„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე
გიორგი ფხაკაძე:
-მას შემდეგ, რაც ახალი პრემიერი გვყავს, ყველა შეზღუდვა ნაადრევად მოიხსნა. გამოდის, ოფიციალურად გამოვაცხადეთ, რომ კოვიდი, თურმე ქვეყანაში აღარ არის, ამას არც სამეცნიერო ახსნა მოეძებნება და არც სამედიცინო, საღ აზრსაა მოკლებული. 20-ზე მეტი ადამიანი იღუპება თითქმის ყოველ დღე და შეზღუდვებს ვხსნით? შევხედოთ რა მდგომარეობაშია რუსეთი, მოსკოვზე აღარ არის საუბარი, პუტინმაც კი აღიარა უკვე, რომ რეგიონებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ინდური ვირუსი ფეთქდება ყველგან, ბოლო მონაცემების მიხედვით, მას შემდეგ რაც ისრაელმა საზღვრები გახსნა – იქაც კი იმატა შემთხვევებმა კორონავირუსის. შევხედოთ რა ხდება დიდ ბრიტანეთში, გადადო ბრიტანეთმა შეზღუდვების მოხსნა და ეს ხდება იმ ქვეყნებში, სადაც თითქმის მოსახლეობის 70 პროცენტია აცრილი. მაშინ როცა ჩვენთან მოსახლეობის 2 პროცენტია სულ აცრილი და რისი იმედი გვაქვს? ამ გადაწყვეტილების მწარე გადასახადს მოსახლეობა გადაიხდის აგვისტო-სექტემბერში. უმძიმეს მდგომარეობაში ვიქნებით, იმ შემთხვევაშიც კი, ვაქცინებიც რომ ჩამოვიტანოთ. ვაქცინების შედეგს ქვეყანა ხედავს 2-3 თვეში, დღესაც რომ დავიწყოთ ეფექტური ვაქცინაშია, შედეგი გვექნება 2-3 თვის შემდეგ. მესამე ტალღა არ გაჩერებულა, ჩვენ ახლა ისევ მესამე ტალღაში ვართ, ამას დამატებული ინდური შტამი. არ უნდა დაგვავიწყდეს აქვე გრძელი კოვიდი, რომელიც ძალიან ვერაგია. პოსტკოვიდურ პაციენტებში 6 თვის მანძილზე სიკვდილობა საკმაოდ მაღალია – ამის სტატისტიკას არავინ წერს. ასევე, ძალიან მაღალია, პოსტკოვიდურ პაციენტებში დიაბეტის მეორე ტიპის რისკი. ამ დროს კი, საკოორდინაციო საბჭო დგამს მოკლევადიან ნაბიჯს და ისევ არ უფიქრდება, რა მოჰყვება ამ ნაბიჯს. მე რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვიყო, ან დაავადებათა კონტროლის ხელმღვანელი, აუცილებლად გადავდგებოდი თანამდებობიდან, სირცხვილია ამ გადაწყვეტილებების მიღების მონაწილე იყო, მაშინ როცა არ გვაქვს ვაქცინა და არ გვაქვს ვაქცინაციის გეგმა.
-ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრძანა, ვაქცინაციის გეგმას ზუსტად მივყვებით და კრიტიკას არ მივიღებო…
-მე არ ვიცი რას ჰგავს ეს ვაქცინაციის გეგმა, ალბათ, სადღეგრძელოების გეგმას, ეს გეგმა ადეკვატურად არ აღწერს ჩვენი ქვეყნის მოთხოვნებს.
ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, არ შეგვიძლია ქვეყანაში შემოვიტანოთ ვაქცინა, რომელსაც არ აქვს ძლიერი მარეგულირებლის რეგისტრაცია გავლილი, მიუხედავად ამისა, ჩინური ვაქცინები ქვეყანაში შემოვიტანე თ მანამდე, სანამ ჯანმო მისცემდა მას რეგისტრაციას და ამ ვაქცინებისთვის დღემდე არ მიუცა რეგისტრაცია ამერიკისა და ევროპის წამლის სააგენტოებს. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი? – ამბობენ, ჯანმოო. კარგი, კი, ბატონო! დაამტკიცა ჩინური ვაქცინები გადაუდებელი შემთხვევებისთვის ჯანმომ მოგვიანებით, გასაგებია. მაშინ მითხარით, რატომ მოვიხმართ საქართველოში რემდესევირს? ჯანმომ ჯერ იდევ 2020 წლის ნოემბერში თქვა, რომ ეს მედიკამენტი არაეფექტურია და ამოიღო მკურნალობისთვის გამოსაყენებელი მედიკამენტების სიიდან, მხოლოდ ამერიკაში იყენებენ რედესევირს. ახლა იტყვიან, ამერიკის მარეგულირებელს ვენდობითო – თუ ამერიკის წამლის სააგენტოს ვენდობით, რა უნდა მაშინ ქვეყანაში ჩინურ ვაქცინებს და ასტრაზენეკას? ისინი ხომ არ დაუმტკიცებია ამერიკის წამლის სააგენტოს? – ამიხსენით, სად არის აქ ლოგიკა?
უკაცრავად, მაგრამ სკამებზე არიან მიჯაჭვულნი! როცა საქმეს ვერ აკეთებ, უნდა ადგე და წახვიდე – ვაქცინაციის პროცესი ჩაუვარდათ, როგორ შეიძლება ჩააგდო ახლა ვაქცინაციის პროცესი? ყველაფერი შეიძლება იყოს კორუფციის წყარო? 22 სოფტია ჯანდაცვის სიტემაში, 22 სხვადასხვა ბაზაა, ცალკე ტუბერკულოზის, ცალკეა დიაბეტის და ა.შ. 22 ბაზაა! რატომ არ გვაქვს ერთიანი ელექტრონული ბაზა? ღაზას სექტორს კი აქვს ერთიანი ბაზა, ჩვენ რატომ არ გვაქვს? ამერიკელებმა რომ გვაჩუქეს 10 წლის წლინ, ერთიანი ელექტრონული პროგრამა ჯანდაცვისთვის, სადაა? ახლაც გვაქვს პროგრამა და ახლაც შეგვიძლია ერთიანი ბაზის შექმნა, მაგრამ არ სჭირდება ეს ფარმაფიას. არც ერთ აფთიაქს არ აწყობს ერთიანი ელექტრონული ფაზა და ელექტრონული რეცეპტები. არც ის აწყობს ფარმაფიას, რომ ექიმებმა უწყვეტი სამედიცინო განათლება მიიღონ და ყველა წამალი არ გამოწერონ! მილიარდ 700 მილიონზე მეტია ფარმაბრუნვა ქვეყანაში, ნარკოტიკების ბაზარს არ აქვს, მგონი, ამხელა ბრუნვა.
გამოდიან კიდევ ჩინოვნიკები და ჭკუას გვარიგებენ, არადა, ამ დროის მანძილზე, 10-ჯერ უნდა იყვნენ გადამდგარი თანამდებობებიდან და 5-ჯერ უნდა გვყავდეს ციხეში ჩასმული. სანამ მე, გიორგი ფხაკაძემ არ ვთქვი, სანამ მე არ ავყვირდი, ფაიზერისთვის წერილიც არ მიუწერიათ. ესეც ხომ არ არის დამალული, ხომ ვიცით, რომ ასე იყო? ისხდნენ და ელოდნენ, ფიქრობდნენ ალბათ, რომ ლანგრით მიართმევდნენ კაბინეტებში ფაიზერის ვაქცინებს.
-გუშინ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, არც კი ვმსჯელობთ პირბადეების ტარების ვალდებულების მოხსნაზე, სანამ ქვეყნის მოსახლეობის 30 პროცენტი არ აიცრებაო, იგივე თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და პარალელურად, ჯერ იყო და ასტრაზენეკათი აცრის პროცესი გაჩერდა და დღეს კიდევ, პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა.
-და სად არიან დღეს? თუ პრინციპული ხალხია და თუ სჯერათ იმის, რასაც ამბობენ, რატომ არ გადადგნენ? თუ არ ეთანხმები პრემიერი გადაწყვეტილებას, თუ პროფესიონალი ხარ, როცა ხედავ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით იმართება სამედიცინო და სამეცნიერო პროცესი – სად ხარ ამ დროს?
კიდევ ერთხელ ვიტყვი იმასაც, რომ მნიშვნელობა აქვს, რომელი ვაქცინით აცრი მოსახლეობას – მეტი და მეტი ექსპერტი საუბრობს უკვე მსოფლიოში, რომ ნაკლებეფექტური ვაქცინები არ არის გამოსავალი და მეორე ახალ ამბავს გეტყვით: ვიცით, რომ ვაქცინების დოზებს შორის დროის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 4-12 კვირა, გააჩნია ვაქცინას – აი, უკვე დაიწყო საუბარი ვაქცინის დოზებს შორის დროის შემცირებაზე, რადგან ინდური შტამი სწრაფად ვრცელდება და ერთი დოზით აცრილი არ არის დაზღვრეული! ფიქრობენ, რომ ვადები უნდა შემჭიდროვდეს.
ვაქცინაციის პროცესში ვინც იყო ჩართული ყველა უნდა გადადგეს და მას შემდეგ, რაც პანდემია დასრულდება, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა განვიხილოთ. ახლა ჯერ არ არის მაგის დრო.
რაში ვხედავ გამოსავალს? – ისევ იმაში, რასაც მეორე წელია ვამბობ – უნდა მართოს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უპარტიო ადამიანებმა, პროფესიონალებმა, დამოუკიდებლებმა, ვისაც არ შეეშინდება თავისი სიტყვის თქმის და შეეძლება დაიცვას სწორი აზრი! სხვა გამოსავალს ისევ ვერ ვხედავ – ცეცხლს ვეთამაშებით და დაგვწვავს ეს ცეცხლი.
ისრაელზე ვისაუბრე წეღან და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჰყავს აცრილი, სხვა ქვეყნებში მცხოვრები ებრაელები დაბრუნდნენ ქვეყანაში, გაიხსნა ისრაელი და იმ ადამიანებში, ვინც არ არის აცრილი, მაინც გავრცელდა ვირუსი. ისრაელი ფიქრობს რეგულაციის შემოღებას, თუმცა, ამ ეტაპზე არ დაუწესებია ღია სივრცეში ისევ ნიღბის ტარების ვალდებულება, მაგრამ რას ვხედავთ ისრაელის ქუჩებში? – ადამიანებმა თავად დაიწყეს პირბადეების ტარება, როცა ნახეს, რომ ისევ დაიწყო ინფიცირებუთა მაჩვენებელმა ზრდა, თავად იჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.
გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები