სემეკ-ის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, “ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების განვითარება, ისე როგორც “ნამახვანჰესის” ენერგიის გამომუშავება მნიშვნელოვანია”. ასე უპასუხა ნარმანიამ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რა პოზიცია აქვს მას ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.
„მე ვფიქრობ, კონსესუსი და საერთო ენა აუცილებლად უნდა გამოინახოს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელშიც სხვადასხვა უწყებები და ასევე სამოქალაქო აქტივისტები არიან ჩართული. ყველაზე მთავარი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესი, თუ რა სჭირდება ქვეყანას, რა სჭირდება საზოგადოებას და რაციონალური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული.
დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მე, როგორც მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი, ვხედავ ქვეყანაში ენერგიის დეფიციტს, შესაბამისად, ენერგიის დეფიციტი ივსება იმპორტით. როცა ასე ხდება, ეს ნიშნავს, რომ სიმწრით მოგროვებული, ლარებში გადახდილი ენერგიის თანხა უნდა დახურდავდეს დოლარებში და იქნას გადახდილი იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც ვიღებთ ელექტროენერგიას. სხვა ქვეყნებში გაედინება ჩვენგან ვალუტა, რაც მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც არ არის სასურველი ჩვენი ეკონომიკისთვის“, – განაცხადა ნარმანიამ.
საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2021 წლის დასაწყისში საქართველომ ელექტროენერგია 3 ქვეყნიდან შეიძინა, მათგან ყველაზე დიდი მოცულობით ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა.
1. აზერბაიჯანი – 21 მლნ დოლარი;
2. რუსეთი – 6 მლნ დოლარი;
3. თურქეთი – 4.5 მლნ დოლარი.
წყარო – bm.ge
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნამახვენჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, ნამახვენჰესიდან საკმაოდ ძვირად უნდა იყიდოს სახელმწიფომ ელექტროენერგია პირველი 15 წლის მანძილზე, 15 წლის შემდეგ კი, ჰესის მფლობელი კომპანია იხსნის ვალდებულებას საქართველოს ხელისუფლებას მიყიდოს ელექტროენერგია და მხოლოდ მის კეთილ ნებაზე ვიქნებით დამოკიდებული.
კომენტარები