ტელეწამყვანი, ანაკო ტურაშვილი:
“დილიდან ჩუმად ვზივარ და ბიძაჩემზე ვფიქრობ, რომელმაც 21 წლის ასაკში ამ ქვეყანას შესწირა თავი, რუსებთან ბრძოლაში გმირულად დაეცა აფხაზეთის მიწაზე.
გიგა ოთხოზორიაზე ვფიქრობ, რომელიც ზუსტად ამ დღეს, სამშობლოს სიყვარულისთვის მოკლეს 7 წლის წინ.
გიორგი ანწუხელიძეზე ვფიქრობ, იუნკერებზე ვფიქრობ, ხალდეს დამცველებზე ვფიქრობ, დარიალის ხეობის მცველებზე ვფიქრობ, ყველა იმ ბრძოლაზე და გმირზე ვფიქრობ, რომელთა გამოც დღეს, ჯერ გვაქვს სამშობლო.
მაგრამ, ჩვენი შვილები და მათი შვილები, ამ ისტორიებს, სადღაც შორეულ ქვეყანაში, შემთხვევითი შეხვედრის დროს მოუყვებიან ერთმანეთს. თავიანთ უცხოელ მეგობრებს ეტყვიან, რომ ოდესღაც საკუთარი მიწა და ენა ჰქონდათ და რომ ახლა იქ რუსები ცხოვრობენ.
სირცხვილისგან ვიწვი, ვერ ვხვდები როდის მივედით აქამდე? რანაირად? როგორ გაბედეს ამის გაკეთება? როგორ ბედავენ რომ თან გვილოცავენ ამ ყველაფერს? როგორ ბედავენ რომ ასე ფურცელ-ფურცელ გვახევენ თავზე საქართველოს ისტორიას და თან გვილოცავენ.
ჩვენი წინაპრების, ნათესავების, ახლობლების დაღვრილ სისხლზე ღლიცინებენ და ჩვენც ასე ვუყურებთ ამას 10 წელია. “რუსეთი მეგობარიას” გაჰყვირიან და ჩვენც ვუსმენთ. ვაჟა და ილიას ციტატებით გველაპარაკებიან და ასე დაგვცინიან და ჩვენც ვუსმენთ.
და კი, დაღვრილ სისხლზე ღლიცინია, იმ ხალხის შვილიშვილებისთვის იმის თქმა, რომ რუსეთი მეგობარია, ვისი მშობლებიც ხეებზე ჰყავდათ დაკიდებული, ატყავებდნენ, თვალებს თხრიდნენ და ცოცხლად მარხავდნენ, სულ რაღაც 30 წლის წინ.
ეს ჩვენი “მეგობრული” რუსები, უძრავ ქონებას, ბიზნესებს, სკოლებს, რავიცი ყველაფერს, ისე ნელა, ისე მშვიდად, ისე ლამაზად დაეპატრონებიან აქ, რომ ომი ნამდვილად არ იქნება.
ჩვენ ხომ არ გვინდა ომი?
ჰოდა არც იქნება.
არ გვინდა ომი. რად გვინდა?
აღარ გვაქვს სახელმწიფო.
ბიძინა ივანიშვილმა წაგვართვა სამშობლო.
გილოცავთ
სიმწრისგან უბრალოდ ჩუმად ვზივარ და ჩემთვის მრცხვენია, იმ გმირი ხალხის თავგანწირვა, შრომა და ბრძოლა რომ წყალს გავატანეთ და სამშობლოც რომ თან მივაყოლეთ ერთ კილო კარტოფილად.”
კომენტარები