ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– ბატონო დათო, სამი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა. ელენე ხოშტარიას „დროა“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ და გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“. სამივე პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ გაერთიანდნენ. აქვს ამ გაერთიანებას რაიმე აზრი? შეუერთდებიან მათ სხვა პარტიები და გახდება ეს გაერთიანება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ახალი და ეფექტური ბრძოლის იარაღი? მოიტანს ეს გაერთიანება რაიმე რეალურ ცვლილებებს ოპოზიციის აქტიურობაში?
– ახლა, სირცხვილი არ არის, მაგათ გაერთიანებაზე ვილაპარაკოთ? ან დაშლილები რას წარმოადგენდნენ, ან გაერთიანებულები რა იქნებიან? თან „ნაცებთან“ გაერთიანებას არ აპირებენ და ამით ხალხს ატყუებენ. ყოფილი „ნაცები“ არ არიან? ან რატომ დაიშალნენ, იდეოლოგია შეიცვალეს თუ სხვა გარდამტეხი რამ მოხდა და ჩვენ არ ვიცით? უბრალოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაც კონკრეტულ მომენტში ამბიციებს ვერ იკმაყოფილებენ და ამის გამი ბევრს უნდოდა, საკუთარი პარტია ჰქონოდა და დამოუკიდებლად ევაჭრა „ქართულ ოცნებასთან“. მარტო ამ სამ პარტიაზე არ ვამბობ, ბევრ ოპოზიციურ პარტიას ეხება ეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ეს პარტია „ქართულ ოცნებასთან“ მოვაჭრე პარტიები არიან. ამ ვაჭრობაში იმდენად დასუსტდნენ და დაკარგეს ხალხის ნდობა, ხედავენ, რომ დამოუკიდებლად ვეღარ მიიღებენ ხმებს და ახლა დაიწყეს ახალი კამპანია. მათი გაერთიანება ახალს არაფერს მისცემს ქვეყანას და ხალხს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი ნაბიჯი და მცდელობაა ხალხის ხარჯზე პოლიტიკური სარგებლის მიღებისა. ხალხს, რომ რაიმე არგონ, ამ გაერთიანებაში მსგავსი არაფერი იკითხება. „ლელო“ ჩვენთან ერთად არისო, იძახიან, ამ დროს „ლელოს“ ლიდერები გამოვიდნენ და განაცხადეს, არაო, ჩვენ ამ გაერთიანებაში არ შევდივართ და არც ვაპირებთ შესვლასო. ამას ჰქვია, ხალხის თვალსა და ხელს შუა მოტყუება… ეტყობა, ეს რაღაც ახალი სტილია – ადამიანებს დააჯერონ ის, რაც და როგორც თავად სურთ, რომ იყოს. სინამდვილეში, ხალხის სასიკეთოდ არაფერი გაკეთებულა ამ ორ წელიწადში, რაც ოპოზიცია პარლამენტში იმყოფება, ეს ყველამ კარგად დაინახა.
– „ლეიბორისტებმა“ გაერთიანების მოსურნე პარტიებს, ვფიქრობ, ყველაზე ლოგიკური ვარიანტი შესთავაზეს და ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენეს: გავერთიანდეთ, მაგრამ მანამდე ყველა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დატოვონ საკრებულოები და პარლამენტიო.
– მართალს ამბობენ „ლეიბორისტები“ და მე მაგას არ ვიძახი პირველი დღიდან? ამ ქვეყანაში თუ გინდა, რომ ხალხმა დაიჯეროს, რომ რაღაცას მართლა აპროტესტებ, პირველ რიგში, მიტაცებული, მოპარული არჩევნები უნდა გააპროტესტო და ოპოზიციამ უნდა დატოვოს ყველა არჩევითი ორგანო. რა ხდება საკრებულოებში და მერიებში, კი, იცით. აგერ, ახლა ხელფასებს იზრდიან, უამრავი სახელმწიფო ქონება მიითვისეს ჩინოვნიკებმა თუ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, ტენდერებით უზრმაზარი ფული იშოვნეს და გაღლიტეს ქვეყანა. იმავეს აკეთებენ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტატები. ეს ოპოზიციის დეპუტატები, საკრებულოებში თუ პარლამენტში თავიანთი ყოფნით, ამ ყველაფერს და კიდევ ათას უბედურებას „უპრავებენ“. მიტოვებულები, მარტონი, რომ იყვნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, უფრო უკანონო მდგომარეობაში იქნებოდნენ და ამდენს ვერ გაბედავდნენ. ეს არის, რასაც აკეთებს ეს სამარცხვინო ოპოზიცია.
კომენტარები