2019 წლის 20 ივნისს რუსთაველზე აქციის დაშლისას დაშავებულმა ეკა აბაშიძემ, რომელიც იმჟამად სააგენტო “ინტერპრესნიუსის” რეპორტიორი გახლდათ, ამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო პროცესი მოუგო. იგი სოციალურ ქსელში, წერს:
ალბათ გახსოვთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს ორივე მკლავში თითო ტყვია მომხვდა. ადგილზე ვიმყოფებოდი ჟურნალისტის რანგში – იმ პერიოდში ვიყავი საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” რეპორტიორი. დღეს ამ შემთხვევაზე გამოცხადდა გადაწყვეტილება – 3 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩემს საქმეზე მე და “საია”, რომელიც ჩემი უფლებადამცველია, ვითხოვდით 25 000 ლარს (დიდი მადლობა მათ გვერდში დგომისთვის!).
4 წლის განმავლობაში თითოეულ წინგადადგმულ ნაბიჯს თვეები მიჰქონდა, დაზარალებულადაც შემთხვევიდან დაახლოებით 2 წელიწადში მაღიარეს (მადლობა ტელეკომპანია “იმედსაც” ამ კადრის გადაღებისთვის :))) ). შსს-ს თითიდან გამოწოვილი მიზეზებით სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა როგორც იქნა გავედით ფინალში.ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილი მაქვს, რომ ამ “თანხის” აღებაზე უარი არ ვთქვა – ბოლო-ბოლო, იმას მაინც მივაღწიეთ, რომ “რაღაცის” lowkey აღიარება მოხდა და ამ ქვეყანაში პროპორციულობის გადმოსახედიდან საუბარს უკვე აღარც ვთვლი ადეკვატურად ჩემი მხრიდან.ამ სიტუაციაში ახლა ღიმილისმომგვრელად ის მეჩვენება, რომ უდიდესი შანსია, რომ ამ გადაწყვეტილებას კვლავ თავად შსს გაასაჩივრებს, ისევ აღსრულების გაწელვისთვის.ახსნა-განმარტების დროს სასამართლოზე ვთქვი და აქაც დავწერ – ბევრჯერ მიფიქრია, რომ კიდევ გადავრჩი და მერე დამიფიქსირებია, რომ ეს პარადოქსია – არა, არ “გადავრჩენილვარ”, უბრალოდ, სხვებთან შედარებით ასე გამოიყურება.
P.S. დაზარალებული ჟურნალისტების, ისევე, როგორც მოქალაქეების საქმეზე კვლავ ველით გადაწყვეტილებას ევროპული სასამართლოდან.
კომენტარები