გუშინ, 26 სექტემბერს “ალიას” რამდენიმე ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, გაგვერკვია, რატომ მოსდით მათ “სილქნეტიდან” შეთავაზება რუსულ ენაზე?
გაკვირვებაც ვერ მოვასწარით, რომ “ალიას” თანამშრომლის მობილურ ნომერზეც მოვიდა შეტყობინება სილქნეტისგან: “სპეციალნოე პრედლოჟენიე დლია წებია” და ძახილის ნიშანი.
შემოთავაზება კი “დლია წებიაა”, თუმცა, სიმართლე რომ გვითხრათ, “დლია ნას” ძალიან მიუღებელია, საქართველოში, მივიღოთ მობილური ოპერატორისგან შემოთავაზება იმ ქვეყნის ენაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს, იმ ქვეყნის ენაზე, რომელი ქვეყანაც საუკუნეების მანძილზე ცდილობს ქართული ამოძირკვირს და რუსული ენა მოგვახვიოს თან, იმ ქვეყნის ენაზე, რომელი ქვეყანაც ივანე ჯავახიშვილს, თავის დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვას უკრძალავდა წლობით, აღარაფერი რომ არ ვთქვათ კანონზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რეკლამა უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ენაზე და ხომ ისევ ქართულია სახელმწიფო ენა?
“ალია” იმ დღესვე დაუკავშირდა კომპანია სილქნეტს, სადაც პირველ ჯერზე გვითხრეს, რომ შესაძლოა, რუსული ენა გვქონდა მენიუში არჩეული.
ასეც რომ იყოს, რა მნიშვნელობა აქვს მე რა ენაზე დავაყენებ მენიუს ტელეფონში, ჩინურ ენაზე რომ მქონდეს მენიუ – ჩინურ ენაზე მომივა? და თუ ფრანგულ ენაზე მექნება მენიუ დაყენებული? – ფრანგულად? და მაინც, არც ერთ იმ ადამიანს, ვისაც რუსულაც მიუვიდა შეთავაზება, რუსული მენიუ არ აქვს და ეს ამ სქრინში კარგად ჩანს:
მასალას გუშინვე გამოვაქვეყნებდით, მაგრამ ველოდებოდით კომპანიის პასუხს, ასევე ვამოწმებდით კომპანიის გვერდს, იქნებ იქ გამოქვეყნდა, რამე ტიპის ინფორმაცია, თუმცა, ამაოდ. დღეს ისევ ჩვენ დავუკავშირდით და 24 საათის შემდეგ, “სილქნეტის” პასუხია ასეთი:
“26 სექტემბერს დაფიქსირდა გლობალური ხარვეზი sms-ებზე, კომპანია სწავლობს შემთხვევებს და მუშაობს ხარვეზის აღმოფხვრაზე”.
კომპანიამ გვთხოვა იმ ადამიანთა პირადი მონაცემი – ტელეფონის ნომრები, რომლებმაც მიიღეს რუსულ ენაზე მესიჯები. ვერ გეტყვით, რა საჭირო იყო კონკრეტული ნომრები, თუ ხარვეზი გლობალურია, თუმცა, მაინც მივაწოდეთ “ალიას” თანამშრომლის ტელეფონის ნომერი. გვთხოვეს მიგვეწოდებინა სხვა აბონენტების პირადი მონაცემით, რასაც ცხადია, აბონენტების თანხმობის გარეშე ვერ გავაკეთებდით. აბონენტებმა უარი განაცხადს კომპანიისთვის მათი მონაცემი მიგვეწოდებია.
იმედია, “ხარვეზი”, როგორც კომპანია უწოდებს, მალე აღმოიფხვრება, თუმცა, ურიგო არ იქნებოდა, იგივე აბონენტებს მაინც მისვლოდათ მესიჯი ხარვეზზე – ვისაც რუსულ ენაზე მიუვიდა შეთავაზება.
“ალიას” ესაუბრება უკრაინის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს:
–ძალიან გამიკვირდა, როცა რუსულ ენაზე მივიღე შემოთავაზება კომპანიისგან, რომელიც ქართული კომპანია მგონია და რამდენადაც ვიცი, სახელმწიფო ენა ქართულია ქვეყანაში. ეს რომ ყოფილიყო სამენოვანი მესიჯი და იქვე ყოფილიყო ქართულ ენაზეც ტექსტი, კიდევ არ იქნებოდა ასე გაუგებარი და საწყენი. არასოდეს ვაკადრებ საქართველოს იმას, მე უკრაინელი ვარ და უკრაინულ ენაზე მომემსახურეთ–თქო, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოძმე და მეგობრები არიან. გამიგია, რომ რუსეთის მოქალაქეები ხშირად ითხოვენ საქართველოში რუსულ ენაზე მომსახურებას, პრინციპში, ჩემი თვალითაც მინახავს. იმასაც ვხედავ, როგორ ივსება თქვენი პატარა, ოკუპირებული ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებით და დავიჯერო კომპანიამ ეს მესიჯი საქართველოში ჩამოსული, რუსეთის მოქალაქეებისთვის დააგზავნა? რუსულენოვანი აბონენტებისთვის? ჩემი ყირიმი მახსენდება, სადაც ყველაფერი რუსული ენის დამკვიდრებით დაიწყეს და ფრთხილად იყავით, მეგობრებო, არც ერთი ფული ამად არ გიღირთ, დამიჯერეთ. მაინც იყიდის რუსეთის ის მოქალაქე, ვინც აქაა ჩამოსული თქვენ პროდუქტს, მაინც შეიძენს იმ ინტერნეტსაც, არ არის საჭირო მათთვის რუსულ ენაზე შეთავაზება მომსახურების. მე თუ შემიძლია, თავისუფლად გავაგებინო მაღაზიაშიც და ნებისმიერ კომპანიაშიც უკვე ქართულად რა მინდა, ისინიც შეძლებენ. დანარჩენმა კომპანიებმა რა ქნან? იმათაც დაარღვიონ სახელმწიფოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ და იმათაც რუსულ ენაზე დაიწყონ მესიჯების დაგზავნა? თუ რაკი ეს კომპანია რუსულად აგზავნის მესიჯებს, იმედი აქვს, რუსეთის მოქალაქეები მათი აბონენტები გახდებიან? მე სარეკლამო კომპანიაში ვმუშაობდი და ვიცი, მსგავსი რამეები როგორ კეთდება, როგორ იქმნება ბაზა კონკრეტული კრიტერიუმებით – ასაკი, სქესი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილი და ა.შ. ამიტომ გამიჩნდა ეჭვი, რომ კომპანიას რუსულენოვანი ბაზა აქვს შექმნილი, ჩემ ირგვლივ რამდენიმე ადამიანს მიუვიდა რუსულ ენაზე მესიჯი და ყველა რუსულენოვანია.
–ობიექტურობისთვის უნდა გითხრათ, რომ ქართულენოვანსაც მიუვიდა ასეთი მესიჯი.
–ხო, არც ერთი ბაზა არ არის ზუსტი და შესაძლებელია, ქართულენოვანი ადამიანების ნომრებიც გაჰყვა, მაგრამ რატომღაც მე ეგ ეჭვი გამიჩნდა და ეს თუ ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია უკვე ცდილობს გადაეწყოს და რუსულენოვან მომხმარებელს რუსულ ენაზე მოემსახუროს მომავალშიც და ეს ძალიან საშიში იქნება.
–კომპანიამ გვთხოვა თქვენი ნომერი მიგვეცა გადასამოწმებლად, თუმცა, უარი გვითხარით, რატომ?
–ჯერ ერთი, ველოდი, რომ კომპანია თავად გააკეთებდა განცხადებას ოფიციალურ გვერდზე, არ გააკეთა, ეს არ გააკეთა მას მერეც კი, რაც თქვენ მიმართეთ. ასევე ველოდი, რომ კომუნიკაციების სააგენტო დაიწყებდა მოკვლევას და გააკეთებდა განცხადებას – არც ეს მოხდა. თუ ხარვეზია, არ უნდა გააფრთხილოს აბონენტები? ხარვეზია და რა ტიპის ხარვეზია? აბონენტების პირადი ინფორმაცია დაცულია საერთოდ? იქნებ, იმ ადამიანებისთვის მაინც მიეწერათ, ვისაც რუსულენოვანი მესიჯით დისკომფორტი შეუქმნეს? და რისთვის სჭირდება კომპანიას ჩემი ნომერი? სათითაოდ უნდა ამოწმოს? ეს სასაცილოც აღარ არის. შესაძლოა, ვცდები და მართლაც ხარვეზია, მაგრამ ფაქტიდან ერთ საათში შეეძლო, სრული მონაცემი ჰქონოდა ხარვეზზე, მაქსიმუმ, თუ ეს ხარვეზი იყო. შეიძლება კომპანიამ ვერ აღმოფხვრას ერთ საათში ხარვეზი, მაგრამ ის ინფორმაცია მაინც უნდა ჰქონდეს, რა ტიპის ხარვეზია. რას ნიშნავს გლობალური? მსოფლიო ხარვეზია? თქვენ სანამ არ დაურეკეთ, არ იცოდნენ ამ ხარვეზზე და თქვენი ზარის მერე აღმოაჩინეს? და 24 საათის მერე მათი პასუხია – ხარვეზია და ვცდილობთ აღმოფხვრას? ბოდიში, ისევ გამიჩნდა ეჭვი, რომ უბრალოდ, ელიან, როდის დაასრულებს პროგრამა ყველა მესიჯის დაგზავნას. ამბობენ, რამდენ აბონენტთან დაფიქსირდა ხარვეზი? რა რესურსით მუშაობენ ხარვეზზე? რა რესურსითაც ჩვეულებრივ დღეებში, თუ დაიმატეს ადამიანები და გაათმაგებული ძალებით მუშაობენ? ეს თქვეს? საერთოდ რამე თქვეს? შევედი სოციალურ ქსელში სილქნეტის გვერდზე – ვხედავ პოსტს, წერია რომ აქვს 15 კომენტარი, რეალურად კი აქვს 10 კომენტარი, 5 კომენტარი უბრალოდ გააქრო, გამოდის, ხო, კომპანიამ? და ჩემი ნომერი რომ მივცეთ, რა შეიცვლება? კონკრეტულად ჩემ ნომერს ამოიღებს ბაზიდან? და კიდევ ერთხელ გავიმეორებ კითხვას, რომელიც მაშინ დაგისვით, როცა დამირეკეთ კითხვით, გადავცეთ, თუ არა ჩემი ნომერი – დარწმუნებული ხართ, რომ დაცულია ჩემი პირადი მონაცემი? თავდებად დაუდგებით? ვერ დაუდგებით, ცხადია. სხვათა შორის, ამ კომპანიამ 3 რუსული არხი გათიშა, თუმცა, დატოვა ათობით რუსული არხი. როცა ეკითხებიან რატომ გათიშა ის 3 რუსული არხი, პასუხობს ტექნიკური მიზეზის გამოო. ერთხელაც ვერ თქვა, იმიტომ რომ რუსეთი აგრესორია, ოკუპანტია და რუსული პროპაგანდა დამაზიანებელიაო. ვერ ამბობს ამ წინადადებას – ეგაც პოლიტიკა ხომ არაა? მე, რასაკვირველია, შევცვლი მობილურ ოპერატორს და ჩემ ირგვლივ, ყველას ამის გაკეთებას ვურჩევ, მაგრამ თუ კომპანია მიდგომას არ შეცვლის, ეს მათთვის და საქართველოსთვის იქნება საზიანო, რადგან საქართველოს კანონი ირღვევა, ეს ერთი და მეორეც, სხვა მობილური ოპერატორები არასათანადო მდგომარეობაში რჩებიან, რადგან აგერ ერთი მიმართავს რუსეთის მოქალაქეებს რუსულ ენაზე და სხვა ოპერატორები და რეკლამის შესახებ კანონს იცავენ და სახელმწიფო ენას იყენებენ რეკლამისთვის.
“ალია” დაუკავშირდა სილქნეტის ცხელ ხაზს, სადაც გვითხრეს, რომ დიახ, 3 რუსული არხი გათიშულია, ტექნიკური ხარვეზის გამო, ვკითხეთ, რამდენი რუსული არხია, ოპერატორმა გვიპასუხა, რომ ვერ გვეტყვის ზუსტად, რადგან “ბევრია, ძალიან ბევრი, მაგალითად, 68 არხიან პაკეტში უმრავლესობა რუსული არხია.”
საქართველოში ჯერ ისევ ძალაშია კანონი რეკლამის შესახებ, რომელიც მიხედვითაც – “რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე.” ეს მესიჯი რომ ნამდვილად რუსულ ენაზეა – ფაქტია და და პროდუქციის და მასზე ფასდაკლების შესახებ მესიჯის გაგზავნა თუ რეკლამა არაა და რა გითხრათ! არის ეს ხარვეზი, არაა, შემთხვევით მოხდა, გამიზნულად, ჩვენ ამას ვერ გეტყვით, ეს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა დაადგინონ!
“ალია” შეგახსენებთ, 2020 წლის 29 მაისის ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ ერთ–ერთი არხი, ეთერში პროგრამის არასახელმწიფო (რუსულ) ენაზე განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა, კანონის დარღვევასთან დაკავშირებით. დაირღვა, თუ არა, ამ შემთხვევაში საქართველოს კანონდებლობა, ამას, იმედია კომუნიკაციების კომისია გაარკვევს, ჩვენ კი, ისევ და ისევ გეტყვით:
ისაუბრე ქართულად!
კომენტარები