ლექტორი, გურამ მასალკინი:
ბათუმი და მისი რაღაცნაირი სიურეალისტური ამბები…
ამბავი პირველი: ჯიხურზე ეწერა – „მალე მოვალ“ და მობილურის ნომერი… „ოღონდ მე მხოლოდ სიგანეში ვწელავ, სიგრძეში ფეხსაცმელი საერთოდ არ იწელება“ – მიპასუხა მობილურზე მეწაღემ, როდესაც ჩემ გასაჭირზე ვუამბე (ფეხსაცმელმა მოულოდნელად ცალ ფეხზე მომიჭირა და აშკარად სიგრძეში გაწელვას საჭიროებდა).
ამბავი მეორე: ამ საინტერესო და ჩემთვის ახალ ინფორმაციზე დაფიქრებულმა, მელიქიშვილის (ყოფილი ენგელსის) ქუჩის ბათუმური ორი მოკლე კვარტალი გავიარე და … კუპატას მზერა შევნიშნე. ეს ყოველთვის ხდება, როდესაც ჩავუვლი ხოლმე, უნივერსიტეტში მიმავალი. ამ დროს სულ მეჩვენება, რომ კუპატას ვიღაცა მოუყვა ჩემს ფეისბუქ პოსტზე, სადაც მასზე (რომელიც საქვეყნოდ ცნობილი გახდა იმ კადრების შემდეგ, როდესაც ის ქუჩაზე გადამსვლელ ბავშვებს იცავს ავტომობილებისგან და რომელსაც, გარდაცვალების შემდეგ, ბათუმში აუცილებლად დაუდგამენ მოკრძალებულ ძეგლს) დავწერე, როგორც საკმაოდ მერყევი და ანჩხლი ხასიათის არსებაზე, რომლის არამოტივირებული აგრესია არაერთხელ მოგვიგერიებია, ხან ფეხით და ხან ქოლგით, მეც და სხვა გამვლელსაც (მათ შორის კოლეგებს უნივერსიტეტიდან). კუპატას ყოველი მზერის შემდეგ მითების ერთგვარ მსხვრეველად ვგრძნობ თავს…
ამბავი მესამე: იქვე, პარკის (რომელმაც 3-ჯერ თუ 4-ჯერ შეიცვალა სახელი) შესასვლელში შევჩერდი ფადიკო გოგიტიძის, პირველი აჭარელი მფრინავი ქალის ძეგლთან, რომელიც… მისი ძეგლი არ არის! ფადიკოს ბიუსტი, რომელიც პარკში იდგა, რამდენიმე წლის წინ გადაიტანეს აეროპორტის შესასვლელში (იქვე დგას მისი თვითმფრინავის მოზრდილი მაკეტი); წარწერა კი, სადაც ფადიკოს სახელი წერია, დაამაგრეს სლავური გარეგნობის მფრინავი ქალბატონის ტიპობრივ ძეგლს, რომლის მსგავსი, ასობით იყო დადგმული ყოფილ საბჭოთა კავშირში… ფადიკო 1940-ში გარდაიცვალა, მფრინავი ქალის ძეგლი კი, დიდი ალბათობით, უფრო ადრე დაიდგა… ძეგლი-სიმულაკრი, ძეგლი „ვითომ-ვითომ“ (სიმულაციური აქტივობის პროდუქტი).
ამბავი მეოთხე: აქ წარწერა მიამაგრეს, ხოლო იქვე, ძეგლის უკან, ოციოდე მეტრში, კანადურ ნაძვზე (მე მგონი ეს სახეობაა) არსებული ფირფიტა წარწერით გააქრეს. ეს წარწერა იუწყებოდა, რომ ეს ხე 1888 წელს, ბათუმში ყოფნისას, დარგო რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ. ახლად გაშენებულ პარკს სწორედ მისი სახელი დაერქვა – ალექსანდროვის პარკი. რატომღაც ჰელსინკი გამახსენდა და იმავე იმპერატორის გიგანტური ძეგლი მთავარ მოედანზე. ლიბერალი მეფე ყოფილა და ფინეთისთვის ფართო ავტონომია მიუნიჭებია. არა მგონია, ისტორიული წარწერების გაქრობა ღირებული ან პროდუქტიული საშუალება იყოს ჩვენი წარსულის დავიწყებისა თუ გადაფასებისთვის…
ამბავი მეხუთე: ფსევდო-ფადიკოს წინ, ხშირად ზის და დელიკატურად მათხოვრობს გაქათქათებულ თეთრ სამოსში გამოწყობილი ასევე სლავური გარეგნობის მოხუცი, თეთრი წვერით და დიდი ჯვრით (რომელიც რაღაცით გავს მამა ფიოდორს 12 სკამის ეკრანიზაციიდან). ის ყველა გამვლელს ღიმილით ესალმება და ღმერთისგან მოკითხვებს უთვლის. როცა ვეკითხები, როგორაა, მეუბნება, რომ ღმერთთან იყო და ღმერთმა გადმოგვცა, რომ, თუ ღმერთთან ვიქნებით, ყველაფერი კარგად იქნება. ზოგს ეს ტიპი არ მოსწონს, მაგრამ, რა ვიცი, არაფერს აშავებს. არავინ შემხვედრია, ვინც მისი ვინაობა იცის.
ამბავი მეექვსე: ფსევდო-ფადიკოს მარჯვნივ, ასევე ოციოდე მეტრში, მცირე სივრცეზე, სამი კლასტერია მოკალათებული: მაგიდის თამაშების მოყვარული, ძირითადად ასაკოვანი ხალხის წრე, თავისი ფანჩატურის ირგვლივ; ბახუსის მოყვარულთა „კურდღლისთვალება“ ძმობა და იქვე გვერდით, ბრუტალური გარეგნობის ბაიკერების ღია ბარი – მოტოციკლები, ჩაფხუტები, ყავა და სიგარეტები, იშვიათად ლუდი.
P.S. ბათუმის ამ რაღაცნაირობაზე დაფიქრებულმა, უნივერსიტეტს მივაღწიე, ჩავუარე შოთა რუსთაველის ბიუსტს, მორიგ ჯერზე გავიფიქრე იმ დასანან უცნაურობაზე, რომ შოთას არც საფლავი ვიცით და არც ნამდვილი გარეგნობა (არც სახელი და გვარი, სხვათაშორის)… და… ფილოსოფიის დეპარტამენტში საკონტროლო გასროლა მელოდა…
ამბავი მეშვიდე: ისევ მესტუმრა კონტაქტიორ-რეალისტი (როგორც ეს ასაკოვანი ქალბატონი თავის თავს უწოდებს) ნადეჟდა კარასიოვა, და მორიგ ჯერზე მთხოვა რეცენზია თავის მორიგ ბროშურაზე – „ანტროპები და უფო“. ნაწილი მეორე. სერია – „უცნობი მოსაუბრე“, რომელშიც ჩახატულია და აღწერილია მის მიერ ბოლო დროს დანახული „ანტროპები“ და ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. მისი სხვა ცივილიზაციების წარმომადგენლებთან კონტაქტები, მისივე ინფორმაციით, ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა და უფრო ინტენსიური გახდა (ნატალიას უცხოპლანეტელი ნაცნობები რატომღაც სლავურ სახელებს ატარებენ). ჰოდა, მეც დავწერე მოკლე რეცენზია, რა იცი, რა ხდება, ღირს კი „მათთან“ ურთიერთობის გაფუჭება?!

კომენტარები