ჟურნალისტი, გიორგი გაბუნია, ლელა წურწუმიას შოუში, ამბობს:
“საერთოდ გაქრობა მინდოდა, ეკრანიდან ჩემი თავის ჩამოხსნა მინდოდა, არჩევნების მერე კიდევ უარესი მოხდა, მოჯადოებული წრე, რომლიდანაც ვერ გამოვდივარ ჩემი შეკრულიც არის… ვამბობთ, ეკონომიკა არ გვაქვსო – რისი ეკონომიკა გვაქვს ყველაზე დიდი? ექსპორტი რომ შეიძლებოდეს სიძულვილის საქართველოდან – ჩვენ ვიქნებოდით უმდიდრესი ქვეყანა, თუ რამის ფაბრიკები გვაქვს, სიძულვილის და აგრესიის ფაბრიკებია, ყველა სფეროში. ასე აღარ მინდა და არ ვიცი, როგორ უნდა ვიმუშაო სხვანაირად. პირველი რეაქცია მქონდა, რომ მოდი გავქრები, მაგრამ მივხვდი, რომ ეს იქნებოდა გაქცევა. უნდა ვიპოვო რაღაც გამოსავალი, რომ ეს მოჯადოებული წრე გავხსნა.
სიძულვილი მხოლოდ დამატებით სიძულვილს იწვევს – რა მოიტანა? მეტი არაფერი. ახლა თავიდან მიწევს სწავლა იმისი, როგორ გავაკრიტიკო ისე, რომ არ მივაყენო შეურაცხყოფა, ვიყო კრიტიკული, კატეგორიული, მაგრამ არ მივაყენო შეურაცხყოფა, რომ მე იმ ადამიანებთან აღარ “გამიტყდეს” შეხვედრა, არც მათ “გაუტყდეთ”…
ჩვეულებრივი იყო, ვიღაცისთვის დამეძახა სულელი, უნამუსო… ამას აღარ ვაკეთებ… ვაკავებ ჩემ თავს. ბევრად უფრო მარტივია, რაც მოგადგება ენაზე თქვა, ვიდრე, არ თქვა ის, რაც ენაზე მოგადგება. ელოდებოდნენ, რომ გაბუანია ახლა ბერას შეაგინებს. არ შევაგინე და არ შევაგინებ. ერთადერთი ვისაც შევაგინე ქართველი არ იყო, იყო პუტინი და აქ არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევ.
მე მიჭირს უკვე ყურება, მე მიჭირს და როდესაც აცნობიერებ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ხარ… როდესაც ამ პოლიტიკურ ჩიხში შევედით, ევროპა რასაც გვთხოვს ერთადერთი ისაა, რომ იპოვეთ გზა, ერთმანეთს დაელაპარაკოთ. გზა აღარ არის, ხიდები აღარ არის დატოვებული, ისეთები გვაქვს ერთმანეთისთვის ნათქვამი, ასე ვეღარ დაჯდები…”
კომენტარები