როგორც იქნა, ფინანსთა მინისტრმაც ამოთქვა ის, რასაც ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს ვწერდით. მაშინ ზუსტი ციფრი დავასახელეთ და ვთქვით, რომ სიგარეტზე აქციზის ფასი აიწევდა და დაახლოებით 6-8 ლარი გახდებოდა, რაც მომხმარებელმა არ დაიჯერა და სამთავრობო უწყებებმა ჯვარზე გაგვაკრეს, პანიკას რატომ თესავთო. არადა, ინფორმაცია სწორედ ფინანსთა სამინისტროდან გვქონდა და სწორედ ფინანსთა მინისტრის ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ასეთი მითითება იყო. ფინანსთა სამინისტროში ისიც დაადასტურეს, რომ სიგარეტის გაძვირების შემდეგ, სახელმწიფომ დაახლოებით 400-მილიონიანი ზარალი ნახა, ანუ ვიღაცამ მოწევას დაანება თავი, უმრავლესობა თუთუნზე გადავიდა და როგორც წესი, ხელისუფლებამ გვიან „გაიღვიძა“ – თუთუნსაც აქციზი დაადო. შედეგად, ახლა დანაკარგი ნაკლები იქნება, მაგრამ თუ ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი 15 ლარი გახდება, ძალიან საეჭვოა, მისი ყიდვა იმ ადამიანების 50%-მა შეძლოს, ვინც ახლა აქტიური მომხმარებელია. ასეთ შემთხვევაში, ავტომატურად უნდა გამოვრიცხოთ პენსიონერები, რადგან პენსია 450 ლარი უნდა იყოს მხოლოდ იმისთვის, რომ მწეველმა დღეში ერთი კოლოფი იყიდოს. ამას დაამატეთ უმუშევართა არმია, დაბალხელფასიანთა ბატალიონი, არასრულწლოვან მწეველთა პოლკი და გამოვა, რომ სიგარეტს ძალიან ცოტა მოწევს.
სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ასე თამამად აძვირებენ თამბაქოს ნაწარმს. მარტივად რომ აგიხსნათ, გუგული მაღრაძის ინიციატივას, დახურულ სივრცეებში მოწევის აკრძალვის შესახებ ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, მაგრამ ნაწილი თანხმდება, რომ კანონმა გაამართლა და რესტორანში სუნთქვა შეიძლება და ბუღი არ დგასო. რა თქმა უნდა, იმასაც არავინ გააპროტესტებს, თუ მისი ოჯახის წევრი სიძვირის გამო სიგარეტის მოწევას თავს დაანებებს, ანუ ეს არ არის ისეთი პროდუქტი, რომელმაც შეიძლება საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვიოს. აი, ეს რომ კვების პროდუქტებს, მაგალითად ძირითად საკვებს, პურს ეხებოდესო…
არადა, ეხება და ისევ გვიმალავენ.
წელს, მშრალი ზამთრის გამო, საქართველოში დათესილი ხორბლის 80% ვერ გაღვივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორბლის მოსავალი უბრალოდ არ გვექნება. ამის პარალელურად, რუსეთმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, იმ ქვეყნებს, რომლებიც საბაჟო კავშირში არ არიან, ხორბალზე სხვა ფასი ექნებათ. რა თქმა უნდა, საქართველო ამ კავშირში არ არის, მაგრამ სასურსათო ხორბლის 90%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოაქვთ. შესაბამისად, ხორბალზე ფასი აუცილებლად მოიმატებს და მართალია, ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ ყველა წამყვან ქვეყანასთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა და ევროპიდან ან ამერიკიდან იაფი ხორბლის იმედი არ უნდა გვქონდეს.
„ფასი ისედაც კბილებით გვიჭირავს. ეს იყო მთავრობის მოთხოვნა და არა თხოვნა, რომ პურ-ფუნთუშეულზე ფასი არ გაზრდილიყო. შედეგად, ახლა, როგორც ახალი მოსავლის შემოტანას დავიწყებთ, პურის ფასის გაზრდა, საუკეთესო შემთხვევაში 20%-ით მოგვიწევს და ესეც არ იქნება რეალური. მსხვილი მწარმოებლები ძალიან დაბალ მარჟაზე მუშაობენ და იმისთვის, რომ ისუნთქონ, აუცილებლად დასჭირდებათ ფასის მომატება. ერთადერთი, რა პლუსიც მეპურეებს აქვთ, ის გახლავთ, რომ წინასაარჩევნოდ პარტიის გადასახადიდან თავისუფალი ვართ, ანუ ოფიციალური თუ არაოფიციალური ფულის გადახდა არ გვიწევს. გადახედეთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს შემოწირულობების სიას, იქ ვერ ნახავთ ვერცერთ მეპურეს, იმიტომ, რომ ეს პრობლემა უკვე მეორე წელია არსებობს და მეორე წელია, პურის ფასი კბილებით გვიჭირავს.
თუ გახსოვთ, როცა მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს მოვუმატეთ და ბახტაძემ ხმაური ატეხა, თემა მაშინვე მოგუდეს. ეს იმიტომ, რომ ბახტაძე რეალურად აზრზე არ იყო რა ხდებოდა, გამოვიდა და განცხადება გააკეთა, ერთ თვეში შესწავლილი საქმე მაგიდაზე მედოს, პურის ფქვილი არ გაძვირებულა, ფასს რატომ მოუმატესო?! მერე აუხსნეს პრემიერს, რომ ფასი კი არ გააძვირეს, პურის მსხვილი მწარმოებლები გაკოტრებას გადავურჩით და ისიც გაჩუმდა. ასე იქნება ახლაც, ერთ მშვენიერ დღეს, დახლზე მინიმუმ 20%-იანი ნამატი დაგხვდებათ და ეს არ იქნება რეალური ფასი. დღეის მდგომარეობით, საქართველოში პური 1.30 ლარი უნდა ღირდეს და სავარაუდოდ, ამ ფასს უკვე გაზაფხულის ბოლოდან დავსვამთ“, – გვეუბნება პურის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი.
ჰოდა, დიდი ალბათობით, გამოვა ორიოდე თვის შემდეგ ფინანსთა მინისტრი და შთაგონებული სახით გვეტყვის, აბა როგორ გინდათ, ევროპულ ფასებს უნდა მივუახლოვდეთო. ისე, ცუდი არ იქნება, თუ ფინანსთა მინისტრი იგივეს მედიკამენტებთან მიმართებით იტყვის და ევროპული ფასებით საქართველოში წამალი გაიაფდება.
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის კატასტროფულმა კლებამ, ფასები ჩვენთანაც დააგდო. ამ ყველაფერმა კი ლარის ნაწილობრივ გამყარება გამოიწვია, თუმცა არასტაბილური გარემო ვალუტის კურსს გვარიანად შეაჯანჯღარებს და როგორც გვეუბნებიან, ეროვნულ ბანკს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი უკვე გამზადებული აქვს იმისთვის, რომ დროულად ჩაერიოს. ანუ, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გამოიყენებს ყველას და ყველაფერს, რათა მოსახლეობაში პანიკა არ დაიწყოს და ისედაც გაბრაზებული ამომრჩეველი უფრო არ გაბრაზდეს.
„ლარის გაუფასურების საფრთხე მხოლოდ არასტაბილურობის გამო არ არის. საქმე ისაა, რომ წინასაარჩევნოდ მოსახლეობაში ძალიან ბევრი ეროვნული ვალუტა გაედინება, ფულს ხარჯავს ხელისუფლება და ფულს ხარჯავს ოპოზიცია. ამას გარდა, ფულს ხარჯავენ მაჟორიტარი დეპუტატები. იმის გათვალისწინებით, რომ 2020-ის არჩევნები ყველაზე ძვირადღირებული იქნება, ლარის ჭარბი გადინება კურსზე აუცილებლად იმოქმედებს. ხელისუფლება ვერ დახარჯავს უცხოურ ვალუტას, არც ოპოზიცია იზამს ამას და ამიტომ, ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი ესეც იქნება“,-გვეუბნება ამ სფეროს ექსპერტი.
ამას გარდა, მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს ირანიდან და ჩინეთიდან შემომავალი პროდუქციის შემცირება. ხმამაღლა არავინ ამბობს, მაგრამ ქართველ იმპორტიორებს უკვე დიდი პრობლემები შეექმნათ ამასთან დაკავშირებით, რადგან ირანიდან წამოსული ტვირთების უმრავლესობას თურქეთის საბაჟო საუკეთესო შემთხვევაში, 2-3 კვირის განმავლობაში „აპატიმრებს“ და იმპორტიორებთან ჩვეულებრივი ვაჭრობა მიმდინარეობს. მას შემდეგ კი, რაც ჩინეთსა და უკვე ირანზე კორონავირუსის გამო შეზღუდვები დაწესდება, თურქეთი ტვირთებს საერთოდ აღარ გამოატარებს, ჩინეთს კი სავარაუდოდ ყვითელ ლენტს შემოახვევენ და იქიდან პროდუქციის გატანას საერთოდ აკრძალავენ.
„ეს გლობალური პრობლემაა და საქართველო მისდაუნებურად ჩათრეული იქნება ამ ყველაფერში. ჩინეთის მზარდმა ეკონომიკამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ მან საფრთხე რუსეთს, ამერიკას და ევროპას შეუქმნა. ჩვენთან ეკონომიკის 3-4%-იანი მატება რომ უხარიათ, ჩინეთს ბოლო ათწლეულში 100 და 150%-იანი მატება ჰქონდა, რამაც მსოფლიოზე გავლენა გაზარდა. ახლა ჩინეთი ყოველდღიურად მილიარდობით დოლარს კარგავს და ეს მის ეკონომიკას ანადგურებს. ამიტომ, კორონავირუსის სახელით, საზღვრების ჩაკეტვა ყველა დიდ სახელმწიფოს აწყობს და საქართველოს არავინ შეეკითხება, რა და როგორ უნდა. რაც შეეხება თურქეთს, ერდოღანი ანადგურებს ყველას და ყველაფერს, ვისაც მის მოწინააღმდეგედ თვლის და ამის გამო, ძალოვნებს სრული თავისუფლება აქვთ. შესაბამისად, ისინი თავს უფლებას აძლევენ, როგორც საკუთარი, ისე სხვა ქვეყნის ბიზნესმენები ძარცვონ და ქართველი იმპორტიორები ამბობენ, რომ თითო მანქანაში თურქული მხარე არაოფიციალურად 2 და 3 ათასი დოლარის გადახდას ითხოვს“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
სხვათა შორის, თურქეთის საბაჟოსთან არსებული პრობლემების შესახებ ჩვენთან არაერთმა ბიზნესმენმა დაიწუწუნა და ისიც თქვეს, რომ ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართეს, თუმცა პასუხად ვერაფერი მიიღეს. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მეზობელი ქვეყნის საბაჟო საქმეებში ვერ ჩაერევა და ამით მხოლოდ ბიზნესმენები ზარალდებიან.
ანი დვალიშვილი
ალია №7
კომენტარები