თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე:
– დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ექიმ ლევან რატიანის წერილმა, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ კოვიდგადატანილებს იმუნიტეტი უკეთესი აქვთ, ვიდრე აცრილებს, რას ფიქრობთ მის ამ თეორიაზე?
– არ ვიცი, ვინ რა თქვა და რატომ თქვა. მე ვიცი ის, რომ ვაქცინაზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს, რაც გვაქვს დღეის მდგომარეობით, ვაქცინა მათ შორის საუკეთესო გზაა. მას შემდეგ რაც ამერიკის წამლის სააგენტომ, ფაიზერს რეგისტრაცია მიანიჭია, წესით, უნდა შემწყდარიყო ყველა საუბარი ექსპერიმენტალურ ვაქცინებზე. დიახ, 200-მდე ექსპერიმენტალური ვაქცინა გვაქვს დღეის მდგომარეობით, მაგრამ გვაქვს აგრეთვე სრულად რეგისტრაციამინიჭებული ფაიზერის ვაქცინა. მორჩა, დამთავრდა ამით კონცერტი. არის წამალი და უნდა გამოვიყენოთ. სხვა ქვეყნებს მაინც შევხედოთ, მეზობელმა თურქეთმა მოსახლეობის 85 პროცენტამდე აცრა უკვე, საფრანგეთმა თითქმის 87 პროცენტი მოსახლეობის აცრა, ევროპას ოქტომბრის ბოლოსთვის სრულად ვაქცინირებული ეყოლება დაახლოებით 90 პროცენტი მოსახლეობის. თუ გახსოვს, ამას ჯერ კიდევ როდის ვამბობდი თქვენთან, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის ევროპა ამ ციფრებზე ავიდოდა. ევროპაში მართვადი გახდა კოვიდი, დამთავრდა, აღარ იქნება ჩაკეტვები და ლოქდაუნები. საფრანგეთში ამჟამად ვინც არის დასაქმებული სამედიცინო სფეროში, მათი 100 პროცენტია აცრილი, 90 ან 95 პროცენტი კი არა, 100 პროცენტი. საფრანგეთმა უფასო შვებულებაში გაუშვა სამედიცინო სფეროში დასაქმებული აუცრელი 3 000-მდე თანამშრომელი, თუმცა, მათი უმეტესობა იყო ტექნიკური პერსონალი, დამლაგებელი, ელექტროობის სპეციალისტი და ა.შ. ამჟამად სამედიცინო სფეროში დასაქმებული ექიმების, ექთნების და სრულად პერსონალის 100 პროცენტია აცრილი. ხვდებით, ხომ, ეს თავდაცვის რამხელა საშუალებაა? აქვე ვიტყვი იმასაც, რომ პირველი ოქტომბრიდან ევროპაში წყდება უფასო ტესტირება.
– მაგრამ ევროპას მოსახლეობის დიდი წილი ჰყავს უკვე აცრილი და ქვეყანაში სადაც 30 პროცენტიც არ არის ორჯერადად აცრილი, უფასო ტესტირების პროგრამა, ვფიქრობ, არ უნდა შეწყდეს.
– ეგ სახელმწიფოს უნდა ჰკითხოთ. მე იმის თქმა შემიძლია, რომ ეპიდემიის დროს, არჩევნების ჩატარება არ იყო მიზანშეწონილი, ეპიდემიის დროს, უნდა ვიფიქროთ ეპიდემიაზე, აცრაზე, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე და არა პოლიტიკაზე და არჩევნებზე. ყოველ დღე ვუშვებთ შეცდომებს და ეს შეცდომები უკვე აისახება ქვეყანაზე. ერთადერთი, რაც ახლა სასწრაფოდ გასაკეთებელია, ეს არის კოვიდ საშვების ელექტრონული სისტემის გაშვება. მთელი ევროპა გადადის უკვე ამ ე.წ. მწვანე ბარათებზე, აგერ, ახლა, როცა გესაუბრებით, მატარებლით ვმგზავრობ თან და მატარებელში რომ ამოვხვიდე, მწვანე ბარათია საჭირო, იგივე ხდება რესტორნებში, კაფეებში, კინოთეატრებში. საქართველოში კი რას ვხედავთ? ლატარეას მხოლოდ! რა დროს ლატარეა? რა საჭიროა ამაში 3 მილიონის გადაყრა? ერთადერთი გადაწყვეტილებაა მისაღები და ეს არის მწვანე კოვიდ პასპორტების ელექტრონლი სისტემის გამართვა. რასაც ვუყურებ, აღარაფერი ხდება ქვეყანაში, აცრის პროპაგანდაც კი…
– ადამიანები ხომ იცრებიან? ერთი დოზით აცრილია 945291 ადამიანი, ორი დოზით 701 150 და ყოველდღიურად 25 ათას ადამიანამდე იცრება…
– ჯერ ერთი, ერთი დოზით აცრილი ადამიანი არ ითვლება ვაქცინირებულად, ვაქცინირებულად ითვლება ადამიანი, რომელსაც უკვე ორივე დოზა აქვს გაკეთებული და აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი. მეორეც – მაგ 25 ათასი ადამიანიდან, ყველა პირველ დოზაზე კი არ მიდის, მათი უმრავლესობა მეორე დოზას იკეთებს. ტყუილია, შემცირდა აცრის მრიცხველთა რიცხვი და თან საგრძნობლად, მაგრამ ამაზე აღარავინ საუბრობს! გინეკოლოგი უნდა იყოს გინეკოლოგი, თვალის ექიმმა, უმკურნალოს თვალს და ა.შ. ჩვენ რასაც ვუყურებთ ბოლო დროს, ჩემი ზოგი კოლეგა ტელევარსკვლავი გახდა, ზოგი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შეუერთდა. ჯანმრთელობით მანიპულაცია ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს და მიგვიყვანა უკვე.
კომენტარები