„ალია“ ესაუბრება ექსპერტს ჯანდაცვის საკითხებში, ვატო სურგულაძეს:
– რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერი, პანდემიური კრიზისიდან გამოსავლის გზების საპოვნელად შეხვდნენ ექიმებს, თქვენ არ ჩანდით ამ შეხვედრაზე? არ მიგიწვიეს?
– არა, ჩვენ ვის ვაინტერესებთ? ეპატიჟებენ ძირითადად იმას, ვინც ყველაფერზე თავს უქნევს და დითირამბებს უმღერის, ვინც იცის საქმის გაკეთება, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას, ისეთი ადამიანები არ უნდათ. მათი უმეტესობა, ვინც იმ შეხვედრაზე იყო, კარგი ექიმია, მაგრამ ისინი არ არიან ჯანდაცვის ორგანიზატორები. ჩვენი პრობლემა ზუსტად ეს არის, რომ ექიმებს ეპიდემიოლოგობა უნდათ, ჯანდაცვის სპეციალისტებს – ექიმობა და ასე შემდეგ.
– რას კითხავდით ჯანდაცვის მინისტრს, შეხვედრაზე რომ ყოფილიყავით?
– ბევრი კითხვა დავუსვით ჯანდაცვის მინისტრს, ახლა რა უნდა ვკითხო, არაფერს აკეთებენ. რას აკეთებენ, რას აპირებენ, რატომ ვერ ხდება მართვა, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, რატომ ვერ ახორციელებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც თავად იღებენ, როგორ არის და არის თუ არა კონტროლის სისტემა მოწყობილი, როგორ არის მოწყობილი ტრენინგის სისტემა და ა. შ. – იცის ვინმემ? ერთ სიმართლეს გეტყვით – სინამდვილეში, კლინიკებში ადგილებიც არის, ექიმებიც არიან და დანადგარებიც გვაქვს, მაგრამ თავს ვერ აბამენ ელემენტარულ ლოჯისტიკას, ვერ აბამენ თავს იმას, რომ დროულად გადაიყვანონ დამძიმებული პაციენტი, ვერ ახერხებენ ბინაზე მყოფი პაციენტის გაკონტროლებას. ოჯახის ექიმი რომ 8 დღეში ერთხელ ურეკავს პაციენტს, რომელიც სახლშია, ჩათვალეთ, რომ სისტემა არ მუშაობს. ოჯახის ექიმს უნდა ჰქონდეს ტრენინგები გავლილი, უნდა ჰქონდეს კარგად გაწერილი გზამკვლევი, პასუხისმგებლობა, მოტივაცია უნდა ჰქონდეს, სატელეფონო და ინტერნეტ კავშირები უნდა იყოს მოწყობილი… 500 ლარი რომ აქვს ხელფასი დედაქალაქში ოჯახის ექიმს და რაიონებში კიდევ უფრო დაბალი ხელფასია, რომ არ გადაუმზადებიათ და არც პაციენტებთან დასარეკ ფულს აძლევს ვინმე, იმას ვერ მოსთხოვ სიტუაციის მართვას. ავალებ, გააკეთეო, ფულს არ აძლევ, არ გადაგიმზადებია, არ იცის რა და როგორ გააკეთოს, მერე არც არავინ აკონტროლებს გააკეთა, თუ არა და როგორ გააკეთა და რანაირად და რატომ გააკეთებს? ახალს კი არ ვიგონებთ რამეს, არსებობს ეს სისტემა, გაწერილია ყველას ფუნქცია, მხოლოდ ისაა საჭირო, რომ ავამოქმედოთ!
– უკვე ათი დღეა გვესმის, აი, ამაღამ შევიკრიბებითო და რაღაც ახალი აზრი მოგვივიდა პანდემიის სამართავად, მოვილაპარაკებთ და ხვალ გეტვითო და ეს „ხვალ“ აღარ გათენდა… თუ არის მზა პროგრამები, რაღას ვიგონებთ?
– ახალს ვერ გამოიგონებენ ვერაფერს, აქ საუბარი იმაზეა, რომ იმ ძველი გამოგონილის კეთებაც არ შეუძლიათ. ახლა მე რომ შენ მოგცე ფორმულა 1-ის მანქანა, ატარებ?
– არა, მაგრამ ვინც ატარებს იმას მივცემ, ან გავყიდი.
– ჰოდა, ეგაა ზუსტად, გაყიდე, ან მიეცი იმას, ვინც ატარებს, თუ არ იცი ვერტმფრენის მართვა, რომც გაჩუქონ ვერ მართავ, არ იციან მართვა და არც სწავლა უნდათ.
– პრემიერთან შეხვედრიდან გამოსული ექიმები, ამბობენ, რომ ხალხს ვერ გაგვაგებინეს და ესაა პრობლემა, რა ვერ გავიგეთ? ჩაგვკეტეს, ჩავიკეტეთ, დაგვტოვეს უმუშევარი, პურის ფულიც არ დაგვრჩა, გაგვხსნეს, გავიხსენით, წადით შიდა კურორტებზე დაისვენეთო, წავედით, წამოდით ახლა კურორტებიდანო, წამოვედით, აბა, არჩევნებია და წადითო, წავედით არჩევნებზეც – რა ვერ გავიგეთ, ხალხმა?
– საზიზღრად იქცევიან შეხვედრიდან გამოსული ექიმები და დიდ მადლობას უხდიან მთავრობას. ხალხმა თუ რამე ვერ გაიგო, ესე იგი შენ ვერ გააგებინე, შენ ვერ აუხსენი კარგად! ქართველი ადამიანი კანონმორჩილია, უბრალოდ, უნდა აუხსნა და გააგებინო, რატომ ითხოვ კონკრეტულად ამას, იგივე 10 საათის მერე ჩაკეტვა, ვინმემ აგვიხსნას, რისთვის არის და რას ემსახურება. რატომ უნდა იყოს 10 საათზე ჩაკეტილი ქალაქები, რა ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა აქვს? მე გეტყვით – აბსოლიტურად არაფერი!
– სრული ჩაკეტვა, ე.წ. სრული ლოქდაუნი საჭიროა ახლა?
– ლოქდაუნს არ მოუტანია არც ერთი ქვეყნისთვის შედეგი, მაგალითებით გეტყვით, ბელგიაში იყო საკმაოდ მკაცრი ლოქდაუნი გაზაფხულზე, შვედეთში პრაქტიკულად არ იყო. შედეგი ეპიდემიოლოგიური და სამედიცინო – მივიღეთ ერთნაირი, განსხვავება ისაა, რომ შვედეთი ეკონომიკურად ნაკლებად დაზარალაა. ჩვენ კი, ბელგიაც არა ვართ, ერთი ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ, რომელსაც ლოქდაუნი საერთოდ მოუღებს ბოლოს. აი, კიდევ მეორე მაგალითი – ბრაზილია და პერო რომ შევადაროთ, პეროში იყო ძალიან მკაცრი ლოქდაუნი, ბრაზილიაში ძალიან სუსტი ლოქდაუნი – შედეგები მივიღეთ ერთიდაიგივე, გინდ გარდაცვლილების რაოდენობით მილიონ მოსახლეზე და გინდ დაავადებულების ოდენობით მილიონ მოსახლეზე.
– რატომ ითხოვენ მაშინ ამ ჩაკეტვას ლამის ერთხმად?
– ნახეთ, რა ხდება, კვირა დღეს გამოაცხადეს, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები არის 4 000-ზე მეტი, ხომ ასეა? სინამდვილეში კი, ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მეტია! ვერ მართავენ სიტუაციას და იმის ნაცვლად, რომ დაიწყონ რეალურად მუშაობა, ახლაც მარტივი გადაწყვეტილების მიღება უნდათ – რაკი ვერ ვმართავთ, მოდი, ჩავკეტოთ და ეს ჩაკეტვა არ მოიტანს შედეგს. ჩაკეტვა კი არა, უნდა შეიცვალოს ყველა, ვინც მართავს სამედიცინო უწყებას, დაწყებული მინისტრით, მოადგილეებით, სასწრაფოს ხელმძღავენელობით… ყველა თანამდებობის პირი, ჯანდაცვის სისტემაში უნდა მოიხსნას და შეიცვალოს კვალიფიციური კადრებით! ექსპერტთა ჯგუფმა 17 ნოემბერს გავაკეთეთ მიმართვა და არავინ გამოგვეხმაურა. არაერთი კარგი სპეციალისტი გყავს ქვეყანაში, გამოიყენე ეს ხალხი, იმას ხომ მაინც იზამენ, რომ რისკებს დაგითვლიან და სისულელეს არ გაგაკეთებინებენ! მე არა მაქვს პრეტენზია, არც თანამდებობა მინდა, ვიმუშავებ, გავაკეთებ და მერე ისევ დავბრუნდები და გავაგრძელებ ლექციების კითხვას. ახლა ვხედავ ორ რამეს – 1. პანდემიასთან სწორი ბრძოლით ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელია, გაკეთებადია და 2. არ კეთდება. დღეს ორ გასვენებაში ვიყავი, ერთი 57 წლის, მეორე 80 წლის. ორთავე კოვიდით დაიღუპა.
– რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა, მისი მეზობლები გვეკითხებიან, კი, ბატონო, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ დადიოდა, მუშაობდა, საქმეს აკეთებდა, იცინოდა, ცხოვრობდა და რადგან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, უნდა მომკვდარიყოო?
– პრიორიტეტები არა აქვთ დასახული, აქვს ადამიანს დიაბეტი ან სხვა ქრონიკული დაავადება, იმას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციო. მეორეს არა აქვს ქრონიკული დაავადებები? ყურადღება სჭირდება იმასაც, მაგრამ არა ისეთი, როგორიც, მაგალითად დიაბეტიანს. ეს არის ლოჯისტიკა, ეს არის მართვა. ასე ადვილი რომ იყოს სისტემის მართვა, რობიტიც მართავდა, ხომ ჩამოიყვანეს ის რობოტიც, რამხელა ფული გადაიხადეს მაგაშიც… პირიქით, ახლა გჭირდება ადამიანის ჩართულობა, უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი, ვინც გადაწყვეტს, ვინ დატოვოს სახლში, ვინ გადაიყვანოს. როცა ომი გაქვს და ეს ომია, უნდა მიიღო, ყოველწუთიერი გადაწყვეტილება!
– პირიქით, სრულად ჩამოაშორეს გადაწყვეტილების მიღებას ექიმები და სწორედ ის რობოტი პროტოკოლი დარჩა, რომლის მიხედვითაც, 12 წლის ბავშვი, რომელსაც დიალიზი სჭირდებოდა, წაიყვანეს კოვიდ ცენტრში და არა იმ კლინიკაში, სადაც მას დიალიზს გადაუსხამდნენ.
– კი, ასეა. უნდა იყოს სამართავი ცენტრი, რომელიც მარტო კოვიდს ემსახურებოდეს, გითხრას სად გადაიყვანო, აკონტროლოს კლინიკებში ადგილები – ეს არის მართვა, უნდა ჰყავდეს თავისი კოვიდმენეჯერი, კოვიდოფიცრები ყველა რეგიონში, უნდა გვყავდეს პერსონები, რომლებიც აგებენ პასუხს. ახლა ვნახოთ, ამათ რა ჰგონიათ პასუხისმგებლობის აღება – ავიღე ჩემ თავზე პასუხისმგებლობა, იტყვის და მორჩა! ეგ არაა პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა ისაა, რაღაცა რომ მოხდეს, ან უნდა მოგხსნან, ან უნდა დაგიჭირონ, ან უნდა დაგაჯარიმონ. პასუხისმგებლობას რომ იღებ, დღე და ღამე არ უნდა გეძინოს, ომია, ომი! კბილების წმენდით ვერ მოვიგებთ ამ ომს, ვერა.
– ჩვენ რა ვქნათ, ხალხმა, რას გვირჩევთ?
– სამწუხაროდ, ვერაფერს გირჩევთ, სანამ ესენი დარჩებიან, გზას და საშველს ვერ ვხედავ. მართალია, ხან ადგილებს აბრალებენ და ხან ექიმებს, მაგრამ ექიმები აკეთებენ ყველაფერს, ადგილებიც გვაქვს, ერთადერთი რაც უნდა გაეკეთებინათ, უნდა ეყიდათ ორი 500 საწოლიანი საველე ჰოსპიტალი და ახლა ეს პრობლემა არ გვექნებოდა,.
– ექიმებიც იმეორებენ უკვე ჩინოვნიკებთან ერთად, რომ საველე ჰოსპიტალები არ გვჭირდებაო, ყველა სახელმწიფო სულელია, როგორც ჩანს, ვინც საველე ჰოსპიტალი გამართა, არ ვიცი…
– ექიმები რომ ჯანდაცვის ორგანიზატორის ფუნქციას ითავსებენ და გვარიგებენ ჭკუას, აი, მაგაშია უკვე პრობლემა, მიხედონ თავიანთ საქმეს. ერთი ანეკდოტია ასეთი – ამერიკელმა რაღაცა რომ არ იცის, ყიდულობს, გერმანელმა რამე რომ არ იცის – სწავლობს და ქართველი რაც არ იცის, იმის ახსნას იწყებს! საველე ჰოსპიტალი ბევრს წარმოუდგენია, რომ ბრეზენტის კარავია და არ არის ასე, სერიოზული სამედიცინო ინსფრასტრუქტურაა, გინდ 100 საწოლიანს დაგიმზადებენ, გინდ 500 საწოლიანს, აგერ ამზადებენ ჩვენ მეზობელ ქვეყანაში, შეიძლებოდა შეგვეკვეთა თურქეთისთვის, ჩამოიტანენ და აგიწყობენ. პაციენტებს, რომლებიც ერთი შეხედვით მსუბუქები არიან, გადაიყვან, დააკვირდები, იქ შეიძლება სწორედ სტუდენტების მობილიზაცია, იქვე ანალიზებს გააკეთებ, მობილური ლაბორატორია გექნება მოწყობილი, სასწრაფო ცალკე იქნება გამოყოფილი, თუ რომელიმე პაციენტი დამძიმდა და სწრაფად მოემსახურები… ნომერ პირველი ამოცანა იყო სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოება, პირველ რიგში, ამ ხალხს უნდა გავფრთხილებოდით, მაგრამ ესეც ვერ გავაკეთეთ, ექიმები, ექთნები, სანიტრები, ვერ დავიცავით! სიმართლე რომ გითხრათ, აღარ მინდა იმაზე საუბარი, რა ვერ გავაკეთეთ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვერაფერი გავაკეთეთ და მეორე ჩაიარა უკვე მატარებელმა, მორჩა, ამის ანალიზის დრო მოვა. ახლა უნდა ვცადოთ, ვისაუბროთ იმაზე, რა გავაკეთოთ, რომ ამ ომიდან რაც შეიძლება მცირე მსხვერპლით გამოვიდეთ. 5 დღიანი ომიდან ისე გამოვედით, რომ არც ერთი ადამიანი არ დაგვეღუპა, ვინც გორიდან გადმოვიყვანეთ! კიდევ ერთხელ ვამბობ – სანამ გვიან არ არის, შეცვალეთ ჯანდაცვის სისტემაში გადაწყვეტილების მიმღები ყველა პირი, მინისტრი, მოადგილეები, ყველანი სასწრაფოდ ჩაანაცვლეთ პროფესიონალებით, იმ ადამიანებით, რომლებიც ნამდვილად იმუშავებენ და ნამდვილ პასუხისმგებლობას აიღებენ საკუთარ თავზე!
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები