შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს. პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ, – ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარები