ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა ავტომობილებში ერთჯერადად იმაზე მეტი საწვავი ჩაასხეს, ვიდრე ავზში ეტევა – აუდიტის დასკვნის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიუჯეტიდან თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს და პოლიციის მაღალჩინოსნები საწვავს ისე ყიდულობენ, რომ არც რაოდენობა მოწმდება და არც დანიშნულება.
აუდიტის ცნობით, ჯამში, არსებობს რისკი, რომ არამიზნობრივად დაიხარჯა 17,813 ლიტრი საწვავი.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, შსს-ს მაღალჩინოსნები საწვავს საკუთარი ოჯახის წევრებისთვის, ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის იყენებდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. მათ გამოძიების იმედი არ აქვთ.
“ბოლო დროს საკმაოდ გავრცელებულია ისეთი შემთხვევები, როდესაც ასიათასობით ლარის საწვავი არამიზნობრივად იხარჯება და ავზში იმაზე მეტ საწვავს ასხამენ, ვიდრე შესაძლებელია. ამ მხრივ არც შსს აღმოჩნდა გამონაკლისი. აუდიტმა დაადგინა, რომ 17 813 ლიტრი არის არამიზნობრივად გახარჯული. უხეშად რომ დავთვალოთ, ეს არის დაახლოებით 50 ათასი ლარი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის გახარჯული შსს-ს მაღალჩინოსნების ოჯახებისთვის ან მათი პირადი სარგებლობისთვის”, – ამბობს “აი, ფაქტის” წარმომადგენელი, ია ასათიანი.
პლატფორმა 20/20-ის თავმჯდომარის, ვასო ურუშაძის თქმით, ამ ფონზე, ხშირია შემთხვევები, როდესაც რიგით პოლიციელებს ხელმძღვანელები ავალებენ, საწვავის ეკონომია გააკეთონ.
“გვაქვს სამწუხარო რეალობა, როდესაც პატრულის თანამშრომლებს, რიგით პოლიციელებს შსს-ს მაღალჩინოსნები ავალებენ, რომ მათ გააკეთონ საწვავის ეკონომია და ხშირ შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის ეფექტიანობა მცირდება ამის გამო. ისინი აჩერებენ სატრანსპორტო საშუალებებს. განსხვავებული მიდგომაა მაღალი თანამდებობის პირების შემთხვევაში, როდესაც ისინი იმაზე მეტ საწვავს მოიხმარენ, ვიდრე თეორიულად შეიძლება მათმა ავტომობილებმა მოიხმარონ. ისინი ამ საწვავს იპარავენ, არამიზნობრივად ხარჯავენ და იყენებენ პირადი კეთილდღეობისთვის”, – თქვა ვასო ურუშაძემ.
საკითხთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გამოძიებაა დაწყებული.
კომენტარები