აღმასრულებელი ხელისუფლების 394-მა თანამდებობის პირმა და მათმა ოჯახის წევრებმა 2020-2022 წლებში 27,8 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაშია აღნიშნული.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველაზე მეტი საჩუქარი ძალოვან უწყებებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებმა მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკებმა 2020-2022 წლებში 5.7 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს, თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებმა – 4.75 მილიონი ლარის საჩუქრები, ხოლო პროკურატურის მაღალჩინოსნებმა – 3.08 მილიონი ლარის საჩუქრები. ძალოვანი უწყებების გარდა, მიღებული საჩუქრების საერთო ღირებულებით ასევე გამოირჩევიან საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირები.
სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებმა 16,6 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი ფულადი ფორმით მიიღეს, 9,1 მილიონი ლარის საჩუქარი – უძრავი ქონების სახით, ხოლო 2,1 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები – ავტომობილების ან სხვადასხვა ფასიანი ნივთების სახით.
დასაჩუქრებულთა სიის სათავეშია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, რომელმაც 2020-2022 წლებში 1 359 416 ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღო. მას მოსდევს იმავე უწყების სამმართველოს უფროსი ლიანა ლატარია, რომელმაც მშობლებისგან 804 765 ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღო, მათ შორის, 119 ათასი ევროს ღირებულების Porsche 911 CARRERA 4S, საცხოვრებელი ბინა ღირებულებით 100 ათასი აშშ დოლარი და ფულადი თანხა 60 ათასი ლარი.
სოლიდური საჩუქრები აქვს მიღებული NCDC გენერალურ დირექტორ პაატა იმნაძეს, რომელსაც 700 000 საჩუქარი გადასცეს.
ღარიბაშვილს მშობლებმა 300 000 ლარი აჩუქეს. დეკლარაციაში მითითებულია, რომ აღნიშნული თანხა მშობლების დანაზოგს წარმოადგენს, თუმცა მისი წარმომავლობა ბუნდოვანია.
კვლევის თანახმად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძვირადღირებული საჩუქრის მიმღებ პირებს ხშირ შემთხვევაში მაღალი კორუფციული რისკის მქონე თანამდებობები უკავიათ.
არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 15 საეჭვო შემთხვევა გამოავლინა. კერძოდ, შსს-ს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბაკური გიორგობიანმა 2022 წელს მეუღლის მამიდისგან ფულადი საჩუქარი 24-ჯერ მიიღო, მეუღლის მამიდაშვილის შვილისგან 3,250 აშშ დოლარი, მეუღლის მეგობრისგან 6,000 ევრო, მეუღლის დედისგან 8,450 ლარი და 2,000 აშშ დოლარი, მეუღლის სხვა ნათესავისგან 1,000 აშშ დოლარი, ხოლო საკუთარი მეგობრებისგან 12,110 ლარი და 403 აშშ დოლარი.
„მთავარი არხი“
კომენტარები