თამო კეშელავა, ალია
„კაცმა ჩიტს თოფი დააცილა და თქვა: ჩემი ხელიდან ხომ მკვდარიაო“ – 5 ივლისს ლექსო ლაშქარავას არ დააცილეს, ხელიც მოხვდა, ფეხიც, თუმცა, მაინც არავისი ხელიდან მოკლული გამოდის და თავად ტოვებს ხელისუფლება მის სიკვდილში დამნაშავეს.
რა მოხდებოდა ლექსოს იარაღის ტარების უფლება რომ ჰქონოდა? რა მოხდებოდა მას და სხვა ჟურნალისტებს იმ დღეს იარაღი რომ ჰქონოდათ? შედრკებოდა, თუ არა, მათ წინაშე ბრბო? როგორ გგონიათ, რატომ ეშინიათ სახელმწიფოს, ან პოლიციის ადამიანებს? დიახ, სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფოს აქვს იარაღის ტარების უფლება და ადამიანებს – არა. როგორ გგონიათ, რატომ ეშინია ამერიკაში ხალხის ხელისუფლებას? – იმიტომ რომ იქ სახელმწიფოსაც აქვს იარაღის ტარების უფლება და ხალხსაც, თან კონსტიტუციურად, მეორე ჩასწორებით და ეს გარკვეულწილად არის იმის გარანტი, რომ ძალის ბალანსი ხალხსა და ხელისუფლებას შორის, იქნეს დაცული.
„ახალი ტყუილი მირჩევნია ძველ მართალსაო”- თქვა იმ საღამოსვე საზოგადოების ნაწილმა, „ისინი, ცუდი ჟურნალისტები არიან და იმიტომ სცემესო“, „არა, ცუდები თავად კი არიან, ცუდი ტელევიზების ჟურნალისტები არიან და მაგიტომ სცემესო“, „ცუდი კითხვები დასვეს და მაგიტომ სცემესო“, „მოძალადეებს რომ ეძახდნენ იმათ, ვინც არ იყვნენ მოძალადეები, არმოძალადეებმა, მაგიტომ სცემესო“…
„ახალი ტყუილი გირჩევნიათ ძველ მართალსო“ – იტყვის „ალია“, რომლისთვისაც პრინციპებია მთავარი და არა სახელები და გვარები, პრინციპებია მთავარი და არა პერსონები, არც ის, კონკრეტულად რომელ მხარეს დგას და რომელი „ბანაკის“ თუ პოლიტიკური პლატფორმის მიმდევარი. უამრავი ფაქტია ჩვენი 27 წლიანი არსებობისა, როდესაც ადამიანებს, დაჩაგრულებს, არავინ რომ არ დასდგომიათ გვერდით, ჩვენ ვიყავით ერთადერთი და არა ერთ-ერთი მედიასაშუალება, ვინც ყველაფრის მიუხედავად, უპირობოდ გვერდით ვედექით დაჩაგრულსა და მსხვერპლს. „ალია“ ყოველთვის ემიჯნებოდა ძალადობას და უსამართლობას ისე, რომ არასოდეს უკითხავს, ძალადობის მიზეზი, არც ის, ვინ იყო მოძალადე, ვინმე „ისეთი“ ხომ არა, არიქა, მერე პრობლემები არ შექმნოდა… ამიტომაც გვეძახდნენ „თეთრ ყვავებს“ და ბევრი მედიამენეჯერისთვის სასაცილოცაა ეს თავგანწირვა, რადგან სანამ ჩვენ უსამართლობას ვებრძოდით და ვებრძვით, ისინი ტავისუფალ სიტყვას ამოფარებულები დიდ ფულს აკეთებდნენ და აკეთებენ…
ეროსი კიწმარიშვილი და მისი „რუსთავი2“ „იბერია“, „მაესტრო“, პატარკაციშვილის „იმედი“…. რომელი ერთი დარბეული და შევიწროებული ტელევიზია და ჟურნალისტები ჩამოვთვალო, ყველა ნაცემს, ყველა მოკლულის ოჯახს უპირობოდ გვერდით ვედექით და დღეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანების სახელები და გვარები შეიცვალა, ან ვიღაც იქ არ დგას, სადაც უმრავლესობას უნდა რომ იდგეს, თავის პრინციპებს არ უღალატებს.
„დო თუ შევჭამე, დოს ქილა ხომ აქ არისო“ – გამოჭამა ყველა იმედი და ოცნება ხელისუფლებამ სამართლის პოვნის და ახლა უნდა ცარიელი ქილა შემოგვასაღოს! ახლა უნდა, იმ მეთოდებით შემოგვასაღოს თავისი „სიმართლე“, რომელ მეთოდებსაც წინა 9 წელი ვებრძოდით, ახლა უნდა ის მოსამართლეები შემოგვასაღოს, რომელთა დასჯის მოთხოვნით, თქვენთან ერთად აქციებს ვაწყობდით, ახლა უნდა ხალხის ცემა პოლიციელთა თვალწინ, გაურკვეველი ვიდეოებით გადაფაროს და იმ ნარკოტიკებით, რომლებიც იცის სად იყიდება, იცის ვინ ყიდის, მაგრამ მხოლოდ 7 დღის მერე იჭერს…
გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა და გაციებული არ იყო მისი ცხედარი, შსს-მ თქვა, ზედოზირების კუთხით ვმუშაობო…
დედის თქმით, 5.30 საათზე პოულობს შვილს, ლექსო ლაშქარავას გარდაცვლილს საწოლში… დაუყოვნებლივ ატყობინებენ პოლიციას. ადგილზე 2 პოლიციელია, რომლებიც აივანზე დგანან. დილის 5 საათიდან, დილის 9 საათამდე, 3-ჯერ ურეკავენ შსს-ს და მთვარობის ადმინისტრაციას კითხვით, რატომ არ იწყებს საგამოძიებო მოქმედებებს. პირველი საგამოძიებო მოქმედება, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, იწყება 9.15 საათზე. კრიმინალისტები საკმაოდ სწრაფად ამთავრებენ მუშაობას და 10.30 საათზე უკვე იწყებენ ლექსოს ცხედრის გადატანის „სპეოპერაციას“. ცხედარი, რომელიც პოლიელითინის სპეციალურ პარკშია გახვეული, გამოაქვს რამდენიმე პოლიციელს, რამდენიმე პოლიციელი წინ მორბის, რამდენიმე უკან მოჰყვება დაცვასავით, შერბიან ლიფტში… იკეტება ლიფტის კარი, იღება, გამოდის ჯერ ერთი პოლიციელი, მერე მეორე, მერე მესამე… როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ლიფტში იმაზე მეტნი შევიდნენ, ვიდრე გათვალიწინებული იყო… ლიფტი მაინც არ ამუშავდა… ისევ ისე, სირბილით გამოარბენინეს ცხედარი და ხელით ჩაარბენინეს კიბეზე, ისე, რომ სახელდახელოდ სწორედ ამისთვის მიტანილი საკაცე არც კი გახსენებიათ…
მიუხედავად იმისა, რომ 11 საათისთვის ცხედარი უკვე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში იყო გადასვენებული, ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი იქ დღის 15 საათამდე არ შეუშვეს, რამაც კიდევ დამატებითი კითხვები გააჩინა.
შსს-ს ჰყავს ე.წ. „ოქროს მოწმე“, რომელიც შსს-ს მტკიცებით, ლექსოსთან ერთად გადაადგილდებოდა ლექსოს სიკვდილისწინა საღამოს, და აი, ამ მოწმის დედა ამბობს, რომ მისი შვილი დაკითხვაზე 11 საათზე გადაიყვანეს და ღამის 3 საათამდე იქ ჰყავდათ… მოწმის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ამჯერად ქალაქიდანაა გასული.
კიდევ ერთხელ გადავხედოთ დროს – 11 საათისთვის გადააქვთ, 5.30 საათზე უკვე გარდაცვლილი ლექსოს ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში და 11 საათისთვის მიჰყავთ ლექსო ლაშქარავას მეგობარი დასაკითხად?
ცხედრის გადატანამდე და საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე მოწმეს ეძებდნენ?
იმავე დღეს, 11 ივლისს შსს-მ უკვე გამოაქვეყნა პირველი კადრები და თქვა, რომ ლექსო ლაშქარავა გადაადგილდებოდა მეგობართან ერთად ფონიჭალისკენ… მიგვანიშნა, რომ მან და მისმა მეგობარმა იქ იყიდეს ნარკოტიკი, ვიდეოში ჩანდა არასრულწლოვანი, რომლის სახე შსს-მ არ დაფარა, ჩანდნენ გამვლელები, ჩანდა სახლი, სადაც შევიდა ორი პირი, რომელზედაც შსს ამტკიცებს, რომ ლექსო და მისი მეგობარია. მიუხედავად ამისა, შსს არ ჩქარობს იმათ დაკავებას, რომლებიც, მათივე მტკიცებით, ნარკოტიკებს ყიდიან და მხოლოდ 17 ივლისს, მას შემდეგ, რაც მედიაში გავიდა კადრები, როგორ თავისუფლად ყიდულობს ჟურნალისტი ნარკოტიკს ფონიჭალაში, მას შემდეგ, რაც 11 ივლისს, 6 დღით ადრე, თავად გვაჩვენა სახლი, საიდანაც ნარკოტიკი იყიდებოდა, სპეცოპერაცია ჩაატარა და ჰოი, საოცრებავ, დააკავა ნარკობარიგები, რომლებიც საკმაოდ „მოწესრიგებული და კანონმორჩილი“ მოქალაქეები გამოდგნენ და კი არ დაიმალნენ კადრების გამოქვეყნების მერე, 6 დღე „პატიოსნად ელოდნენ“, როდის ინებებდა შსს მათ დასაკავებლად მისვლას.
შსს ამბობს, რომ მათ 2 თვის მანძილზე აკვირდებოდა, როგორც ჩანს, სწორედ ამით აპირებს იმ კადრების გამართლებას, რომელიც გამოაქვეყნა, როგორც ჩანს, მოგვიანებით იტყვის, რომ აი, ნარკოტიკების გამყიდველებს რომ უთვალთვალებდა, ასე დაინახა, როგორ იყიდა წამალი ლექსომ და მისმა მეგობარმა…
შსს-მ 12 ივლისსაც გამოაქვეყნა კადრები, სადაც ამჯერად დაემატა კლინიკაში გადაღებული კადრები… აქვე გეტყვით იმასაც, რომ 11 ივლისის საღამოდან მოყოლებული, 12 ივლისის საღამომდე, „ალია“ წერდა და ურეკავდა შსს-ს კითხვით, რატომ არ დაფარეს ბავშვის სახე ვიდეოებში, თუმცა, პასუხი არ გაუციათ. როგორც ჩანს, პასუხის გაცემა არა, მაგრამ კითხვა იციან, რადგან 12 ივლისს გავრცელებულ კადრებში, ბავშვის სახე უკვე დაფარული იყო.
შსს გვიმტკიცებს, რომ მას შემდეგ რაც ლექსომ და მისმა მეგობარმა ნარკოტიკები იყიდეს, ლექსო ორჯერ გახდა ცუდად, ერთხელ ორთაჭალაში და მეორედ დედაენის ბაღში. შსს-მ ამის მტკიცებულებად წარმოგვიდგინა ვიდეო, სადაც პირი მიდის, საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში და ითხოვს „ნარკანს“, რადგან, მისი თქმით, მისმა მეგობარმა ნარკოტიკი გაიკეთა და ცუდადაა, იგი ითხოვს ექიმის დახმარებას, ამბობს, რომ ტელეფონიც გათიშული აქვს და ეხვეწება პერსონალს, რომ სასწრაფო მაინც გამოიძახონ…
სასწრაფო კლინიკას არ გამოუძახებია, ამბობს, რომ პაციენტის მოსაძებნად არ წასულა… კლინიკა ამბობს, რომ ვიდეოკამერაზე დრო გათიშა და ახლა ვიდეოს კამერა დროს აღარ აწერს. კლინიკა ამტკიცებს, რომ ვიდეოკამერა ხმასაც იწერს, ჟურნალისტს ეუბნება, რომ შეუძლია აჩვენოს, რომ ნამდვილად იწერს მისი კამერა ხმას, მაგრამ ადგილზე მისული ამბობს, რომ უპს, არ შეუძლია აჩვენოს კამერა. კლინიკა ამბობს, რომ მართალია, კამერის ჩანაწერები კი კვირას გაატანა შსს-ს, მაგრამ სასამართლო განჩინება ორშაბათს მიიღო… ნიშნავს, თუ არა ეს, რომ შსს-ს „მთავარი სამხილი“ უკანონოდაა ამოღებული, ამაზე იურისტებმა უნდა იმსჯელონ.
აფთიაქი, სადაც შსს-ს მტკიცებით, ლექსომ ფსიქოტროპული მედიკამენტები იყიდა, ამტკიცებს, რომ საერთოდ არ აქვს გაყიდვაში ფსიქოტროპული წამლები.
რას აკეთებს შსს? – ამტკიცებს, რომ აფთიაქი ყიდის ფსიქოტროპულ მედიკამენტებს უკანონოდ, თუმცა, არ აკავებს არც ფარმაცევტს და არც აფთიაქის მფლობელის მიმართ იწყებს მოკვლევას. აქვეყნებს, მისივე მტკიცებით, „ნარკოტიკების ბუნაგს“.
ამბობს, რომ ლექსოს მეგობარი მივიდა კლინიკაში, ითხოვდა დახმარებას, სასწრაფოს გამოძახებას და მას არავინ დაეხმარა, მაგრამ არ აკავებს კლინიკის პერსონალს, რომლებმაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირების დახმარებაზე უარი თქვეს და სასწრაფოც არ გამოიძახეს.
არ იწყებს მოკვლევას, რატომ აქვს ამ კლინიკას დაყენებული კამერა, რომელიც ხმასაც იწერს და რატომ არ აქვს გამოკრული წარწერა, რათა იქ მისულმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ კლინიკაში შესასვლელი კარიდანაც კი იწერება მათი საუბარი? თუ ეს აღარ არის დარღვევა?
არ აკავებს „ოქროს მოწმეს“, რომელმაც შსს-ს მტკიცებით შეიძინა ნარკოტიკი ლექსოსთან ერთად, შემდეგ კი, როცა ასევე შსს-ს მტკიცებით, მეორედ გახდა ლექსო ცუდად დედაენის ბაღში, არ გამოიძახა სასწრაფო დახმარება.
შსს ამტკიცებს, რომ იცის, სად იყიდება ნარკოტიკი, აქვეყნებს იმ ადგილის ამსახველ ვიდეოს და ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან 6 დღის მერე მიდის მათ დასაკავებლად… ფეხით, ურმით, ხოხვით, მიხვიდოდით ადგილამდე მაქსიმუმ 24 საათში!
არც ერთ კადრში არ ჩანს, უშუალოდ ნარკოტიკის ყიდვის მომენტი, ან ნარკოტიკის მოხმარების.
შს მინისტრი „გმირია“
– შს მინისტრმა ესებუა ვერ დაიჭირა, მაგრამ მაინც გმირია, რადგან მხოლოდ მან მოახერხა და მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ამ საქმეზე მოახერხა 24 საათში 65 კამერიდან ვიდეოს ამოღება და გაშიფვრა, მხოლოდ ამ ერთხელ და მხოლოდ მან მოახერხა ქიმიური ექსპერტიზის პასუხის მიღება 24 საათში… არანაკლებ გახმაურებული ბაჩალიაშვილის საქმე რომ გავიხსენოთ, 18 ივლისს დაიკარგა თამარი, 22 ივლისს იქნა ნაპოვნი მისი ცხედარი და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა ამ საქმეში თარიღდება 19 აგვისტოთი. ხოდა არ არის დღეს გომელაური ყოვლისშემძლე? აქეთ გორასა წიხლსა ჰკრავს, იქით გორასა ძვრას უზამს, მხოლოდ ის არ იცის, ქუჩაში რომ დღისით, მზისით ადამიანებს სცემენ, იმათ როგორ დაეხმაროს, თორემ…
ექსპერტიზა
ექსპერტიზის „შუალედური“ პასუხის მიხედვით, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი ზედოზირებამ გამოიწვია… რის საფუძველზე დაადგინა ექსპერტიზის ბიურომ ეს და რას ნიშნავს ტერმინი შუალედური დასკვნა? – ამ კითხვას ექსპერტები და ადვოკატები სვამენ, თუმცა, პასუხი არ გვაქვს.
ამ მომენტისათვის, შსს აქვს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ლექსომ თითქოს ნარკოტიკული ნივთიერება გაიკეთა კიდეც და მოწია კიდეც, ქიმიური დასკვნისთვის საზარდულზე ნაპოვნი ნანემსარების ნიმუშები გამოიყენეს, როგორც ამბობენ, ანუ, მაქსიმუმ, რისი გაგებაც ამ ნანემსარებიდან შეეძლოთ, იყო ის, გაიკეთა თუ არა მან ნარკოტიკული ნივთიერება, მაგრამ როგორ დამტკიცდა, რომ სწორედ, ზედოზირებას ჰქონდა ადგილი? როგორ დამტკიცდა, რა რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება იქნა მიღებული? რაც შეეხება ნარკოტიკის მოწევას, ეს შსს-ს მტკიცებით, მოწმის ჩვენებიდან მტკიცდება. იმ მოწმის, რომელიც არც დაკავებულია, არც თბილისში აღარ იმყოფება ოჯახის მტკიცებით. ერთი მოწმე რომ საკმარისი იყოს… პეტრემაც კი სამჯერ უარჰყო უფალი, საფრთხის ჟამს… არც ის დაგავიწყდეთ, რომ ამ „ოქროს მოწმის“ ოჯახმა, თავიდან მედიას მიმართა დახმარებისთვის, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ მასზე გამოკითხვისას, გარკვეულწილი ძალადობა მოხდებოდა, თუნდაც ფსიქოლოგიური…
ექსპერტიზამ, რომელიც ჯერ იმასაც ვერ ამბობს, ზუსტად როდის დადგა სიკვდილი, მაშინ როცა ეს პირველ რიგში უნდა დადგინდეს, გვამური ლაქების და ტემპერატურის მიხედვით, რის მიხედვით დაასკვნა ზედოზირება? – შსს-ს მიერ მოძიებული კადრების მიხედვით?
ექსპერტები, მედიის და პოლიტიკოსთა ნაწილი ამბობს, მთავარი კითხვაა, რომ არა ეს დაზიანება, დადგებოდა თუ არა, ზედოზირებაო… რაკი, როგორც ჩანს, მთავარი „მტკიცებულება“ შსს-ს კადრებია, „ალია“ დაუკავშირდა ექსპერტ მარიკა ტოტლიკაშვილს და ვკითხეთ მას, რას ფიქრობდა კადრებზე, რომელზედაც თარიღიც კი არ არის დატანილი.
ქალბატონი მარიკა შემხვედრ კითხვას გვიბრუნებს: – „დაამტკიცეს, რომ ვიდეოზე ნამდვილად ლექსოა? ჩატარდა სახის ამომცნობი ექსპერტიზა? მის გარეშე რაზე ვსაუბრობთ? ვინ დაამტკიცა ჯერ, რომ იმ ვიდეოზე ნამდვილად ლექსოა? ახურავს ჩაფხუტი, ცუდი გასარჩევია ისედაც სახე, დამტკიცდა უკვე, რომ კადრებზე ნამდვილად ის პირებია ასახული, ვისაც ასახელებენ? ან, რის მიხედვით მტკიცდება რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაა? ჩანს სადმე ყიდვა, ან მოხმარება? ფეხის არევით? კოორდინაციის დაკარგვა, შესაძლოა, სხვა რამემაც გამოიწვიოს… ან, როდისაა გადაღებული ის კადრები, როგორ უნდა გავიგოთ? დავუშვათ, მიახლოებულია კადრი, მას შემდეგ, რაც კამერიდან ამოიღეს და ამიტომ არ ჩანს თარიღი, ჯერ უნდა ეჩვენებინათ რეალური კადრი და მერე მოახლოებული. წესით, ექსპერტიზას უნდა მისცენ ისეთი კადრები, სადაც თარიღი იქნება დატანილი. უცნაურია ისიც, როგორ ზუსტად იცოდნენ, რომელი კამერებიდან უნდა ამოეღოთ ჩანაწერები, საიდან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იმ მიმართულებით წავიდოდა და სწორედ იმ მიმართულებით უნდა ეძებნათ? სანამ არ გაეცემა პასუხი კითხვას, ნამდვილად ლექსოა თუ არა ყველა იმ ვიდეოზე წარმოდგენილი და როდისაა ის კადრები გადაღებული, მანამდე ამ თემაზე საუბარს აზრის არა აქვს.“
კითხვაზე, რას ნიშნავს ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, ქალბატონი მარიკა გვეუბნება, რომ არ იცის, კანონის მიხედვით, რას ნიშნავს შუალედური დასკვნა.
„ალია“ შეგახსენებთ, კანონის მიხედვით, არსებობს პირველადი, დამატებითი, განმეორებითი, საკომისიო, კომპლექსური, ალტერნატიული ექსპერტიზები. კანონში არაფერია ნახსენები შუალედურ დასკვნაზე. სამაგიეროდ, ჩვენ, ჯერ ისევ არ გვაქვს პირველადი დასკვნა, ჯერ ისევ არ ვიცით, გარდაცვალების დრო ან როგორ გვექნება პირველადი დასკვნა, როდესაც, კრიმინალისტებმა სახლი, ცხედარი, დერეფანი, ლიფტი, ეზო სულ რაღაც ერთ საათში დაათვალიერეს?
და თუკი არის, ცვლის ეს ფაქტი იმას, რომ ის პოლიციელის თვალწინ სასტიკად სცემეს, მაშინ, როცა აქციის მონაწილეებმა წინასწარ, მთელი ქვეყნის და მათ შორის შს მინისტრის გასაგონად დაანონსეს, რომელი ოფისების დასარბევად მიდიოდნენ?
„რომელი მგელიც მე არ შემჭამს, დაე, დიდხანს იცოცხლოსო“ – მომაძახებს ახლა ვიცი, „ოცნების“ ბრმა მხარდამჭერი და ვუპასუხებ, „ძნა იწვოდა და ულო იცინოდა; მოიცა, ულო, შენთანაც მოვაო..“ – ასე არ დაგემართოთ, რადგან „მომრევის მომრევი არ დაილევა“ და არც წინა ხელისუფლებას ეგონა, როცა სანდრო გირგვლიანის საქმეს აყალბებდა და თავის მომხრეებს თითქმის იდენტურ ტექსტებს აწერინებდა და ათქმევინებდა, რომ დადგებოდა დრო და იგივეთი გადაუხდიდით.
კობა დავითაშვილი სცემეს 2007 წელს. გარდაიცვალა 2020 წელს, ის ფაქტი, რომ გარდაიცვალა ცემიდან 13 წლის მერე, მისი ცემის ფაქტს ცვლის?
გია მაისაშვილსაც იგივე ბედი ჰქონდა – სააკაშვილის ზონდერებისგან ნაცემსა და ნატყვიარს, უკურნებელი დაავადება განუვითარდა და წლების შემდეგ დაიღუპა, თუმცა, ის მაშინ, ქალაქის სამმართველოსთან მოკლეს.
გენერალმა როდიონოვმა 1989 წელს თქვა: „მინიმუმ ორი ადამიანი, რომლებზეც ამბობენ, რომ 9 აპრილს დაიღუპნენ, 9 კი არა, 11 აპრილს თავისით გარდაიცვალნენ. ზოგადად ადამიანები კვდებიან, ეს არაა სიახლე”.
ახლა ჟურნალისტები პრემიერის და შს მინისტრის, პრემიერის და მთავრობის გადადგომას ითხოვენ, ითხოვენ, ვინმემ იგრძნოს პასუხისმგებლობა ჟურნალისტების, ოპერატორების, ადამიანების ცემის გამო, ღარიბაშვილი კი გვპასუხობს „პატრონმა როგორც გითხრას, ვირი ისე დააბიო“…
პატრონი ჯერ არ ჩქარობს, დასავლეთმაც შეაჩვენა, ამერიკამაც, მაინც არ ჩქარობს, არ ვიცით, ამჯერად ვისი და რისი ცქერით ტკბება, მაგრამ ამბობენ, უკვე გადაწყვეტილი აქვს „ვირების გადაბმაო“… მანამდე კი, სანამ ეს მოხდება, „ოცნება“ თან იბრიქება და თან თვალები უცრემლიანდება, თან უძალიანდება მედიას და თან იცის, რომ ამ პირობებში საარჩევნო კამპანიას ვერ ჩაატარებს. მართალია, რიხი გაუქრა ხმიდან, მაგრამ ცდილობს, ბოლო ძალა მოიკრიბოს, რათა შარლ მიშელთან ერთად, იმ მედიასთანაც მოუწევს შეხვედრა, რომელსაც ებუტება, ჭინჭრაქამაც იცოდა, ცას რომ ფეხებით ვერ დაიჭერდა, მაგრამ მაინც დაწვა გულაღმა, ცა რომ ჩამოინგრეს, მე დავიჭერო…
„წყალი ნაყეს, ნაყეს და ისევ წყალი დარჩაო“ – ასე იქნება, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს ივანიშვილმა ახლა, როგორც უნდა გადაალაგოს მისი გუნდი, რადგან 9 წლის მერე, წინა 9 წლის ლანძღვით რომ გადიხარ ფონს და თან წინა 9 წლის დროინდელ პროკურორებს, მოსამართლეებს და გამომძიებლებს იყენებ გვერდით, უკეთესის იმედი არ უნდა გქონდეს.
კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სამძიმარს დაღუპული ლექსო ლაშქარავას ოჯახს.
5 ივლისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა იმის საჭიროება, რომ ჟურნალისტებს და ზოგადად ხალხს, უნდა ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება, თორემ, რა გამოდის, სახელმწიფო ირჩევს, ვინ როდის გადაარჩინოს და ვინ როდის ვერა, ან არა?
არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ არ შეგიძლიათ ჩვენი დაცვა, არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ მას შემდეგაც, როცა მოგვკლავენ, არ შეგიძლიათ ისე გამოძიება, მეორედ რომ არ მოკლათ ადამიანი და კითხვები რომ არ დატოვოთ და დაჯერება რომ შევძლოთ და მოგვეცით, ჩვენი თავის დაცვის უფლება! მოგვეცით უფლება, ჩვენი სიცოცხლე დავიცვათ!
კომენტარები