ბოლოს და ბოლოს, საქმეში მაინც ხომ ჩაიხედავდა? ( ყველა განყოფილებაში არის კამერები 24 საათიანი რეჟიმით, რომელიც, როგორც ვიცი, კონტროლდება შსს – ს გენინსპექციის მიერ )
-და დაზიანებული მყესის აღსადგენად არ ჩატარდა ოპერაცია?
-მასალების მიხედვით – არა! მხოლოდ ეს პროცედურა, რაშიც, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჰყვება, 700 ლარი გადაიხადეს.
-ვინ გადაიხადა თანხა? სახელმწიფომ, თუ პოლიციელმა?
-ალიკა ალაზოვი ამბობს, რომ თანხა გადაიხადა იმ პოლიციელმა, ვინც დაზიანება მიაყენა.
-ანუ, კლინიკაში წაიყვანა, არა როგორც პოლიციელმა, არამედ, როგორც ფიზიკურმა პირმა და ისე გადაუხადა თანხა? რატომ?
-დიახ, როგორც ჩანს ასეა. მასალების მიხედვით, ირკვევა, რომ პოლიციელებს სურდათ ამ ფაქტის დამალვა. ექიმის მიერ გაცემულ ფორმა 100-ში წერია, რომ ჭრილობა არის 5,1-5 სანტიმეტრის და პაციენტმა ხელი დაიზიანა ხორცის დაჭრის დროს სახლში, არადა, დაკავების ოქმის მიხედვით, დაკავებულს არ აღენიშნება არანაირი დაზიანება. ჩემთვის, როგორც ყოფილი პროკურორისთვის, დღემდე გაუგებარია, როგორ მიიღო პროკურორმა საქმე, სადაც დაკავებულს დაკავების ოქმის მიხედვით, არ აღენიშნება დაზიანება, თუმცა, საქმეში დევს სამედიცინო ცნობა, სადაც წერია, რომ დაზიანება მიიღო ხორცის გაჭრის დროს. კითხვა არ გაუჩნდა ? საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოები ხომ ნახა, იქ მაინც ხომ დაინახა შეხვეული ხელი და არ გაუჩნდა კითხვა?
-კლინიკიდან წამოყვანის შემდეგ, პირდაპირ საგამოძიებო ექსპერიმენტზე წაიყვანეს?
-დიახ. პირდაპირ. შემდეგ მოაწერინეს ხელი იმაზე, რისი წაკითხვაც, როგორც ზემოთ გითხარით, არც კი შეეძლო და გადაიყვანეს საგარეჯოს კაპეზეში. კაპეზეში გადაჰყავს უკვე სხვა პოლიციელებს და იქ ელოდებიან, სანამ გამოკითხვას დაასრულებენ კაპეზეში შეყვანამდე. რა თქმა უნდა, იქ დაინახეს შეხვეული ხელი და მიზეზი ჰკითხეს. როცა გამოკითხვიდან გამოვიდა ალიკა ალაზოვი, პოლიციელები ისევ იქ დგანან როგორც მიყვება ეკითხებიან: „აბა, ყველაფერი რიგზეა?“. ამ კითხვამ დააეჭვა კაპეზეს თანამშრომელი, რომელმაც ალაზოვი ცალკე გაიყვანა და კიდევ ჩაეკითხა, რა პირობებში მიიღო ეს დაზიანება. თუმცა, მას ისევ არაფერს ეუბნება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. მეტიც, როცა მის საქმეში ჩავერთე, თავდაპირველად, მეც კი არ მომიყვა. საქმეს როგორც კი გავეცანი და ვნახე, რომ ოქმის მიხედვით, დაკავებისას მას არ ჰქონდა დაზიანება, თბილისში ჩამოყვანის შემდეგ კი, უცებ ჭრილობა გაჩნდა ხელზე და ექიმის დასკვნა დევს საქმეში – ისევ გავესაუბრე და მხოლოდ, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ და ისიც, ზოგადად მომიყვა ეს ისტორია. ამბობს რომ ძალიანაა შეშინებული, მან განიცადა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას შემდეგ, რაც ავუხსენი მისი სამართლებრივი უფლებები და დავპირდი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებდი, გადაწყვიტა ამ საზარელი ფაქტის გახმაურება. დავუკავშირდი მყისიერად სახელმწიფო ინსპექტორის აპარტას. მინდა ვთქვა, რომ როცა ალაზოვი ციხეში გადაიყვანეს, პროტოკოლის მიხედვით, ციხემ აცნობა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, საიდანაც წარმომადგენელმა ონლაინ რეჟიმით მოახდინა ჩართვა და ჰკითხა ალაზოვს, ხომ არ გააჩნდა რამე სახის პრეტენზია, რაზედაც ალაზოვმა უპასუხა რომ არ აქვს პრეტენზია, რაც გამოწვეული იყო ერთის მხრივ შიშით და მეორეს მხრივ, უნდობლობით. ამჯერად, უკვე პირადად მოვითხოვე, სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი შეხვედროდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჩემი თანდასწრებით. ალიკა ალაზოვმა მას ყველაფერი დეტალურად მოუყვა, რა დროსაც, ჩემთვისაც კი, ბევრი რამე პირველად გახდა ცნობილი. სახელმწიფო ინსექტორის წარმომადგენელის განმარტებით, ალიკა ალაზოვის მიერ დაფიქსირებული დარღვევები არ არის მათი ქვემდებარე, ამიტომ, შესაბამისი რეკომენდაციებით გადააგზავნა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. თუმცა, ჯერ არ ვიცი, რა ტიპის რეკომენდაცია გააგზავნა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერკიდევ 2021 წლის 14 ივლისს იქნა პირველი მიმართვა გადაგზავნილი საგამოძიებო ნაწილში, სადაც დღემდე არ მომხდარა ამ ფაქტზე რეაგირება და ვშიშობთ, რომ არც შემდეგ მოყვება ამ ფაქტს შეფასება.
-ამჯერად როგორია დაკავებულის მდგომარეობა?
-ის მარჯვენა მტევანს ვერ ამოძრავებს. შესაბამისად, მოვითხოვ, ჩაუტარდეს სამედიცინო ექსპერტიზა, რათა დადგინდეს დაზიანების ხარისხი.
-თქვენ თქვით, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი იყო გამოძახებული მთაწმინდა-კრწანისის განყოფილებაში, წესით, სასწრაფოს ექიმი მიხვდებოდა სისხლდენის ხასიათის, სისხლის ფერის მიხედვით, რა დროის მიყენებული იყო ჭრილობა. ასევე, თუ ალიკა ალაზოვი ამბობს, რომ დაკავების ოქმი გააყალბეს და სინამდვილეში, პირველის ნახევარზე უკვე თბილისში იყო, შესაბამისად, სასწრაფოს გამოძახებაც ბევრად ადრე უნდა მომხდარიყო, ხომ?
-ჯერ არ გამომითხოვია სასწრაფოდან ინფორმაცია, გამოვითხოვ ამ ინფორმაციას და იმედია, ექიმთან გასაუბრებასაც მოვახერხე და მადლობის თქმასაც პირადად უკვე, რომ ასე დაჟინებით მოითხოვა მისი გადაყვანა და არ დატოვა სისხლმდინარი განყოფილებაში.
-რა ტიპის დარღვევებია ამ საქმეში? ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის ეს ცალსახად განზრახ მიყენებული დაზიანებაა, რადგან, ჯერ ერთი დასაკავებლად რომ „ხამუთით“ მიდიხარ, ჩემთვის ეს უკვე განზრახვაა რამე დაუშავო, მეორე – დანას რომ დაუსვამ ხამუთს ასე ძლიერად, რომ ხელი გადაუჭრა, ეს რანაირად შეიძლება იყოს გაუფრთხილებლობა?.
-განზრახ სხეულის დაზიანება 2 სახისაა, პირდაპირი და არაპირდაპირი. ეს სხეულის განზრახ დაზიანების კლასიკური მაგალითია. გარდა ამისა, დარღვევებითაა შედგენილი დაკავების ოქმი და არ ასახავს რეალურ დროს. ასევე, ჯანმრთელობის შესახებ ცნობაც, ჩემი ინფორმაციით, არ ასახავს რეალურ დროს. რატომ მოგმართეთ თქვენ? – მკითხავთ, ალბათ…
-არა, არ გკითხავთ…
-მაინც გეტყვით, სიმართლე გითხრათ, გადამეწურა ყველანაირი იმედი, რომ ამ საქმეს მიეცემა შესაფერისი შეფასება, რადგან პროკურატურა 05 ივლისის საქმეზე დაკავებული პირების მიმართ, რომლებიც ცალსახად არიან სინდისის პატიმრები, ახორციელებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ წარმოებას, რასაც კანონთან და სამართალთან კავშირი არ აქვს, ჩემთვის ნომერ პირველი დარღვევა ისაა, რომ დაკავების ოქმის მიხედვით, ალიკა ალაზოვს არ აქვს დაზიანება დაკავებისას, პარალელურად კი, ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ მან ხელი სახლში გაიჭრა, ხორცის დაჭრისას – როგორ შეიძლება ასეთი ხილული დარღვევა და ასეთი ხილული, უკაცრავად და ტყუილი, ვერ შეამჩნიონ? თუნდაც ეს გარემოება არის ჩემთვის მტკიცებულება იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოები პირდაპირ ცალ კარში თამაშობენ და ნებისმიერ დარღვევაზე მიდიან და (და ეს ფაქტი აღარ არის დარღვევა, არამედ არის დანაშაული, თან ჩადენილი არაერთი პირის მიერ და არაერთი მუხლით) შეეცდებიან ამ ფაქტის “ჩაფარცხვას”, რომ საქმე ” არ გაუფუჭდეთ“.
„ალიამ“ მიმართა კომენტარისთვის სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, სადაც გვითხრეს, რომ ეს საქმე არ არის მათი ქვემდებარე და ამიტომ, ის გადაამისამართეს შესაბამის უწყებაში. რატომ არ არის მათი ქვემდებარე, ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს და გვითხრეს, რომ მათი კომენტარი მხოლოდ ესაა. არადა, სახელმწიფო ინსპექტორის გვერდზე ვკითხულობთ:
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის მიმართულებები:
• პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
• ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
• სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.“
არის თუ არა, პოლიციის შენობაში, პოლიციელის მიერ დაკავებულის ცივი იარაღით დაჭრა და შემდეგ, მისთვის საჭირო მკურნალობის უფლების წართმევა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, თავისი ხასიათიდან გამომდინარე? თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ დანაშაული, ალიკა ალაზოვის ადვოკატის თქმით, განყოფილების შენობაში მოხდა? იმედია, სახელმწიფო ინსპექტორის რეკომენდაციები იყო მკაცრი და იმედია, მათ შესრულებას ყურადღებას მიაქცევს. რასაკვირველია, „ალიამ“ მათ ვკითხეთ, როგორია მათი რეკომენდაციები, თუმცა, არ გვიპასუხეს.
„ალიამ“ მიმართა სასწრაფო დახმარების სამსახურს, დაგვპირდნენ, რომ კანონის ფარგლებში, ყველა კითხვაზე გვიპასუხებენ და მათ პასუხსაც შემოგთავაზებთ აქვე, თუ მივიღებთ.
„ალიამ“ მიმართა შსს-ს გენისპექციასაც, მოგეხსენებათ, შსს-ს გენერალური ინსპექცია, შსს-ს თანამშრომლების სამსახურეობრივ გადაცდენებს იძიებს, თუმცა, ჩვენ ძველ მკითხველს არ გაუკვირდება და ახალშეძენილ მკითხველთან კი, კიდევ ერთხელ შევიცხადებთ: – ჰოი, საოცრებავ, გენ. ინსპექციას ცალკე სამსახური არ ჰყავს საზოგადოებასთან ურთიერთობის, შსს-ს პიარმა უნდა უპასუხოს მათთან გაგზავნილ კითხვებსაც და შსს-ს კიდევ არ გვპასუხობს. შეფარულად მაინც გაერთიანდით შსს და შსს-ს გენ. ინსპექცია, უხერხულია, ბატონებო და ქალბატონებო.
„ალიამ“ კომენტარისთვის მიმართა სასამართლო სამედიცინო, დამოუკიდებელ ექსპერტს, მაია ნიკოლეიშვილს. გამომდინარე იქედან, რომ დაკავებულს, ადვოკატის თქმით, ექსპერტიზა ჯერ ისევ არ ჩატარებია და შესაბამისად, არც ექსპერტიზის პასუხი გვაქვს, ქალბატონ მაიას ზოგადი კითხვით მივმართეთ.
-თუ ეჭვი გვაქვს მყესების ან ნერვის დაზიანებაზე, რომელიც მოჰყვა 8 ივლისს, ერთი თვის წინ მიყენებულ ჭრილობას, რომელიც ადვოკატის თქმით, პირს მიაყენეს პოლიციის შენობაში, პოლიციელებმა, რა ტიპის შემოწმება უნდა ჩატარდეს და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა მყესის ან ნერვის დაზიანება, ამ შემთხვევაში მარჯვენა ხელზე, როგორი შეიძლება იყოს დაზიანება? მძიმე, ნაკლებად მძიმე?
– მძიმე არის დაზიანება, რა დროსაც, პაციენტი, ექიმის ჩარევის გარეშე, ვერ იცოცხლებს. შესაბამისად, მსგავსი შემთხვება, შესაძლოა, უფრო იყოს, ნაკლებად მძიმე. რადგან კონკრეტულ შემთხვევას არ ვიცნობ, რასაკვირველია, ჩემი პასუხი იქნება ზოგადი სახის. პირველ რიგში, საჭიროებს მიკროქირურგის კონსულტაციას, შემდეგ უნდა ინახოს ნერვი დაზიანებულია, თუ არა, მყესი დაზიანებულია, თუ არა, ამ კვლევებს კლინიკები აკეთებენ და არ არის პრობლემა ამის დადგენა. უნდა დადგინდეს, პროცენტულად, როგორია დაზიანება, შესაძლებელია, თუ არა პრობლემის აღმოფხვრა? თუ შესაძლებელია მკურნალობა, სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია და ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ, უკვე ჩატარდეს კვლევა, აღდგა, თუ არა კიდურის ფუნქცია. თუ კიდურის ფუნქცია დაიკარგება, მით უფრო მარჯვენა ხელზე, თუ პირი ვეღარ შესძლებს იმ სამუშაოს შესრულებას, რასაც აქამდე ასრულებდა, ესეც პროცენტულად უნდა განისაზღვროს, სრულად დაკარგა კიდურმა ფუნქცია, თუ ნაწილობრივ, მაგალითად, შესაძლოა, ვერ ამოძრავებდეს ერთ თითს და ამოძრავბდეს ხელს, ყოფილა პრაქტიკაში ასეთი შემთხვევებიც. მოკლედ რომ შევაჯამო, უნდა მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდგომ, უნდა შემოწმდეს კიდურის ფუნქცია და შრომის უნარის დაკარგვა, გამოხატული პროცენტებში. თუ დამტკიცდება, რომ მისმა კიდურმა დაკარგა ფუნქცია, ეს საკმაოდ მძიმე ფაქტი იქნება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, თუ დამტკიცდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში მიყენებული დაზიანებაა. ყოფილა შემთხვევები, რომ ასეთი ტიპის დაზიანების მიმყენებელი უწყება, ან საწარმო ვალდებული ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ გადაიხადოს კომპენსაცია ან დაენიშნოს სარჩო,
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები